"ეს არის "გოთვერნობა" და სხვა არაფერი!" - რას ფიქრობს გიორგი თარგამაძე მთავრობასა და "მეოთხე ხელისუფლების" დღევანდელობაზე? - კვირის პალიტრა

"ეს არის "გოთვერნობა" და სხვა არაფერი!" - რას ფიქრობს გიორგი თარგამაძე მთავრობასა და "მეოთხე ხელისუფლების" დღევანდელობაზე?

"თუკი დავდგებოდი არჩევანის წინაშე, მყავდეს მთავრობა პრესის გარეშე ან პრესა მთავრობის გარეშე, არც კი დავფიქრდებოდი, ისე ავირჩევდი მეორეს", - წერდა აშშ-ის ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი, რომელმაც კარგად იცოდა "მეოთხე ხელისუფლების" როლი და მნიშვნელობა.

როგორია ქართული მედიის მდგომარეობა დღეს? - ამ საკითხზე ჩვენს ჟურნალ "გზის" მკითხველს ცნობილი ტელეწამყვანი - გიორგი თარგამაძე ესაუბრება...

- ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ჟურნალისტიკას ორი ძირითადი გამოწვევა აქვს: პირველი - თავისუფლებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოზიციის შენარჩუნება და მეორე - პროფესიული სტანდარტების დაცვა. აქვე გეტყვით, რომ პირველ რიგში, სატელევიზიო ჟურნალისტიკაზე ვისაუბრებ, რადგან ეს ჩემი სფეროა, თანაც, 21-ე საუკუნეა და ტელევიზიას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე. სამწუხაროდ, საქართველოს მსგავს ქვეყნებში, კრიტიკულ ტელევიზიებს მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ.

- რა მიგაჩნიათ მთავარ პირობად მედიის საქმიანობაში?

- მე, როგორც პროფესიონალ ჟურნალისტს, მიმაჩნია, რომ ჩვენს საქმეში ყველაზე მთავარი პროფესიული სტანდარტები და ჟურნალისტური ეთიკაა. ოღონდ, ჟურნალისტი პროფესიულ სტანდარტს ვერ აიმაღლებს, თუ მთავარი ფუნქცია - გამოხატვის თავისუფლება და კრიტიკული აზრის გამოთქმის უფლება შეზღუდული აქვს. ჩვენს სინამდვილეში უმთავრესი პრობლემა მედიის თავისუფლების შენარჩუნება და გადარჩენაა. დამონებული, დამორჩილებული და ხელოვნურ ჩარჩოებში მოქცეული მედიის პროფესიული სტანდარტი არ არსებობს, რადგან ის თავის პროფესიულ მისიას ვეღარ ასრულებს. მთავრობები იცვლებიან, მაგრამ ქართული ჟურნალისტიკა მუდმივად რჩება დარტყმის მთავარ ობიექტად. არ შეიძლება ამან გავლენა არ იქონიოს ქართული მედიის მდგომარეობასა და მის ხარისხზე.

- გამოდის, რომ ქართული მედია "მოდარაჯე ძაღლის" ფუნქციას ასე თუ ისე, ყოველთვის ასრულებს?

- დიახ, მაგრამ ეს ძალიან ძვირი დაუჯდა ყველა თაობას, რომელმაც თავისუფალი მედიის დროშა ბრძოლის ველზე არ დატოვა. ყველა ხელისუფლებას აქვს რაღაც მიზეზი თუ საბაბი, რის გამოც, მედიას უპირისპირდება. მაგალითად: წინა ხელისუფლება თავის მთავარ ამოცანად ქვეყნის მოდერნიზაციას ისახავდა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობა ხელის შემშლელ ფაქტორად მიაჩნდა. ჩემი აზრით, ეს დიდი შეცდომა იყო, რასაც მაშინაც მკაფიოდ ვაცხადებდი და დღეს, ეს შეხედულება კიდევ უფრო განმიმტკიცდა. ალბათ, მკითხავთ, რატომო? - დღევანდელი ხელისუფლების თავგასულობა სწორედ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების ნაყოფია, რომელსაც ისევ ვიმკით. თუმცა, მათ შორის განსხვავება მაინც არის: წინა ხელისუფლებას ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი მართვის სტილი ჰქონდა და ამ სტილის ნაწილი იყო შეტევა მედიაზე, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კი, ანტიდასავლური ვექტორი აქვს არჩეული და აშკარად პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. მართვის რუსული მოდელი თავისთავად გამორიცხავს დემოკრატიას, დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობას, პოლიტიკურ კონკურენციას და თავისუფალ მედიას. იგი თავის თავში მოიცავს ავტორიტარიზმს. სწორედ ეს არის ძირითადი განსხვავება: ქართული მედია წინა ხელისუფლების დროსაც დაზარალდა და დღესაც ზარალდება, თუმცა, მე არ მომერიდება ვთქვა, რომ დღეს უპერსპექტივობის განცდა უფრო ძლიერია, ვიდრე მაშინ იყო. თუ საქართველო სვლას ამ ტრაექტორიით განაგრძობს, გამორიცხულია, ქვეყანაში თავისუფალმა, დამოუკიდებელმა მედიამ იარსებოს.

- რა პრობლემები აქვს ამ სიტუაციაში თქვენს ტელეკომპანიას?

- "ფორმულას" ყველა ის პრობლემა აქვს, რომელიც მთელ ქართულ დამოუკიდებელ მედიას: ველზე გასული რიგითი ჟურნალისტების უსაფრთხოებით დაწყებული, არხისთვის სამართლებრივი და ფინანსური პრობლემების შექმნამდე... აღარაფერს ვამბობ იმ ფსიქოლოგიურ განწყობაზე, რომელიც ჩვენს ჟურნალისტებს აქვთ. ახლაც სერიოზული გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ: 6 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლომ ჩვენი საკითხი უნდა განიხილოს, რაც სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს ტელეკომპანიას. თუ სასამართლო ჩვენთვის არასასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს, შეიძლება სოლიდური თანხის გადახდა მოგვიხდეს და პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ არხის დამფუძნებელი დავით კეზერაშვილია, ეს შეიძლება გახდეს პირდაპირი ზემოქმედების მექანიზმი ხელისუფლების ხელში - "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ მექანიზმს ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოიყენებს.

- საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას შეეშვა და ისევ "ბუად" აღარ გამოდგება, ამიტომ, "ოცნება" მის ჩანაცვლებას კეზერაშვილით აპირებს. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ამას დიდი ანალიზი არც სჭირდება: მათ პროპაგანდისტულ არხებს თუ მოუსმენთ, იქ ან დასავლეთს ლანძღავენ, ან - დავით კეზერაშვილს, რომელიც ამ ხელისუფლებას მთავარ საფრთხედ მიაჩნია. ალბათ იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" ყველა ოპონენტი და მოწინააღმდეგე უკვე განეიტრალებულია: ან ავადმყოფობს, ან ციხეშია გამოკეტილი, ან ხელისუფლებამ მისი დისკრედიტაცია მოახერხა. სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ კეზერაშვილი დასავლურმა სასამართლომ უკვე აღიარა დევნილად და მთავრობა მის დევნას ვერ ახერხებს. სწორედ ამით აიხსნება მისი ოლიგარქად გამოცხადების მცდელობა... ყველაზე ცუდი კი იცით, რა არის? - ის, რომ ივანიშვილი და მთელი ხელისუფლება უზარმაზარ რესურსს ხარჯავს ჩვენი მოქალაქეებისგან "მტრის ხატის" შექმნაში, რომლითაც ნამდვილ მტერს ანაცვლებენ. სინამდვილეში, ჩვენი ყველაზე საშიში მტერი პუტინის რუსეთია, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს თვალსა და ხელს შუა გვართმევს. რეალურ მტერზე ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ გვესაუბრება, მაგრამ ეს ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება - ცივილიზებული სამყარო აუცილებლად დაამარცხებს პუტინის რეჟიმს და საქართველო დასავლეთის განუყოფელი ნაწილი გახდება.

- რას გვეტყვით "ქართული ოცნების" წევრებზე, რომლებიც თქვენს გადაცემებში არ მოდიან?

- ჩვენი ტელეეთერით მუდმივად მივმართავთ ხელისუფლების წევრებს, რომ გვესტუმრონ, მაგრამ ამაოდ. ჩვენი თავდაუზოგავი მცდელობა, პოლიტიკური დიალოგის სივრცე გაგვეხსნა, განსხვავებული მოსაზრების მქონე პოლიტიკოსები მოგვეწვია და ყველა საერთო ქართული იდეის გარშემო გაერთიანებულიყო, უშედეგოდ დასრულდა. არც მიკვირს, რომ ამას ვერ ვახერხებთ, რადგან რუსული ჰიბრიდული ომის კლასიკური ფორმულა ასეთია: ხელისუფლებამ საზოგადოება უნდა დაყოს "მტრებად" და "მისიანებად". "მისიანები" ფინანსურად უზრუნველყოს, ყველა დანარჩენი კი, პოლიტიკური რეპრესიებისთვის ან სიდუხჭირისთვის გაიმეტოს, რაც ქმნის წინა პირობას, რომ საქართველო შრომის უნარიანი მოსახლეობისგან, ახალგაზრდობისგან დაიცალოს. ეს ჩვენი სახელმწიფოს სისხლისგან დაწრეტას გამოიწვევს! დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რადგან დასავლეთის აქტიური მონიტორინგის ქვეშ ვიმყოფებით და ყველა შეცდომა ან დანაშაული, რომელსაც დავუშვებთ, ევროპას დაგვაშორებს. ახლა თვალს ვადევნებთ ძალიან ცუდ ტენდენციას, რომელიც რუსული ჰიბრიდული ომის დასკვნითი ფაზის შთაბეჭდილებას ტოვებს: თანდათან ნადგურდება პოლიტიკური ოპოზიცია და კრიტიკული მედია, მიმდინარეობს შეტევა არასამთავრობო სექტორზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს აქტიური შეტევა ყველაფერზე, რასაც დემოკრატიულობა, პროდასავლურობა და ამავდროულად, ქართველობა ჰქვია...

იცით, აშშ-ის მოსახლეობის უმრავლესობამ არც კი იცის, სად მდებარეობს საქართველო, მაგრამ ამერიკა, ისრაელის შემდეგ, მეორე ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე ჩვენთვის გაწეული დახმარების ოდენობით. მაინც, რით დავიმსახურეთ ასეთი ყურადღება? ამერიკამ უზარმაზარი თანხა ჩადო ჩვენი ახალგაზრდების განათლებასა და იმაში, რომ საქართველო თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს. ჩვენთან კი რა ხდება? როცა შენს მოკეთეს აგდებულად, პროვინციულად და არასერიოზულად ელაპარაკები, ეს არის გოთვერნობა და სხვა არაფერი! ადამიანებს, რომლებიც უცხოელ პოლიტიკოსებს და დიპლომატებს უხამსი სიტყვებით მოიხსენიებენ, სხვა ენა არ ესმით. მათ ლექსიკაში პოლიტიკური ტერმინოლოგია ძალზე მწირად არის წარმოდგენილი. საბოლოო ჯამში, ეს არის ძირის გამოთხრა ქართული სახელმწიფოსა და ქართული დემოკრატიისთვის, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მომავლისთვის და ეს არავის ეპატიება.

- ამბობენ, რომ ის ხალხი, რომელიც ევროპელ დიპლომატებს ასე მოიხსენიებს, ხშირად აგრესიულია ქართული მედიის და ოპოზიციის მიმართაც.

- ისინი რუსული ჰიბრიდული ომის ამოცანებს ასრულებენ: ჰიბრიდული ომის მთავარი მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ქართველები ერთმანეთს არ დაელაპარაკებიან და არ მოუსმენენ. სამწუხაროდ, ეს შედეგი უკვე მიღწეულია. ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასრულების გასაღები ისევ ხელისუფლების ხელშია. უფრო მეტიც, ეს მათი ვალდებულებაა, რადგან ისინი ჩემი და თქვენი გადასახადების ხარჯზე არსებობენ. ვალდებულნი არიან, ყველა მედიასაშუალებაში მივიდნენ და მაყურებელს ყველაფერი აუხსნან, ჟურნალისტების კრიტიკულ შეკითხვებსაც უპასუხონ და მათ მოუსმინონ. ხელისუფლებას შეუძლია დაძაბული სიტუაცია მარტივად შეცვალოს, მაგრამ ამას არ აკეთებს. კითხვაზე, რატომ? - პასუხი მარტივია: ისინი ამ სიტუაციაში საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს. თითოეული მათი სიტყვა და ნაბიჯი რუსული ჰიბრიდული ომის ხელშეწყობა და ჩვენი მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა, ამის გამო პასუხისმგებლობას ვერც ერთი მათგანი ვერ ასცდება.

- ქართული მედიის ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილს ერთ დროს ყველაზე მწვავედ აკრიტიკებდა, ახლა მას იცავს... ნუთუ ეს ხელისუფლება არ ფიქრობს, რომ შესაძლოა, თვითონაც დასჭირდეს მედიის მხარდაჭერა?

- უცნაურია, მაგრამ ამაზე არ ფიქრობენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კონკრეტული მაგალითი აქვთ და ამ დასკვნის გამოსატანად ისტორიის ანალებში ქექვა სულაც არ სჭირდებათ. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი მიმართვები წინა ხელისუფლებისადმი, როცა "იმედში" ვმუშაობდი - დაუფარავად ვამბობდი: რასაც დასთესთ, იმას მოიმკით. თქვენი საქციელი ბუმერანგია, რომელიც აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ-მეთქი. ოღონდ, ახლა, ამ სიტუაციაში მათზე ნიშნის მოგებით ლაპარაკი არაფერს მოგვიტანს, რადგან ბევრმა მათგანმა პოლიტიკურად ან სამართლებრივად უკვე აგო პასუხი თავის შეცდომებზე. მათაც ეგონათ, რომ სულ ცოტა, ორი ათწლეულის განმავლობაში, ხელისულფებაში იქნებოდნენ, რომ მათი შემცვლელი არავინ იყო, მაგრამ ბუნების კანონზომიერებაა - შეუზღუდავი ძალაუფლება დიდხანს ვერ ძლებს. ბევრი ხელისუფლება სწორედ ავტორიტარიზმის და დაშვებული შეცდომების მსხვერპლი გახდა - ასე მოუვიდა წინა ხელისუფლებას და ახლა იგივე ემართება ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ჰგონია, რომ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება.

- როგორ ფიქრობთ, ამ გაურკვევლობაში საქართველოს რა ბედი ელის - ისევ რუსეთის ლუკმა ხომ არ გახდება?

- შეიძლება რუსულ ჭაობში აღმოვჩნდეთ, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ საქართველო არ ჩაიძირება - მისი ბედი ისტორიულადაა განსაზღვრული. მართალია, დრო გადის, ასაკი გვემატება, ვინ იცის, ჩვენმა თაობამ როგორი გაჭირვება გამოიარა, მაგრამ სწორედ ამიტომ აღარ გვინდა, ჩვენმა შვილებმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყონ. რატომ უნდა გარბოდნენ ახალგაზრდები საქართველოდან, როცა შეიძლება პირიქით, უცხოელები მოდიოდნენ ჩვენთან სასწავლებლად და სამუშაოდ? საქართველოს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს, ამიტომ, ჩემთვის წარმოუდგენელია, ამ ქვეყნის უკუსვლას ვინმე მშვიდად უყურებდეს. ჩვენ უკვე დიდი ფასი გადავიხადეთ და რუსულ ჭაობში არ უნდა დავრჩეთ - არავითარ შემთხვევაში! მით უმეტეს, რომ უკვე განსაზღვრულია თანამედროვე რუსეთის ისტორიული ბედი და ავტორიტარულ ხელისუფლებას დიდი დრო აქაც არ უწერია! ცხადია, ჩვენ განვიცდით, ვჩქარობთ, არ გვინდა, რომ საქართველომ კიდევ რამდენიმე წელი დაკარგოს, მაგრამ ჩვენი სამშობლოს ბედი უკვე განსაზღვრულია: რუსული ფაშიზმი აუცილებლად დამარცხდება და საქართველო დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი გახდება!

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"