"ზამთარში უკრაინის ფრონტზე სიტუაცია შეიცვლება, მაგრამ - ვის სასარგებლოდ?" - კვირის პალიტრა

"ზამთარში უკრაინის ფრონტზე სიტუაცია შეიცვლება, მაგრამ - ვის სასარგებლოდ?"

გერმანული სამაუწყებლო კომპანიის, "დოიჩე ველეს" (Deutsche Welle) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ზამთარში უკრაინის ფრონტზე სიტუაცია შეიცვლება, მაგრამ - ვის სასარგებლოდ?" (ავტორი - ფრანკ ჰოფმანი).

ექსპერტების აზრით, უკრაინაში ომის გასაგრძელებლად რუსეთის არმიას სასწრაფოდ სჭირდება შესვენება და სულისმოთქმა, რაც უკრაინელებს ახალ საომარ შესაძლებლობებს უქმნის. მაგრამ ამ დროს პრობლემა ისაა, რომ უკრაინის არმიას საბრძოლო მასალები აკლია.

გვიანი შემოდგომა და ზამთრის პირი უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში წვიმით გაჟღენთილი სტეპური მინდვრებითა და წყლის ტბორებით არის გამოხატული - უგზოობა და გაუვალობა სამხედრო ტექნიკას დიდ ბარიერებს უქმნის. გარდა ამისა, წლევანდელ უკრაინულ ზამთარს კიდევ ერთი დიდი უბედურება ემატება - რუსეთის არმიის განუწყვეტელი მასირებული დაბომბვები "კრიზისული ინფრასტრუქტურის" - ენერგოობიექტების დასანგრევად. შედეგი სახეზეა: მთელ უკრაინაში მოსახლეობას ელექტროენერგია დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ ორიოდე საათით თუ აქვს.

უკრაინის ხელისუფლება, სიტუაციის გამოსწორების მიზნით, ქმნის ე.წ. შეურყევლობის პუნქტებს, რომელთა მიზანს მოსახლეობის გათბობა და მათი კომუნიკაციით (ინტერნეტით) და ელექტროენერგიით უზრუნველყოფა წარმოადგენს, დიზელ-გენერატორების მეშვეობით. "რუსეთმა ნამდვილად შეძლო სერიოზული ზიანის მიყენება უკრაინის კრიტიკული ენერგოინფრასტრუქტურისათვის, რაც შეუძლებელია, მოკლე დროში გამოსწორდეს", - ამბობს "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში ნიკო ლანგე, საერთაშორისო ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი.

"რა თქმა უნდა, ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას დაზიანებული სატრანსფორმატორო სადგურების აღსადგენად მაკომპლექტებელ და სარეზერვო ბლოკებს აწვდიან, მაგრამ ელექტროენერგიის განაწილების სისტემა ძალზე რთულია და მათ აღდგენას, როგორ სწრაფადაც უნდა იმუშაონ სარემონტო ბრიგადებმა, მაინც საკმაო დრო სჭირდება", - აღნიშნავს ნიკო ლანგე. მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინელი ლტოლვილების ახალი დიდი ტალღის მისაღებად უნდა მოემზადოს, რომლებიც სიცივისაგან თავშესაფრის ძიებას დაიწყებენ.

"ზომები დღესვეა მისაღები, არ უნდა დაველოდოთ იმას, თუ როდის გამოჩნდება სიცივისაგან დაღუპული ადამიანების ფოტოსურათები... ლტოლვილთა ახალი ნაკადის ტალღა ვლადიმერ პუტინის გათვლებში შედის", - ამბობს მარგარეტ კლაიანი, ბერლინის ფონდიდან "მეცნიერება და პოლიტიკა", რომელიც გერმანიის მთავრობას უწევს კონსულტაციას. მისი აზრით, კრემლი ცდილობს, ევროკავშირის ქვეყნებს შორის განხეთქილება შეიტანოს იმ დროს, როცა ბლოკის ცალკეულ ქვეყნებში ლტოლვილების მიღებისათვის მზადყოფნა მაღალ დონეზე არ არის.

რუსეთის მრავალრიცხოვანი დანაკარგები

რატომ გადავიდა რუსეთი მასირებულ სარაკეტო დარტყმებზე? როგორც ჩანს, კრემლის მოქმედებას კიდევ ერთი მიზანი აქვს: "აშკარაა, რომ რუსეთის არმიას "სულისმოთქმა" სჭირდება - ჯარი ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდ დანაკარგს განიცდის", - ამბობს მარგარეტ კლაიანი. "აშკარად შესამჩნევია, რომ იმ ჯარისკაცებს, რომლებიც შემოდგომაზე იქნენ არმიაში მობილიზებულები, რუსეთის არმიისათვის მაინცდამაინც დიდი სარგებლობა არ მოუტანიათ. არმიის ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად მხოლოდ ახალწვეულების ფრონტზე გაგზავნა პოზტიურ შედეგებს ვერ გამოიღებს, რადგან ისინი საკმაოდ არასრულად და ნაჩქარევად არიან მომზადებულნი", - აღნიშნავს ექსპერტი. ისინი, უპირველეს ყოვლისა, "საზარბაზნე ხორცის" როლს ასრულებენ.

ამიტომაც ზამთრის დაწყებისას უკრაინის არმიის ერთ-ერთი მთავარი და სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს ის, რომ რუსეთის ჯარებს დასვენებისა და სულისმოთქმის შესაძლებლობა არ მისცეს. ამასთან, არის ერთი ნეგატიური მომენტიც: იმ დროს, როცა ზამთრის ყინვები უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის მომგებიანია, სამოქალაქო მოსახლეობას ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება.

ყინვები, როგორც უპირატესობა

"უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასში, სადაც რუსეთის ჯარებს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ტერიტორია ოკუპირებული აქვთ, უკრაინის არმიისათვის მიწის გაყინვა სასარგებლოა", - აღნიშნავს ნიკო ლანგე, - "განსაკუთრებით ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც უკრაინულ ქვედანაყოფებს ბევრი მუხლუხიანი და ბორბლებიანი მძიმე ტექნიკა აქვთ. და რომ ეს უპირატესობა გამოიყენოს, მას მაღალი მობილურობა სჭირდება ანუ ყინვები რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს".

დონბასის ფრონტზე რუსულ არმიას თავისი უპირატესობა აქვს - არტილერიაში, კერძოდ, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებში ("გრადის" სარაკეტო დანადგარებში), რომელთა მეშვეობით უკრაინის პოზიციები ინტენსიურად იბომბება. "გრადების" რეაქტიული ჭურვების წარმოება, რომლებიც არმიის შეიარაღებაში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არსებობს, რუსებს დიდი რაოდენობით შეუძლიათ, ამიტომაც უკრაინელებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტად დაარღვიონ რუსული ჯარების იარაღით მომარაგების პროცესი დასავლური ტექნიკით, მაგალითად, ფრანგული თვითმავალი ჰაუბიცებით, "ცეზარებით" (Caesar), მაგრამ მათ გადასაადგილებლად გაყინული გრუნტი სჭირდებათ. "ამინდის პროგნოზით, უახლოეს დღეებში უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში ყინვები დაიწყება და, შესაბამისად, კიევის არმიის გააქტიურებას უნდა ველოდოთ", - ამბობს ნიკო ლანგე.

"უახლოესი კვირების განმავლობაში კიდევ ერთი მსხვილი პრობლემა უნდა მოგვარდეს, რომელიც უკრაინის არმიის წინაშე დგას: დასავლური არტილერიის ინტენსიური გამოყენება მათ სწრაფ ცვეთას და ფუნქციების მოშლას იწვევს. დეკემბრის შუა რიცხვებამდე სლოვაკეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს. სამხედრო ტექნიკის სარემონტო მსხვილი ცენტრი უნდა აშენდეს, სადაც, სხვა იარაღთან ერთად, გერმანულ ჰაუბიცებს - Panzerhaubitze 2000-ებსაც შეაკეთებენ", - განაცხადა ამას წინათ გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგისათვის" მიცემულ ინტერვიუში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრიტინა ლამბრეხტმა.

რბოლა საბრძოლო მასალებისათვის

"უკრაინისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ კიევს მხედველობიდან არ გამორჩეს ხელსაყრელი მომენტები. უკრაინელებმა კარგად და უნარიანად უნდა ისარგებლონ რუსული მხარის სისუსტეებით", - ამბობს ექსპერტი მარგარეტ კლაიანი, მაგრამ ნიკო ლანგე იქვე შენიშნავს: "უკრაინის არმია საბრძოლო მასალების დეფიციტს განიცდის. მაგალითად, ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს კიევი უფრო სწრაფად ხარჯავს, ვიდრე აწარმოებს. ეს ეხება საარტილერიო ჭურვებს. რუსეთის ქარხნებს კი ასეთი იარაღის წარმოება განუსაზღვრელი რაოდენობით შეუძლიათ. ამავე დროს, ამას ვერ ვიტყვით საშუალო სიშორის რაკეტებზე, რომელთა წარმოება რუსებს საკმაოდ უჭირთ.

ამიტომაც რუსეთ-უკრაინის ომი დღეს ორივე მხარისათვის საბრძოლო მასალებისთვის ერთგვარ რბოლადაც არის გადაქცეული. ნიკო ლანგეს თქმით, ვლადიმერ პუტინს გათვლილი აქვს, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ძალებს რაკეტები მალე გამოელევათ, მაგრამ რუსი პრეზიდენტი ცდება: დასავლეთი უკრაინას დამატებით მიაწოდებს საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. "ბოლო დროს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა უკეთესად მუშაობს, რაც მოსკოვის გაბოროტებას იწვევს, ამიტომაც კრემლი სულ უფრო გამეტებით ანადგურებს მოწინააღმდეგის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას".

დასავლური სანქციები რუსული იარაღის წარმოების წინააღმდეგ

მაგრამ კრემლისთვის მუდმივად ასეთი მოქმედება სულ უფრო რთული ხდება. ექსპერტების თქმით, უკრაინის არმიის მიერ გადაღებული ფოტოსურათები მოწმობს, რომ რუსეთი უკვე ისეთ რაკეტებს იყენებს, რომლებიც სტრატეგიულ, ე.წ. ხელშეუხებელ რეზერვს წარმოადგენს. "სანქციების გამო კი მოსკოვს ამ ტიპის რაკეტების სწრაფი წარმოება არ შეუძლია, რადგან მას აღარ აქვს "ჩიპები" (ინტეგრალური სქემები) და შესაბამისი ტექნოლოგიები", - ხაზს უსვამს ნიკო ლანგე.

რუსეთ-უკრაინის ომის ზამთრის ფაზა "ბაგირის გადათრევას" მოგვაგონებს, რომლის შედეგი, ალბათ, რამდენიმე მომენტზე იქნება დამოკიდებული: შეძლებს თუ არა კიევი, დასავლეთის დახმარებით, ჰუმანიტარული კრიზისის გადალახვას, გააძლიერებს თუ არა უკრაინა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ძალებს და მოახერხებს თუ არა უკრაინის არმია ფრონტის მთელ ხაზზე წერტილოვანი დარტყმების ტაქტიკის განხორციელებას, რითაც რუსეთის არმიას "სულისმოთქმის" საშუალებას არ მისცემს.

მხოლოდ რამდენიმე ექსპერტი თუ ხედავს უკრაინაში სწრაფი მშვიდობის დამყარების შანსს.

"ამ მომენტისათვის არ ვფიქრობ, რომ რუსულ მხარეს სერიოზული მოლაპარაკების სურვილი აქვს", - ამბობს მარგარეტ კლაიანი, თუმცა ომში არაფერი არ არის გამორიცხული. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ