"ჩემი აზრით, ქალის სხეული ყველაზე ლამაზი ქმნილებაა" - კვირის პალიტრა

"ჩემი აზრით, ქალის სხეული ყველაზე ლამაზი ქმნილებაა"

ლიზი ქონიაძე ახლახან ინტერნეტგადაცემის წამყვანი გახდა. ლიზი ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო რეალითი შოუდან გაიცნო, თუმცა ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი მანამდეც იცნობდა. ჩვენი ინტერვიუს თემა სწორედ ინტერნეტი და სოციალური ქსელებია...

- მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, "ინფლუენსერი" მერქვას, ჩემთვის სოციალურ ქსელებსა და საერთოდ, ინტერნეტს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ოჯახის წევრებთან ერთად დროის კარგად გატარება და ასე ვთქვათ, ცხოვრების შერგება, სწავლა და იმის კეთებაა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.

- პირველად რომელ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდი და რა მიზნით?

- დაახლოებით 2015 წელი იყო, როცა პირველად "ინსტაგრამსა" და "ფეისბუკზე" ერთდროულად დავრეგისტრირდი. სოციალური ქსელები თავიდანვე მიზიდავდა, რადგან საერთოდ, ფოტოების გადაღება, პრანჭვა მომწონს - ამას არ უარვყოფ. მოწესრიგებულად ყოფნა და ამის კამერით დაფიქსირება, მოგონებების შენახვა მიყვარს. ბავშვობიდან დღემდე უამრავი "პოსტი" მაქვს შენახული, რასაც ბავშვობაში სოციალურ ქსელებში ვაქვეყნებდი. სწორედ, ასე ვთქვათ, მოგონებების შეგროვების მიზნით, "ინსტაგრამსა" და "ფეისბუკზე" აქტიურობა დავიწყე. თავდაპირველად, უბრალოდ, ჩემს ფოტოებს, ცეკვის ამსახველ ვიდეოებს გასართობად "ვპოსტავდი". შემდეგ ეს ყველაფერი სერიოზულ საქმედ იქცა: როცა "ფოლოვერების" რაოდენობა იზრდებოდა, მივხვდი, ამისთვის უფრო სერიოზული ყურადღება უნდა მიმექცია, რადგან ადამიანებს ჩემი კონტენტი, ცხოვრება აინტერესებდათ. რა თქმა უნდა, ასეც მოვიქეცი.

- სანამ ტელეეკრანზე გამოჩნდებოდი, როგორ ფიქრობ, სოციალურ ქსელებში შენი გვერდები რატომ აინტერესებდათ გამომწერებს?

- სანამ მაყურებლები ტელეარხიდან გამიცნობდნენ, მანამდე "ფეისბუკსა"და "ინსტაგრამზე" საკმაოდ ბევრი გამომწერი მყავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს ჩემი კონტენტი მანამდეც აინტერესებდა. კონტენტი უფრო ესთეტიკური სილამაზის მიმართულებით "მიმყავს". ქალბატონების, გოგონების თავდაჯერებულობას ყოველთვის ვახალისებ და ალბათ, ჩემი გვერდები ამიტომაც მოსწონდათ. ვფიქრობ, ჩემს კონტენტში მთავარი და საინტერესო სწორედ ეს არის, რომ უზომოდ თავდაჯერებული ვარ და ამას პროპაგანდას ვუწევ კიდეც.

liza-qoniadze-3-1660553800.jpg

- თავდაპირველად, თუნდაც - "თამამი" ფოტოების გამო, ნეგატიურ კომენტარებს არ იღებდი?

- ჩემს ფოტოებს ისე არ აღვიქვამ, როგორც თამამს და გამომწვევს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ასე აღიქვამდეს. პირადად მე, უბრალოდ, ესთეტიკურ სილამაზედ მიმაჩნია. ჩემი აზრით, ქალის სხეული ყველაზე ლამაზი ქმნილებაა (ყველანაირ სხეულს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა). ფოტოები, რომლებსაც ვაქვეყნებ, ესთეტიკურ სილამაზედ მიმაჩნია და არა - გამომწვევად და გამიზნულად თამამად. ჩემი და საერთოდ, ქალის სხეული მომწონს. ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული: თუ უნდა, ამ სილამაზეს დამალავს, თუ უნდა - გააზიარებს.

- გარშემო მყოფებისგან ნეგატიური დამოკიდებულება, თუნდაც - აკადემიურ სივრცეში ყოფნისას, გიგრძნია?

- არა, ასეთი შემთხვევა არ მქონია. ადამიანებს ჩვენი ცხოვრება გვაქვს. სილამაზეს ყველა თავისებურად აღიქვამს. თუ ფოტოებს გულისხმობთ, ამასთან დაკავშირებით უარყოფითი კომენტარი არ მიმიღია. საერთოდ, ყოველთვის ვიცი, სად და როგორ ჩავიცვა.

- გეგმავ, როდის რა ტიპის "პოსტი" გამოაქვეყნო?

- არა, თუმცა მაგალითად, რამდენიმე გადაღება მომიწყვია კიდეც. ფოტოგრაფებისგან შემოთავაზებებიც მიმიღია და გადაღებული ფოტოები კარგიც გამოსულა, რაც, რა თქმა უნდა, "დამიპოსტავს".

- დღესდღეობით, სოციალურ ქსელებში შენი გვერდები შენი შემოსავლის წყაროცაა?

- ნაკლებად. 12 წლიდან ვმუშაობ. ჩემი პირადი სამსახური და შემოსავალი ყოველთვის მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ჩემთვის ყოველთვის ყველაფერს უზრუნველყოფდნენ, მინდოდა, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი... ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი, რომ სოციალური ქსელებიდან დიდი შემოსავალი მაქვს, რადგან ამ სფეროდან თანხის გამომუშავება დიდად არ მიყვარს. მირჩევნია, ჩემს პროფესიულ სფეროს ბოლომდე მივყვე და თანხა შესაბამისადაც გამოვიმუშაო, მაგრამ თუ ვინმესთვის სოციალური ქსელები შემოსავლის წყაროა, მივესალმები. მართალია, ბევრი გამომწერი მყავს, მაგრამ ყველა შემოთავაზებას არ ვიღებ: მხოლოდ იმას ვთანხმდები, რაც მომწონს და ჩემს კონტენტსაც შეესაბამება. არის შემოთავაზებები, რომლებზე თანხის სანაცვლოდაც არ მიღირს დათანხმება, რადგან ვიცი, ის ჩემს აუდიტორიასაც არ დააინტერესებს.

liza-qoniadze-1660554002.jpg

- დღე-ღამის განმავლობაში, ინტერნეტს რამდენ დროს უთმობ?

- ბევრს - ვერა, რადგან უნივერსიტეტში ვსწავლობ. ასევე, სამსახური მაქვს: ერთ-ერთი ინტერნეტგადაცემის წამყვანი ვარ. ჩემი ნამუშევრები, თუნდაც - გადაცემის ეპიზოდები, გადაღების მერე ინტერნეტში იტვირთება, შემდეგ ჩემს გვერდებზე უნდა გავაზიარო, კომენტარებს, ჩემს აუდიტორიას გადავხედო, ანუ ინტერნეტს გარკვეულ დროს მაინც ვუთმობ, თუმცა სწავლისა და მუშაობის გამო, ინტერნეტისთვის იმდენი დრო არ მრჩება, რამდენიც - მაშინ, როცა ამდენი სასწავლი მასალა და სამუშაო არ მქონდა...

- კიდევ რომელ პლატფორმაზე აქტიურობ?

- ამჟამად, შეძლებისდაგვარად, "ტიკტოკზე" ვაქტიურობ. ვცდილობ, პერიოდულად, "ინსტაგრამსა" და "ფეისბუკზეც" გამოვაქვეყნო რაღაცები (იღიმის).

- შენი აზრით, ამ პლატფორმების მომხმარებლები ერთმანეთისგან რით განსხვავდებიან?

- ჩემს შემთხვევაში, "ტიკტოკის" და "ინსტაგრამის" აუდიტორია ზუსტად ერთნაირია. გამომწერების რაოდენობაც ერთნაირად იზრდება. გაკვირვებულიც კი ვარ. რაღაც განსხვავება აუცილებლად იქნება, მაგრამ კონკრეტულად - რა, არ ვიცი. ალბათ, ასაკს დავასახელებ, მაგრამ როგორც გავიგე, ახლა "ტიკტოკს" უკვე ყველა ასაკის ადამიანი უყურებს.

- "ფეისბუკზე" შენს ყურადღებას რა ტიპის "პოსტები" იქცევს?

- "ფეისბუკი" ქართული სიახლეების გასაგებად ყველაზე კარგი წყაროა. საერთაშორისო სიახლეების გასაგებად კი "ინსტაგრამს" და "ტიკტოკს" ვიყენებ. "ტიკტოკზე" ტელეგადაცემებიდან ამოჭრილ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ. ალბათ, ხალხს აინტერესებს, რადგან ბევრი "ნახვა" აქვს.

liza-qoniadze-2-1660553926.jpg

- სოციალურ ქსელში, ვინმესთან გიკამათია?

- არა, რადგან საერთოდ, კონფლიქტური არ ვარ. არც კომენტარებში ბრძოლით ვარ დიდად დაინტერესებული.

- ვინმე თუ "დაგიბლოკავს"?

- კი, რა თქმა უნდა. ბევრი "ჰეითერია", მაგრამ მათზე ლაპარაკს არ ვაპირებ, რადგან იმდენი გულშემატკივარი მყავს, რომ უბრალოდ, უმადური ვიქნები, თუკი "ჰეითერებზე" ყურადღებას გავამახვილებ. რამდენიმე ისეთი ადამიანი "დამიბლოკავს", რომელიც არ მეშვებოდა. მართლა ვერ ვხვდებოდი, რა უნდოდათ. მათი ნეგატიური აზრების და კომენტარების გამო "დავბლოკე", რადგან რამდენიმე უსიამოვნო კომენტარი "გაუსპამავთ" კიდეც - ერთი და იგივე უსიამოვნო ტექსტი ჩემი რამდენიმე ან ყველა ფოტოს ქვეშ დაუწერიათ. მხოლოდ და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში "ვბლოკავ", თორემ ჯანსაღ კრიტიკას ვიღებ. შეიძლება, პასუხიც გავცე...

- ფილტრებს და "ფოტოშოპს" იყენებ?

- ფილტრებს ადრე ვიყენებდი, რადგან ძალიან ტრენდული იყო, მაგრამ შემდეგ, ტელევიზიაში გამოვჩნდი და ჩემს სახეს უფილტროდაც მივეჩვიე: ეკრანზე ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ფილტრები უბრალოდ, არ მინდოდა... მივხვდი, რომ ფოტოებსა თუ ვიდეოებში არანაირი შესწორება არ მჭირდება. არც "ფოტოშოპს" ვიყენებ.

- როგორც ვიცი, სატელევიზიო სფერო გაინტერესებს. ახლა, როცა ინტერნეტგადაცემის წამყვანი ხარ, ტელევიზიისკენ ისევ ილტვი?

- ტელევიზია მართლა ძალიან მიყვარს. კამერებთან მუშაობას ისე შევეჩვიე, რომ ჩემთვის იდეალური სამუშაო გარემოა იქ, სადაც კამერებით მიღებენ და ბევრს ვლაპარაკობ... დღესდღეობით, უკვე წამყვანი ვარ. ვფიქრობ, ამით ტელევიზიისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგი...

- ტელევიზია რატომ გიზიდავს, როცა ინტერნეტს უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს?

- არ ვიცი. უბრალოდ, ეს ის სფეროა, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- ინტერნეტნაცნობობა გაგიბამს? რეალურ ურთიერთობაში გადაზრდილა?

- მოგეხსენებათ, დღესდღეობით ინტერნეტნაცნობობა ხშირია. რა თქმა უნდა, მეც ბევრი ადამიანი გამიცნია: "ინფლუენსერები", ჩემი გულშემატკივრები... სოციალური ქსელებით ბევრი ადამიანი შემიძენია, ყველა სფეროში.

- რომანტიკულ ურთიერთობებზე რას გვეტყვი?

- საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ამ მხრივ, ჩემს ცხოვრებაში ჯერჯერობით, არაფერი ხდება. რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლები მყავს, თუმცა არ არის ადამიანი, რომლითაც მეც დაინტერესებული ვიქნები. მოკლედ, ჯერჯერობით არ გამოჩენილა, თუმცა ველოდები (იცინის).

- თაყვანისმცემლები რას გწერენ? როგორ ახერხებ, რომ მათთან დელიკატური იყო?

- ვერ ვიტყვი, ძალიან მაწუხებენ-მეთქი. სტანდარტულად, კომპლიმენტებს მწერენ. ძირითადად, პასუხს არ ვცემ (იღიმის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"