"წინა დღეს კოლხურ კოშკში შევხვდი კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებს, მერაბ კოსტავას და ერთობლივი საუბრის შემდეგ ეს გადაწყვეტილება მივიღეო" - კვირის პალიტრა

"წინა დღეს კოლხურ კოშკში შევხვდი კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებს, მერაბ კოსტავას და ერთობლივი საუბრის შემდეგ ეს გადაწყვეტილება მივიღეო"

ცნობილი მსახიობი და რეჟისორი - ნუგზარ შარია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა...

"ნუგზარ შარიამ პირველი როლი 15 წლის ასაკში შეასრულა და უკვე 26 წლისას, საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა...

მონაწილეობდა ფილმებში: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“...

ნუგზარ შარიამ უმაღლესი სარეჟისორო განათლება რუსეთში მიიღო, ლეონიდ ტრაუბერგის ხელმძღვანელობით. მისი სადიპლომო ნამუშევარი - „შუადღე“ ანტისაბჭოთა ფილმად მონათლეს და ამის გამო, თბილისში დაბრუნებულს, კინოსტუდიებსა და თეატრებში აღარ იღებდნენ.

1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა და საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნებულა. ამ ფაქტის გამო, იგი სამშობლოს მოღალატედ აღიარეს და დახვრეტა მიუსაჯეს. მან პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში ითხოვა და მალე რადიო „თავისუფლებისა” და „თავისუფალი ევროპის” პარიზის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1971 წელს ნიუ-იორკში ჩავიდა და საქმიანობა გააგრძელა რადიოსადგურ „ამერიკის ხმაში“. გარდა ამისა, კითხულობდა ლექციებს კინორეჟისურაში, ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. მოგვიანებით მუშაობდა „ნიუ-იორკ თაიმსში”, ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის ტელევიზიებში... მსახიობი იყო ოთხი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის, ბილ კლინტონისა და ბარაკ ობამას აკრედიტებული წარმომადგენელი.

ნუგზარ შარიამ იმუშავა მსოფლიოში ცნობილ 37 რეჟისორთან, მათ შორის - უოლტ დისნეისთან. ბროდვეის თეატრის სცენაზე მან მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლი „ძია ვანია“, რის შემდეგაც ნიუ-იორკის ბროდვეის თეატრის ისტორიაში შევიდა, როგორც საუკეთესო მუსიკალური გამფორმებელი... 2020 წელს ლოს-ანჯელესში ნუგზარ შარია ფარული კენჭისყრით აირჩიეს „ოსკარის“ ჟიურის თავმჯდომარედ. მისი კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა...“ - წერია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე...

მანანა სოტკილავა, ნუგზარ შარიას ნათესავი:

- ჩვენ წინაპრებიდან ვიყავით ახლობლები, ნათელ-მირონობით დაკავშირებული მოყვრები. სამურზაყანოს სოფელ თაგილონში საზოგადო კაცად ცნობილ და ჭკუასაკითხავ ერასტი შარიას ჩვენს ბაბუასთან, ასევე, საკმაოდ დაფასებულ და ვაჟკაცობით ცნობილ - შინელ გუთუ სოტკილავასთან მეგობრობის ნიშნად მოუნათლავს მისი პირმშო - ლავრენტი სოტკილავა. სკოლის დამთავრების შემდეგ მასვე მიუგვრია ყმაწვილკაცი სოხუმში თავისი ხელით, იმხანად, უკვე ცნობილი მოღვაწის, თავისი ძის - სპირიდონ შარიასთვის და ჩაუბარებია, როგორც უმცროსი ძმა... შემდეგში ლავრენტი სოტკილავას და ქსენია ქარჩავას ახალშექმნილი ოჯახის მეჯვარეები ყოფილან სპირიდონ შარია და მისი ულამაზესი მეუღლე ვერა კუჭავა. - არაფერი სჯობდა ამ წყვილის, თავისი ჯიშ-მოდგმის, სილამაზის ყურებასო, - იხსენებდნენ ჩვენი ძველები...

ნუგზარს აუხდენელი დარჩა ოცნება, სოხუმში დაბრუნებისა და წინაპართა საძვალეების მონახულებისა...

ახლო ურთიერთობას სულ ვინარჩუნებდით და შემდეგმა თაობამაც გავაგრძელეთ... არ დამავიწყდება, ზურიკო რომ გარდაიცვალა, მაიამიდან დამირეკა და ბღაოდა, - ჩვენ ძმები ვართ, ერთად გავიზარდეთ და იციან საქართველოში, ზურაბ სოტკილავას სახით, ქვეყანას რა დიდი კაცი მოუკვდაო?! არ მგონია, იცოდნენო... სხვათა შორის, შორეული ამერიკიდან ზუსტი იყო მისი სიტყვები!

ნუგზარი ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, ბევრი ეპოქის მომცველი იყო მისი შემოქმედება... ყველაზე მთავარი, რაც მახსენდება: შემომითვალა, წმინდა ქეთევან დედოფალზე ფილმის გადაღება მინდაო და დოკუმენტური მასალები მთხოვა, ვინაიდან ხელნაწერთა ინსტიტუტში ვმუშაობდი... მან მთხოვა ყველა წერილობითი წყარო, რაც კი ქეთევან დედოფალზე საქართველოში არსებობდა, თორემ უცხოეთის წერილობითი წყაროები, აბსოლუტურად ყველგან, მოძიებული ჰქონდა...

ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა იყო, მე უკვე სულ სხვა თაობა ვიყავი და საპასუხო წერილში ჩემი თაობის წარდგინების ნიშნად მივწერე, თუ როგორ აღვიქვი და როგორი დამოკიდებულება მქონდა იმ სისულელეზე მე და მთლიანად ჩემს თაობასაც, როდესაც მას სამშობლოს ღალატში დასწამეს ცილი და დახვრეტა მიესაჯა. მთელი ამბები იყო, მაგრამ ჩვენ, ჯერ კიდევ სტუდენტებმა, ყველაფერი ნათლად აღვიქვით... დღესაც შენახული მაქვს ის წერილი, სადაც გახარებული მწერდა, ვერ წარმომედგინა, ჩემ შემდეგ მოსული თაობა თუ ჩემს ნაბიჯს ასე ზუსტად და სწორად შეაფასებდაო... ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მითხრა: ჩემი გადაწყვეტილება ერთპიროვნული არ ყოფილა, წინა დღეს კოლხურ კოშკში შევხვდი კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებს, მერაბ კოსტავას და ერთობლივი საუბრის შემდეგ ეს გადაწყვეტილება მივიღეო... დისიდენტების ინფორმაციის პირველი გამტანი და გამჟღერებელი დასავლეთში სწორედ ნუგზარ შარია გახლდათ...

ბოლო პერიოდში ხშირად მესაუბრებოდა თავის გეგმებზე... წმინდა ქეთევან დედოფლის ფილმის სცენარი გამზადებული ჰქონდა, გადაღებები ვერ დაიწყო და ძალიან სამწუხაროა, ამდენი რამ აუსრულებელი რომ დარჩა და იმ ქვეყნად ძალიან დიდი გეგმებით წავიდა...

2013 წელს ნუგზარ შარია „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში თავის გეგმებზე საუბრობდა:

,,მე თქვენ გიკარნახებთ უწმინდესისა და უნეტარესის მიერ, ასე ვთქვათ, კურთხევას - "ბატონო ნუგზარ, შევიტყვეთ, რომ გაქვთ სურვილი, ინგლისურ ენაზე გადაიღოთ მხატვრული ფილმი წმინდა ნინოსა და ქეთევან წამებულთან დაკავშირებით. საქართველოს ეკლესია მხარს უჭერს და მიესალმება თქვენს ინიციატივას. ჩვენის მხრიდან აუცილებლად მიგვაჩნია კონსულტანტის გამოყოფა, რომელთანაც შეთანხმდება გადაღების პროცესი და მონტაჟი. სცენარი უკვე წაკითხულია და მოწონებული. ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ ძალა მრავალ საქმეთა აღსასრულებლად" - ღრმა პატივისცემით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

- მსახიობები შერჩეული გყავთ?

- ამ გრანდიოზული კინოეპოპეის მთავარსარდალი არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომლის მუსიკა ფილმში იქნება გამოყენებული ე.წ. საუნდტრეკად, სამხატვრო ხელმძღვანელი კი - გამოჩენილი ქართველი რეჟისორი, ბატონი რევაზ ჩხეიძე. ჯერ ფილმი სრულად დაფინანსებული არ არის და გადაჭრით ვერ გეტყვით, ვინ რა როლს ითამაშებს. სიამოვნებით მოვიწვევდი ნიკოლ კიდმანს ქეთევან წამებულის როლზე, მაგრამ მეგავარსკვლავები 25 მილიონი დოლარი ღირს და არის ვინმე გადამხდელი?! მთავარია, რომ ეს ფილმი დადგმული უნდა იქნას ქართული ძალებით! საუბედუროდ, საქართველოს მოსახლეობა დღეს განახევრებულია და ფილმი დანახარჯებს ვერ აინაზღაურებს, თუ ის იქნება გადაღებული მხოლოდ ქართულ ენაზე. ინგლისურ ენაზე გადაღებულ ფილმს ნახავს მსოფლიო - ინგლისი, ახალი ზელანდია, ინდოეთი, რუსეთი და ფილმის ავტორები მილიონობით მოგებას მიიღებენ... როგორც უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა, წმინდა ნინოს როლის შემსრულებელი მონახულ უნდა იქნას სოფლებში და არა - სამოდელო სააგენტოებში. იგი უნდა იყოს 15 წლის ებრაელი გოგონა, რომ ფლობდეს ენას, რომელზეც ლაპარაკობდა ქრისტე. რაც შეეხება ქეთევან დედოფალს, აქ უწმინდესი და უნეტარესი დაგვთანხმდა, რომ მოწვეულ უნდა იქნას საერთაშორისო კლასის უცხოელი ვარსკვლავი. დანარჩენი პერსონაჟები, ძირითადად, უნდა იყვნენ ქართველი მსახიობები...

(სპეციალურად საიტისთვის)