ბახმუტი - ქალაქი, რომელიც სტალინგრადს დაამსგავსეს... - კვირის პალიტრა

ბახმუტი - ქალაქი, რომელიც სტალინგრადს დაამსგავსეს...

რუსეთ-უკრაინის ომის 1 100 კმ-ზე მეტი სიგრძის საერთო ფრონტის ხაზზე დღესდღეობით ყველაზე ცხელ წერტილს ქალაქ ბახმუტის მისადგომები წარმოადგენს.

რამდენიმე თვეა, რუსი ოკუპანტები განსაკუთრებული სიჯიუტით ცდილობენ ამ უკრაინული ქალაქის დაპყრობას, რასაც ათასობით ჯარისკაცი შეაკლეს.

რაში სჭირდება კრემლს ამხელა მსხვერპლის გაღება, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული, ამ პატარა უკრაინული ქალაქის დასაპყრობად, რისთვისაც ბახმუტი თითქმის მეორე მსოფლიო ომის დროინდელ სტალინგრადს დაამსგავსა, დაუნდობელი დაბომბვების შედეგად?

საგულისხმოა, რომ რუსი ოკუპანტები თავიანთ საფრონტო ინფორმაციებში არც კი ახსენებენ სახელს - ბახმუტი, რადგან მას საბჭოთადროინდელი სახელით - არტემიოვსკით მოიხსენიებენ.

სინამდვილეში კი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ბახმუტზე, ჯერ კიდევ 1571 წელს აშენდა ციხესიმაგრე, რომელსაც 1783 წელს ქალაქ ბახმუტის სტატუსი მიენიჭა.

ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ მათ ბახმუტი 1924 წელს არტემიოვსკად გადანათლეს და ის ამ სახელს 2016 წლამდე ატარებდა, სანამ უკრაინის ხელისუფლებამ ისტორიული სახელი არ დაუბრუნა.

დონის კაზაკებიდან მოყოლებული, ბახმუტის მიდამოებში მარილის მიწისქვეშა საბადოებს ამუშავებდნენ, არადა, მაშინ მარილს თითქმის ოქროს ფასი ედო.

1941 წლის 1-ელი ნოემბრიდან 1943 წლის 5 სექტემბრამდე ბახმუტი გერმანიის არმიას ჰქონდა ოკუპირებული, ხოლო 1951 წელს იქ გაიხსნა შამპანურის ქარხანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში შუშხუნა ღვინოების ყველაზე მსხვილ მწარმოებლად გადაიქცა.

ბახმუტი, 2014 წლის 12 აპრილიდან 6 ივლისამდე, დაპყრობილი ჰქონდათ პრორუს სეპარატისტებს, სანამ ის უკრაინის არმიამ არ გაათავისუფლა.

რვა წლის შემდეგ ომი კვლავ მიადგა ბახმუტს, რის გამოც 70 ათასი მაცხოვრებლიდან ქალაქში 15 ათასიც კი აღარ დარჩა, თუმცა ვინც არ დატოვა მშობლიური ქალაქი, დღეს უდიდესი საფრთხე ემუქრებათ, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო ინტენსიური დაბომბვებით ცდილობენ ბახმუტიდან უკრაინელი სამხედროების გაყრას, რის გამოც ქალაქის ნანგრევები სტალინგრადის პეიზაჟებს ემსგავსება...

2-baxmuti-1669974696.png
ქალაქი ბახმუტი თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოზე

რატომ სჭირდება ასე ძალიან რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ბახმუტის დაპყრობა?

საქმე ის არის, რომ ბახმუტიდან მიემართება გზები დონეცკის ორი დიდი ქალაქისკენ - კრამატორსკისა და სლავიანსკისკენ, რომლებსაც უკრაინის მხარე აკონტოლებს და რომელთა დაპყრობის გარეშე რუსეთის ფედერაციას „მიერთებული“ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა კრემლის თვალში არასრულფასოვნად გამოიყურება.

1-ელი აგვისტოდან მოყოლებული, რუსი ოკუპანტები განსაკუთრებული აქტიურობით უტევენ ბახმუტს, მაგრამ ოთხთვიანი მცდელობის მიუხედავად, საწადელს ვერ მიაღწიეს.

სექტემბრის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით ოკუპირებული ბალაკლეიდან, იზიუმიდან, კუპიანსკიდან და ხერსონიდან რუსეთის არმიის გაქცევის ფონზე, კრემლს სასწრაფოდ სჭირდება მრავალმილიონიანი რუსული საზოგადოების თვალში პატარა საინფორმაციო გამარჯვება მაინც, რისთვისაც ძალ-ღონეს არ იშურებს ბახმუტის როგორმე დასაპყრობად.

3-baxmuti-1669974719.png
ფრონტის ხაზი ბახმუტს აღმოსავლეთიდან მიადგა...

ბახმუტზე შეტევებისთვის მობილიზებულია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ საუკეთესო რაზმები, რომლებიც საბრძოლო ეფექტიანობით ბევრად აღემატებიან რუსეთის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელ დანაყოფებს.

ამასთან, „ვაგნერის“ მეთაურობა იყენებს ტაქტიკას, როდესაც შეტევაზე წინ უშვებს ახალმობილიზებულ, ნაკლებად გამოცდილ რეზერვისტებს. მათ უკრაინელი სამხედროები დროულად აღმოაჩენენ და ზუსტი ცეცხლით ანადგურებენ, სამაგიეროდ, „ვაგნერელები“ ამით გამოავლენენ უკრაინელების საცეცხლე პოზიციებს და მათ დაბომბვას იწყებენ ანუ „ვაგნერი“ მობილიზებულ ჯარისკაცებს (რომელთა შორის ბევრი ციხეებიდან სპეციალურად გამოყვანილი პატიმარია) ერთგვარ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებენ, შეტევის წინა ეშელონში ძალით გარეკვით...

უკრაინის გენშტაბში არ მალავენ, რომ ბახმუტის დამცველებს ძალიან უჭირთ და მოწინააღმდეგე ფრონტის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შეტევის ინიციატივას ფლობს, რისთვისაც არ უშინდება დიდ დანაკარგსაც კი.

არც ისაა გამორიცხული, რომ უკრაინის არმიის შენაერთებმა ქალაქი ბახმუტი დათმონ, ტაქტიკური გადაჯგუფება მოახდინონ და ახალი თავდაცვითი ზღუდეები დაიკავონ კრამატორსკისა და სლავიანსკის დასაცავად...