"მან დაგვიტოვა ჩანაწერების ნაწილი, რომელიც ეთერში არ გაჟღერებულა" - ეთერ კაკულიას აქამდე უცნობი ჩანაწერი - კვირის პალიტრა

"მან დაგვიტოვა ჩანაწერების ნაწილი, რომელიც ეთერში არ გაჟღერებულა" - ეთერ კაკულიას აქამდე უცნობი ჩანაწერი

ეთერ კაკულიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა მომღერლის აქამდე უცნობი ჩანაწერები გაასაჯაროვა:

"29 ნოემბერს ეთერ კაკულიას დაბადების დღე იყო, მას 80 წელი შეუსრულდებოდა.

ეთერის სიცოცხლე უყვარდა, აღმერთებდა საქართველოს და ქართველ ხალხს,ზოგადადაც კაცთმოყვარე იყო, უყვარდა მეგობრები. ჰქონდა საოცარი იუმორის გრძნობა. ჩვენ ვმეგობრობდით და ვთანამშრომლობდით. მოვლილი გვაქვს სხვადასხვა დროს თითქმის მთელი საქართველო კონცერტებით. დარჩა უამრავი მოგონება, სახალისო კურიოზები და თავგადასავლები.

ეთერის საკმაოდ ბევრი ჩემი სიმღერა ჰქონდა შესრულებული- "ვაკელები", "შემოდგომის ზარები","სიმღერა ჩემი ფრთებია"(გთხოვ ნუ გამწირავ ჯერ რამდენი არ მიმღერია) და სხვა. სწორედ ამ სიმღერით დაასრულა მან თავის მიწიერი ცხოვრება სცენაზე.

102 წელს აპირებდა სიცოცხლეს, თუმც მძიმე სენმა არ მისცა ამის საშუალება სამწუხაროდ და მიუხედავად ამისა, მაინც არ კარგავდა ბოლომდე იუმორის გრძნობას, სეკვესტრი უნდა მოვახდინოო. ეთერიმ დაუტოვა ქართველ ხალხს მისდამი დიდი სიყვარული და მონატრება. მის მიერ შესრულებული სიმღერები აგრძელებენ სიცოცხლეს ,და მეტიც, მან დაგვიტოვა ჩანაწერების ნაწილი, რომელიც ეთერში არ გაჟღერებულა სხვადასხვა მიზეზების გამო. რამდენიმე ჩემი სიმღერის გაჟღერებაც ვერ მოასწრო. ერთ-ერთ მათგანს დღეს შემოგთავაზებთ.

მას განსაკუთრებით უყვარდა მზე, მზე მისი კარგი მეგობარი იყო და ალბათ სამუდამოდ წაიყვანა თავისთან, თუმცა სთხოვა ქართველი ხალხი და საქართველო არ მიეტოვებინა და თავისი მადლით მუდამ დაემშვენებინა. "მზის სადიდებელი" დავარქვი ამ სიმღერას, ლექსიც ჩემი გახლავთ. ვფიქრობ ზევით რაზეც გესაუბრეთ, სწორედ ამ სიმღერაშია ეთერის მიერ გამოხატული. კონცერტებზე ჩემი თანხლებით ეთერის არაერთხელ აქვს ნამღერი ეს სიმღერა, მაგრამ სტუდიური ჩანაწერი ეთერში არასდროს გასულა. დღეს გთავაზობთ პრემიერას. არანჟირება ეკუთვნის შესანიშნავ კომპოზიტორს და პიროვნებას, ჩემს მეგობარს გია მაჭარაშვილს. ნათელში იყოს ეთერის სული და დღეგრძელი მისი შემოქმედება", - წერს ოთარ ტატიშვილი.