"დარბაზში რომ შემოვიდნენ, ბიჭს კაბაზე ფეხი დაებიჯა და ბოლო ოდნავ ჩამოირღვა. გოგონამ საქმროს თავში თაიგული ჩასცხო და გარეთ გავარდა" - ქორწინების სახლის მენეჯერის სახალისო ამბები - კვირის პალიტრა

"დარბაზში რომ შემოვიდნენ, ბიჭს კაბაზე ფეხი დაებიჯა და ბოლო ოდნავ ჩამოირღვა. გოგონამ საქმროს თავში თაიგული ჩასცხო და გარეთ გავარდა" - ქორწინების სახლის მენეჯერის სახალისო ამბები

მთაწმინდის პარკში, ულამაზეს ადგილას, ქორწინების სახლი დგას. ვინ იცის, რამდენი ადამიანის ღიმილიანი, იმედიანი სახე ახსოვს ამ კედლებს. ამ შენობაში მომხდარ უჩვეულო და სახალისო ამბებზე, ქორწინების სახლის მენეჯერი ნატა გოგოლიძე­ გვესაუბრება:

- 2010 წლიდან ქორწინების სახლში ვმუშაობ. წყვილების სიხარული ყოველთვის გულს მითბობს და დადებითი ენერგიით მავსებს. ძალიან დამამახსოვრა თავი ერთმა წყვილმა, რომელიც წელს, თებერვალში დავაქორწინეთ: ბიჭი უკრაინელი იყო, ხოლო გოგო ფილიპინელი. ისინი ომის დაწყებამდე საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდნენ და ჯერ დაქორწინებას არ აპირებდნენ, მაგრამ მოულოდნელად უკრაინაში ომი დაიწყო. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს თავიანთი კავშირი ოფიციალურად გაეფორმებინათ. მაგიდას უკრაინული დროშა გადააფარეს და ხელი ასე მოაწერეს. შემდეგ გოგონა თავის სამშობლოში გაფრინდა, ხოლო ბიჭი უკრაინაში დაბრუნდა და ომში წავიდა.

სექტემბერში დავაქორწინეთ ჩემი მეგობარი, ჟურნალისტი მედეა ცხოვრებაძე­ და ბი-ბი-სის რეჟისორი დეივიდ რიჩარდსონი. ჩემი მეგობარი უკვე 50 წელსაა მიღწეული და ძალიან ბევრს ფიქრობდა, ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამდა, მიუხედავად იმისა, რომ რვაწლიანი სიყვარული ჰქონდათ. ბატონი დეივიდი დიდ ბრიტანეთში ყველაზე ცნობილი სერიალის "მამა ბრაუნის" პროდიუსერია. აქ პირველად 1990 წელს ჩამოვიდა - ქართულ ფოლკლორზე ფილმის გადაღება სურდა, მაგრამ მაშინ აქ ომი და არეულობა იყო, რის გამოც ფილმი ვერ დაასრულა. ბატონი დეივიდი აქ ხშირად ჩამოდიოდა და მოგზაურობდა. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მედეა ცხოვრებაძე გაიცნო და მოიხიბლა: ორივე ერთ პროექტში მუშაობდა და ასე დაახლოვდნენ. ეს ორივესთვის მეორე ქორწინება იყო. სექტემბერში ბატონი დეივიდი თავის მეგობრებსა და შვილებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში და საოცარი ქორწილი­ გავმართეთ. გაოცებული ვუყურებდით, ქართული­ ცეკვა ისე ლამაზად შეასრულა. გვიხარია, რომ მათი სიყვარულის ისტორია ასე დასრულდა.

- გაქცეული პატარძლები თუ გყოლიათ?

- როგორ არა, მაგრამ ერთ კვირაში ისევ უკან დაგვიბრუნდა: ყველაფერი უკვე გამზადებული გვქონდა, მაგრამ დარბაზში რომ შემოვიდნენ, ბიჭმა კაბაზე შემთხვევით ფეხი დააბიჯა და ბოლო ოდნავ ჩამოირღვა. როგორც ჩანს, ძალიან ფიცხი გოგონა იყო, საქმროს თავში თაიგული ჩასცხო და გარეთ გავარდა. დავედევნეთ და ბევრი ვეხვეწეთ, რომ უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ უარი თქვა. მეორე კვირაში ისევ მოგვაკითხეს. რომ გავისტუმრეთ, ვხუმრობდი, ეს კაცი სერიოზულ შარშია გახვეული-მეთქი.

კიდევ ერთი გაქცეული პატარძალი უფრო მალე დაგვიბრუნდა: ცერემონიალზე სასიძომ გაიხუმრა და თავის მეგობარ გოგ­ონას სთხოვა, სანამ ხელს მოვაწერთ, ხმამაღლა თქვი, მე წინააღმდეგი ვარო. ამის გაგონებაზე პატარძალი დარბაზიდან გავარდა. საქმრო გამოედევნა და ძლივს დაარწმუნა, რომ ეს ხუმრობა იყო.

გვყავდა წყვილი, რომელიც 4 წლის წინ დაშორდა ერთმანეთს, მერე შერიგდნენ და ხელმეორედ დაქორწინება გადაწყვიტეს. იუსტიციის სახლში რომ მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ გაყრილი არც ყოფილან. თურმე განცხადება კი შეუტანიათ, მაგრამ ხელმოწერით არ დაუდასტურებიათ... რადგან ყველაფერი უკვე შეკვეთილი და დაგეგმილი ჰქონდათ, საქორწინო რიტუალი აღარ გააუქმეს და შერიგება დიდი ზეიმით აღნიშნეს.

- რა ხდება მაშინ, როცა მომავალი სიდედრი ან სიმამრი ქორწილის წინააღმდეგია?

- ერთი წყვილი გვყავდა - გოგონა­ აზერბაიჯანელი იყო, საქმრო კი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ოღონდ, შავკანიანი.­ ერთმანეთი ისე უყვარდათ, რომ გოგონას ოჯახის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დაქორწინდნენ. საოცრად ლამაზი რიტუალი გამოგვივიდა და ყველა კმაყოფილი დარჩა, თუმცა ოჯახს ფერადკანიანი სიძე არ უნდოდა.

- ცნობილი წყვილები თუ დაგიქორწინებიათ?

- რა თქმა უნდა, ბევრი ცნობილი­ ­ადამიანის ქორწილი მახსოვს, მაგრამ ერთი განსაკუთრებული წყვილი გვყავდა, რუსი ებრაელები. ქალი იმდენად ჰგავდა სოფი ლორენს, თვალებს არ ვუჯერებდით.­ ქორწილის დღეს ჩვენმა თანამშრომელმა იხუმრა: დღეს სოფი ლორენი უნდა დავ­აქორწინოთო და ეზოში მყოფმა ტურისტებმაც დაიჯერეს. წყვილი დარბაზს რომ მოუახლოვდა, ხალხი შოკში იყო, ყველამ ფოტოების გადაღება დაიწყო. ის მშვენიერი რიტუალი დღემდე თვალწინ მიდგას.

- შერეული წყვილები ხშირად გაკითხავენ?­

- რასაკვირველია, და შთამბეჭდავი საქორწინო ცერემონიალიც გამოდის. ამ რამდენიმე თვის წინ, ქართველი გოგო შოტლანდიელზე დაქორწინდა. ბიჭს შოტლანდიური კილტი ეცვა, გოგოს - ქართული კაბა და მათ დანახვას არაფერი სჯობდა.

ყველაზე მეტი სტუმარი ისრაელიდან­ გვყავს, რადგან იქ შერეულ წყვილებს შორის ქორწინებას არ აფორმებენ - ორივე­ ებრაელი უნდა იყოს...

ხშირად მეუბნებიან, რა კარგ ადგილას მუშაობ, ყოველდღე ბედნიერ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობაო. მართლაც, რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, მათი სიხარული მეც გადამედება ხოლმე. მთავარია, სხვისი ბედნიერება გიხაროდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე