"რუსეთის დეცენტრალიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია....“
„ჩემთვის მიუღებელია, რომ ადამიანების ერთი კატეგორია ცდილობს თავისი პოლიტიკური კარიერა შექმნას იმ პირისა და ისეთი ფულის მეშვეობით, რომელიც, ფაქტობრივად, ომის დროს მოჰპარეს ქვეყანას“
გასულ კვირას ბუქარესტში გამართულ ნატოს მინისტერიალზე მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი კი იყო, თუმცა არაერთხელ ითქვა ისიც, რომ ალიანსი გეგმავს საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის დახმარების გაძლიერებას. "თუკი ისინი იქნებიან უფრო დაცული, ჩვენც უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მისი განმარტებით, უკრაინის ომმა ამ სამ ქვეყანასთან "პარტნიორობა უფრო მნიშვნელოვანი გახადა" და მეტი დახმარების საჭიროება გააჩინა, რადგან საქართველო, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა კვლავაც დგანან "რუსეთის წნეხის, დაშინებისა და აგრესიის" პირისპირ. გამოწვევებთან გამკლავება ნატოს გენერალურ მდივანს პარტნიორების "მდგრადობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის" გაძლიერებითა და "შეიარაღებული ძალების მოდერნიზებით" წარმოუდგენია. მანამდე კი, 25 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ამავე თემაზე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ გაღრმავებული "პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული" თანამშრომლობა ნატო-საქართველოს "არსებით პაკეტს" დაეფუძნება. კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერჯერობით არც ნატო ავრცელებს და არც საქართველო. სწორედ ამ საკითხზე დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:
- ძალიან საინტერესო განცხადებებია, რაც, თავის მხრივ, თანამშრომლობის ახალ ველს ქმნის. ამაზე ჩვენი ხელისუფლება არ ლაპარაკობს, რასაც ახსნა აქვს. ბოლო დროს საქართველოს მთავრობა მიზეზთა გამო მართლაც ცდილობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობისას იფრთხილოს. ეს არ შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, თუმცა მავანი ამის დისკრედიტაციასაც ცდილობს.
ისევ ნატოს თემას რომ დავუბრუნდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს არაერთი მხარე იბრძვის სამხრეთ კავკასიაზე გავლენის მოსაპოვებლად. ვითარება ბოლო დროს ამ რეგიონში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ვხედავთ, რაოდენ მზარდია თურქეთის გავლენა, რაც რეგიონის ზოგ ქვეყანაში უფრო მეტად თვალში საცემია, ზოგან კი ნაკლებად. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, ის საკუთარ თამაშს თამაშობს, თანაც არა მარტო სამხრეთ კავკასიაში. დღეს მსოფლიო წესრიგი თითქმის მოშლილია, რუსეთმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა არა მარტო იმით, რომ უკრაინაში შეიჭრა, არამედ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების დროსაც, როდესაც ცდილობდა რეგიონზე გავლენის მეტად გაზრდას, შედეგად კი მნიშვნელოვნად ამოვარდა სამხრეთკავკასიური პოლიტიკიდან.
გავლენის გაძლიერებას ცდილობს ნატოც, რომელიც, ერთი მხრივ, მოწადინებულია, რომ რუსეთი შეაკავოს, იმავდროულად კი სურს თურქეთის ამბიციების მოთოკვაც. საქართველო კავკასიაში ნატოს ტრადიციული დასაყრდენია, ამიტომაც არის ჩვენი საკითხი ასე გააქტიურებული.
რუსეთისთვის უაღრესად სუსტი წერტილია სამხრეთი კავკასია. მასზე გავლენის დაკარგვა ნიშნავს შავი ზღვის აკვატორიაზე რუსეთის გავლენის მაქსიმალურად შემცირებას. ის პრაქტიკულად ამოვარდება ე.წ. შავი ზღვის პოლიტიკიდან. ამის შემდეგ დროის საკითხიღა იქნება ჩრდილოეთ კავკასიის დაკარგვაც, მით უფრო ხედავთ, როგორი გააქტიურებულია ჩრდილოკავკასიური დიასპორა. 27 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა კავკასიური დიასპორის თავყრილობა, სადაც დომინანტი იყო ჩეჩნური მხარე, მაგრამ იქ სხვებიც მასშტაბურად იყვნენ წარმოდგენილი. ისინი ორგანიზებულ სტრუქტურებს ქმნიან, ანუ რუსეთის მარცხისთვის ემზადებიან. ეს ჩანს უკრაინაშიც - თუ თავიდან იყო ერთი ჩეჩნური ბატალიონი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, დღეს უკვე ხუთია, მათგან ოთხი ჩეჩნური და ერთი დაღესტნურია. შეიძლება ძალიან მრავალრიცხოვანი ბატალიონები არ არის, მაგრამ უკვე მათ არსებობას აქვს დიდი გავლენა და მნიშვნელობა, მით უფრო ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რუსეთის პერმანენტული მარცხისა და უამრავი ჩრდილოკავკასიელის დაღუპვის გამო განწყობები სულ უფრო რადიკალური ხდება. განსაკუთრებით დაღესტანშია უკმაყოფილება, სადაც უკრაინის ფრონტიდან უკვე ბევრი მებრძოლი ჩაასვენეს.
ნატოს ხელმძღვანელობა ყოველივე ამას კარგად აანალიზებს, დასკვნებს აკეთებს და იმოქმედებს კიდეც შესაბამისად. საქართველოს ხელისუფლება იფრთხილებს თუ არა, ეს მთავარი თემა არ არის. ნატოსთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში პროცესების გაკონტროლება და ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს სამომავლო პერსპექტივისთვის.…
- ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გასულ კვირასაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. ორგანიზაცია "ემპათიამ" გამოაქვეყნა მისი ჯანმრთელობის შესახებ მომზადებული დასკვნა, რომლის თანახმადაც სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას. გარდა ამისა, გამოითქმის ეჭვი მისი მოწამვლის თაობაზე. დასკვნის თანახმად, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიური ნივთიერებების, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ცნობით, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.
- სამედიცინო საკითხებზე რაიმეს თქმა გამიჭირდება, მით უფრო, ბოლო თვეებში დიდი და ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე. ის ანგარიში, რაც გამოქვეყნდა, ასევე უცხოელი ექსპერტების მოსაზრებები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე უნდა იმსჯელონ სპეციალისტებმა. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ყოველივე ამას უცხოეთიდან დიდი გამოხმაურება აქვს, დიდია ზეწოლა ხელისუფლებაზე და ჩემი აზრით, მოუწევს გადადგას შემხვედრი ნაბიჯები. უპირველესად იმიტომ, რომ ამ ყველაფრით ყველაზე მეტად ქვეყნის იმიჯი ზარალდება.
- ექსპრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში. მისი თქმით, თუ მართლაც მოწამლეს, იმ უცხო სახელმწიფოს ნახელავი იქნება, რომელიც სააკაშვილს მტრად მიიჩნევს.
- ბევრი განცხადებაა, პროცესებს კამპანიის სახე აქვს. შესაბამისად, ძალიან რთულია ამ ყველაფერში გარკვევა. სასურველია, საექსპერტო დასკვნა იყოს გასაგებად დაწერილი, რათა უბრალო მოკვდავებიც გავერკვეთ ვითარებაში. მთელი ამ პროცესის მიმართ ნდობა ნაკლებია, იმიტომ კი არა, რომ ვინმე ტყუის, არა, იმხელა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, იმდენი "ქაფი" დაგროვდა, ეს საზოგადოების ერთ ნაწილს აღიზიანებს. მათ კარგად ახსოვთ სააკაშვილის ხელისუფლების დროს პატიმრების მდგომარეობა, ამიტომ უჭირთ ბევრი რამის დაჯერება. მეორე ნაწილისთვის დასკვნის გარეშეც, აპრიორი დადასტურებული ამბავია, რომ "სააკაშვილს კლავენ". ამის მიუხედავად, საკითხს უნდა შეხედონ ცივი გონებით, გადაწყვეტილებები კი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე მიიღონ.
- არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლება სააკაშვილის თემით ვაჭრობს დასავლეთთან და ცდილობს ამ საკითხის გადაწყვეტით რაც შეიძლება ბევრი დივიდენდი მიიღოს.
- ჩვენ ამის დამადასტურებელი ფაქტები არა გვაქვს და ვარაუდებზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. მესმის, ამ მოსაზრების ლოგიკა ასეთია: ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს სთავაზობს, უკან დაიხიეთ ზოგიერთ საკითხზე და ამ პრობლემას გადავწყვეტთო. ასეთი რამ მსოფლიო პრაქტიკაში ყოფილა. შესაბამისად, ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორად მიმაჩნია, სანამ არ გვექნება ფაქტობრივი მასალა. ვიმეორებ, ამგვარი პოლიტიკური ვაჭრობა კულუარულად ყოველთვის იყო და არის, თანაც არა მარტო პატიმრებთან დაკავშირებული.
პრეზიდენტების პატიმრობაში ყოფნა დანაშაულების გამო ახალი ამბავი მსოფლიოსთვის ნამდვილად არ არის, პერუდან სამხრეთ კორეამდე ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა, მათ შორის ევროპაშიც. ჩვენს შემთხვევაში შექმნილი ვითარება საკმაოდ მძიმეა, იმიტომაც, რომ გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება ვგულისხმობ, ზვიად გამსახურდიას დევნილობაში სიკვდილს. შესაბამისად, საზოგადოების დიდი ნაწილი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გულწრფელად შიშობს. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება უნდა იყოს დაცული. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთი დამძიმებულია, არ უნდა დავუშვათ მისი უფრო გაუარესება. ამასთანავე, არ შეიძლება ამ საკითხის გამო ქვეყნის დისკრედიტაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს. რა და როგორ უნდა მოხდეს, უნდა გადაწყვიტონ სპეციალისტებმა და პოლიტიკოსებმა, რომელთაც ქვეყანაზე აქვთ აღებული პასუხისმგებლობა.
- "ემპათიის" დასკვნის საფუძველზე სააკაშვილის უფლებადამცველებმა სასამართლოს მიმართეს გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით. საინტერესოა, რომ ეს საქმე დაეწერა მოსამართლე გიორგი არევაძეს, რომელსაც სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი აქვს განაჩენი. გარდა ამისა, მას წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული ხშირად ადანაშაულებდნენ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებაში, მაგალითად, 2012 წელს პატიმრობა მიუსაჯა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, რასაც იმჟამად "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებდნენ.
- ვერაფერს ვიტყვი, მას არ ვიცნობ, თუმცა ის პერიოდი და ის პროცესი, რომელიც ახსენეთ, კარგად მახსოვს. სხვათა შორის, კიდევ რამდენიმე საქმე მახსოვს ამ მოსამართლის სახელთან დაკავშირებული - ზოგიერთის განაჩენი ადეკვატური იყო, ზოგიერთის კი საკამათო. ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი, რომელიც უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და არა მოსამართლემ. მსოფლიო პრაქტიკაში მსგავსი პრეცედენტები არსებობს, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან, ვითარებიდან გამომდინარე ქვეყანას სჭირდებოდა ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმა და ხელისუფლებამ გადადგა.…
- "ნაციონალურ მოძრაობაში" ორი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს. როგორც ჩანს, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ცდილობენ პარტიაზე გავლენის მოპოვებას მისი ხელმძღვანელობის ცვლილებით. ამ პროცესების შედეგად სად შეიძლება მივიდეს ნომერი პირველი ოპოზიციური პარტია, შეიძლება უახლოეს მომავალში ის საერთოდ დაიშალოს?
- რა არის ამ ყველაფრის მიზეზი - პირადი ამბიცია, ერთმანეთის მიმართ ანტაგონიზმი, ფულის თემა თუ გარე ძალის ჩართულობა, რთული სათქმელია. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ყველა ეს კომპონენტი ერთადაც მუშაობდეს. ასე არეულ-დარეული "ნაციონალური მოძრაობა" არავის ახსოვს. ასეთი კონსოლიდირებული ძალა აქამდე თუ მივიდოდა, ვინ იფიქრებდა. სააკაშვილის პარტიიდან და ამ პროცესებიდან დისტანცირება უფრო ძაბავს და აფუჭებს ვითარებას. რაც შეეხება კეზერაშვილს, ის ოდიოზური ფიგურაა, რაზეც მელიას გუნდი საჯაროდ ლაპარაკობს. კარგად მახსოვს, რაც ხდებოდა 2008 წლამდე, ცოტა ადრე, 2008 წელსა და მის შემდგომ პერიოდში. ისიც მახსოვს, როგორ შეიცვალა მისი მდგომარეობა ჩვეულებრივი ჩინოსნიდან უმდიდრეს ადამიანამდე. ის სკანდალებიც მახსოვს, დაკავშირებული იარაღის უკანონო გაყიდვასთან მესამე ქვეყნებში. ჩემთვის მიუღებელია, რომ ადამიანების ერთი კატეგორია ცდილობს თავისი პოლიტიკური კარიერა შექმნას იმ პირისა და ისეთი ფულის მეშვეობით, რომელიც, ფაქტობრივად, ომის დროს მოჰპარეს ქვეყანას. არ ვიცი, ამ დაპირისპირების შემდეგ ახალი თავმჯდომარის არჩევა რომც მოახერხონ, როგორ შეძლებენ ეს ჯგუფები ერთ პარტიაში თანაცხოვრებას.…
- უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც მინდა ვისაუბროთ. სამწუხაროდ, ომის დასრულების კონტურები ჯერ არ ჩანს.
- პროგნოზის გაკეთება ჯერ შეუძლებელია. ზამთრის გამო ინტენსიური ბრძოლები ვერ მიმდინარეობს. ერთადერთი ქალაქი ბახმუტია, რომლის გარშემოც სისხლისმღვრელი ბრძოლაა.
გასულ კვირას უდიდესი ტრაგედია მოხდა. ჯერ 27 წლის ბიჭი, ჯაბა ხოფერია დაგვეღუპა, მერე 5 ქართველი დაეცა ბახმუტთან, ძალიან სამწუხაროა, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. მე მესმის ამ ბიჭების, თუ რატომ მიდიან და იბრძვიან სხვის მიწაზე საქართველოსთვის. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ყველა მებრძოლი სიკვდილს ყოველდღიურად თვალებში უყურებს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისინი "კადიროველების" ჩასაფრებას ემსხვერპლნენ, ამასწინათ ახმედ ზაკაევს ველაპარაკე და მან ასეთი რამ თქვა, - ესენი ჩეჩნები კი არა, ტურები არიან, რომლებიც რეჟიმს ემსახურებიანო... ამგვარი ტურები იბრძოდნენ აფხაზეთშიც ჩვენს წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ დაღუპულების გამო, ეს საქართველოსთვის უდიდესი დანაკლისია.
დიდი მნიშვნელობა აქვს, რა რესურსები ექნებათ მხარეებს გადამწყვეტი ბრძოლის დაწყების წინ. უკრაინის თავდაცვის ძალებში რომ მორალური მდგომარეობა არსებითად არ შეიცვლება, ფაქტია. ქვეყანას სამხედრო რესურსიც აქვს. ამ ეტაპზე უკრაინისთვის ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ენერგეტიკული კრიზისია, რაც გარკვეულწილად მებრძოლებისა თუ მოქალაქეების მორალურ მდგრადობაზეც აისახება და ტექნოლოგიურადაც ქმნის პრობლემებს ფრონტის ხაზზე.
რუსეთიც ცდილობს სამხედრო რეზერვების შევსებას, ირანიდან ინტენსიურად შედის იარაღი. მორალურად რუსეთის არმიაში უმძიმესი მდგომარეობაა. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ომში იძულებით წაიყვანეს, მთავარი მაინც ის არის, რაც გენერალიტეტში ხდება, რომელიც, ფაქტობრივად, სპეცსამსახურებს დაუქვემდებარეს. გარდა ამისა, გენერალიტეტისთვის მიუღებელია ის ვითარება, რაც ე.წ. კერძო არმიებთან დაკავშირებით ხდება. გარდა იმისა, რომ პრიგოჟინს ჰყავს "ვაგნერი", რომელსაც პრეზიდენტის ბრძანებით უკვე ავიაციაც გადასცეს, დაიწყო სხვა კერძო არმიების შექმნაც. მაგალითად, ახლახან 2 მდიდარ სომეხს - სარქისიანსა და კარაპეტიანს დაავალეს ახალი კერძო არმიის შექმნა.უკვე არაერთი სხვაც ფუნქციონირებს. ეს არმიები ნომინალურად გენერალიტეტს კი ექვემდებარებიან, მაგრამ რეალურად საკუთარ დამფუძნებლებს ემორჩილებიან. ეს ქმნის ქაოსს სამხედრო სტრუქტურებში. რუსეთში სხვაც ბევრი პრობლემაა. მაგალითად, ეკონომიკური ვითარება ძალიან მძიმდება, განსაკუთრებით რუსეთის პროვინციებში. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კი მაინც ის არის, რომ ხდება აშკარად დისტანცირება ცენტრსა და ავტონომიურ-რეგიონულ წარმონაქმნებს შორის. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ კავკასიისა და თათრეთის რესპუბლიკების მოსკოვთან ურთიერთობა, რაც ცოტა ხანში კიდევ უფრო სკანდალური გახდება. შეიძლება ითქვას, მორალურ დონეზე რუსეთის დეცენტრალიზაცია დაწყებულია.
ამ ვითარებაში პოზიტიური ის არის, რომ პუტინმა და მედვედევმა შეწყვიტეს ატომური რიტორიკა, რაც, ჩემი აზრით, ჩინეთის მმართველ სი ძინპინის განცხადებამ განაპირობა. მან პირდაპირ მოუწოდა მოსკოვს, ამაზე ლაპარაკი უნდა შეწყდესო. რას მოესწრო რუსეთი, რომ ჩინეთი უფროსად ჰყავს! არ ვიცი, როგორ პატიობს ამ ყველაფერს რუსული პოლიტიკური ელიტა პუტინს, რომელმაც ქვეყანა, ფაქტობრივად, გააჩანაგა.…