„ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საკმარისი არ არის, რომ ვითარების დრამატულობა დავინახოთ“ - კვირის პალიტრა

„ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საკმარისი არ არის, რომ ვითარების დრამატულობა დავინახოთ“

ცენტრ "ემპათიის" ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, აქვს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომ-კომპლექსი. წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. "კვირის პალიტრა" ესაუბრა "ევროპული საქართველოს" წევრს, "ნიუ ჰოსპიტალსის"“კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვახტანგ კალოიანს როგორც პაციენტის მდგომარეობის, ისე დასკვნის შესახებ.

- ბატონო ვახტანგ, იმით, რაც გასაჯაროვდა პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- ის, რაც გამოქვეყნებულია, მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ბევრი დეტალის ცოდნის გარეშე შეფასება რთულია. კვლევის შედეგები, სხვადასხვა ექსპერტის დასკვნა მნიშვნელოვანია საბოლოო აზრის ჩამოსაყალიბებლად. ფაქტია, პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა თუნდაც წონის კლების გამო, მაგრამ რამდენად არის ეს იმ დრამატული სიტუაციის კლინიკური ასახვა ამ დოკუმენტით, ძნელად სათქმელია. ინფორმაცია საკმარისი და სრული არ არის იმისთვის, რომ ვითარების დრამატულობა დავინახოთ. არის დიაგნოზები, რომელთაც პაციენტის სუბიექტური შეფასების შედეგად ადგენენ, არის დიაგნოზები, რომელთა შესახებ ჩატარებული კვლევების ნახვაა საჭირო. იმდენად ბევრი დიაგნოზია, რომელია წამყვანი, რომელი ჩამრთველი, დასადგენია.

საყურადღებოა გასტროპრობლემები, ამას სათანადო რეაგირება სჭირდება. ჩატარებული კვლევების შედეგების ცოდნაა საჭირო, უამისოდ რთულია რამეს დაეთანხმო ან არა.

თუნდაც წონის კლება მწვავე პრობლემაა. ლაპარაკი არ არის ესთეტიკურ მხარეზე, გასარკვევია, თვითონ ეს რა დაავადების გამოხატულებაა. რამდენჯერ მოგვისმენია, ბოლო დღეებიაო. იყო რაღაც სიმულაციები სისხლძარღვთან დაკავშირებით, თუმცა ამაზეც დასკვნის გაკეთება რთულია, იმდენად მწირია მასალა და იმდენად არასამედიცინო საკითხებია.

- დასკვნის მიხედვით მომზადებულ ინფორმაციაში, წონაში კლების გარდა საუბარია ანორექსიაზე, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილზე...

- როგორც წესი, ყოველივე ეს კვების პრობლემას მოსდევს, ენერგეტიკისთვის საჭირო ინგრედიენტების მიუღებლობას. იგივე შეიძლება იყოს შიმშილობის შედეგიც, რომელიც დიდხანს და სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა. საჯარო ობიექტური მონაცემებითაც პრობლემა აშკარაა, ხოლო რამდენად ტრაგიკული ან დრამატულია, ამის სათქმელად მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს.

- გავაგრძელოთ "ემპათიის" გასაჯაროებული ტექსტის კითხვა: "ფხანის კვალი, კუნთების განლევა"...

- კუნთების განლევაც შეიძლება იყოს ამის შედეგი. ფხანის კვალის ხარისხისა და სიღრმის ნახვის გარეშე ცოტა რთულია დაზიანების კლასიფიცირება, ეს ვიტამინების ნაკლებობის შედეგია, ალერგია თუ მექანიკური დაზიანება.

- თუმცა აქვე ნათქვამია: "ეს შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებს".

- ინტოქსიკაციაზე სპეკულაცია, და ეს თავად პაციენტმაც თქვა, მიზანმიმართულ ინტოქსიკაციაზე არ მეტყველებს. თუმცა მნიშვნელოვანია ერთი რამ - პაციენტი, რომელიც ამხელა წონას აგდებს და ვერ იღებს ადეკვატურ ენერგეტიკას, რა თქმა უნდა, არის ნებისმიერი, თუნდაც მსუბუქი ინფექციის შეყრის რისკის მატარებელი, რაც შეიძლება მძიმედ მიმდინარეობდეს. ამისი რისკი არსებობს მეტ-ნაკლებად იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში.

- არ შეიძლება ინტრავენური გადასხმებით მდგომარეობის შემსუბუქება?

- ეს ერთადერთი გამოსავალია, როდესაც პაციენტი ვერ იღებს საჭირო ნივთიერებებს. თუმცა ის დროის მოგებისა და გახანგრძლივების საშუალებაა, არ არის განკურნების გზა.

- გუშინ კიდევ ერთხელ გახდა სპეკულაციის თემა ინტოქსიკაციის საკითხიც.

- სანახავია ორგანიზმში რა კონცენტრაციით რა ნივთიერებებია. მძიმე მეტალების არსებობა ჩვეულებრივი ამბავი შეიძლება იყოს ჯანმრთელი ადამიანისთვის, მაგრამ ექსპრეზიდენტისთვის დიდი რისკის შემქმნელია. საინტერესოა, რა ნივთიერებები რა კონცენტრაციით აქვს ორგანიზმში. მსჯელობა ძალიან რთულია, იმდენად მწირია ინფორმაცია. გასაგებია, რომ ყველაფერი საჯარო ვერ იქნება, თუმცა პროფესიული მსჯელობისთვის, მათ შორის სასამართლოსთვის, მნიშვნელოვანია და, ალბათ, დაფიქსირებული იქნება დასკვნაში.

- ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც თავად ექიმია, "ემპათიის" დასკვნას "ბოდვას" უწოდებს, არ შეიძლება ასეთი, მით უმეტეს, 3000-გვერდიანი დასკვნის დაწერაო. იაგო ხვიჩია კი ბრძანებს, რომ დასკვნა შეიძლება იყოს ერთგვერდიანი, ნახევარგვერდიანი, რომ ყველაფერი გასაგები იყოს, თუ 3000-გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ესე იგი, არ გინდა რამე გავიგოო...

- როცა საექსპერტო დოკუმენტს ადგენენ, ის არის მოცულობითი, ძალიან დეტალური და თქმა, დიდია და სისულელეაო, არ შეიძლება. ის ინფორმაცია, რაც საჯაროა, წყალია, მაგრამ მის უკან არის, ალბათ, სხვა დოკუმენტები და კვლევის შედეგებიც.

- ის ვარაუდიც არის, რომ იქნებ მთავარი მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა ფსიქოლოგიური ფაქტორია.

- არის საფუძველი ამის სავარაუდოდ, თუმცა ამან შეიძლება ისეთი დაზიანებები გამოიწვიოს, რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდეს. ამის ალბათობა არის.

- ხშირად ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა. რატომაა ეს გარდაუვალი?

- არის კვლევები, რომელთა ჩატარება, ვთქვათ, საქართველოში არ ხერხდება. ჩვენი სამედიცინო სისტემა ძალიან ბევრი დაავადების გასამკლავებლად მზად არ არის არც ტექნიკური აღჭურვილობით და არც პროფესიული ცოდნით. ამიტომ ამის ვარაუდის საფუძველი არსებობს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ შემთხვევის სამედიცინო მხარე ხელისუფლებისა და პაციენტის გულშემატკივრებისთვის ულევი სალაპარაკო თემაა. მნიშვნელოვანია ამ საკითხზე პროფესიული მსჯელობა. საჭიროა სრული დასკვნის წაკითხვა, დამუშავება... ამდენთვიანი სამედიცინო ისტორიის შეფასება და დასკვნის გამოტანა დიდ დროს მოითხოვს. ერთია, რა ვრცელდება საჯაროდ, მეორე - მისი შინაარსი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რა ინტერპრეტაციები ეძლევა.

- სასამართლო პროცესის შემდგომ ხომ გასაჯაროვდება?

- ვერ გეტყვით. თუ პაციენტი არ იქნება თანახმა, შეიძლება არც გასაჯაროვდეს.

- და შეიძლება დარჩეს მხარეებს შორის ვაჭრობის თემად?..

- ჯერჯერობით, ასეა.

ვითარებას ართულებს ისიც, რომ ძალიან ხშირია აჟიოტაჟი, დღეს-ხვალ, ბოლო წამია, კრიტიკული მდგომარეობააო. იყო მართლაც კრიტიკული ეპიზოდიც, ვთქვათ, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, როცა პაციენტის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, რადგან მან გონება დაკარგა. მაშინ ჩარევა აუცილებელი იყო, მნიშვნელოვანი იყო დროული მკურნალობა, რაც ძალიან გაჭიანურდა. გვესმოდა სპეკულაციები, რაღაც მანქანა დგას, რომელიც ასხივებს... ბუნებრივია, ეს არ ეხება დასკვნას, ვგულისხმობ ინტერპრეტაციებს ამ თემაზე.

- ბოლო დროს ხშირად იხსენებენ იულია ტიმოშენკოს მაგალითს, ეტლით გამოვიდა ციხიდან და მეორე დღეს ფეხზე წამოდგაო.

- პოლიტიკოსისა და ხელისუფლების ერთ-ერთი წევრის კატეგორიული მსჯელობა მიუთითებს ამ შემთხვევის პოლიტიკურ ხასიათზე, რაც, მინიმუმ, არაკორექტულია, თუ უფრო მკაცრ შეფასებას არ ვიხმართ. იმის სათქმელად, რომ ეს სიმულაციაა, მყარი არგუმენტებია საჭირო, რაც ჯერ არა გვაქვს. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ძალიან უპასუხისმგებლო მსჯელობაა. მეტი ინფორმაციაა საჭირო პროფესიული მსჯელობისთვის, კონცენტრირება პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.

კონკრეტულ შემთხვევაში ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პოლიტიკურად გასაგებია, მე ჩემი შეფასება მაქვს, ეს ვითარება ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა თავისთავად იყო უპასუხისმგებლობა, განსაკუთრებით იმ პირების, რომლებიც აქეზებდნენ და ეუბნებოდნენ, ასიათასობით კაცი გამოვა შენს მხარდასაჭერადო. საბოლოოდ კი მივიღეთ სავალალო შედეგი. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სააკაშვილის ჯანმრთელობის შენარჩუნება, რათა არ მოხდეს პაციენტის ინვალიდიზაცია.

ჩვენ ვერ ვსაუბრობთ უფრო დეტალურად "ემპათიის" დასკვნაზე, იმიტომ, რომ არ ვიცით სრული ინფორმაცია. ამიტომ ამ საკითხით სპეკულაცია და კატეგორიული განცხადებების გაკეთება უპასუხისმგებლობაა როგორც პროფესიულად, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც.