"ნამდვილი სლოგანი თუ უნდა კალაძეს, "რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი“ დააწეროს“ - კვირის პალიტრა

"ნამდვილი სლოგანი თუ უნდა კალაძეს, "რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი“ დააწეროს“

"ცრემლებს ვერ ვიკავებ, ლამის კვირა არ გავა, ქუთაისის აეროპორტში ქართველი ვაჟკაცი არ ჩამოასვენონ. სად არის მშვიდობის ქალაქი?! ლომივით ბიჭი, ჯანიანი, როხროხა - ნაღდი ქართველი მეომარი! ლეგენდარული აჩიკო ხოფერიას შვილი, ჯაბა ხოფერია მოგვიკვდა. სად არის მშვიდობა?! რუსებს ამ ბიჭის სისხლზეც უნდა ვაგებინოთ პასუხი! დიდება შენს სახელს, ძმაო ჯაბა! დიდება გმირებს!" - ასე ეხმაურება "მოქალაქეების" ლიდერი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ბოლოდროინდელ ამბებს.

- ჯერ ის არის გაუგებარი, რა წვლ­ილი­ აქვს შეტანილი კალაძეს მშვიდობაში?! რა საჭიროა სლოგანი ნაძვის ხეზე, საარჩევნო ბანერი ხომ არაა?! გაანათე, ჩამოკიდე სათამაშოები და მორჩა. კალაძე კიევში გახდა კარგი ფეხბურთელი, წლების განმავლობაში ცხოვრობდა იქ, ნატამალი სოლიდარობა ხომ უნდა ჰქონდეს?! კიევი დაბომბილია, ხალხს შუქი არა აქვს, გათბობა­ და ამ დროს შენ თითქოს ნიშნის მოგებით აწერ ამას, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. ნამდვილი სლოგანი თუ უნდა კალაძეს, "რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი" დააწეროს. ყოველ ნაბიჯზე არიან და იმაზე ლაპარაკი, ჩვენ მშვიდობა გვაქვსო, სამარცხვინოა. სულ კალაძის გამო გვაქვს მშვიდობა, რა! მშვიდობა იმიტომ გვაქვს, რომ პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია თავს დაგვესხას, და არა იმის გამო, რომ კალაძეს­ იმისთანა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს დაყენებული, მათ შორის ნაძვის ხეზეც, რომ ვერ ბედავენ თავდასხმას.

- თქვენ რომ იყოთ თბილისის მერი, როგორ მორთავდით საახალწლო ნაძვის ხეს?

- მე რომ ვყოფილიყავი, ნაძვის ხეს საქართველოსა და უკრაინის დროშებით მოვრთავდი. მეგობარ უკრაინელებს რომ თავი დავანებოთ, აბა, გავიდნენ თბილისიდან 40 კილომეტრში და ნახონ, თუ არის იქ მშვიდობა. ბაღ-ბოსტნები შეუღობეს ხალხს და შემთხვევით ფეხი თუ გადაუცდათ, ცხინვალის იზოლატორში მიარბენინებენ. მწყემსი რომ აღარ დარჩა ახალგორში, ცხინვალის ციხეში რომ არ იყოს ნაჯდომი, ეს მშვიდობაა?! ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთს რომ აქვს ოკუპირებული, დაავიწყდათ?! 24 თებერვლის მერე 28 საუკეთესო ქართველი რომ დავკარგეთ (ინტერვიუ უკვე ჩაწერილი იყო, როდესაც ცნობილი გახდა კიდევ ხუთი ქართველის დაღუპვის ამბავი), ეს არის მშვიდობა?!

- ვიცი, რომ უკრაინაში გმირულად დაღუპულ ოცდამერვე ქართველს, ჯამბულატ ხოფერიას, პირადად იცნობდით.

- ჯაბა კიევში გავიცანი. მანამდე მამამისს, არჩილ ხოფერიას ვიცნობდი. ლეგენდარული მეომარი იყო. აფხაზეთის ომის შესახებ ძალიან საინტერესო ამბებს წერდა. აჩიკო ხოფერია აფხაზეთშიც იბრძოდა და ყველგან, სადაც საქართველოს დასჭირდა. ძმა სწორედ აფხაზეთში დაკარგა. უკრაინაში წასვლამდე შეხვედრა ვთხოვე, მისი აზრი მაინტერესებდა. პარლამენტთან რომ კაფეა, იქ შევხვდი. ცდილობდა ჩემთვის უკრაინაში წასვლა გადაეფიქრებინა. ბოლოს მითხრა, ჩემი შვილია­ იქო, და ტელეფონის ნომერიც მომცა. კიევში რომ ჩავედით მე და ჩემი მეგობარი, იქ ერთი ქართველი მორაგბე ბიჭი დაგვხვდა, დიმა. კიევში სახაჭაპურე ჰქონდა და ომის დაწყებისთანავე დახმარების პუნქტად გადააკეთა. იქ ვიყავი, როცა უცებ ვიღაც ორმეტრიანი ავტომატიანი ბიჭი შემოვარდა, ალეკოო, ყვიროდა. გაოცებულმა შევხედე, სიცილით მითხრა, აჩიკოს შვილი ვარო, და გადავეხვიეთ ერთმანეთს, პურიც გავტეხეთ. ჯაბა უკრაინულ დანაყოფში იყო, მე საერთაშორისო ლეგიონში მოვხვდი. სულ მირეკავდა და მკითხულობდა. გაიგო, რომ ჩემს დანაყოფში ჯავშანჟილეტების ნაკლებობა იყო და საჩუქრად გამომიგზავნა. ვინც ომშია ნამყოფი, იცის, როგორი საჩუქარია ჯავშანჟილეტი. ძალიან მაგარი მეომარი იყო, ყველაზე მაგარი ბრძოლა სადაც არის, იქ დაიღუპა, ბახმუტთან, ლუგანსკისკენ. ცრემლებს ვერ ვიკავებ... ძალიან მაგარი ვაჟკაცი ბიჭი იყო, მეთაურად დაბადებული. მე რომ შემხვდა, უკრაინელი თანამებრძოლები ახლდნენ, ისე უყურებდნენ, როგორც ღმერთს.

- უნდა გკითხოთ სააკაშვილზეც, გვინდა თუ არა, მისი ჯანმრთელობის საკითხი ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგს განაპირობებს.

- ღმერთმა ნუ ქნას, რამე დაემართოს, ეს კატასტროფა იქნება, სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას მისი ჯანმრთელობის გაუარესება, მით უფრო სიკვდილი. არც ერთ პატიმარს არ უნდა მოექცე ასე, მით უმეტეს, სააკაშვილს, რომელიც პრეზიდენტი იყო. ყველაფერია გასაკეთებელი, უცხოელი ექიმი კი არა, ვინც უნდათ, ის ჩამოიყვანონ და ფეხზე დააყენონ. შეიძლება ადვოკატები რაღაცას აბუქებენ, მაგრამ არაფერი რომ არ სჭირდეს, ვერ მოიგონებს ამას.

- როგორ გგონიათ, რატომ არ უშვებენ უცხოეთში სამკურნალოდ?

- ეშინიათ, რომ სააკაშვილი ისევ ძველ გზას დაადგება და "ოცნებას" ისევ შემოუტევს. მმართველმა გუნდმა ამის შიში უნდა დასძლიოს. არ უნდა დაუშვან, რომ ამის გამო ქვეყანა სკანდალში აღმოჩნდეს.

ხათუნა ბახტურიძე