"ჩვენ არა გვაქვს ილუზია, რომ დღევანდელ პროცესებში გარდატეხის შეტანა შეგვიძლია, ამიტომაც საიმედო პარტნიორებს ვეძებთ“ - კვირის პალიტრა

"ჩვენ არა გვაქვს ილუზია, რომ დღევანდელ პროცესებში გარდატეხის შეტანა შეგვიძლია, ამიტომაც საიმედო პარტნიორებს ვეძებთ“

"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარეობისთვის დაწყებული დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. პარტიის ხელმძღვანელ ნიკა მელიას თქმით, თუ მიმდინარე პროცესების კულისებში კეზერაშვილი და მერაბიშვილიც მონაწილეობენ, ამას დაუფარავად უნდა აკეთებდნენ. აისახება თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება ოპოზიციურ ძალაზე და არის თუ არ ეს პროცესები იმის წინა პირობა, რომ "ქართული ოცნება"­ კიდევ ერთხელ მოვა ხელისუფლებაში, "ლელოს" წევრი დავით­ უსუფაშვილი გვესაუბრა:

- საუბარს "ლელოთი" დავიწყებ, სადაც პროცესები ძალიან მშვიდად და სტაბილურად ვითარდება, ვმუშაობთ პარლამენტში და მომავალ კვირას გასული წლის მუშაობას შევაჯამებთ. ვმუშაობთ საკრებულოებსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც.­ ჩვენი ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია, ბრატისლავაში არიან, სადაც ევროპულ პარტიებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს კონფერენციები.

- "ლელო" რამდენად არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამინდს ქმნის?

- ჩვენ არა გვაქვს ილუზია, რომ დღევანდელ პროცესებში გარდატეხის შეტანა შეგვიძლია, ამიტომაც საიმედო და გრძელვადიან პარტნიორებს ვეძებთ. უკვე შემოგვიერთდა არა ერთი და ორი, კიდევ მეტ აქტიურობას ველოდებით. გვინდა "ლელოს" თანამონაწილეობით ქვეყანაში იყოს ძლიერი გუნდი და არა სუსტი ძალების სუსტი ერთობა, მომავალი არჩევნებისთვის თავისი სახელითა და შესაბამისად, რისკით უნდა გავიდეს, ამიტომ წვრილ-წვრილი პარტიების შექმნა და მათი გაერთიანებით ბლოკებზე გაკეთებული გათვლა, ჩვენთვის საინტერესო არ არის. ამიტომ ვცდილობთ გავიზარდოთ, თუ ამის სურვილი სხვა ორგანიზაციებსაც ექნებათ. ამ ქვეყანაში საჭიროა ისეთი პოლიტიკური პარტიების გააქტიურება, რომლებიც არსებულ სიმახინჯეებს მოსპობენ და ახალ, ევროპულ პოლიტიკურ კულტურას დაამკვიდრებენ. ვგულისხმობ ერთმანეთთან ურთიერთობას, თანამშრომლობას, დებატებს, დისკუსიას. რადიკალიზმსა და პრინციპულობას შორის ზღვარი უნდა არსებობდეს, რაც ბევრს ერთმანეთში ერევა. თუ ვიღაც მკაცრი სახით პრინციპულად გამოთქვამს აზრს, რადიკალი ჰგონიათ, თუ სხვა საშინელებებს სიცილ-კისკისით სჩადის, ლოიალურია. თუ ვიღაც რადიკალურად ხარჯავს და ჯიბეში იდებს ბიუჯეტს, მას სწორედ რადიკალურად და პრინციპულად უნდა შეუტიო, ოღონდ მხოლოდ შეტევა არ არის პოლიტიკური პარტიის ფუნქცია, ჩვენ ქვეყანასაც ვემსახურებით, მათ შორის იმათაც, ვინც მხარს არ გვიჭერენ.

- არსებული პარტიებიდან რომელთან განიხილავთ პარტნიორობას?

- "ოცნებასთან" პარტიულ ბლოკსა და პარტნიორობას არ განვიხილავთ, მაგრამ ის არსებობს და მის წევრებთან ურთიერთობა მოგვიწევს. გრძელვადიან პერიოდში ჩვენთვის საინტერესო პარტიასთან გვექნება ისეთი ტიპის თანამშრომლობა, როგორსაც ჩვენი პარტიული პრიორიტეტები გვიკარნახებს.

- თაკო ჩარკვიანმა მამუკა ხაზარაძისა და ნიკა მელიას გარიგებაზე საუბრისას აღნიშნა,­ რომ მსგავსი სვლები პოლიტიკაში არსებობს, რომ ხაზარაძისთვის ეს სასარგებლო პოლიტიკური სვლაა, მაგრამ მელია პარტიას ანგრევს...

- თემატურ საკითხებზე თანამშრომლობისას მაღალ და დაბალრეიტინგულ პარტიებს არასდროს განვასხვავებდით. პარტიებს ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ უფრო რეიტინგულ "ნაცმოძრაობაზე" მეტად, ნაკლებად რეიტინგულ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობდით. თუ "ნაციონალები" გაკვეთილებიდან დასკვნის გამოტანის, ანუ აუცილებელი განახლების ნაცვლად, წარსულისკენ, იმ პერიოდისკენ მიბრუნდებიან, როდესაც პოპულარული წევრების უფრო მეტად წარმოჩენა ჰქონდათ ტრადიციად, ანუ თუ დავინახეთ, რომ ამ დიდი აურზაურის შედეგი ის იქნება, რომ პარტიის მართვას ხელისუფლებაში ყოფნის წლებში "ნაცმოძრაობის" ოდიოზური პირები აიღებენ ხელში, თანამშრომლობის შანსი დაიკარგება. პარტია, რომლის არსებობა ერთ პირზეა დამოკიდებული, პარტია არ არის. თუმცა არსებობს უმთავრესი პრიორიტეტებიც - დასავლური გზა და ქვეყნის ევროინტეგრაცია, რა დროსაც ჩვენ პარტიაში მიმდინარე პროცესების გარჩევას არ დავიწყებთ. თუმცა ეს სუპერსტრატეგიული საკითხია და სხვა თემებზე თანამშრომლობას არ განვიხილავთ.

- შესაძლოა ეს პროცესები­ ახალი ძალის დაბადების წინა პირობა გახდეს?

- გასაგებია, რომ "ნაცმოძრაობა" რეი­­ტინგული პარტიაა, მაგრამ უმისოდ ქვეყანა­ არ დაიქცევა. ამ გუნდის ნაცვლად სხვა პარტიები გაჩნდებიან. ახალი ძლიერი­ კონკურენტის გამოჩენა გაგვიხარდება თუ არა, ეს სხვა საკითხია... თუ გამოჩნდება, კონკურენციის გაწევას შევეცდებით, თუმცა­ ჩვენი­ ამოცანაა თავად ვიყოთ ძლიერები. "ნაციონალების" თავსატეხი ჩვენი საფიქრალი­ არ არის. მრავალპარტიულობა დინამიკური პროცესია. ყველანი ვთანხმდებით, რომ ახალი ხელისუფლება აუცილებელია და ყველა პარტია ამას უნდა ესწრაფოდეს. ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას ვუსურვებ დემოკრატიული პროცესების შედეგად ჩამოყალიბდნენ და გადაწყვეტილებაც ასე მიიღონ... ნიკა მელია ამ პარტიის თავმჯდომარე იყო და არის, მასთან საქმიანი და ცივილიზებული ურთიერთობა მქონდა და მაქვს, მერე რა იქნება, ვნახოთ. "ნაცმოძრაობა" არც ქვეყნის­ და არც ოპოზიციის გადარჩენის საუკეთესო საშუალება არ არის, ამითვის "ლელოს" უფრო განვიხილავ.

- სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კამათი არ წყდება. თქვენი აზრი როგორია?

- ადრეც ვამბობდით და იმედია, ახლა მაინც იღებენ ყურად - აუცილებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცხოელმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეაფასონ, რის საფუძველზეც სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ სხვა ფორმატში განხილვა - პოლიტიკურ ჭრილში, რევანშისა და სამაგიეროს გადახდისთვის - მიუტევებელი შეცდომაა როგორც პოლიტიკურად, ისე ადამიანურად. გასაგებია, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ თემებთან, მაგრამ ადამიანური ფაქტორები, მისი სიცოცხლე ყველაფერზე მნიშვნელოვანია. სახელისუფლებო თუ ოპოზიციური წრეების, თავად სააკაშვილის პარტიის წევრების ქმედებაში ექსპრეზიდენტის მდგომარეობით პოლიტიკური საკითხების მოგვარების ცდა უფრო იგრძნობა, რაც ზნეობრივად მიუღებელია.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ თემით მისი თანაგუნდელებიც სპეკულირებენ?

- ძალიან ხშირად ხან ერთი, მეორე თუ მეშვიდე მხრიდან გზავნილები ნამდვილად ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას. ყველას ვურჩევდი, ორიენტირად სააკაშვილი კი არა, მისი ვაჟი, ზრდასრული, გონიერი, განათლებული და მართლაც ყველა თვალსაზრისით სამაგალითო ახალგაზრდა, ედუარდი გაიხადონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა მისთვის მტკივნეული და დელიკატურია, საჯაროდ გააკეთა მხოლოდ სააკაშვილის გამო კი არა, საზოგადოდ, პოლიტიკური პროცესების ძალიან საღი ანალიზი. ხელისუფლებას, "ნაცმოძრაობის" წევრებსა და ყველა მოქალაქეს მოკრძალებით ვურჩევ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, იქნებ ედუარდ სააკაშვილს დავუჯეროთ, რა არის სწორი და მისაღები.