გმირები საქართველოდან - კვირის პალიტრა

გმირები საქართველოდან

უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში, 3 დეკემბრის მონაცემებით, ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსებული ცნობით, ისინი საარტილერიო დაბომბვაში მოყვნენ. დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ახლა დონეცკის ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელი წერტილია. სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქისათვის ბრძოლა ზაფხულის შუა რიცხვებიდან დაიწყო. როგორც "კვირის პალიტრას" უკრაინაში მყოფმა მებრძოლმა­ ­ქართველმა უამბო, დაიღუპნენ ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია,­ მერაბ ალადაშვილი და რომეო ფიჩხაია. ისინი ქალაქის განაპირას იბრძოდნენ. ბოლო დღეებია რუსები ბახმუტის ალყაში მოქცევას ცდილობენ, თუმცა დიდი დანაკარგის მიუხედავად, ვერ ახერხებენ.

მამუკა მამულაშვილი, უკრაინაში­ "ქართული ლეგიონის" მეთაური: - ჩვენი ბიჭები იყვნენ უკრაინულ ბრიგადაში და მოხვდნენ საარტილერიო დაბომბვის ქვეშ. ამ ბრიგადიდან დამირეკეს და მომაწოდეს ეს სამწუხარო ინფორმაცია. ბახმუტი­ ალყაში არ არის, ის არის საკვანძო პუნქტი, სადაც გადის რუსული ლოჯისტიკა და სწორედ ამ გზაზეა ბრძოლა. რაც ახლა ძალიან სჭირდებათ რუსებს, ეს ბახმუტის გზაა, ამიტომ არის ამხელა ამბავი... რუსებმა თავიანთი არტილერიის კონცენტრაცია მოახდინეს და ანადგურებენ ქალაქს, ანგრევენ შენობებს... ბახმუტის მიმართულებით ჩემი დანაყოფიც იბრძვის. რა თქმა უნდა, გვაქვს ამ ქალაქის შენარჩუნების იმედი... ბევრი უკრაინელია გარდაცვლილი, დაღუპულთა შორის ბევრი რუსია, მაგრამ თავისიანების გვამები არ მიაქვთ და ასე ყრია ქუჩაში.

ალიკა, უკრაინაში მებრძოლი ქართველი: - ქართველი ბიჭები­ ყველა ცხელ წერტილში არიან გადანაწილ­ებული და მგლებივით იბრძვიან. ახლა ყველაზე მძიმე ვითარებაა დონეცკის რაიონში, ბახმუტთან, სადაც გააფთრებული ბრძოლა გრძელდება. უკრაინის საარტილერიო დარტყმები ძალიან ზუსტია,­ მაგრამ რუსები დიდი ძალებით უტევენ და დანაკარგიც კატასტროფული აქვთ. ამ ფრონტზე ჩვენი ბიჭების სიცოცხლე შეეწირა მტრის შემოტევას. დაჭრილია კიდევ ორი ქართველი. ყველა მათგანი გამოცდილი იყო, ბევრმა ამ ომში მიიღო საბრძოლო ნათლობა, თუმცა სამხედრო მომზადება ყველამ გაიარა. რუსებს­ ბახმუტში ტექნიკისა და ცოცხალი ძალის უდიდესი რაოდენობა ჰყავთ მობილიზებული. საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა, ფაქტობრივად, არ წყდება... ჩვენი ბიჭები თავისი ქვეყნის პატრიოტები იყვნენ, ჩვენ ვიბრძვით აქ იმისთვის, რომ საქართველოში რუსული ჭურვები არ ცვიოდეს. ბადრი მარკელია და ლევან სახელაშვილი მეგობრები იყვნენ. ლევანიც ახლახან წავიდა ჩვენგან და ბადრიმ ძალიან განიცადა. ყველა ვცდილობთ ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ, მაგრამ ომია და ყოველთვის არ გამოდის. ლევანის დაღუპვის შემდეგ ბადრი ისე ცუდად იყო, უთხრეს კიდეც, ცოტა ხნით დაისვენეო. არ წავიდა, თქვენთან უფრო ადვილად გადავიტანო... ახლა თავის გმირ ძმებთან წავიდა. რამდენიმე დღის წინ რუსებმა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სცადეს ქალაქზე იერიში, მაგრამ არ გამოუვიდათ, მეტიც, ძალიან დიდი დანაკარგი განიცადეს და ეტყობა, ამის პასუხი იყო ეს მასირებული შეტევა. ბოლო დღეებია მთელი ძალით ცდილობენ ქალაქის საზღვრებში შეღწევას, მაგრამ უდიდესი ადამიანური დანაკარგის მიუხედავად, წინსვლა არა აქვთ. ბახმუტის გარშემო ახლა ცეცხლი ანთია და ჩვენ, ქართველებს, მის ჩასაქრობად ჩვენი წილი სიცოცხლის გაღება გვიწევს. ბახმუტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, მტერს მისი აღება დონეცკის ოლქის ქალაქებზე - სლავიანსკზე, კრამატორსკზე, კონსტანტინოვკასა და სევერსკიზე სწრაფი შეტევისთვის სჭირდება და ეს არ უნდა დავუშვათ, რადგან უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია.

ცნობისთვის: 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 34 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა.

P.S. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 3 დეკემბერს დაღუპული ქართველები სპეცდანიშნულების რაზმის - "ხორტის" წევრები იყვნენ. ამ ჯგუფმა ცოტა ხნის წინ "ვაგნერის" დიდი დაჯგუფება გაანადგურა და მისი შტაბის მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინა. ამის შემდეგ ისინი რუსების განსაკუთრებული სამიზნე გახდნენ.“