„კანონში წერია, რომ პატიმარს უნდა დაუდასტურდეს დიაგნოზი იქსი, რათა გათავისუფლდეს! სააკაშვილს არ უდასტურდება და რა ვქნათ?“ - კვირის პალიტრა

„კანონში წერია, რომ პატიმარს უნდა დაუდასტურდეს დიაგნოზი იქსი, რათა გათავისუფლდეს! სააკაშვილს არ უდასტურდება და რა ვქნათ?“

"იციან, რომ ამ საქმეს დაკმაყოფილების პერსპექტივა არა აქვს და სურთ წინასწარ მოახდინონ იმ პროცესის დისკრედიტაცია, სადაც წასაგებად განწირული არიან. ვინც უნდა ყოფილიყო მოსამართლე, მაინც გალანძღავდნენ", - ამბობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მოსამართლე გიორგი არევაძის (ის განიხილავს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხს) ოპოზიციის კრიტიკაზე. სარჯველაძე აცხადებს, რომ მათ არა აქვთ ისეთი დიაგნოზი, რომელიც კანონით პირის გათავისუფლების საფუძველს ქმნის, ამიტომ საქმე წასაგებად განწირულია და ეს კარგად იცის ოპოზიციამ. სარჯველაძის ამ განცხადების შემდეგ სააკაშვილის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ მათ მოიპოვეს ამერიკელი ტოქსიკოლოგის დეივიდ სმიტის ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილის თმასა და ფრჩხილში აღმოჩენილია ვერცხლისწყალი და დარიშხანი, რომ ნივთიერებების ეს დოზები ორგანიზმში მკურნალობის შედეგი ვერ იქნება. ამ ამბის გახმაურების შემდეგ ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ქარიშხალს დაგვპირდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას. "წარმოდგენაც კი არა აქვთ, იმხელა ქარიშხალი დატრიალდება, დამიჯერეთ! ახლა ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება თვითონ გვითხრან სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთო", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეცვლის თუ არა პოზიციას ხელისუფლება დეივიდ სმიტის ხელმოწერილი დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ, ამ კითხვით მივმართეთ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს.

- ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად საჭიროებს ყურადღებას და ზრუნვას, რასაც აკეთებს კიდეც სახელმწიფო, თუმცა ამას სჭირდება მისი კონსტრუქციული დამოკიდებულებაც და ექიმების რეკომენდაციების შესრულება. სამწუხაროდ, ექიმების მიმართ მისი დამოკიდებულება ყოველთვის განსხვავებული იყო. იყო ეს პრობლემა, ვერ ვიტყვი, რომ სანიმუშოდ თანამშრომლობდა ექიმებთან. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია,­ ეს პრობლემა დღესაც არის. გვახსოვს, რომ ის უარს აცხადებდა, მაგალითად, კვებაზე.

- ფიქრობთ თუ არა, რომ სააკაშვილის­ დიაგნოზი შეიძლება მართლაც უკავშირდებოდეს ფატალურ რისკებს?

- ექიმების ინფორმაციით, ასეთი რისკები არ არსებობს. თუ ვინმე საჯაროდ არ გამოდის, პენიტენციარული სისტემის რომელიმე მოხელე ან ექიმი, რომელიც იქ მუშაობს, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროცესს არ აკვირდება. პირიქით, მიმდინარეობს სრულფასოვანი სამედიცინო პროცესი. კლინიკა, სადაც იმყოფება სააკაშვილი, სრულად მობილიზებულია საიმისოდ, რომ იოტისოდენა ხარვეზი არ არსებობდეს.

კანონით არის განსაზღვრული დიაგნოზები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება დაისვას პატიმრისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან სრულად გათავისუფლების საკითხი. ამ შემთხვევაში საკითხი ასე არ დგას. მე არ მინახავს არც ერთი წყარო, რომელიც ამბობდეს, რომ ამა და ამ საფუძვლების გათვალისწინებით პატიმარი უნდა გათავისუფლდეს.

- რას იტყვით ამერიკელი ტოქსიკოლოგის დეივიდ სმიტის დასკვნაზე?

- ტოქსიკოლოგმა რომ თქვას რაღაც ისეთი, რაც კანონით პატიმრის გათავისუფლების საფუძველს არ იძლევა, მაინც უნდა გავათავისუფლოთ? მაგალითად, კანონში წერია, რომ პატიმარს უნდა დაუდასტურდეს დიაგნოზი იქსი, რათა გათავისუფლდეს. არ უდასტურდება სააკაშვილს ასეთი დიაგნოზი და რა ვქნათ? იცით რამდენი პატიმარია, რომელთაც ახლა ამ წუთში დაუდასტურდება მოწამვლა, გარედან შესული ან შიგნით არსებული ნივთიერებით? მე რომ გამსინჯოთ ტოქსიკოლოგიურად, შეიძლება მეც დამიდასტურდეს, მაგალითად, ტყვიის მაღალი შემცველობა. სამედიცინო თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს პრობლემურია, მაგრამ ამის გამო საპატიმროდან არ თავისუფლდებიან.

- თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც პატიმარი ექსპრეზიდენტია, მისი პოლიტიკური გუნდი კი მიიჩნევს, რომ მისი მოწამვლა ხელისუფლებაში მყოფი პირების ინტერესებში შედის. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძეც ქარიშხალს გვპირდება...

- როდესაც საუბარია ვინმეს დადანაშაულებაზე, ჯერ უნდა დადასტურდეს, დასკვნა სწორია თუ არასწორი. ჯერ ხომ უნდა წავიკითხოთ ეს დოკუმენტი? თქვენ ნახეთ დასკვნა? მე არ მინახავს. იქნებ დასკვნაში რაიმე არასწორად წერია, ან იქნებ საკამათო დებულებებია, რაც სხვათა შორის, ჩანს. ეგენი ამბობენ, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა საქართველოში არ ტარდებაო და ეგ აბსურდია. ამას რომ ექსპერტი იტყვის, იმას როგორ უნდა ვენდოთ?! ასეთი დასკვნების წამოსროლა“ და მერე მასზე გეგმების აწყობა არ არის სწორი.

- შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლის მიზნით კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღოთ?

- ასეთი ვითარება ჩვენ არ შეგვიქმნია. კი გვაბრალებენ, მაგრამ ჩვენ არ შემოგვიტყუებია სააკაშვილი საქართველოში. რაც შეეხება სასჯელს, თქვენ გინდათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც სამართალი ვიღაცის მიმართ აღესრულებოდეს, ვიღაცის მიმართ კი არა? საკითხი ასე დგას - არის ხალხი, რომელიც ამბობს, კაცს, რომელიც ჩვენი გუნდის პოლიტიკური ლიდერი იყო, პრივილეგია, ჯავშანი ჰქონდეს და მასზე სამართალი არ გავრცელდესო. მე პირადად არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც გირგვლიანისა და გელაშვილის, თუნდაც პიჯაკების საქმის დამნაშავე არ ისჯებოდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილს ჯანდაცვის სერვისზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილია ის კაცი, რომელმაც ნულოვანი ტოლერანტობით დაგვამახსოვრა თავი, მას ეკუთვნის ტოლერანტული დამოკიდებულება.

ხათუნა ბახტურიძე