"არ გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი ბოლო მომენტში შეიწყალოს “ - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი ბოლო მომენტში შეიწყალოს “

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასჯელის გადავადების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართეს და 16 ტომისგან შედგენილი დოკუმენტაცია წარადგინეს. "დადგენილია, რომ სააკაშვილს 20 დაავადება აქვს, რომელთა უმეტესობა პატიმრობის შემდგომ განუვითარდა და მისი ციხეში ყოფნა სიკვდილის ტოლფასია. "ემპათიის" დასკვნაში ჩამოთვლილია რამდენიმე მძიმე დაავადება, რომელთა განკურნების არანაირი პერსპექტივა არ არსებობს", - ამბობს ექსპრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე და პატიმრის გათავისუფლებას ითხოვს, თუმცა სასამართლოს ალტერნატივად სთავაზობს სასჯელის გადავადებასაც. იურისტ ლია მუხაშავრიასთან საუბარს ვიწყებთ კითხვით, კანონით, რა შემთხვევაში შეიძლება გათავისუფლდეს პატიმარი.

- არსებობს ჯანდაცვისა და იუსტი­ციის მინისტრის ერთობლივი დადგენილება, რომელშიც ჩამოთვლილია ის დაავადებები (გრძელი სიაა), რომლებიც ქრონიკულია, მათგან გამოჯანმრთელება შეუძ­ლებელია და პატიმრის სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ასეთი დაავადებული პატიმრები სასიკვდილოდ განწირული არიან. ჩამონათვალს ზედმიწევნით ამოწმებენ - გრაფაში რაც არის მითითებ­ული, დაავადების ზუსტად ის ფორმულირება უნდა იყოს. პირს შეიძლება აქვს 2, 3 ან რამდენიმე დაავადება, მაგრამ არც ერთი არ იყოს ზუსტად სიაში მითითებული, სამაგიეროდ ერთობლიობაში ქმნიდეს ძალიან მძიმე მდგომარეობას. ამას ვერ ითვალისწინებენ, ამ საკითხს უფრო მექანიკურად უყურებენ და სასამართლო არ გადადის არსებითი განხილვის ეტაპზე - თუ ცნობაში­ წარმოდგენილი დაავადება ზუსტად იმ ფორმულირებითაა, რომელიც დადგენილებაშია, მაშინ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში შუამდგომლობს პენიტენციარული დაწესებულება.

- სასჯელის გადავადება რა შემთხვევაშია შესაძლებელი?

- სასჯელის გადავადებაც იმ ჩამოთ­ვლილ დაავადებებს გულისხმობს. როდესაც სასჯელის მოხდისას პენიტენციარულ დაწესებულებებში არსებული სამედიცინო მომსახურება ან კლინიკა, სადაც პატიმარი გადაიყვანეს, ვერ ახერხებს მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, პატიმრის ახლობლების თხოვნით შესაძლებელია ის გაათა­ვისუფლონ, ოღონდ იმ პირობით, რომ თუ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, გამოჯანმრთელდა, დაბრუნდება დაწესებულებაში სასჯელის სრულად მოსახდელად.

- კანონით თუ არის დარეგულირებული, უცხოეთში გაგზავნა სამკურნალოდ, ვისი ხარჯით და თუ ყოფილა პრეცედენტი?

- პირდაპირ კანონით არ არის დარეგულირებული. როდესაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენა არც ციხის საავადმყოფოს და არც სხვა კლინიკას არ შეუძლია, როდესაც კლინიკა ამბობს, ჩვენ ვერ გავაუმჯობესებთ პატიმრის მდგომარეობასო, პატიმარს უნდა გადაუვადდეს სასჯელი და ამის შემდეგ საქართველოს სხვა კლინიკაში იმკურნალებს თუ უცხოეთში, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია.

- სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა რატომღაც თავისუფლების მოპოვებად აღიქმება. რა მოხდება, თუ პირი გამოჯანმრთელების შემდეგ თავს აარიდებს სავალდებულო-სამედიცინო შემოწმებას და კანონს არ დაექვემდებარება?

- სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება სიკვდილით დასჯის ცდას ემსგავსება და ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან სავალალო იქნება... თუ საზღვარგარეთ გასული პირი თავს აარიდებს სამედიცინო შემოწმებას, რომელიც წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს, შეიძლება ის დააპატიმრონ იმ ქვეყნის­ ტერიტორიაზე და ან იმ ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს, ან გადასცემენ იმ ქვეყანას, სადაც თავდაპირველად დააპატიმრეს. ყოველი გადაწყვეტილება სასამართლოს გავლით მიიღება, სასამართლო განიხილავს ორივე მხარის არგუმენტებს - როგორც დაცვის, ასევე იმ სახელმწიფოსი, რომელიც გადაცემას ითხოვს. სამართლებრივი ჩარჩოდან რომ გავიდეთ, ჯერ ერთი, თუ სააკაშვილი­ უცხოეთში გადაიყვანეს, ის ხომ ვერ და არ დაიმალება, რადგან ასეთი პროფესია აქვს, ტიპაჟია ისეთი. მე სააკაშვილის არც მომხრე ვარ და არც მეხოტბე, მაგრამ ადამიანურად, თუ ყოფილ პრეზიდენტს ასე ექცევა სახელმწიფო, რისი იმედი უნდა ჰქონდეს რიგით მოქალაქეს? მე ხშირად ვმუშაობ მედიცინის ექსპერტებთან, როდესაც პატიმრის ჯანმრთელობის საკითხი ირკვევა და ვხედავ, რომ მათთვის დაპატიმრება ისეთი შოკის გამომწვევია, ამან შეიძლება ისე დამანგრევლად იმოქმედოს მის ნერვულ სისტემაზე, რომ სასიკვდილო მდგომარეობამდეც მიიყვანოს. სავსებით შესაძლებელია სააკაშვილმა ისეთი სტრესი მიიღო, ჯანმრთელობა შეერყა.

თუ მას 15 დიაგნოზი დაუდგინდა, როგორც თავში ვთქვი, შეიძლება ისინი ზუსტად არ ემთხვეოდეს დადგენილებაში მითითებულ დაავადებათა ჩამონათვალს, მაგრამ ადამიანის მდგომარეობა ერთობლიობაში იყოს ძალიან მძიმე.

- მისი მდგომარეობის დამძიმებას მმართველი გუნდი საკანთან ფსიქოლოგიური შეუგუებლობით ხსნის.

- რა მნიშვნელობა აქვს ამას? თუ ასეა და მას რაღაც დაემართება, ან გარდაიცვალა, ეს პენიტენციარული სისტემის პასუხისმგებლობის საკითხი იქნება. ჩემი პროფესიული გამოცდილებით ყოველთვის ვცდილობ შევხვდე ციხის უფროსს, სამედიცინო ნაწილის უფროსებს, ექიმებს და ავუხსნა, რომ ესა თუ ის ავადმყოფი მძიმეა და თუ რამე დაემართა, მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. თუ პატიმარი ციხეში გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რამ გამოიწვია სიკვდილი, არაადამიანურმა მოპყრობამ, არასათანადო სამედიცინო დახმარებამ თუ იმ შოკმა, რომელიც პატიმრობას ახლდა, პასუხისმგებლობა ციხის ადმინისტრაციას ეკისრება. სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ძალიან მძიმეა და რატომ იყენებენ თავს ასეთ მდგომარეობაში, არ მესმის.

ისეთი პირები ლაპარაკობენ იმ სისასტიკეზე, რომელიც სააკაშვილმა ამ ქვეყანაში შემოიღო (რასაც სრულად ვიზიარებ), რომელთაც ეს სულ არ შეხებიათ. მე ვიცი, ვისაც შეეხო და ამბობენ, მიშას ცოდვებმა უწია, ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს, მაგრამ მაინც ცოდოაო. ადამიანის ასეთი მდგომარეობისთვის გაწირვა სრულიად არაჰუმანურია, არც ქრისტიანულია, არც ზნეობრივი კრიტერიუმით დასაშვები, ეს უკვე სისასტიკეა! შეიძლება არ მოგეთხოვება გულშემატკივრობდე და მის მიმართ ემპათია გქონდეს (და მეც ასე ვარ), მაგრამ სიკვდილამდე მიყვანა რა უბედურებაა? რომ ამბობენ, არ გვჯერა და სპეკულაციააო, რომ მოკვდება, მერე რას იზამენ?

- კობახიძემ მას სიმულანტი უწოდა და მაგალითად მოიყვანა იულია ტიმოშენკო, ისიც ეტლით გამოიყვანეს და მაშინვე ეტლიდან წამოხტაო. ისიც თქვა, "ნაციონალებს" მისი გამოშვება სიტუაციის ასარევად უნდათო...

- თუ ტიმოშენკო სიმულანტობდა, ხომ არ ნიშნავს, რომ ესეც ასეა? ვაიდა, ასე არ არის, მერე რას შვრება? შეიძლება მის პატიმრობიდან გათავისუფლებას ჰქონდეს ისეთი პოზიტიური ეფექტი, რომ ძალიან მალე გამოჯანმრთელდეს, მერე შეაბრუნე ციხეში, დალოცვილო! როგორც დაპატიმრებას, ასევე გათავისუფლებასაც აქვს ასეთი­ ეფექტი - ადამიანის სულიერ მდგომარეობას წარმოუდგენელი ეფექტი შეუძლია მოახდინოს, ეს ექსპერტებისგან ვიცი. მქონდა კონკრეტული შემთხვევაც: ერთი ჩემი კლიენტის ძმა მეუბნება, ჩემმა ძმამ ციხეში 70 კილოგრამი დაკარგა, ვერანაირ საკვებს ვერ იღებს, კვდება და გთხოვთ, გადაარჩინეთო. როცა ვნახე, მართლაც საშინელ დღეში იყო. მივედი ჯიშკარიანის ორგანიზაციაში, ყველა დავარწმუნე, ასეთი ექსტრემალური სიტუაციაა და ჩავატაროთ ექსპერტიზა, ეგებ, ვუშველოთ-მეთქი. მართლაც, მთელი ჯგუფი მივიყვანე რამდენჯერმე. ციხის ადმინისტრაციასაც ეშინოდა, ვინაიდან კაცი თვალსა და ხელშუა კვდებოდა. ბოლოს დადგინდა, რომ ეს ფსიქიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია. საბედნიეროდ, კაცი არ გარდაცვლილა, დროებით ვადამდე პირობით გაათავისუფლეს და გამოჯანმრთელდა. ესენი რამ გააბოროტა ასე, ვერ გამიგია! ნიკა გვარამია ერთ დროს ბრალმდებელი იყო და ხალხს ციხეში უშვებდა, ახლა თვითონ ზის და ასეთი რამ ამათაც რომ მოელით, ამაზე რატომ არ ფიქრობენ? უამრავი მყავს ნანახი ჯერ მთავრობასა და პარლამენტში, მერე კი ციხეში რომ ზის, და რატომ ამკვიდრებენ ასეთ სისასტიკეს?

- უცხოეთში სამკურნალოდ გადაგზავნას ვინ უზრუნველყოფს, ვისი ხარჯით?

- პატიმარს საზღვარგარეთ სამკურნალოდ სახელმწიფო არ გზავნის, ოჯახს შეუძლია ამის უზრუნველყოფა. ციხიდან უნდა გამოუშვან და აქ იმკურნალებს თუ მთვარეზე გაფრინდება, მისი გადასაწყვეტია. მიშამ განაცხადა, რომ პოლიტიკას ჩამოშორდა, და მისი მხარდამჭერებიც ამბობენ, რომ მიშა არავითარ შემთხვევაში არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას. ეს ყველაზე მეტად მარწმუნებს, რომ სააკაშვილი მართლა ცუდადაა. სასამართლო პროცესზეც რომ არ დაუშვეს, მოწმობს, რომ მძიმედაა.

- სააკაშვილის სურვილის მიუხედავად, კლინიკა "ვივამედმა" ახსნა, არც ერთი პატიმარი პაციენტის პროცესზე გაყვანის გადაწყვეტილებას არ ვაკმაყოფილებთო.

- პროცესზე წაუსვლელობა მხოლოდ პატიმრის სურვილით ხდება, სხვა ყველა შემთხვევაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლიც და ჩვენი საპროცესო კანონმდებლობაც ყველა პატიმარს აძლევს უფლებას, თავი დაიცვას პირადად ან არჩეული ადვოკატის მეშვეობით. როცა მინდა ვიყო პროცესზე, რანაირად უნდა დამიშალოს ვინმემ? კლინიკის ხელმძღვანელობას მხოლოდ ის შეუძლია თქვას, რომ მძიმე მდგომარეობაა და პროცესზე დასწრებას არ ვუწევთ რეკომენდაციასო. მიშას დროს იყო შემთხვევები, ისეთ მდგომარეობაში მოჰყავდათ პატიმრები პროცესზე, სასამართლოში სასწრაფოს გამოძახება უწევდათ.

- იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, პატიმარ სააკაშვილს არსად გავუშვებთ, სამაგიეროდ, ნებისმიერ ექიმს ჩამოვუყვანთო.

- ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ არის მეორე საკითხი: ჯერ ერთი, ექსპრეზიდენტი ამდენი ხანია "ვივამედშია" და იცით, რომ მისი მკურნალობის ხარჯს ჩვენ ვიხდით ბიუჯეტიდან? უცხოეთიდან რომ ჩამოიყვანენ მაღალანაზღაურებად სპეციალისტებს, ის ხარჯიც ბიუჯეტის გადასახდელია. ჩვეულებრივი პატიმრის კლინიკაში გადაყვანაზე იმას მიჩიჩინებდნენ, იცით, ეს რა გვიჯდებაო? რამდენი ხანია სააკაშვილი "ვივამედშია", ის კლინიკა კი ამბობს, ვეღარაფერს ვაკეთებთ და წაიყვანეთო. ყოველი დღე რამდენიმე ასეული ლარი ჯდება, ყველა კვლევა, რაც მისი მოთხოვნით თუ საკუთარი ინიციატივით ჩაუტარეს, ხომ ბიუჯეტის გადასახდელია? მე არა ვარ თანახმა, რომ ამდენი ფული იხარჯება. რამდენი ხანია ამბობენ, გაგვიშვით, ჩვენ ვუმკურნალებთ ჩვენი სახსრებითო და გაუშვან, ჩვენი ფულით რატომ ჰყავთ იძულებით საავადმყოფოში? ისიც მაინტერესებს, თუ სიმულანტობს, რატომ ჰყავთ საავადმყოფოში, ან რატომ იწვევენ ექიმებს, თუ დარწმუნებული არიან, რომ არ სჭირდება მკურნალობა? არ ენაღვლებათ ის ფული, რომელიც ბევრი პატიმრის გამოჯანმრთელებას მოხმარდებოდა? მერე შეიძლება ვიღაცამ­ მოითხოვოს სამედიცინო დახმარება­ და უთხრან, დაიხარჯა, მეტი ფული არა გვაქვსო.

- პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, არ მინდა პატიმრობაში მისი სიკვდილიო, თუმცა შეწყალებაზე არაფერს ამბობს.

- პრეზიდენტს ნებისმიერ მომენტში­ აქვს შეწყალების უფლება. გვახსოვს, ამას აკეთებდა კიდეც. ამბობს, განაჩენი არ არის გამოტანილიო, რომელ საქმეზეც არის განაჩენი, იმაზე შეიწყალოს. კანონში ეს პირდაპირ არ წერია, მაგრამ მას აქვს შეწყალების ექსკლუზიური დისკრეციული უფლება.­ ადგეს და შეიწყალოს. არ გამოვრიცხავ, ბოლო მომენტში შეიწყალოს, როცა დაინახავს, რომ კრიტიკულად დაიძაბა­ სიტუაცია და ხელისუფლება განაგრძობს სისასტიკეს. ამ გუნდის მახასიათებელია, რომ უკან დახევა, დათმობა, ადამიანობის გამ­ოვლენა სამარცხვინოდ მიაჩნია. ისინი ძალიან ემსგავსებიან იმას, ვისაც ერჩიან. ასე იქცეოდა თავის დროზე სააკაშვილი და ძალიან მალე დაუბრუნდა ბუმერანგი, თუმცა ადამიანურად ძალიან მეცოდება. მას ბოლოს მაინც გაუშვებენ, მაგრამ ისე, როგორც მიშას დროს იყო - არა უგვიანეს ერთი კვირისა გაშვებული შინ კვდებოდა. ალბათ, როცა დარწმუნდებიან, სააკაშვილს პოლიტიკა აინტერესებს კი არა, სიცოცხლის უნარიც დაკარგა, მაშინ გაუშვებენ.