ახალი მარშრუტი ამერიკამდე - კვირის პალიტრა

ახალი მარშრუტი ამერიკამდე

თითქმის ერთი წელია საქართველოს ათასობით მოქალაქე არალეგალურად კვეთს მექსიკა-ამერიკის საზღვარს. გზა ხიფათით სავსეა, მაგრამ მექსიკის გავლით ამერიკაში მოხვედრა უკვე შრომითი მიგრაციის ერთ-ერთი გზაა. უკრაინის ომის გამო ამერიკის საზღვარს ხალხის დიდი ნაკადი მიაწყდა, გადავსებულია წინასწარი დაკავების ოთახები, საემიგრაციო ციხეები, მაგრამ ლტოლვილად ჩაბარების მსურველთა­ რაოდენობა არ მცირდება. საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, მხოლოდ 2020 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე ამერიკის სასაზღვრო პატრულმა ამერიკა-მექსიკის საზღვარზე 1,6 მილიონზე მეტი მიგრანტი დააკავა. რამდენი ჩვენი მოქალაქე გაუდგა ამერიკის გზას, უცნობია, მაგრამ სოციალურ ქსელებში წასვლის მსურველთა აქტიურობა მიანიშნებს, რომ რამდენიმე­ ათეული ათასია და წასვლას კიდევ უამრავი გეგმავს. ლტოლვილად ჩაბარების მსურველები­ გართულებული პროცედურებისთვის გვერდის ავლის გზებს ეძებენ. ახალი სტრატეგიაა უკრაინელთან ხელის მოწერა ანაზღაურების სანაცვლოდ და ფიქციური ქორწინებისთვის გადასახდელი თანხა 15.000 დოლარიდან იწყება. როგორც ირკვევა, ამერიკის საზღვრის უკრაინელ "ცხოვრების თანამგზავრთან" ერთად გადასაკვეთად და შეღავათების მისაღებად რუსეთის ის მოქალაქეებიც არ ამბობენ უარს, რომლებიც მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად ქვეყნიდან გარბიან...ქართველი ემიგრანტი ლევან კალანდაძე­ საემიგრაციო ციხიდან­ ახლახან­ გამოვიდა. ამბობს, რომ ჯოჯოხეთი გაიარა.

- თითქმის ორი თვე ვიყავი სხვადასხვა­ ციხეში.­ პირველ თვეს ფეხებიდან ბორკილიც არ მოუხსნიათ, მაგრამ ციხეში ყოფნაზე მძიმე იყო წინასწარი დაკავების განყოფილება, სადაც ათიოდე დღით გაყოვნებენ, მაგრამ იქ იმდენად მძიმე მდგომარეობაა, ბევრი ფსიქოლოგიურად ვერ უძლებს და სამშობლოში დეპორტირებას ითხოვს, მაგრამ არ უშვებენ. ბევრი ამას ვერ ან არ იჯერებს - რატომღაც ფიქრობენ,­ რომ ჩვენ, უკვე წასულებს, არ გვინდა საქართველოდან წამოვიდნენ. მე მაინც გულწრფელად ვუყვები ყველას, რაც გადამხდა. ზოგს უმართლებს, 15 წუთში კვეთს ამერიკა-მექსიკის საზღვარს, პროცედურებსაც მარტივად გადის, საემიგრაციო ციხეს რამდენიმე კვირაში, ზოგჯერ დღეშიც კი ტოვებს და შემდეგ სხვებსაც აქეზებს წამოსვლისთვის. აქაური ქართველები ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ვიცით, ამერიკაში ჩამოსაღწევად ვინ რა გზა გამოიარა. არიან ისეთებიც, ვინც პანამიდან, ჯუნგლებიდან, რამდენიმეკვირიანი უმძიმესი გზით შემოვიდნენ, რადგან მექსიკის საზღვრიდან შემოსულთა ნაკადმა ძალიან იმატა. ბოლო დროს კანადიდან ცდილობენ შემოსვლას. თუ ადრე საქართველოდან პოლონეთში ან ესპანეთში, ბარსელონაში მიდიოდნენ და იქიდან ჩადიოდნენ მექსიკაში, ახლა მეტი "დაზღვევისთვის" კოლუმბიაში ჩადიან. საზღვრის გადაკვეთა რომ დაუფიქსირდეთ, ნიკარაგუა-გვატემალის გავლით მიდიან, მექსიკის საზღვრისპირა ქალაქ ტაპაჩულაში რამდენიმე დღე ჩერდებიან, იქიდან მეხიკო-სითიში გადადიან, შემდეგ კი ტიხუანაში, ამერიკის მოსაზღვრე ქალაქში. იქ პატარა დასახლებების უბადრუკი­ სახლების ეზოები სავსეა მსოფლიოდან ჩასული ხალხით. იმ დღეს, როდესაც ამერიკაში გადავედი, 300-მდე კაცი ვიყავით და ახალ-ახალი ნაკადი კიდევ გვემატებოდა. ყველანი ჩვენ-ჩვენს გადამყვანებს­ ველოდებოდით. იქ კორუფციაა და პოლიცია ვითომ ვერ ხედავს ეზოებში თავმოყრილ ხალხს.

ზოგს ეს გზა 30 ათას დოლარამდეც უჯდება. ახლახან ნიკარაგუის გავლით ჩამოვიდა ჩემი ორი ნაცნობი. იქ სასტუმროს ნომრებიც დაჯავშნილი დაახვედრეს, მაგრამ ყველას ასე არ უმართლებს. პირველ ხანებში, სანამ ახალი მარშრუტის ამბავს გაიგებენ, პრობლემა შედარებით ნაკლებია, შემდეგ უკვე იმ მხარეს მიაწყდება ხალხი. ბილეთების დეფიციტია, სასტუმრო ძვირდება, "გადამყვანები" მომსახურებას აძვირებენ. ბევრია თაღლითიც, ფულს წინასწარ იღებენ და იკარგებიან. არიან კეთილსინდისიერებიც, მაგრამ რადგან ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება, ზოგჯერ მათაც ერევათ გეგმები, უვარდებათ მარშრუტი და წასვლის მსურველები ყველაფერს თავიდან იწყებენ. მოკლედ, ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს, მაგრამ ქვეყნიდან წასვლა უკვე ნამდვილ პანდემიად იქცა. არიან ისეთებიც, ვისაც ორ-სამჯერ არ გაუმართლა, მაგრამ ლუდომანებივით არიან, ახალ-ახალ გზებს ეძებენ. ასე იპოვეს ახალი, შედარებით მარტივი მარშრუტი უკრაინის მოქალაქეების წყალობით. მას 15-20 ათას დოლარს უხდიან, ბილეთების თანხას, სასტუმროებისა და მგზავრობის ხარჯებს, ჯიბისა და დოკუმენტებისთვის საჭირო ფულსაც, ფიქციურ ქორწინებას აფორმებენ და იწყება ამერიკაში ჩასვლის მარშრუტის შედგენა.

- "გადამყვანი" ამ შემთხვევაშიც საჭიროა?

- არა, "წყვილი" უფრო მარტივად იღებს კანადის ვიზას და იქიდან შედარებით იოლად გადადიან ამერიკაში, რადგან უკრაინის მოქალაქეს ომის გამო შეღავათები აქვს. უკრაინის პასპორტით კანადის ვიზას შედარებით იოლად კი იძლევიან, მაგრამ ამბობენ, რომ უკვე ასეთების "გაცხრილვაც" დაიწყო - ომის დაწყების შემდეგ გაფორმებული ქორწინების საბუთი­ არაფერს ნიშნავს. ჩემს ახლობელს უკრაინელი მეუღლე ჰყავს, მას ქვეყანაში მუდმ­ივი ბინადრობის უფლება აქვს და ფიქრობენ, რომ წამოსვლა გამოუვათ, რადგან შვილი ჰყავთ უკრაინის მოქალაქე. მათი საბუთები ომამდეა შედგენილი, ჰპირდებიან, რომ ვიზას 15-20 დღეში მისცემენ. როგორც ამბობენ, თუ უკრაინაში მოაწერ ხელს, დროებით ბინადრობას ერთ თვეში ან თვე-ნახევარში გაძლევენ, შემდეგ იწყება სხვა დოკუმენტების შეგროვება.

- თუ ხელი საქართველოში მოაწერეს?

- ქართულ ქორწინების მოწმობას­ თარგმანი და აპოსტილი სჭირდება. ამის შემდეგ ავსებენ პროგრამას კანადის­ ვიზის მისაღებად, მაგრამ გარანტია, რომ უეჭველად­ აიღებენ, არ არსებობს, უკრაინელ­ ქალს ან მამაკაცს თანხა მაინც უნდა გადაუხადონ. რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის შემდეგ ბევრი რუსი მამაკაცი­ ეძებს მეწყვილე უკრაინელს როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებსა და თვით უკრაინაშიც - ონლაინ უკავშირდებიან ქალს და იწყება გარიგება. როგორც ამბობენ, ეს სქემაც გაშიფრულია და კონტროლი გამკაცრდა. უკრაინელთან დაქორწინების შემთხვევაში აუცილებელი პირობაა წყვილი ერთად­ ჩავიდეს ამერიკაში. ამის ხარჯსაც დაინტერესებული მხარე იკისრებს. მეტი დამაჯერებლობისთვის, თუ წყვილმა ხელი ომის დაწყების შემდეგ მოაწერა, ისინი ერთხელ მაინც უნდა იყვნენ უკრაინაში ნამყოფი, რაც რუსებისთვის უდიდესი საფრთხეა. ამიტომ გარისკვად არ უღირთ და ბედს არიან მინდობილი. თუმცა ვიღაცები, იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში უსაფრთხო ადგილი თითქმის აღარ არსებობს, მაინც ჩადიან.

- სპონსორი ამ შემთხვევაშიც საჭიროა?

- რა თქმა უნდა. ომამდე შეუღლებულ­ წყვილს მეტი შანსი კი აქვს, მაგრამ სჭირდებათ "სუფთა" დოკუ­მენტების მქონე სპონსორი - ამერიკის მოქალაქე,­ სტაბილური­ შემოსავლით, საცხოვრებლით, რომელიც წყვილის დროებით უზრუნველყოფას შეძლებს. მას შემდეგ­, რაც სპონსორი საბუთებს­ შეავსებს, საემიგრაციო სამსახურები შეისწავ­ლიან. შემდეგ მოდის ნებართვა, რომლის საფუძველზეც წყვილი ჩადის ამერიკაში, სადაც შედარებით იოლი პროცედურების­ გავლის შემდეგ მუშაობის უფლებით ორწლიან ვიზას აიღებენ...

- თავად რა გზა გაიარეთ?

- მე ორ შვილსა და ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად შტატებისკენ 3140-კილომეტრზე მეტი სიგრძის საზღვარი გავიარე. თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც გადავიტანეთ, დაგვაცალკევეს - მე სხვაგან წამიყვანეს, მეუღლე და ბავშვები - სხვაგან. გადამყვანში არ გამიმართლა - მისი მხოლოდ მეტსახელი ვიცი, ახლობელმა დამაკავშირა, - იმდენად მძიმე გზა გავიარეთ, ან მე ვერ გავიგე მისი საუბარი, ან თვითონ იყო ამ საქმეში ახალბედა. შემდეგ ამიხსნეს, რომ გადამყვანები მიგრანტებს დეტალურად უხსნიან, როგორ უნდა იმოქმედო, რა მარშრუტი გაიარო, რომელი რეისით გაფრინდე, აეროპორტში რომელი ტერმინალით ისარგებლო, რა გეცმება გაფრენის დღეს. თუმცა ხანდახან არც წინასწარ გაწერილი მარშრუტი ამართლებს.

მოკლედ, გზა მექსიკიდან-ამერიკამდე ბეწვის ხიდია და არ იცი, როდის გაწყდება.