13-დღიანი გოლგოთა - კვირის პალიტრა

13-დღიანი გოლგოთა

კოდორის ხეობა აფხაზეთიდან დევნილებისთვის (და არა მარტო მათთვის) უმძიმეს დღეებთან ასოცირდება. სოხუმის დაცემის შემდეგ ასობით ქართველს სამშვიდობოს გამოსაღწევად მხოლოდ ერთი გზა - კოდორის უღელტეხილი დარჩა... ბევრმა ამ გზის გავლა ვერ შეძლო. ოჯახს, რომელზეც ახლა გიამბობთ, არაერთი შიმშილის, სიცივის, უძილო დღე-ღამის გამოვლის შემდეგ გაუმართლა. სოხუმელი ეკა ჯოჯუა, რომელიც მაშინ 14 წლის იყო, თითქმის ორი კვირა გადიოდა "გოლგოთის გზას".

- ომის დღეების გახსენება, ტყვიების­ გამუდმებული ზუზუნის, აფეთქებების, თეთრად გათენებული ღამეების გარდა, კიდევ ერთ რამესთან ასოცირდება - აფხაზიც,­ სომეხიც, ჩრდილოკავკასიელიც და ქართველიც, მხედრიონელები, ვისაც როგორ უხერხდებოდა, ისე გვძარცვავდა. ოჯახებმა­ გოგონები იქაურობას გამოარიდეს. მე და ჩემი თანატოლები მშობლებმა თბილისში­ წამოგვიყვანეს. მაგრამ ე.წ. შერიგების დროს, სოხუმის მოსახლეობის დიდი ნაწილი­ უკან დაბრუნდა, სკოლა იწყებოდა და ქალაქი ცხოვრებას ჩვეულ რიტმში უნდა დაბრუნებოდა. მართლა დავიჯერეთ,­ რომ ყველაფერი დასრულდა. აფხაზი ახლობლებიც ღმერთს მადლობას ეუბნებოდნენ, გვაკმარე, რაც მოხდა, ამიერიდან ჭკუას ვისწავლითო, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც თავის დაკეტილ სახლში არ დაბრუნდა, რაც ავის მომასწავებელი იყო. არ დაბრუნდნენ სომხებიც.­ მალე აფხაზებმა შეთანხმება დაარღვიეს, ისევ სროლა გაჩაღდა, რასაც დაბომბვები მოჰყვა. ქალაქში დენი გაითიშა და ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოვჩნდით, არ ვიცოდით, სხვა ქალაქებსა და დასახლებებში რა ხდებოდა. ერთადერთი საკონტაქტო საშუალება ქალაქის ტელეფონი იყო...

- სად ცხოვრობდით?

- სოხუმში, მაჭარის დასახლებაში, სანაპიროსთან ახლოს, და ვხედავდით, როგორ რკალისებურად აწითლებდა აფეთქებების სინათლე ცას. მახსოვს, ახლობელმა დაგვირეკა, ამბობენ, გულრიფში უკვე აფხაზებმა აიღეს და თქვენთან რა ხდებაო, ჩვენ კი გვეგონა სოხუმი აიღეს. ეს ჩვენგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ფეხით სავალ გზაზე ხდებოდა, მაგრამ არაფერი ვიცოდით. ის ღამე თეთრად გავათენეთ, კაცები ძალიან ნერვიულობდნენ. ჩემი ძმები პატარები იყვნენ, მამა და ბიძა კი იბრძოდნენ. გათენდა თუ არა, წებელდის რაიონში ნათესავებთან წავედით. ის შემაღლებული ადგილია, საიდანაც სოხუმი ხელისგულივით მოჩანს. იქ იმიტომ წავედით, გვეგონა, ვითარება ისევ ჩაწყნარდებოდა და მერე ისევ სოხუმში დავბრუნდებოდით.

მამაჩემი, რომელიც იბრძოდა, მეორე­ საღამოს მანქანით ამოვიდა, სანაპიროს­ გემები მოადგნენ და სასწრაფოდ წასასვლელად­ გაემზადეთო. 26 სექტემბერი იყო... როგორც კი ქალაქში ჩავედით, ნაპირს მომდგარი უზარმაზარი გემი დავინახეთ, გარშემო ზღვა ხალხი იყო თავმოყრილი. მათი ნაკადის გარღვევა შეუძლებელი იყო. მშობლებმა იფიქრეს, უკიდურეს შემთხვევაში ბავშვები მაინც გავუშვათო, მაგრამ ძალიან შეგვეშინდა და კივილი ავტეხეთ. მოკლედ, ისევ ცეცხლის ალში გახვეულ სოხუმში დავბრუნდით, ქალაქი ზანზარებდა... მამამ და ბიძამ, რომლებიც სოხუმის ბატალიონის წევრები იყვნენ, გვითხრეს, ჩვენ ბიჭებს ვერ მივატოვებთ და თქვენ სვანეთის გზით წადითო. სახლში იმ ნივთების­ შეგროვება დავიწყეთ, რისი წაღებაც შეიძლებოდა. ბებია ავტოფარეხში ჩავიდა. ამ დროს სომეხი მეზობელი შემოეფეთა, აცრემლებულმა ბებიამ შესჩივლა, ხედავ, რა დაგ­ვემართა, სახლის მიტოვება გვიწევსო­. მისგან თანაგრძნობას ელოდა, მაგრამ ის არც დაფიქრებულა, ისე მიახალა, აბა, რა გეგონათ, ასე მოგიხდებათო. ეს წლების განმავლ­ობაში დაგროვილი აგრესია იყო. იცოდნენ ყველაფერი და ელოდნენ, როდის დადგებოდა ეს დღე. თუმცა ისიც ვიცი, რომ ახლა უმეტესობა ნანობს და იმ "ბედნიერ დროს მისტირის".

ისევ წებელდისკენ წავედით. საღამოვდებოდა. გზა, რომელიც დილას თავისუფ­ალი იყო, ათასობით ადამიანისა და უამრავი­ მანქანისგან ჩახერგილი დაგვხვდა. ნათესავის ეზოც სავსე იყო. იატაკზე ქვეშაგები ჰქონდათ გაშლილი. გარშემო ყველა მეზობლის სახლი სავსე იყო ჩვენსავით გამოქცეულებით. გამთენიას სოხუმისკენ მთელი ცა განათდა - მოწინააღმდეგე გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა.

ჩემს ერთ-ერთ მეზობელს დიდი წითელი­ "იკარუსის" ავტობუსი ჰყავდა, ჩავსხედით და კოდორის ხეობისკენ დავიძარით. სოხუმი უკვე აღებული იყო და მამა და ბიძაც შემოგვიერთდნენ, თუმცა მაინც ეგონათ, რომ ვითარება ჩაწყნარდებოდა და ისევ დავბრუნდებოდით. ქართული სამხედრო შენაერთებიც მოდიოდნენ, მძიმე ტექნიკაც გა­ჰყავდათ. ავტობუსში­ იჯდა ერთი სვანი კაცი, რომელმაც საკენის­ გზაც იცოდა, გვაკვალიანებდა, როდის და საიდან უნდა გვევლო უღელტეხილზე...

- ავტობუსით მთლიან მონაკვეთს ვერ გაივლიდით.

- საკმაო მანძილი გავიარეთ. იმ ცნობილი ავტობუსის მგზავრი ვარ, ბანერზე­ "სოხუმი" რომ ეწერა. ეს იყო ჩემი და სხვა ბევრი დევნილის ცხოვრების გოლგოთა. პირველი 24 საათი საერთოდ არ მახსოვს, აკლიმატიზაციის გამო მაღალი სიცხე მომცა და მამამ და ბიძებმა ხელით მატარეს.­ თითო ბავშვს ტანზე 5-10 ხელი ტანსაცმელი გვეცვა, რომ არ გავყინულიყავით. დღე ცხელოდა, ღამე ყინავდა და კბილს კბილზე გვაცემინებდა. დასახლებულ პუნქტებში სვანებს ღია ჰქონდათ კარი, მათი სახლებით, ხელის შეწყობით რომ არ გვესარგებლა, ვერ გადავრჩებოდით. თუმცა იყო ყაჩაღობა და მაროდიორობაც, მაგრამ ეს მხოლოდ სვანებს არ გაუკეთებიათ, ვიღაცები სპეციალურად ავიდნენ იმ გზაზე, რომ იქიდან წამოსული დევნილების ნაკადს დახვედროდნენ და გაეძარცვათ. ადამიანებს ხდიდნენ ტანსაცმელს, რითაც გაყინვას უნდა გადარჩენოდნენ. ერთხელ ერთი სვანის ოჯახში შევედით, აკვანში ტყუპი იწვა. ლამპის შუქზე გვაჭამეს და გაგვათბეს.­ არასდროს დამავიწყდება იმ სახლის სუნი, საჭმლის, სითბოსა და სიმყუდროვის. რამდენი ხანიც გინდათ, დარჩითო, მაგრამ რამდენი კაცი უნდა დავრჩენილიყავით?.. იმ სახლში კიდევ ერთხელ რომ მოვხვდე, საჭმლის სუნით ვიცნობ. უამრავ უბედურება ნანახ ბავშვს იმ ოჯახის მზრუნველობასა და თანაგრძნობაზე გული ამიჩუყდა, ცრემლები მომადგა. ვერ გაიგეს, რატომ ვტიროდი, მეკითხებოდნენ, რამე ხომ არ გტკივაო... მტკიოდა, როგორ არა, ჩემი დასრულებული ბავშვობა, უზრუნველი ცხოვრება.

რამდენიმე დღის შემდეგ უღელტეხილისკენ მიმავალ გზას გავუდექით. უფროსებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გზაზე ნისლი ჩამოწოლილიყო, ღამე თოვდა. უამრავი ადამიანი იყო უკვე დაღუპული, გაყინული, ხრამში გადავარდნილი.

მახსოვს ახალგაზრდა ოჯახი, ქალი ტიროდა, ბავშვი დავკარგეთო. სხვა შვილებიც­ მოჰყავდათ და ეგონათ, ერთი პატარა ხრამში გადავარდა. 5-6 წლის იქნებოდა. დედა თავს იკლავდა... წლების მერე გავიგე, რაღაც ნაკადი ერთად რომ მოდიოდა, ქაოს­ურად, ბავშვი სხვა ჯგუფს შერევია და იმათ წამოუყვანიათ. ქუთაისში, კომპაქტურ დასახლებაში ჰყავდათ თურმე. მაშინ დევნილები ერთმანეთის ამბავს წერილობით იგებდნენ, "წითელი­ ჯვრისა" და გაეროს დახმარებით. ამ ბავშვის ამბავი დისტრიბუციაში მომუშავე სოხუმელ კაცს გაუგია, კოდორის ხეობაში დაიკარგა, მშობლებს ასცდაო. თავად ჭუბე­რგამოვლილი ყოფილა და ის უბედური ოჯახი გახსენებია, შვილს რომ ეძებდა... სად დაიკარგა,­ რა ეცვა და რა გვარი იყო, მშობლების სახელებიც უთქვამს ბავშვს. მერე ამ კაცს ახლობლებში გაუკითხავს, ის ბავშვი რომ გადავარდა, ოჯახმა­ ცხედარი იპოვაო? ალბათ, ხევში გადავარდა, რას იპოვიდნენო, უპასუხიათ. მერე მისულა მშობლებთან და მოუყოლია, თან ძალიან ღელავდა თურმე. დაღუპულ შვილზე საუბარი, იმედის მიცემა ძალიან დიდი რისკი იყო, რადგან მშობლებს ისევ შავები ეცვათ. დედამ ემოციურად ვერ შეძლო, მამა წამოუყვანია ბავშვის ამოსაცნობად.

lali2-1670159138.jpg

- დაკარგული შვილი იყო?

- დიახ, სამი წლის შემდეგ... სხვა ოჯახმა უპატრონა, თავის შვილებთან ერთად ზრდიდა და ლუკმას უყოფდა...

მახსოვს, უღელტეხილზე მწყემსების სადგომამდე მივაღწიეთ. უკრაინული ვერტმფრენებიდან პურსა და კონსერვს გვიყრიდნენ. ზოგჯერ მხოლოდ პურს ვჭამდით, რადგან კონსერვს ვერ ვპოულობდით. შვეულმფრენი დაჯდომას ვერ ახერხებდა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა ხერხდებოდა, რათა ჩვილბავშვიანი დედები, ფეხმძიმე ქალები და ღრმად მოხუცები გადაეყვანათ, სამხედროები გარშემო რკალს ავლებდნენ, ხალხი შიგნით რომ არ შეცვენილიყო. გაწამებული ადამიანები ფრთებზე ჩამოკონწიალებას ცდილობდნენ. ერთხელ ვერტმფრენი რომ დაჯდა, მიაწყდა ხალხი. მერე ადამიანებით სავსე როგორღაც აფრინდა, მაგრამ მალევე კლდეს შეეჯახა, მიწას დაასკდა და აფეთქდა... იმ უბედურების მიუხედავად, ერთ საათში სხვა ვერტმფრენი მოფრინდა. ის ყველაფერი ხომ თავად ვნახეთ, მაგრამ იმდენად ვიყავით ქანცგაწყვეტილი, მაინც ვცდილობდით ჩასხდომას, თუმცა ჩვენ ვერ მოვახერხეთ. სანამ ვერტმფრენი ხეობიდან აფრინდებოდა, გულის კანკალით, გატრუნულები ცას შევყურებდით და ის რამდენიმე წუთი საუკუნედ მოგვეჩვენა. როცა თავი სამშვიდობოს დაიგულეს, ბედნიერების შეძახილები აღმოგვხდა...

ჩვენ გზა ისევ ფეხით განვაგრძეთ. ბოლო სოფლამდე ავტობუსით მივედით. საწვავს კაცები შოულობდნენ როგორღაც, ახლაც არ მახსოვს, როგორ, მაგრამ კარგა ხანს გვატარა იმ "იკარუსმა".

მერე ისევ ფეხით უნდა გაგვევლო. ყველაზე რთული ალპური ზონა იყო, სიკვდილ-სიცოცხლის გზა. საკვებად მხოლოდ პური და წყალი გვქონდა. ერთხელ ჩემმა ძმამ ხევში გადაჩეხილი ძროხა დაინახა, კაცები მაშინვე ჩავიდნენ, ამოათრიეს, გაატყავეს და ხეზე წამოცმული შეწვეს. ისე მშიოდა, ხორცის სუნზე გული მიმდიოდა, შიმშილისგან თვალებში მიბნელდებოდა, სისუსტისგან მეძინებოდა, მაგრამ უმარილო ხორცი ისეთი საშინელი საჭმელი იყო, ავტირდი. არადა, ფეხით სიარულისთვის ძალა მჭირდებოდა, ამიტომ უნდა მეჭამა. ღამე კარვის მსგავს თავშესაფარს ვაკეთებდით დასაძინებლად. გზადაგზა უამრავი ნაცნობი გარდაცვლილი ვიპოვეთ. ბებია თვალებზე ხელს გვაფარებდა ბავშვებს, შემდეგ შევეჩვიეთ. მამამ და ბიძამ უამრავი ადამიანი მიაბარეს მიწას, წვეტიანი ხის ჯოხებით თხრიდნენ მიწას. ერთ ქალს, ჩვენს ნაცნობს, ოჯახი დიდხანს ელოდა. შემდეგ მამამ უთხრა, რომ ის კოდორის უღელტეხილზე იპოვა გაყინული და საკუთარი ხელით დამარხა.

ხრამში გადავარდნილი მანქანა, ტანსაცმელი და ძვირად ღირებული ნივთები შევამჩნიეთ. ჩემმა ნათესავმა თქვა, აი, სწორედ ეს არის ბიბლიაში ნათქვამი, თქვენ წინ ოქრო-ვერცხლი ეყრება, რომელსაც გადააბიჯებთ, რადგან გადარჩენისთვის ბრძოლა მოგიწევთო. დღემდე ყურებში მაქვს მისი სიტყვები... 13 დღე-ღამე ვიყავით უღელტეხილზე და 12 კილოგრამი დავიკელი. ქუთაისიდან სოფელ სვირში წავედით ნათესავებთან, სადაც ამდენდღიანი წამების, მიწაზე ძილის შემდეგ, ლოგინში პირველად დავიძინე და 24 საათი გადაბმულად მეძინა. შეშინებულმა ოჯახის წევრებმა გამაღვიძეს. მაშინ გავიაზრე, რომ ჯოჯოხეთი დასრულდა. ამის შემდეგ თავიდან დავიწყე ცხოვრება. ყოველთვის, როდესაც ძალიან გამიჭირდებოდა, იმ 13 დღეს ვიხსენებდი, ასეთები ამიტანია, ამასაც გავუძლებ-მეთქი. ასე გამოვზარდე სამი შვილი.

- მათგან ერთი წარმატებული ფეხბურთელია.

- დიახ, შუათანა მეკარეა. ყინვასა და სიცხეში მივდიოდი მის საგულშემატკივროდ, რადგან ეს მისთვის სტიმული იყო.

უკრაინის ომის კადრებს რომ ვუყურებდი, აფხაზეთი თვალწინ მიცოცხლდებოდა, ჩვენთანაც ხომ იგივე ჩაიდინეს. მაშინ ინტერნეტი არ იყო, თორემ რუსეთის სისასტიკეზე მსოფლიოს 30 წლის წინათაც მოვუყვებოდით.