„პრიორიტეტები სწორად კი გვაქვს განსაზღვრული, მაგრამ ამ განსაზღვრებას ვეღარ გავცდით“ - კვირის პალიტრა

„პრიორიტეტები სწორად კი გვაქვს განსაზღვრული, მაგრამ ამ განსაზღვრებას ვეღარ გავცდით“

რა შეცვალა შიდა თუ გარე ომებმა მსოფლიოში, ქართველი საზოგადოებისთვის, რა გვასწავლა, ან ვერ გვასწავლა და რამდენად სწორად ვხედავთ საფრთხეებს, - ამ და სხვა საკითხებზე მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი ბაჩო კვირტია გვესაუბრა:

- კაცობრიობამ აღიარა, რომ ომი უდიდესი შეცდომაა, მაგრამ დღეს ევროპის შუაგულში მაინც ხოცვა-ჟლეტაა, თითქოს სამყარო შეიშალა. ასეა, თუ საკითხი უფრო ბანალურად და მარტივად დგას - რუსეთის პრინციპი უცვლელია და ცდილობს პოსტსაბჭოთა ქვეყნები თავისი ორბიტიდან არ გაუშვას?

- სამყარო შეიშალაო, რბილად ნათქვამია. შეიშალა კი არა, მთელი სამყარო ჯოჯოხეთის უფსკრულთან ასკინკილით ცეკვავს და იმაზე წამითაც არ ფიქრობს, რომ შესაძლოა ფეხი დაუცდეს და უძირო ქვესკნელში გადაეშვას. ვითომ მეტაფორაა, მაგრამ ზუსტად ასეა!.. სულ რამდენიმე თვეში წელიწადი გახდება, რაც უკრაინაში საშინელი ომი მძვინვარებს და მთელი ცივილიზებული სამყარო თითქოს უკვე შეეჩვია ამ უდიდეს ტრაგედიას, უდანაშაულო ბავშვების, ქალების, მოხუცების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტას! თითქოს ჩვენი ყოველდღიურობის რუტინად იქცა ომი, ნგრევა და ადამიანების სიკვდილი. ომის პირველივე დღეებიდან სწორედ ამის ეშინოდა კაცობრიობის შეგნებულ ნაწილს, რომ გავიდოდა დრო და ყველანი შევეჩვეოდით, ეს ომი ჩვენი ცხოვრების ერთ პატარა ნაწილად გადაიქცეოდა, იმის მიუხედავად, რომ უკრაინას, ავად თუ კარგად, მხარდამჭერი ქვეყნები უწყვეტად ეხმარებიან პოლიტიკურად და სამართლებრივად, მატერიალურად, შეიარაღებითა და მედიკამენტებით, საკვები პროდუქტებით თუ სხვა ჰუმანიტარული ტვირთებით. თუმცა დასავლეთს უფრო ეფექტური დახმარება, საომარი მოქმედებების ფორსირება და უკრაინის გამარჯვების ვადის შემცირება და მოახლოება შეუძლია. მაშ, რატომ არ აკეთებს ამას? - პასუხის გაცემა გამიჭირდება. პოლიტიკურ პროცესებში ჩახედულობასა და ომის ექსპერტობას ვერ დავიბრალებ. რასაც ვამბობ, ჩემს ინტუიციაზე დაყრდნობით, ნანახით, მოსმენილითა და წაკითხულით ვვარაუდობ. თუმცა ერთ რამეში მტკიცედ ვარ დარწმუნებული - ასეთი ოკუპანტი, ფაშისტური რუსეთი, ანუ მისი ასეთი ხელისუფლება, თავის მთავრობიან-დუმიან-ტვინგამორეცხილ ელიტიანად და მოსახლეობის ძალზე დიდნაწილიანად თავისით არ გაჩერდება, თუ ცივილიზებულმა სამყარომ არ შეაჩერა! ლამის ცხოველური ინსტინქტით მოქმედებს და ნიანგის რეფლექსი ამოძრავებს - როდესაც მსხვერპლს დაითრევს, 360 გრადუსით უნდა დატრიალდეს, რომ სხეულს რაღაც ნაწილი მოაგლიჯოს და ლუკმა შთანთქას. მეზობელი ერების დაპყრობა, ჩაგვრა, შევიწროება და განადგურება რუსეთის არსებობის აზრია. მათ ხელისუფლებას უკვე თავისივე შეთხზული ტყუილების, მისი ავტორობით დაწერილი მსოფლიო ისტორიის სჯერა და ჯიუტად იმეორებს, რომ "მატუშკა რასსიას" არავის დააჩაგვრინებს და მშობლიურ მიწა-წყალს არავის დაანებებს. სასაცილოა, არა? საოცარი ისტორიული პარადოქსების მოწმე გავხდით, უნდა დავიმახსოვროთ, ჩავიწეროთ, რათა შვილიშვილებს მოვუყვეთ, რომ თავიანთ შვილებს გადასცენ. თუმცა ისედაც ჩაიწერება ისტორიაში, დავიწყება არ უწერია.

- ჩვენმა თაობამ უამრავი ომი ნახა - 1990-იანების სამოქალაქო, აფხაზეთის, სამაჩაბლოს, 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესია. ახლა ჭურვები არ ცვივა საქართველოში,­ მაგრამ მთელი არსებით ჩართული ვართ უკრაინის ომში. შეგვცვალა ამ ომებმა?

- დიახ. შეიცვალა ის, რომ საქართველოს­ ორი უძვირფასესი და ულამაზესი ნაწილი - აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთს ოკუპირებული აქვს. შეგნებულად არ ვამბობ სიტყვას "დავკარგეთ", იმიტომ, რომ ბრწყინვალე პროზაიკოსისა და პოეტის, მსოფლიო რანგის ლიტერატორის ოთარ ჭილაძის სიტყვებს ვეთანხმები მისი ერთ-ერთი­ ლექსიდან: "მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია". მიუხედავად იმისა, რომ ეს ლექსი პოეტმა 1975 წელს დაწერა და ნამდვილად არ უკავშირდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტრაგედიებს, მაინც საოცრად ერგება ამ ომებისა და მოვლენების კონტექსტს. ამ უდიდესი ტრაგედიის გარდა, უამრავი რამ შეიცვალა. ჩემი ღრმა რწმენით, თითოეულმა ომმა, რომლებიც საქართველომ 1991-2008 წლებში გამოიარა, მნიშვნელოვნად შეაფერხა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარება, საგრძნობლად შეასუსტა საზოგადოების თვითშეგნება და პატრიოტიზმი, სულ სხვა მიმართულებით წარმართა ქართველი ერის მენტალიტეტი, დამოკიდებულებები და ფასეულობები. ვერაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რა დავაფასეთ ან ვისწავლეთ. ვერაფერიც ვერ დავაფასეთ და ვერ ვისწავლეთ! ვერ დავაფასეთ აქამდე ბეჭებით და სისხლის, სიცოცხლის ფასად მოტანილი ქვეყანა; ვერ დავაფასეთ ერთმანეთი იმ მარტივი და არსებითი ჭეშმარიტების უგულებელყოფით, რომ ერთმანეთზე ძვირფასი, ახლობელი და საჭირო დედამიწის ზურგზე არავინ გვყავს, და მაინც ერთმანეთის მტრობა, ლანძღვა, დაცინვა და დამცირება გვირჩევნია, და არცთუ იშვიათად სასიკვდილოდაც ვიმეტებთ ერთმანეთს. აი, ეს არის, რაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე ვისწავლეთ, დავაფასეთ. ეს არის, რაც ახალ თაობას დავახვედრეთ. 30 წელია დამოუკიდებელი ვართ და 30 წელია რის ვაი-ვაგლახით, მუხლებგადატყავებული მოვდივართ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული 20%-ით, უკიდურესი პოლარიზაციით პოლიტიკასა და საზოგადოებაში, ევროკავშირისა და ნატოს კარებზე კაკუნით, იმის გულუბრყვილო იმედით, რომ საქართველოს ეკონომიკას და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ტურიზმი და ღვინის წარმოება უშველის. ვერ გავაცნობიერეთ, რომ თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობა, სახელმწიფოებრივად აზროვნება, პატრიოტიზმი და კიდევ უამრავი და უამრავი ფასეულობაა, რომელიც­ უნდა გამოიმუშაო­ როგორც ინსტინქტი, უნარი, ურყევი მისწრაფება. თავისუფლება შრომაა, უძილო ღამეები, ერთიანობა და ერთსულოვნება, სიმტკიცეა, სიჯიუტე და შეუპოვრობა, და არა მარტო რუსთაველზე დგომა, ხბოს აღტაცებით ყიჟინა და "...ჯოს" ძახილი. პრიორიტეტები სწორად კი გვაქვს განსაზღვრული, მაგრამ ამ განსაზღვრებას ვეღარ გავცდით, უკვე რამდენი ათეული წელია ვტკეპნით. უამრავი დრო გვაქვს დაკარგული უაზრო და მარაზმამდე მისულ დაპირისპირებებში, არაფრისმომცემ დისკუსიებსა და ერთმანეთის ოპონირებაში. არადა, რა კარგი იქნებოდა, ეს დრო ქვეყნისთვის, ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის დაგვეთმო. ერთი ნაბიჯით მაინც ხომ წავიწევდით პროგრესისკენ?.. დავანებოთ თავი ევროპის პატარა, საქართველოსხელა ქვეყნებს, სადაც ცხოვრების გასაოცარი ხარისხია. ისრაელში, ქვეყანაში, სადაც ლამის ყოველ მეორე დღეს საომარი მდგომარეობაა, ხომ ვიცით, როგორ ცხოვრობენ, როგორ მყარად დგანან ფეხზე!..

- თუ სწორად მახსოვს, რობერტ ჯორდანი ამბობს ესპანელებზე მსჯელობისას: "ესპანელები თუ კარგები არიან, საუკეთესონი არიან, მაგრამ თუ ერთხელ ფეხი დაუცდათ, მათზე უარესს ვერ ნახავთ". არცთუ იშვიათად ეს ფრაზა ქართულად და ქართველებზე ნათქვამი მგონია. ამგვარ კონტექსტში ხომ შეგვაფასა კიდეც გენიალურმა მიხეილ ჯავახიშვილმაც.­ რა გვაკლია და რა გვაქვს ზედმეტი: ზომიერება, იმპულსურობა, ოქროს შუალედი?..

- ქედს ვიხრი მიხეილ ჯავახიშვილის, უდიდესი ქართველი მწერლისა და ერისკაცის წინაშე, რომლის მსოფლიო რანგის ლიტერატურა შეუფასებელი და განუზომელია. მიხეილ ჯავახიშვილი გახლდათ ერთ-ერთი თვალსაჩინო მწერალი, რომელმაც ზედმიწევნით ზუსტად, დაუფარავად და შეულამაზებლად აღწერა ქართველი კაცის ბუნება, ხასიათი, მისი საქმე და მისი ბედი სამშობლოში. სწორედ ამ პირდაპირობას, ამ სიმართლეს შეეწირა... რა ჩამოთვლის იმას, რაც გვაკლია?.. რა გვაქვს, რა შემოგვრჩა, რომ გვაკლდეს? არსებობს პასუხი, თუ რატომ მივიწევთ პროგრესისკენ კუს ნაბიჯებით? საქართველოს გეოპოლიტიკური კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია და საბედისწერო როლსაც ასრულებს ჩვენს ყოფნა-არყოფნაში, მაგრამ ჩვენზე, საზოგადოებაზეც ხომ უამრავი რამაა დამოკიდებული, რის შეგნებასაც არა და არ დაადგა საშველი, ვერა და ვერ მოვერიეთ თავს, ვერ მოვსპეთ ერთხელ და სამუდამოდ მახინჯი სტერეოტიპები, ჯერ კიდევ ვერ შევცვალეთ მენტალიტეტი, რომელიც განსაკუთრებით კომუნისტური რეჟიმის სამოცდაათმა წელიწადმა გაგვიუკუღმართა. ყველაფერი გვაკლია, რაც ქვეყნის, საზოგადოების სრულფასოვნებისთვის გვჭირდება, და ყველაფერი ის გვაქვს ჭარბად, რაც ხელს გვიშლის, უკან გვხევს, გონებას გვირევს და გვამარცხებს. რთული ბუნების ხალხი ვართ ქართველები, ძნელი ხალხი, და კიდევაც დაგვყვა ბედად ძნელბედობა.

- თქვით, რომ კუს ნაბიჯებით მივიწევთ პროგრესისკენ. ამაში დიდია პოლიტიკის, პოლიტიკოსების წილი (საზოგადოების პოლარიზაციის გათვალისწინებით) თუ საზოგადოებაც "წავეხმარეთ"?..

- ვფიქრობ, თანაბრად მიუძღვით წვლილი პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას. დამნაშავე არიან პოლიტიკოსები უმოქმედობით, გულგრილობით, უმეცრებითა და დაუნდობლობით, და ჩვენც, ხალხი. ალბათ, მეტი გაბრაზებაა საჭირო და არ ვბრაზდებით, მეტი მოთხოვნაა აუცილებელი და არ ვითხოვთ, მეტი პრინციპულობაა პანაცეა და არ ვიჩენთ. ხელისუფლებას ხალხი ირჩევს და არჩეული მთავრობა, საკუთარ მინისტრთა კაბინეტიან-პრეზიდენტიან-პარლამენტიანად, ხალხის, ქვეყნის მსახურია! მასზე ფიქრში უნდა ათენდებოდეს და აღამდებოდეს თავზე, მისთვის უნდა იღვწოდეს. რაც უნდა შაბლონური და ბანალური იყოს ეს სიტყვები, ასეა და ვერაფერს ვიზამთ. არც სიზმარში მინახავს და არც ჩემი ახირებაა - ასე შენდებოდა­ ქვეყნები. დროა, უკვე ძალიან დიდი ხანია დროა, რომ აზროვნება, დამოკიდებულებები და ფასეულობები შევიცვალოთ - დაწყებული რიგითი მოქალაქით და ქვეყნის პირველი პირით დამთავრებული, ყველამ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების, ჩვენი მომავლის საკეთილდღეოდ. თუ, რა თქმა უნდა, კიდევ არის შემორჩენილი ჩვენს შეგნებაში, გულში სამშობლოს სიყვარული, მისი ფეხზე დაყენების ჟინი, დაცვის ძალა და უნარი.

- ამ ორომტრიალში ხელოვნება, ლიტერატურა მიგვავიწყდა?

- არა მგონია, ადამიანებს ყოველთვის სჯეროდათ და სჯერათ, რომ ლიტერატურა, თეატრი, სიმღერა, ცეკვა, სახვითი ხელოვნება მათი სულიერი საზრდო და თავშესაფარია. მღვიმის კედლებზე მიხატული ირმებისა და ბიზონების გამოსახულების ასაკს რომ წავიკითხავ, თარიღი ისეთი დაუჯერებელი მეჩვენება, გაოგნებული ვრჩები. ლიტერატურა და ხელოვნება ლამის კაცობრიობის ასაკისაა. სულ ოდნავ არის მასზე უმცროსი, მაგრამ ამავე დროს უფროსია, როგორც მშობელი. მშობელივით ზრუნავს მასზე - ასწავლის, სრულყოფს, განსაცდელს არიდებს, აფიქრებს და მის სულს აწრთობს. ნამდვილი ლიტერატურა ყოველთვის ადამიანის შემწე, მისი ცხოვრების ჭეშმარიტი, უღალატო მეგზური იყო, არის და იქნება. რაც შეეხება მკითხველს, გემოვნება, ფასეულობები და მსოფლხედვა ყოველთვის ეცვლებოდა და ახლაც ასეა. ასევეა ლიტერატურა - მუდმივად გადის ფორმაციებს და ისტორიას რჩება მხოლოდ ნამდვილი, ფასეული ნაწარმოებები, წიგნები. ლიტერატურა ქმნის მკითხველს და მკითხველი, საზოგადოება, ქმნის ლიტერატურას. რა დარჩება თაობებს, ისტორიას, და რა გაჰყვება ადამიანებს მეგზურად, ამას დრო გადაწყვეტს.