„ვაკე-საბურთალო მეტწილად სუშის ითხოვს, მტკვრის მარცხენა სანაპირო კი შაურმას...“ - კვირის პალიტრა

„ვაკე-საბურთალო მეტწილად სუშის ითხოვს, მტკვრის მარცხენა სანაპირო კი შაურმას...“

ჩვენს დროებაში ფოსტის ბევრი ფუნქცია კურიერის სამსახურმა შეითავსა. დაქრიან თავქუდმოგლეჯილი ყვითელ, ცისფერ და ათასფერფორმიანი კურიერები ჩვენს ქალაქებში. ჩვენს რუბრიკაში კურიერის პროფესიის ავ-კარგზე გვესაუბრება თორნიკე ნინიკაშვილი, რომელიც კურიერად ოთხი წელია მუშაობს.

- კურიერობა თავიდან გგონია ადვილია, მაგრამ მუშაობას იწყებ და მალე ხვდები, რომ არც ისე. მუშაობა რომ დავიწყე ზაფხული იყო და მისვლა-მოსვლა მიადვილდებოდა, მაგრამ დაზამთრდა, აცივდა, დავსველდი და გავცივდი. ამ სამსახურში ერთი დღე არასდროს ჰგავს მეორეს. შელაპარაკებაც ყოფილა კურიერსა და მომხმარებელს შორის. ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს. საქმე ისე უნდა გააკეთო, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდო არც თავი და არც კომპანია. ამას დაუმატეთ სკუტერით სიარული. დღე არ გაივლის, საავარიო სიტუაცია არ შეგვექმნას. რამდენიმე დღის წინ კოლეგა დაგვეღუპა. ამას წინათ­ წამის მეასედში მოვასწარი მანევრირება და გადავრჩი. ერთხანს მანქანა ვიყიდე, მაგრამ მალევე გავყიდე. შემოსავალი გამინახევრდა­ - საცობში დიდხანს დგომა მიწევდა, პარკინგის პრობლემაც არის, მეტი საწვავი მჭირდებოდა და ამიტომ ისევ სკუტერი ვამჯობინე.

- ერთ ფოტოში მეტროშიც ხარ კურიერის ყუთით.

- ეგ ფოტო რომ გადავიღე, მაშინ შეკვეთა მიმქონდა მეტრო "დელისთან" და მეტრო "სამედიცინოსთან" რომ მივედი, სკუტერი გამიფუჭდა. იქვე დავტოვე და ჩავედი მეტროში, დრო რომ არ დამეკარგა. თბილისში დიდი საცობებია. ბასლაინების დახაზვის შემდგომ იმდენად კატასტროფულია მდგომარეობა, სკუტერითაც გვიწევს საცობში დგომა, ეს კი შემოსავალს ამცირებს.

- ალბათ, შემოსავალში ფეხის ქირაც იგულისხმება?

- რა თქმა უნდა. რაც მალე მიიტან შეკვეთას, მით მეტი შემოსავალი გაქვს. ადრე რა დროშიც 4 შეკვეთა მიგვქონდა, ახლა 1 ან 2 შემკვეთთან მისვლას ვასწრებთ, თუმცა შეკვეთა სულ გვაქვს. თბილისის გარდა მიმუშავია ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ქუთაისში სხვანაირი ხალხია - ყოველი მეორე-მესამე მომხმარებელი გეუბნება,­ რადგან დააგვიანე, უნდა დაგსაჯოთ, უნდა შემოუერთდე ჩვენს სუფრას და ჯარიმა დალიოო. მიგიპატიჟებს, ლუკმას გაგიყოფს... თბილი და ტკბილი ხალხია ჩემი იმერლები, თან ქუთაისში საცობები არ არის. ქუთაისური ფეხის ქირა სუფრაზე მიპატიჟებაა. ერთხელ კაცაძეების მეურნეობაში მოვხვდი და დიდი პატივი მცეს, თან ეს ჩემი პირველივე შეკვეთა იყო იმ ქალაქში. დამაგვიანდა მისვლა, იმათ კი შემიყვანეს, დამაპურეს, ღვინო და 50 ლარი მაჩუქეს. აჭარლებიც უსაყვარლესი ხალხია. იქაური საცობი ცალკე თემაა. ბათუმში მოძრაობის წესებს არავინ იცავს. ბევრჯერ გადავრჩი მანდ დამტვრევას. ვისაც საით აწყობს, იქით მიდის, არც წითელი, არც მწვანე არ აინტერესებს, თან მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის ციმციმას არ ხმარობენ, ვინ სად გადაუხვევს, გამოცნობაზეა...

- კი მაგრამ, პატრული რას აკეთებს?

- სხვათა შორის, ერთხელ პატრულის მანქანას ხელით ვანიშნე და გავატარე. გზაში წამომეწია და მკითხა, ნასვამი ხომ არა ხარო? საიდან მოიტანეთ-მეთქი. რა ვიცი, არასოდეს დაუთმიათ ჩვენთვის გზაო.

- შეკვეთის დროულად მისატანად ხშირად­ მოძრაობის წესების დარღვევა გიწევთ, ამის გამო ჯარიმების საქმე როგორაა?

- ბათუმში არ დავჯარიმებულვარ. ერთხელ გამაჩერეს, ჩემი ბრალი იყო და გაფრთხილება დამიწერეს მხოლოდ. პატრულის თანამშრომლები ხშირად გვამოწმებენ, როდესაც ჩანთა არა გვაქვს თან, ხოლო თუ კურიერის ჩანთით ხარ, არავინ გაჩერებს. მცირე დარღვევებზეც ხუჭავენ თვალს. ზუგდიდში ცოტა ხანს ვიმუშავე. მეგრელები ხელგაშლილი ხალხია. ყველაზე მეტ ფეხის ქირას მეგრელები გვიტოვებენ.

- უკრაინაში ომის გამო ძალიან ბევრი ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში... ალბათ, ისინიც სარგებლობენ თქვენი მომსახურებით...

- სხვათა შორის, რაც ეგენი ჩამოვიდნენ, კურიერების შეკვეთებში სპირტიან სასმელებზე მოთხოვნა გაიზარდა. დღე არ გავა, რომ რუსებს ან უკრაინელებს სპირტიანი სასმელი არ მივუტანო. ძვირ არყებს და კონიაკებს უკვეთენ. საჭმელებიდან ხინკალი უყვართ, მწვადიც. ცოტა რუსული კი ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად ყველა რუსი ინგლისურად ცდილობს დაგელაპარაკობს...

ინდოელებიც უკვეთენ ხშირად საკვებს თავიანთი რესტორნიდან. თუმცა მათი შეკვეთა როდესაც მხვდება, დიდად არ მიხარია. სპეციფიკური სანელებლები აქვთ და დიდი ხნის განმავლობაში ჩანთიდან სუნი არ გადის.

- ქართველები რას უკვეთენ?

- ვაკე-საბურთალო მეტწილად სუშის ითხოვს, ხოლო მტკვრის მარცხენა სანაპირო ხინკალს, ქაბაბს, შაურმას...

- უცხოელები თუ იძლევიან ფეხის ქირას?

- არა, ზედმეტს არაფერს.

- პანდემია გამოიარეთ, მაშინ ხუმრობდნენ, ტაქსები და კურიერები გამდიდრდნენო.

- მაგ ხუმრობაში სიმართლის მარც­ვალი ურევია. პანდემიამდე ნაკლები ბონუსი და გამოძახება იყო, მაგ დროს კი გასამმაგდა შეკვეთა. კომენდანტის საათი რომ იწყებოდა, გზა ხომ ცარიელი იყო, ჩვენთვის წითელი და მწვანე არ არსებობდა და ძალიან სწრაფად მიგვქონდა შეკვეთები. ბევრ "კოვიდიანთან" მივსულვარ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, "კოვიდი" არ შემხვედრია.

- ყველაზე უცნაურ ადგილას სად მიგიტანიათ შეკვეთა?

- გლდანში ერთი სასტუმროა, "მამიდა",­ პატრონი ქალბატონი როენა ხუცურაულია, ძალიან ხალისიანი ქალი. იქ მივიტანე ძალიან დიდი შეკვეთა, როენასთან დასაქმებულ გოგონებთან. ჩამისვეს შუაში და ქალბატონი როენა მეხუმრებოდა ფეხის ქირაზე­... წყნეთის სასაფლაოზე ამიტანია გვირგვინი, შეკვეთა იყო ამერიკიდან. ჩემს ერთ კოლეგას პანაშვიდზე აატანინეს ყვავი­ლები, წრე დაარტყა მიცვალებულს და დატოვა, ესპანეთიდან ჰქონდა შეკვეთა. ერთხელ მეც ავედი პანაშვიდზე, ოღონდ გაუგებრობა მოხდა - შეკვეთა რომ მივიტანე,­ აივნიდან დამიძახეს, ამ სადარბაზოში შემ­ობრძანდითო. სართული შემეშალა და კიბეზე­ ასულს ღია კარი რომ დამხვდა, შევაბოტე, ვიფიქრე, მელიან და გამიღეს-მეთქი. თურმე პანაშვიდი ყოფილა. როგორც კი ფეხი შევდგი, წიოკი ატყდა. გამოსვლა დავაპირე, მაგრამ რომ მივიხედე, უკან მისასამძიმრებლად მოსულები მომდგომოდნენ, ამიტომ ვიფიქრე, მიცვალებულს წრეს დავარტყამ და გავალ-მეთქი. ჭირისუფალი სიცილისგან სულს ვერ ითქვამდა. მათ მოსამძიმრეებიც აჰყვნენ. 107 წლის ბებო ყოფილა მიცვალებული. ქელეხშიც დამპატიჟეს, ისე გაგვამხიარულე, რომ არ მოხვიდე, გვეწყინებაო. ერთხელ ორსულობის დადებითი ტესტიც კი გამატანა ცოლმა ქმართან. ერთხელ სასაფლაოზე გამგზავნეს, აღდგომას კვერცხი უნდა გადამეგორებინა საფლავზე. გადავაგორე, გადავიღე და გადავგზავნე დამკვეთთან ამერიკაში. მახსოვს, 50 დოლარი მაჩუქა.

- კურიერად მუშაობის მიღმა­ როგორია შენი ცხოვრება.?

- იმერელი კაცი ვარ, ზესტაფონის სოფელ ალავერდიდან. გემრიელი­ ოჯახი მყავს. ბავშვობიდანვე მიზანდასახული ვარ და ყოველთვის ბოლომდე მიმყავს საქმე. 24 წლის ვარ. თბილისში 2017 წლიდან ვცხოვრობ. წელს ვამთავრებ ილიას სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს. შორეული გეგმების დიდი სია მაქვს გონებაში დახვეული. უახლოეს მომავალში ევროპაში მოტოციკლით მოგზაურობას ვგეგმავ.