„ტრენდი ნელ-ნელა იცვლება პატარა ზომის მკერდისკენ“ - კვირის პალიტრა

„ტრენდი ნელ-ნელა იცვლება პატარა ზომის მკერდისკენ“

პლასტიკურ ქირურგიაში ყველაზე პოპულარულ ოპერაციად მკერდის გადიდება ითვლება. ქალებისთვის მკერდის ზომის შეცვლა არა მარტო ვიზუალური ეფექტი, არამედ მეტი თავდაჯერებაცაა. რა განაპირობებს პლასტიკურ ოპერაციებზე მოთხოვნის ზრდას და რა გავლენა იქონია პანდემიამ, ამ კითხვებს ქირურგი, პროფესორი, გია გვარამია პასუხობს.

- პანდემიის შემდგომ იმავე პროცედურებს იკეთებენ, რომელთაც მანამდე იკეთებენ. ინიექციური კოსმეტოლოგიის (ნაოჭების გასწორება ბოტულინის ტოქსინის ინიექციებით, ფილერები, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია) კვლავინდებურად ბევრი მსურველია. ისევ პოპულარულია­ ლაზერული ფოტოგაახალგაზრდავება, ლაზე­რული პილინგები, ულთერაპია სახის კონტურის გამოსასწორებლად, სახის კანის მოვლის პროცედურები.

- რა გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს კლინიკაზე?

- პანდემიამ ესთეტიკური სერვისის მიმწოდებელ ყველა კლინიკაზე იქონია უარყოფითი გავლენა. სახელმწიფო რეგულაციების მოთხოვნით, კლინიკები ერთხანს დაკეტილიც იყო. როდესაც გაიხსნა, პანდემიის გამო სახელმწიფოს ჩვენთვის მუშაობა არ აუკრძალავს და რა თქმა უნდა, კეთდებოდა სხვადასხვა პროცედურა და პლასტიკური ოპერაციებიც, მაგრამ კლინიკის პერსონალი რიგებს ისე მართავდა, რომ ერთდროულად ბევრი პაციენტი არ ყოფილიყო კლინიკაში. დღეში მხოლოდ ერთი ოპერაცია კეთდებოდა, რადგან დიდ დროს მოითხოვდა პანდემიასთან დაკავშირებული სადეზინფექციო სამუშაოც, რამაც, ბუნებრივია, შეამცირა კლინიკების შემოსავალი. მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბევრი პაციენტი გვყავდა. ბევრი ცდილობდა ეს პერიოდი ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვის გამოეყენებინა.

- 2018 წლის ინტერვიუში ამბობთ: "სარძევე ჯირკვლის გადიდების პირველი ოპერაცია 1996 ჩავატარე. მაშინ წელიწადში დაახლოებით 4 ოპერაცია ტარდებოდა, 2000 წლიდან კი მკერდის გადიდებაზე მოთხოვნა გაიზარდა­ და ეს ტენდენცია ამ ხნის განმავლობაში შენარჩუნებულია. ამჟამად კვირაში 2-3 ოპერაციას ვაკეთებთ". ახლა როგორია სტატისტიკა?

- მკერდზე ოპერაციების რაოდენობა­ იზრდება, რაც, გარდა იმისა, რომ მსოფლიოში ტრენდული გახდა, ნდობა გაიზარდა და მეტი და მეტი პაციენტი რწმუნდება, რომ ჩვენი დახმარებით სასურველ შედეგს ადვილად მიაღწევს.

- ფასი თუ შეიცვალა მოთხოვნის ზრდასთან ერთად?

- სამედიცინო პერსონალის მომსახურებისა და ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯი თითქმის არ შეცვლილა. იცვლება მხოლოდ იმპლანტების ღირებულება, რაც ოპერაციის საბოლოო ფასზე აისახება. ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, რაც 9-10 ათას ლარს აღწევს. ეს შეეხება მკერდის ამერიკულ იმპლანტებს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, როგორც მსოფლიოში საუკეთესოს. სხვა მწარმოებლების იმპლანტების ფასი არ შეცვლილა, ზოგიერთის შემცირდა კიდეც ლარის კურსის გამყარების გამო.

- პოპულარული რა ზომის მკერდია?

- უმეტესად 2,5-3,5, მაგრამ ტრენდი ნელ-ნელა იცვლება ნაკლები ზომისკენ.

- რა უნდა იცოდეს პაციენტმა, სანამ გადაწყვეტს მკერდის გადიდებას?

- ოპერაციამდე პაციენტს უტარდება ხანგრძლივი და დეტალური კონსულტაცია, თუ რა მომენტებს უნდა მიაქციოს ყურადღება, რა ტიპის ოპერაცია აჯობებს მისთვის, უნდა შეთანხმდეს ქირურგთან იმპლანტის ზომა, როგორი იქნება ოპერაციის შემდგომი პერიოდი... გარდა იმისა, რომ ოპერაციის შემდგომ პაციენტმა აუცილებლად უნდა შეასრულოს მკურნალი ექიმის რეკომენდაციები, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმპლანტი 15-20 წლის შემდეგ უნდა გამოიცვალოს. ზოგადად, მიუხედავად იმისა, იმპლანტირებულია თუ არა მკერდი, პრობლემა შეიძლება 8-დან 1 პაციენტს ჰქონდეს, ამიტომ აუცილებელია მკერდის მონიტორინგი, ექოსკოპია ყოველ 6 თვეში, 40 წლის შემდეგ კი მამოგრაფიული სკრინინგი რეკომენდებული პერიოდულობით. იგივე რეკომენდაციებია იმპლანტირების შემდგომაც. იმპლანტების გამო, თუ პაციენტს არავითარი პრობლემა არ აწუხებს, დამატებითი კვლევების აუცილებლობა არ არის. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იგრძნობს დისკომფორტს, ტკივილს, განვითარდება შეშუპება ან სხვა რაიმე სიმპტომი, დროულად უნდა მიმართოს ექიმს. რაც შეეხება ძუძუთი კვებას, ოპერაციის შემდგომ, თუ არ გაკეთებულა მკერდის აწევის ოპერაცია, წინააღმდეგ ჩვენება არ არის.

ფილტრებმა პროცედურებზე მოთხოვნა გაასამმაგა

kosme-1670164448.jpg

პლასტიკური ქირურგიის ამერიკული საზოგადოების ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ უკვე მრავალი წელია მკერდის აუგმენტაცია პოპულარობას არ კარგავს. 2018 წელს ამერიკაში მკერდის გასადიდებელი 313,000 ოპერაცია გაკეთდა, რაც 2017 წელთან შედარებით 4%-იან ზრდას შეადგენს. პოპულარულ პლასტიკურ ოპერაციებს შორის მეორე ადგილზეა ლიპოსაქცია - 258,000, შემდეგ კი ცხვირის ოპერაცია - 213,000. არაქირურგიულ პროცედურებში ამერიკაში ბოტოქსი ლიდერობს. 7.4 მილიონმა კაცმა მიმართა ბოტოქსისთვის ესთეტიკურ ცენტრს, ხოლო ფილერი 2.6 მილიონმა მოიხმარა. 2021 წლის სტატისტიკით, წინა წლებთან შედარებით სახის ესთეტიკურ პროცედურებზე (აჭიმვა, გაახალგაზრდავება და ა.შ.) მოთხოვნა 54%-ით გაიზარდა, რასაც მედიკოსები ზუმჩართვებსა და ონლაინშეხვედრებს უკავშირებენ. "ჩემმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ "კოვიდის" დროს წარმოქმნილმა ტრენდებმა - ონლაინჩართვებმა, სახლის სელფებმა და ვიდეოებმა დაამკვიდრა "კოვიდის" მოდა ესთეტიკურ მედიცინაში. ამას ხელი შეუწყო სოციალურმა მედიამ, ფილტრებმა და ფოტოეფექტებმა. პაციენტს სურს რეალურ ცხოვრებაშიც დაემსგავსოს იმ გაფილტრულ ფოტოს, რომელიც ტელეფონში აქვს. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს ვუკავშირებ სახის პროცედურებზე გასამმაგებულ მოთხოვნას", - ამბობს ამერიკელი პლასტიკური ქირურგი ტროი პიტმენი.