"...ამის მნახველმა წვრილმან პრობლემებზე როგორ უნდა იწუწუნო?!" - კვირის პალიტრა

"...ამის მნახველმა წვრილმან პრობლემებზე როგორ უნდა იწუწუნო?!"

"- რა არის სიცოცხლე?

- სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.

- სიკვდილი?

- სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის ტკბილი სევდა", - საოცრად ამბობს გოდერძი ჩოხელი.სიკვდილი, სიცოცხლე და სევდა მართლაც თავმოყრილია იქ, სადაც ჩემი დღევანდელი რესპონდენტი მუშაობს. მას ნანა ჰქვია, სასაფლაოების მომვლელია... ნანას არ ვიცნობ, ამიტომ თვალებით ვეძებ. ალბათ, ისაა, საფლავი გააპრიალა და ახლა ქარისგან გაფანტულ ყვითელ ფოთლებს გვის.

- უკაცრავად, საფლავების მომვლელი ხართ?

- ეჰ, ნეტავ საფლავების მომვლელი­ ვიყო,­­ - ამოთქვა და გული ამოაყოლა... უკვე 10 წელია აქ ვმუშაობ, ემოციური ფონი თითქმის გადავლახე, უფრო სწორად­, დაბლოკილი მაქვს. სიცოცხლე ბევრად ფასობს, აქაურობას რომ უყურებ.

ზოგი საფლავი წარწერიანია, ზოგი სურათით. ფოტოები მკლავს... მათ რომ ვუყურებ, ფიქრები წამიღებს ხოლმე, წარმოვიდგენ, როგორი იყო, როგორ ცხოვრობდა და როგორ დაამთავრა... აქ ერთი სასაფლაოა, რაგბისტის, მთელ კედელზე აქვს გაკეთებული ფოტო. რომ ვუყურებ, მგონია, ეს-ესაა დამელაპარაკება. აქედან ცხოვრებას სხვანაირად უყურებ, აფასებ ყოველ წამს.

ყველა საფლავს თავისი ისტორია აქვს. დასაფლავება საშინელებაა, მერე ყველა მიდის და რჩება - მიწა, მეტი არაფერი... ძალიან მძიმე სანახავია ჭირისუფალიც.ზოგისგან ადამიანი კი არა, სიცარიელეღაა­ დარჩენილი. იტყვიან ხოლმე, ვინც კვდება, ის არის ცოდოო. არა, ვინც კვდება, მგონი, ის თავისუფლდება, ვინც რჩება, ის უფრო იტანჯება. იტანჯება მონატრებით­. დრო არ კურნავს, დრო მონატრებას აძლიერებს.­ განსაკუთრებით შვილმკვდარი ადამიანის­ ხილვაა მძიმე. მოდიან ისეთები, რომელთაც თავზე საყრელი აქვთ ფული, მაგრამ აქ ძლიერნი ამა ქვეყნისანი უსუსურები არიან. სხედან ჩუმად და უყურებენ ცივ ადგილს. თუ გამომელაპარაკნენ, მერე უფრო განვიცდი.

- ხშირად გელაპარაკებიან ხოლმე?

- როგორ არა, ბევრ მათგანს ოჯახის წევრივით ვყავართ. მგონი, ნუგეშს პოულობენ ჩვენთან საუბარში. ასე მგონია, თუ რამე დავაკელი რომელიმე საფლავს, დანაშაულის გრძნობა არ მომასვენებს. სანთელს რომ ვუნთებ, კანდელს, სიმშვიდეს მოვიპოვებ ამით. ჭირისუფალიც გულს იმშვიდებს აქაურობაზე ზრუნვით, თორემ რას შველის.

- მიცვალებულის შიში არასდროს გქონიათ?

- ზოგი ცოცხალი ბევრად საშიშია. ძალიან განვიცდი, როცა იმ ჭირისუფალს, რომელსაც უკვე შინაურად აღვიქვამ, რაღაც ემართება და მერე მის საფლავს ვუვლი... ერთ ქალს შვილი ჰყავდა გარდაცვლილი. თვითონ რომ გარდაიცვალა­, იმდენად ჩემად აღვიქვამდი, რომ კარგა ხანს ვერ ვეკარებოდი მის საფლავს. აქ ბევრი შვილმკვდარი დედა მოდის, ერთმანეთის ყველაფერი იციან, ტკივილი აერთიანებთ.

- მართალია, რომ აქ შვილმკვდარი დედა ცხოვრობდა?

- აქ იყო 24 საათი, თვეების განმავლობაში. ახლობლები ამოდიოდნენ, ხან ეფერებოდნენ, ხან ეჩხუბებოდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. სიკვდილი უნდოდა... ღმერთს მადლობა, რომ მოიკრიბა ძალა და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა.

- სასაფლაოზე როგორ აღმოჩნდით?

- ცხოვრებამ მომიყვანა. თავისუფალი გრაფიკი მჭირდებოდა, ჰოდა, მოვედი.

- ისე, რა პროფესიის ხართ?

- ქართული ენის სპეციალისტი, ფილოლოგი...

ყველაფერმა შეჩვევა იცისო, ამბობენ, მაგრამ ვერ მიეჩვევი იმას, რომ სხვისი ტკივილი არ გაიზიარო... სულის უკვდავების მჯერა, აქ ხედვები­ შემეცვალა... საფლავზე რომ გალობენ, იმდენად შემაძრწუნებელია, შესაძლოა მთელი დღე ემოციების ტყვეობას ვერ დააღწიო თავი. ყველაზე საშინელი ხმაა, მიწას რომ აყრიან, თავიდან იმდენად შემზარავი იყო, ყურებზე ხელს ვიფარებდი... ასეთი მომენტები ბევრ რაღაცაზე გაფიქრებს და ბევრ პრობლემას სულ სხვანაირად შევხედე. ვიღაც რომ უმნიშვნელო პრობლემებზე წუწუნებს, გეცინება... ვიღაც რომ უსამართლოდ გულს გტკენს, ესეც უმნიშვნელოდ გეჩვენება. ერთხელ ბიჭი ვნახე მეუღლის საფლავზე გაწოლილი. თავიდან გარდაცვლილი მეგონა. რომ მივუახლოვდი, იწვა და ტიროდა. როგორი სანახავია... ამის მნახველმა წვრილმან პრობლემებზე როგორ უნდა იწუწუნო...

- სიკვდილთან დამოკიდებულება თუ შეგეცვალათ?

- ადრე თუ მეშინოდა, ახლა შიში გამიქრა. მჯერა რომ სიკვდილი დასასრული არაა.

- სიცოცხლე რა არის?

- სანამ ცოცხალი ვართ, ყოველი წამი უნდა დავაფასოთ, არ უნდა დავიმძიმოთ ყოფა ამქვეყნიური დაბრკოლებების გამო.

- როდის ხართ ბედნიერი?

- შვილებს რომ ვუყურებ, მაშინ.

- ცხოვრებაში რა არის მთავარი?

- სიყვარულის მომრევი ძალა არ არსებობს, ის აკავშირებს ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ სამყაროებს.

P.S. სასაფლაოდან გამოსვლისას მესაფ­ლავეებს საფლავსა და საფლავს შორის ნარდი­ გაეშალათ და კამათელს აგორებდნენ.­ თითოს თითო გულშემატკივარი მისჯდომოდა გვერდით. მათ შემხედვარეს ისევ გოდერძი ჩოხელის სიტყვები გამახსენდა - მართლაც ადამიანად ყოფნის სევდაა სიცოცხლე.