„სვენმა მთელი გულით შეიყვარა საქართველო, პირველად სწორედ ამიტომ მომეწონა“
თამარ ლომიძე იმ ქართველი ქალების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც სამშობლო არ მიატოვეს და უცხო ქვეყანაში ცხოვრებას საქართველოში დარჩენა არჩიეს. მისი მეუღლე ნორვეგიელია, სვენ ვოგე, რომლისთვისაც საქართველო მეორე სამშობლოა და ამაში დიდი წვლილი სწორედ თამარს მიუძღვის.
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. პროფესიით ფილოლოგი ვარ. უნივერსიტეტი 1994 წელს დავამთავრე და ყველა განსაცდელი გამოვიარე, რომელიც იმ წლებში ჩვენს ხალხს შეხვდა. მოგეხსენებათ, ადამიანი ყოველთვის ეძებს ნორმალურ საარსებო გარემოს. მეც იმ პერიოდში დაფინანსება მოვიპოვე და ოსლოში სასწავლებლად წავედი. იქ კი უფრო გამიტაცა ხატვამ, რამდენიმე პროექტსა და კონკურსშიც ვმონაწილეობდი. სულ ხელოვანებში ვტრიალებდი და ასე გავიცანი მუსიკოსი სვენ ვოგე.
- ქართველ ქალებს ხშირად საყვედურობენ, უცხოელებზე თხოვდებიანო.
- ეს საყვედური მე არ მეკუთვნის, რადგან იმ პერიოდში ოჯახი უკვე მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა, არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე უცხოელს გავყვებოდი. სვენი რომ გავიცანი, მასთან მხოლოდ საქმე და მეგობრობა მაკავშირებდა. სვენს საქართველოში ჩამოსვლა უნდოდა, მაგრამ მაშინ აქ არც შუქი იყო, არც გაზი და, რასაკვირველია, ვინმეს ხელშეწყობა სჭირდებოდა. სვენი რამდენჯერმე ჩამოვიდა, მე ანსამბლ "ლაშარის" ბიჭები გავაცანი და დავეხმარე, რომ ჩვენი მუსიკალური საზოგადოება კარგად გაეცნო. მოხიბლული იყო ქართული პოლიფონიით, ქართულ ანსამბლებთან ერთად მღეროდა და თან დისერტაციას წერდა. ამასობაში ჩემი ოჯახური ვითარება უფრო დაიძაბა და ქმარს დავშორდი. სვენთან ისევ ვმეგობრობდი: დროდადრო მეც მიწევდა ნორვეგიაში ჩასვლა, ისიც ჩამოდიოდა და ასე, თანდათან დავახლოვდით. მაინც გამიკვირდა, როცა სიყვარულში გამომიტყდა. მეგონა, ვერ გავუგებდით ერთმანეთს და ორი წელი დამჭირდა, გადაწყვეტილება მიმეღო.
- როგორ გადაწყვიტეთ?
- სვენმა მთელი გულით შეიყვარა საქართველო. პირველად სწორედ ამიტომ მომეწონა. თავიდანვე ვუთხარი, რომ შვილი მყავდა და ნორვეგიაში საცხოვრებლად ვერ წავიდოდი. მაშინ მე ჩამოვალო და მართლაც გადმოვიდა საცხოვრებლად. 2000 წელს ხელი მოვაწერეთ, ერთ წელიწადში კი ჯვარიც დავიწერეთ და იმის შემდეგ ერთად ვართ. ბევრი პრობლემა გვქონია, მაგრამ სვენი ძალიან თბილი, კეთილი კაცია და ყველაფერი გადავლახეთ. ის შვილივით ზრდიდა ჩემს უფროს ვაჟს, რომელიც მაშინ 9 წლისა იყო. შოთიკო და სვენი საუკეთესო მეგობრები არიან. კიდევ კარგი, სვენს ეკონომიკური განათლებაც აქვს და სამსახურიც იშოვა, მერე ლუკაც შეგვეძინა\...
- ტურისტული კომპანიის შექმნა როგორ გადაწყვიტეთ?
- იდეა პირველად მე გამიჩნდა. სვენს გავუზიარე და მან, როგორც ნამდვილმა ნორვეგიელმა, კარგა ხანს იფიქრა. ბოლოს დამთანხმდა და Aასე შეიქმნა ჩვენი პატარა საოჯახო ტურისტული კომპანია. ოფისი ბოტანიკური ბაღის ახლოს ერთ ულამაზეს სახლში გვაქვს, საიდანაც მთელი თბილისი მოჩანს. აქვე გალერეაც გვაქვს, სადაც ხშირად იმართება კულტურული ღონისძიებები და ტურისტებსაც ვმასპინძლობთ. გალერეას "ნორ-გე" დავარქვით - "ნორვეგიისა" და "გეორგიას" შეერთება.
- ყველაზე მეტად რა თვისებები მოგწონთ ნორვეგიელებში?
- მომწონს, რომ თითქმის ყველა ზედმიწევნით მოწესრიგებული და კანონმორჩილია. ცუდია ის, რომ ნათესავებს და მეზობლებს შორის ცივი ურთიერთობაა. ამიტომ სვენი ხშირად ამბობს, საქართველოში სულ სხვაგვარი ნათესაობა და მეზობლობა იციანო. სხვათა შორის, მის ახლობლებს ძალიან გაუკვირდათ, როდესაც სვენმა თბილისში ცხოვრება გადაწყვიტა. ყველა ფიქრობდა, რომ მე წავიდოდი ნორვეგიაში, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი სამშობლო, სხვაგან ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
- აქაურმა ნათესავებმა ნორვეგიელ სიძეს თამადობაც ხომ არ დააწყებინეს?
- როგორ არა, თამადობა ხშირად უწევს, ღვინოს ყანწითაც სვამს და ძალიან უყვარს სადღეგრძელოებში რუსთაველის აფორიზმების მოყვანა. ქართულად კარგად ლაპარაკობს და მისი სადღეგრძელოები ყველას მოსწონს. ერთხელ სვანების ქორწილში წავიდა. 300-კაციანი სუფრა იყო და ჩემი ლუკა ხუმრობდა, მამა იქიდან რომ დაბრუნდება, სვენი კი არა, ნამდვილი სვანი იქნებაო. ზოგჯერ ნორვეგიელი არც გეგონება, თვითონაც Aამბობს, ეტყობა, წინა ცხოვრებაში მეგრელი ვიყავიო. ალბათ, იმიტომ, რომ მეგრული სიმღერები ძალიან უყვარს, თვითონაც ტკბილად მღერის, თუმცა სხვა კუთხის სიმღერებიც არანაკლებ მოსწონს. დისერტაციაც დაიცვა გურულ და კახურ სიმღერებზე და ხშირად ამბობს, რომ საქართველომ სულ სხვა ადამიანად აქცია. თავის გვარს კუთხეების მიხედვით გადააკეთებს ხოლმე: სამეგრელოში ვოგია ვარ, კახეთში - ვოგიაშვილი, ქართლში - ვოგიძე, ხოლო მთიულეთში - ვოგიაურიო. ამაზე ლუკას ეცინება და "ბრაკ" ნორვეგიელს ეძახის. ვფიქრობ, ჩემი მეუღლე კარგ საქმეს აკეთებს ქართული კულტურისთვის და მეც ვცდილობ მხარში ამოვუდგე. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიყვარულით ესაუბრება ტურისტებს, როგორ ასწავლის ქართულ სიმღერებს. ამჟამად ოსლოში თავისი ტრიო ჰყავს, რომელშიც ერთი ქართველი და ორი ნორვეგიელი მღერის. დისკებიც აქვთ გამოცემული და კონცერტებსაც ატარებენ.
- უმცროსი შვილი, ლუკა, ნორვეგიაში სწავლობს. ხომ არ აპირებს იქ დარჩენას?
- ლუკა ოსლოში ფიზიკას და ასტრონომიას სწავლობს, მაგრამ როგორც კი თავისუფალ დროს იხელთებს, მაშინვე აქ ჩამოდის, მისი სული და გული საქართველოშია.
ხათუნა ჩიგოგიძე