ქართველი დირიჟორი რომის კოლიზეუმის არენაზე - კვირის პალიტრა

ქართველი დირიჟორი რომის კოლიზეუმის არენაზე

"ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ კოლიზეუმის არენაზე გუნდის დირიჟორობა თუ ოდესმე მომიწევდა, არ ველოდი. მთელი მსოფლიოდან ჩამოსული სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები მშვიდობისთვის ერთად ლოცულობდნენ. ღმერთმა მშვიდობა მისცეს უკრაინას და მთელ მსოფლიოს", - წერს სოციალურ ქსელში ეკატერინე კაჭარავა.კოლიზეუმის არენაზე მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის ლიდერებსა და წარმომადგენლებთან კათოლიკური ორგანიზაცია წმინდა ეგიდიუსის თემის მშვიდობისთვის გამართულ ლოცვაზე ამავე საზოგადოების გუნდი სწორედ ეკატერინე კაჭარავას ხელმძღვანელობით წარდგა. ეკატერინე კაჭარავა, თავის დროზე, ეკლესიაში უშვილობით გამოწვეულმა განსაცდელმა მიიყვანა. ნანატრი შვილი - ლუკა 15 წლის შემდეგ, 2013 წელს შეეძინა. ის თავად გვიამბობს როგორი იყო მისი გზა სამეგრელოს ლამაზი სოფლიდან კოლიზეუმის არენამდე:

- ბავშვობა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში გავატარე. შემდეგ სასწავლებლად ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში გადავედი, ოჯახი შევქმენი და სწავლა თბილისის კონსერვატორიაში განვაგრძე. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ საოპერო გუნდი გერმანიაში ფესტივალზე მიიწვიეს, შემდეგ კონსერვატორიის საოპერო გუნდი საქართველოში დაბრუნდა, მე მთავარ ჯგუფს მოვწყდი და იტალიაში წამოვედი. მალევე ჩამოვიდა იტალიაში ჩემი მეუღლეც.

- რა ასაკიდან გალობდით?

- 22 წლიდან... როდესაც გიჭირს, ეკლესიაში მიდიხარ. შვილი არ მყავდა და ტაძარში ჩემი მისვლა ამ განსაცდელმა განაპირობა. გალობა სიონის საკათედრო ტაძარში დავიწყე. შაბათობით შვილმკვდარი დედებისთვის წირვა ტარდებოდა. უდიდესი ტკივილით მახსენდება, როგორ იყო იქაურობა გადაშავებული. კვირაობით საპატრიარქოს კარის ეკლესიაშიც ვგალობდი.

იტალიაში სამსახური რომ დავიწყე, ენა არ ვიცოდი და ერთი ქართველი გოგონას დახმარებით მართლმა­დიდებლურ რუსულ ტაძარში მივედი. რვა წელი ვიგალობე. ძველი სლავურიც ვისწავლე, ვმედავითნეობდი კიდეც. ტაძრის წინამძღვარი იყო მამა მიხაილ ოსორგინი, რომელიც პარიზში ცხოვრობდა­ და რომში ჩამოდიოდა. როგორც შვილს, ისე მეპყრობოდა, პარიზშიც დამპატიჟა. მითხრა, სანამ ჩამოხვალ, მოიფიქრე, სად წავიდეთო. არც დავფიქრებულვარ, ვუთხარი, ლევილის ქართულ სასაფლაოზე-მეთქი. გაეცინა, რა უცნაური ქართველი ხარ, პარიზში ჩამოდიხარ და პირველად სასაფლაოზე გსურს წასვლაო.

რუსულ ტაძარში მანამდე ვგალობდი, სანამ ქართული სამრევლო არ ჩამოყალიბდა. იქ გალობის პარალელურად ქართველების ტრიო შევქმენი. შემდეგ ტრიო კვარტეტი გახდა. რომში ცხოვრობს მამა გიორგი ხაჩიძე, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. ხუთშაბათობით პარაკლისები იყო, წირვებსაც ატარებდა და იქ ვგალობდი. არასოდეს დამავიწყდება ქართველების ცრემლიანი თვალები, ჩვენთან რომ მოდიოდნენ, თქვენ საქართველო გვაჩუქეთო. ერთხელ მეუფემ დამირეკა და მითხრა, რომში ქართული სამრევლოს წინამძღვრად მამა იოანე ხელაია ჩამოვა და დაეხმარეო. პირველ წლებში ყოველ კვირას სხვადასხვა ეკლესიაში ტაძრის თხოვებას ვითხოვდი, ქართული-წირვა ლოცვა რომ აღვლენილიყო ემიგრანტებისთვის.

- როგორ გახდით წმინდა ეგიდიუსის საზოგადოების გუნდის დირიჟორი?

- საზოგადოება 1968 წელს ჩამოყალ­იბდა. საქართველოშიც გვყავს ამ თემის წევრი კათოლიკეები. გუნდისთვის პროფესიონალი დირიჟორი სჭირდებოდათ, ამიტომაც მიმიწვიეს. მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, უამრავ რამეს აკეთებენ. რომში ცნობილია მათი სკოლა, სადაც იტალიურ ენას ასწავლიან. ამჟამად ექვსასი ქართველია ჩაწერილი. საზოგადოება ყოველ წელს ატარებს ლოცვას მშვიდობისთვის. ეს ტრადიცია იოანე პავლე II-ის კურთხევით დაამკვიდრეს. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და კონფესიის წარმომადგენლებს იწვევენ. ლოცვა სხვადასხვა ქალაქში ტარდება. პანდემიის გამო შარშანაც და წელსაც რომში გაიმართა. შარშან კოლიზეუმის გარეთ ვიყავით. თვით მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ჩამოვიდა. წელს იყო საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელმაც ძალიან ემოციური სიტყვა თქვა. ლოცვას რომის პაპიც დაესწრო.

კოლიზეუმის არენაზე მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავების კონცერტები იმართება, ეს კი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ლოცვა აღევლინა. მქონდა პატივი ამ გუნდთან ერთად რომის სხვადასხვა საკათედრო ტაძარში მედირიჟორა, მაგალითად, წმინდა პავლეს ბაზილიკაში.

ტაძარი, სადაც ამჟამად ვმუშაობ, სანტა მარია ინ ტრასტევერე, უძველესია. 2015 წელს ჩვენს ტაძარში ეთნომუსიკოლოგი გაგვეცნო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საგალობლებს სწავლობს. ქართული გალობით იმდენად მოიხიბლა, რომ თბილისშიც ჩამოვიდა კონსერვატორიაში ეთნომუსიკოლოგების საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად. მისი ორი მეგობარი რომის­ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და მათ მთხოვეს, გუნდი შევქმნათ, ჩვენი დირიჟორი იქნებიო. ასე შეიქმნა კიდევ ერთი ახალი გუნდი, სადაც წევრები სხვადასხვა­ ეროვნების ხალხია... ჩემი მეორე პროფესია ტურიზმია, რომში ტორ ვერგატას უნივერსიტეტში ლიტერატურა-ფილოსოფიის ფაკულტეტზე ხელოვნებათმცოდნეობისა და ტურიზმის განხრით ვსწავლობდი. ვცდილობ ჩამოსულ ქართველებს ჩემი თვალით დანახული რომი ვანახო.

- რომის პაპის დასაფლავებაზე იგალობეთ, სადაც მთელი მსოფლიოს პირველი პირები იმყოფებოდნენ.

- 2004 წელს რომში პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი იგეგმებოდა და საქართველოს ელჩმა ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონმა გადაწყვიტა, რომ იტალიურ გუნდს ქართული სიმღერები ემღერა და მე მთხოვა, მათთვის ქართული სიმღერები მესწავლებინა. მან წამიყვანა გუნდის დირიჟორ დონ პაბლო კოლინოსთან, რომელიც ბერი გახლდათ და ვატიკანში ცხოვრობდა. დაუვიწყარია შეგრძნება, როცა წმინდა პეტრეს ტაძარში ვგალობდი. როდესაც რომის პაპი გარდაიცვალა, მის დასაფლავებაზეც ვიგალობეთ. სილვიო ბერლუსკონიმ ნოტები გამოგვართვა, მეც უნდა ვიგალობოო. მართლაც დადგა და ჩვენთან ერთად გალობდა.

ძალიან მინდა დავგეგმო საქართველოში ტური, რათა ქართული გალობა შეისწავლონ, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა.