„ხომ უნდა ვიცოდეთ, როგორია ხაბეიშვილისა და მელიას ოცნებებში გაბრწყინებული საქართველო?“ - კვირის პალიტრა

„ხომ უნდა ვიცოდეთ, როგორია ხაბეიშვილისა და მელიას ოცნებებში გაბრწყინებული საქართველო?“

პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი "ნაციონალებს" პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს. როგორც ამბობს, სამოქმედო გეგმაც აქვს, თუ რა არის ამ ეტაპზე "ნაცმოძრაობისთვის" საჭირო. "ვამბობ, მეც მინდა, მართლა­ მინდა. შეიძლება ჩემი წინადადება უცნაურია, მაგრამ მე ხომ ვასაბუთებ, რისთვის მინდა ეს. ვამბობ, რა არის გასაკეთებელი, გეგმაც კი მაქვს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ოპოზიციური ერთიანობა, ან იყოს ფაბულა, რომელზეც დისკუსიის დაწყება შეიძლება", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

დეპუტატის ინიციატივას გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, და განაცხადა: "იმდენს იზამს ეს ხალხი, ისე გავბრაზდები, ავდგები და ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეობაზე". ბატონი რომანის აზრით, ამით ნამდვილად ეშველება ქვეყანას - ოლიგარქობაც მოისპობოდა და ეროვნული თანხმობის მთავრობაც შეიქმნებოდა "ნაცმოძრაობასთან ერთად". არც პატარა პარტიებს დატოვებდა ნაწყენს, ვახტანგ მეგრელიშვილს კი სულაც ვიცე-პრემიერად დანიშნავდა, როგორც რადიკალური ცვლილებების ინსპირატორს: "აბა, რომ არ გავბრაზებულიყავი, ხომ ვერ მოვაჯდებოდი­ "ქართულ ოცნებას"? ამაში წინა გამბრაზებლებსაც მიუძღვით წვლილი, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ბოლო წვეთია, სავსე ფიალიდან წყალი რომ გადმოიღვაროს".

"გირჩის" სხვა დეპუტატები ირწმუნებიან, რომ მეგრელიშვილმა იხუმრა, თუმცა თავად დეპუტატი ასე სულაც არ ფიქრობს. რას ფიქრობს სინამდვილეში მეგრელიშვილი და რა პერსპექტივა აქვს მის ინიციატივას, ამას თავად განგვიმარტავს:

- არ არსებობს ხუმრობა, რომელშიც ნახევარი მაინც არ არის სიმართლე. თქვენც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში, საპარლამენტო ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კონფლიქტია - კონფლიქტი ივანიშვილსა და სააკაშვილს, ასევე მათ პარტიებს შორის. თქვენ კი მეუბნებით, ხუმრობთო, მაგრამ ამ ამბის გამო პარალიზებულია საკანონმდებლო, პოლიტიკური პროცესი და ხელი ეშლება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. შეიძლება ეს ერთი შეხედვით არ ჩანდეს, მაგრამ მართლა აქამდეა საქმე მისული. თუ ადამიანი საკუთარი ქვეყნის გულშემატკივარი ხარ, პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღება უნდა გინდოდეს, ამისთვის კი საჭიროა ისეთი პიროვნებები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ პოლიტიკური პოზიციის, საკუთარი აზრის გამოხატვა და დასამალი არაფერი აქვთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პოლიტიკურმა პარტიებმა ახალი ფორმა მიიღონ.

- შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას შეცვლიდით "ნაციონალურ მოძრაობაში"?

- დღეს "ნაცმოძრაობა" პარალიზებულია, ჩიხშია. როგორც პარტია, აღარ არსებობს. ეს სააკაშვილის ფაქტორმა განაპირობა. ერთადერთი და უცვლელი ლიდერი მძიმე მდგომარეობაში ჰყავთ. ამ პარტიაში კონკურენცია იმაზე კი არ იყო, ხალხს ვინ მოეწონებოდა, არამედ იმაზე, თუ ვინ იქნებოდა ბელადთან ყველაზე ახლოს და კომფორტულად. ახლა სააკაშვილის მდგომარეობა ისეთია, იქით საჭიროებს დახმარებას. ამასთან, მის გასათავისუფლებლად პარტია უნდა იყოს ძლიერი.

"ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის კანდიდატები არიან ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ახლა ჭიაბერაშვილმაც გამოთქვა სურვილი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობენ, როგორ უყურებენ სამყაროს, რით განსხვავდება მათი შეხედულებები, რაში მდგომარეობს მათი პარტიული ლიდერობა, ვის ლიდერობენ. აქვთ მედიასაშუალებები­, სადაც მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ამიტომაც მინდა დავეხმარო, რომ დებატები გამართონ და საკუთარი პოზიციები ჩამოაყალიბონ. სხვა წესების მიხედვით უნდა დაიწყოს თამაში, რათა კოორდინაციისა და წარმატების შანსი გაუჩნდეთ 2024 წლის არჩევნებზე. მე რომ მქონდეს ამ დისკუსიაში ჩართვის შანსი, მათ რომ სერიოზულად შეხედონ ამ საქმეს, მე მართლა წარვადგენდი გეგმას, რომლის წყალობითაც, ჩემი აზრით, ეს პარტია ბევრად ეფექტური, ძლიერი იქნებოდა. რისი სჯერათ, ამაზეც ხომ უნდა დაიწყოს საუბარი. "ნაცმოძრაობის" პოლიტიკა ოდესღაც ერთი იყო, რიტორიკა - მეორე, ახლა საერთოდ გაუგებარია, დღევანდელ წევრებს რისი სჯერათ.

უნდა ვიცოდეთ სხვა პარტიების აზრიც, როგორ აპირებენ "ქართული ოცნების" დამარცხებას, მერე როგორი იქნება საქართველო. ხომ უნდა ვიცოდეთ, როგორია ხაბეიშვილისა და მელიას ოცნებებში გაბრწყინებული საქართველო? მე შეიძლება ტესტის როლი შევასრულო - იცით, ხალხო, გაძლიერებული საქართველო მასეთი კი არა, ასეთი უნდა იყოს! მერე საჭიროა, განვსაზღვროთ, ჩვენ ვინ ვართ. თუ სააკაშვილი სუბიექტური ან ობიექტური მიზეზებით პარტიას ჩამოსცილდება, "ნაცმოძრაობამ" საკუთარი თავი ხომ უნდა იპოვოს?! ეს სრულიად განსხვავებულ პასუხისმგებლობას აკისრებს ამ პარტიის პოლიტიკოსებს. აი, ეს არის მთელი ბექგრაუნდი რატომაც ვთქვი, ვიხუმრე თუ ნახევრად ვიხუმრე, მეც ჩავერთვები "ნაციონალების" თავმჯდომარის არჩევნებში-მეთქი. მართლა სიამოვნებით გავმართავდი "ნაციონალური მოძრაობის" ახალ პოლიტიკოსებთან დებატებს. მე ამ პარტიის არც მტერი ვარ და არც თავგადაკლული მომხრე. მიმაჩნია, რომ ის 500 000 კაცი, რომელიც ამ პარტიას მხარს უჭერს არჩევნებზე, იმსახურებს იცოდეს სიმართლე ლიდერების შესახებ.

- თქვენს ოცნებაში როგორია გაბრწყინებული საქართველო, ისეთივე, როგორც "გირჩის" სხვა წევრებს წარმოუდგენიათ?

- "გირჩი" ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებზე არაერთ საკითხზე შეუთანხმდა. არც მაშინ ვხუმრობდით და არც ახლა ვხუმრობ, როდესაც ვამბობ, რომ კარგი იქნება,­ ის გეგმა, რომელსაც ოპოზიციამ მაშინ მოაწერა ხელი, ახლა დავსახოთ სამოქმედო გეგმად.

- გოცირიძის ინიციატივაზე რას იტყვით?

- ეს ხუმრობით თუ მართლა?

- თავად განსაჯეთ. ალბათ, მანაც ისევე ორაზროვნად თქვა, როგორც თქვენ.

- სხვათა შორის, "ნაცმოძრაობას" ბატონი რომანი რომ აერჩია თავმჯდომარედ, გაცილებით იოლად გამოვიდოდა კრიზისიდან. თავმჯდომარეს საკუთარი პარტიის სწორად შეფასება, წარსულის დიაგნოზის ამომრჩევლისთვის გაცნობა უნდა შეეძლოს. ბატონი რომანი ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც სწორი ანალიზი და კრიზისიდან გამოსასვლელი გზის გამონახვა შეუძლია. ასეთი ადამიანების მონაწილეობა თავმჯდომარის არჩევნებში პარტიას კათარზისის საშუალებას, საზოგადოებას კი პოლიტიკური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგვცემდა.

- ეს გასაგებია, მაგრამ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე როგორ წარმოგიდგენიათ ბატონი რომანი?

- ძალიანაც კარგად. ნამდვილად არაფერს დაკარგავდა ამით "ქართული ოცნება". ბატონი რომანი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე და "ნაციონალურ მოძრაობაში" იმ პროცესის დაწყება, რაზეც უკვე ვისაუბრე, იდეალური ვარიანტია ქართული პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის. მე თანახმა ვარ.

ხათუნა ბახტურიძე