ბუქარესტის სამიტიდან ბუქარესტის მინისტერიალამდე - კვირის პალიტრა

ბუქარესტის სამიტიდან ბუქარესტის მინისტერიალამდე

"არ შეიძლება იყოს ხანგრძლივი მშვიდობა, თუ ჩაგვრა და ავტოკრატია ჯაბნის თავისუფლებასა და დემოკრატიას. არ შეიძლება იყოს ხანგრძლივი მშვიდობა თუ აგრესორი გაიმარჯვებს", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალზე, რომელიც ბუქარესტში 29-30 ნოემბერს გაიმართა. მეორე მესიჯი კი ის იყო, რომ ნატო გააძლიერებს ნატოს არაწევრი ქვეყნების მხარდაჭერას, რადგან რუსეთი სწორედ ამ მიმართულებით ქმნის საფრთხეებს. ცხადია, მინისტერიალის მთავარი თემა იყო რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც უკვე მეათე თვეა მიმდინარეობს და მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის, უპირველესად კი ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს. სწორედ ამის გამო გაამახვილა ყურადღება მინისტერიალზე ნატომ საქართველოზე, ბოსნიასა და მოლდოვაზე, რომლებსაც რუსეთის აგრესია გამორჩეულ გამოწვევებს უქმნის. შესაბამისად, ნატოს ბუქარესტის მინისტერიალის შედეგები ასეთია:

უკრაინა. უკრაინას, საქართველოსგან განსხვავებით, ნატოში გაწევრებაზე განაცხადი გაკეთებული აქვს სწორედ იმ დღეს, როდესაც რუსეთმა მისი 4 ოკუპირებული რეგიონის ანექსია გამოაცხადა. მას შემდეგ უკრაინამ ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი გაათავისუფლა, მაგრამ მინისტერიალზე უკრაინის წევრობაზე არაფერი თქმულა და ისევ მხოლოდ დაპირებაა. სტოლტენბერგის განცხადებით ცხადი შეიქნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრების საკითხის განხილვას ალიანსი ჯერ არ გეგმავს. "მთავარი ფოკუსი დღეს უკრაინის დახმარებაა. ჩვენ შუა ომში ვართ და ისეთი არაფერი უნდა გავაკეთოთ, რასაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს მოკავშირეების ერთიანობას [უკრაინის] სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებაში", - ასეთი იყო მისი პასუხი ამ საკითხზე 29 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ. აშშ კი აქცენტს უკრაინის დახმარებასა და მხარდაჭერაზე აკეთებს. "კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ალიანსის გაძლიერებას", - თქვა ენტონი­ ბლინკენმა იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს და დასძინა, რომ უკრაინა წინ მიიწევს.

ცნობისთვის: აშშ უკრაინის მთავარი მხარდამჭერია. კიევმა ვაშინგტონისგან მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარება მიიღო - სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თანხამ 19.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ნატოს გაფართოება. ბუქარესტის მინისტერიალზე ბლინკენმა და სტოლტენბერგმა გამოწვევებზეც ისაუბრეს. თქვეს, რომ დღეს ნატო გაცილებით ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ნატოს გაძლიერებასა და საფრთხეებთან გამკლავების პარალელურად, დგება გაფართოების, კერძოდ, უკრაინის გაწევრების საკითხი. მეორე მიმართულებაა ფინეთისა და შვედეთის გაწევრება. ნატომ ივნისში მადრიდის სამიტზე­ ორივე ქვეყანა ოფიციალურად მიიწვია ალიანსში გასაწევრებლად. ამ ეტაპზე ამ საკითხის რატიფიცირება წევრ სახელმწიფოთა შორის მხოლოდ თურქეთსა და უნგრეთს არ მოუხდენია. შვედეთ-ფინეთის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრების შედეგები დადებითია და მოლაპარაკება გრძელდება.

საქართველო და ნატო. "თუკი ისინი უფრო დაცული იქნებიან, ჩვენც უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით" - ეს განცხადება სტოლტენბერგმა ბუქარესტში მინისტრების სამიტის წინ, დისკუსიის დროს განაცხადა და ცხადია, მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ეს ითქვა იმ კონტექსტში, თუ რა მნიშვნელობა აქვს ნატოს იმ არაწევრი ქვეყნების დაცულობას, რომელთაც რუსეთი საფრთხეს უქმნის, კერძოდ, საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. ცხადია, მათ შორის პირველი­ საქართველოა. სწორედ ბუქარესტში, მაგრამ არა მინისტერიალის, ნატოს 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც ველოდით მაპ-ს, მაგრამ მივიღეთ მხოლოდ წევრობის დაპირება, რუსეთი საქართველოს თავს დაესხა და მას შემდეგ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს.

სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინის ომმა ამ სამ ქვეყანასთან "პარტნიორობა უფრო მნიშვნელოვანი გახადა" და გააჩინა მეტი დახმარების საჭიროება, რადგან საქართველო, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა კვლავაც დგანან "რუსეთის წნეხის, დაშინებისა და აგრესიის" პირისპირ. შესაბამისად, იბადება კითხვა, თუ რა დახმარებასა და მხარდაჭერაზეა ლაპარაკი. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრძანა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები კვლავაც ერთგული არიან ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრებას ითვალისწინებს. ასეთივე დაპირება იყო 2008 წელსაც, რაც არ აღმოჩნდა რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორი. ახლა რუსული აგრესიის უშუალო თუ არაპირდაპირი საფრთხის წინაშე არიან მოლდოვაც და ბოსნიაც. ანალიტიკოსთა შეფასებით, მაშინ, როცა ალიანსისთვის ევროპაში უსაფრთხოების ქოლგის გაფართოება არც ისე ადვილია, ნატო განიხილავს გზებს, თუ როგორ შეიძლება ამ ქვეყნების დახმარება. საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს ნატოს წევრი სახელმწიფოების პირველ დიპლომატებთან. შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ მხარეებმა განიხილეს ის გზები, რომლებითაც ალიანსს მათი მხარდაჭერა შეუძლია პოლიტიკურ, ენერგეტიკულ და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრა მიზნად ისახავდა "ევროპის კონტინენტზე მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ეს ასევე არის ნიშანი... თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობა არა მარტო თავად ნატოს წევრ ქვეყნებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც". ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით კი მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს "რუხი ზონები", რომლებზეც კონტროლს სხვა ძალები მოიპოვებენ. კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას არც ნატო ავრცელებს და არც საქართველო. სტოლტენბერგის თქმით, გაღრმავებული "პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული" თანამშრომლობა ნატო-საქართველოს "არსებით პაკეტს" დაეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ბელგიაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი­ ნატოს გენმდივანს შეხვდა, სადაც, საქა­რთველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ პრაქტიკული თანა­მშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ქართული მხარის განცხადებით, დახმარება გამიზნულია "საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრებისთვის".

საინტერესოა ისიც, რომ ამავე შეხვედრაზე განიხილეს სწორედ "არსებითი პაკეტით პრაქტიკული დახმარებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ალიანსის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობა". ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში ბულგარელი ექსპერტების მონაწილეობაზე, თავდაცვის სამინისტრომ კი 29 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მალე ქართული ჯარი ქვეყნის სამსახურში ნატოს სტანდარტების შესაბამის ბაზებში იმსახურებს".

თორნიკე შარაშენიძე, GIPA-ს პროფესორი: - უკრაინისთვის რასაც აკეთებენ, დღეს მეტს ვერაფერს გააკეთებენ და არ მესმის, რატომ ჰგონია ვინმეს, რომ ნატო პირდაპირ ომში ჩაერთვება რუსეთთან და ამით მესამე მსოფლიო ომს დაიწყებს? რასაც აკეთებს, იმაზე მეტის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ გააგრძელებს უკრაინის­ მომარაგებას და ეს არის არსებითი. სხვა საკითხია, თუ რითი მოამარაგებს. ჯერჯერობით, "პეტრიოტებს" არ აძლევენ, რადგან არ არის იოლი. სამაგიეროდ კვლავინდებურად მიაწვდიან არტილერიას. ვფიქრობ, რუსეთის გამოფიტვაზე აქვთ გათვლა, რომ თავად რუსეთში რაღაც შეიცვლება. მაგრამ ანექსირებული ტერიტორიის სრულად უკან დაბრუნება მაინც არ გამოვა. მგონი, ამის სერიოზულად არც არავის სჯერა.

რაც შეეხება საქართველოს, თუ უნდათ ჩვენი დაცვა, მიგვიღონ და ამით მორჩება ყველაფერი. ბურთი მათ მოედანზეა. არავინ დაიჯეროს ზღაპარი, რომ საქართველო უფრო არ არის მზად და უფრო ჩამორჩენილია, ვიდრე, მაგალითად, მონტენეგრო, რომელიც მიიღეს. მიიღეს იმიტომ, რომ მისი მიღება იოლი იყო, საქართველოსი კი გაცილებით ძნელია, რადგან თბილისის ახლოს რუსული ჯარი დგას. მიღების ამდენი ხნით გაჭიანურება იმითაც არის ცუდი, რომ შესაძლოა სკეპტიციზმი გააჩინოს. თუმცა, მეორე მხრივ, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის, ამყარებს რწმენას, რომ ნატოს ალტერნატივა არ გააჩნია და უნდა დაველოდოთ. სხვა გზა არ არის.

რუსა მაჩაიძე