„დეპოლარიზაციისთვის კონკურენტული გარემოს შექმნაა მთავარი“ - კვირის პალიტრა

„დეპოლარიზაციისთვის კონკურენტული გარემოს შექმნაა მთავარი“

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პუნქტიდან პარლამენტმა რამდენიმესთან დაკავშირებული კანონპროექტები უკვე მიიღო მესამე მოსმენით. თუმცა ჯერ არაფერს ამბობენ დეპოლარიზაციის საკითხზე. საინტერესოა ისიც, რომ დეპოლარიზაციის საკითხზე კონსულტაციების გამართვაც რამდენჯერმე სცადეს. ჯერ კიდევ შარშან, რამდენიმე თვით ადრე, სანამ ევროკავშირი ამ საკითხს 12 პუნქტში შეიტანდა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დეპოლარიზაციის საკითხზე პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრებს გამართავდა. ამ საკითხზე მუდმივად აპელირებს საერთაშორისო საზოგადოებაც და ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეხვედრაც კი გაიმართა. თუმცა გარდა იმისა, რომ აუცილებელია დეპოლარიზაცია, არაფერი თქმულა. არსებულ ვითარებაში რა შანსია დეპოლარიზაციის და რა უნდა გაკეთდეს, რომ თუნდაც ბიძგის მიმცემი გახდეს პროცესისთვის, საკმარისი იქნება თუ არა რაიმე კანონის მიღება და რა უნდა მოხდეს, რომ ქართულ პოლიტიკაში სიტყვა "პოლარიზაცია" აქტუალური აღარ იყოს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

- რთული საკითხია, რადგან პოლარიზაცია დღეს და გუშინ არ დაწყებულა. შეიძლება ითქვას, როგორც კი ეროვნული მოძრაობა გამოვიდა ასპარეზზე, იმ მომენტიდანვე დაიწყო პოლარიზაცია ჯერ იმჟამინდელ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, მერე თავად ეროვნულ მოძრაობაში.­ ამ ყველაფერს ძალიან ღრმა ფესვები აქვს. აღარაფერს ვამბობ იმ ისტორიულ მონაკვეთზე, რომლის შემსწრეებიც ვართ, როდესაც ცოლი ქმარს აღარ ელაპარაკება, ძმა ძმას და მამა - შვილს. ამიტომაც ამას ვერავითარი კანონი ვერ უშველის, რადგან უამრავ სფეროს მოიცავს. ერთადერთი, რამაც შეიძლება პოლარიზაცია კონკურენციაში გადაიყვანოს, არის სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა. სამართლებრივი სახელმწიფო არ გულისხმობს­ მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს. მას უამრავი შემადგენელი აქვს. ჩვენ ვერასდროს შევძელით მართლაც რეალური და ფუნდამენტური რეფორმის გატარება, ინსტიტუტების ჩამოყალიბება, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია. ამიტომ ვტრიალებთ წრეზე, ამიტომ არის პოლარიზაცია და აქედან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა, რაც, ვიმეორებ, პოლარიზაციას კონკურენციაში გადაიყვანს. ამიტომ ერთ კანონში ამის მოქცევა ვერ მოხერხდება.

- სიტყვა "პოლარიზაცია" რომ აღარ იყოს აქტუალური, რა უნდა ვქნათ? სამართლებრივი­ სახელმწიფოს შექმნა როგორ მოხერხდება, თუ ერთმანეთს არ დაველაპარაკებით?

- სიტყვა "პოლარიზაციის" გაქრობა-არგაქრობაზე არ არის ლაპარაკი. ეს თავისთავად მოხდება, როდესაც სამართლებრივი სახელმწიფო გვექნება. დღეს პრობლემა ისაა, რომ საზოგადოებაა პოლარიზებული. ერთი ნაწილი მეორეს მიიჩნევს მტრად, ხელისუფლება ოპოზიციას, და ოპოზიცია კი ხელისუფლებას აცხადებს მტრად. ამის მოსპობას სჭირდება სწორედ სამართლებრივი სახელმწიფო. მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებზე ხომ არ არის ლაპარაკი, საზოგადოებას უნდა გაუჩნდეს ერთმანეთის ნდობა, ერთმანეთს მტრად აღარ უნდა აღიქვამდნენ. შესაძლოა დღეს საზოგადოება ერთმანეთთან ისე აღარ არის დაპირისპირებული, როგორც იმ ავბედით დროს, რაც ზემოთ ვახსენე, მაგრამ საზოგადოებაში არ არის კონკურენციის განცდა. თუ მასთან არა ხარ, მისი მტერი ხარ და არა კონკურენტი.

ხელისუფლებაში მოსული გუნდი ისევ და ისევ რეპრესიებს მიმართავს, რადგან ქვეყანაში სამართალი არ არის. როდესაც სამართალსა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ, ისიც უნდა ვიკითხოთ, არსებობს თუ არა სამართლებრივი­ სახელმწიფო. დიახ, ლიდერები დასხდებიან და ილაპარაკებენ, შეიძლება შეთანხმდნენ კიდეც, მაგრამ ლიდერების იქით რაც ხდება, ის არის პრობლემა. ამის კარგი მაჩვენებელია ის, რომ საზოგადოების ერთი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობა", მეორისთვის კი "ქართული ოცნება". თუ ამ ორივე­ კატეგორიას გადააჭარბებს საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება ორივე, მაშინ კიდევ შეიძლება რადიკალიზება შესუსტდეს. საჭიროა რეალური რეფორმები, მაგრამ იქნება თუ არა, კაცმა არ იცის. ყოველ შემთხვევაში, ეს დღემდე არ მომხდარა, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, "ნაცმოძრაობის" მომხრეები მუდმივად ამბობენ, რომ მათ შექმნეს სახელმწიფო, მაგრამ ეს იყო სახელმწიფო სამართლის­ გარეშე. მანამდე საბჭოთა კავშირი იყო სამართლის გარეშე სახელმწიფო და "ქართულმა ოცნებამაც" ეს გზა გააგრძელა.

- ამ ვითარებაში არის სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის შანსი?

- არა. უბედურებაც­ ის არის, რომ არ ჩანს ისეთი პოლი­ტ­იკური ძალა, რომელიც ფიქრობს სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაზე. სხვა საკითხია, რომ სათქმელად ადვილია დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა, მაგრამ რეალურად ეს ძალიან რთული და მტკივნეული საკითხია...

- "ნაცმოძრაობის" მომხრეებისთვის დღეს სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვებაა მთავარი. ხელისუფლება­ ამაზე რომ დათანხმდეს, შეიძლება ეს გახდეს პოლარიზაციის შემცირებისთვის ბიძგის მიმცემი?

- არა, არა. სულ სხვა პრობლემაა პოლარიზაცია და სააკაშვილის გაშვება-არგაშვება თუ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნება ვერაფერს შეცვლის. თუ მართლაც გვსურს დეპოლარიზაცია, პროცესი კონკურენციაში უნდა გადავიდეს. ორი პარტიაა ამერიკაში და ვინმე იტყვის, რომ იქ პროცესი პოლარიზებულია? ტრამპმა კი სცადა ეს, მაგრამ რა გამოუვიდა, კარგად ვნახეთ. იმიტომ, რომ ამერიკა სამართლებრივი სახელმწიფოა და სამართლიანი სასამართლო აქვს. საარჩევნო პროცესიც ძალიან განსხვავებულია, იქ კონკურენციაა და რაც სადავოა, პოლარიზაციის მიზეზი კი არ ხდება, სასამართლო გადაწყვეტს დავას. იქ სასამართლოს ენდობიან და სხვა ინსტიტუტებიც მუშაობენ. ამიტომ როგორც კი სცადა ტრამპმა ვითარების პოლარიზაციაში გადაყვანა, იქვე აღკვეთეს და დამთავრდა. მოკლედ რომ ვთქვათ, დეპოლარიზაციისთვის კონკურენტული გარემოს შექმნაა მთავარი. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენთან საზოგადოებაა პოლარიზებული. მხოლოდ პოლიტიკური ელიტა რომ იყოს, ამას ეშველებოდა, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნებოდა. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: შეხედეთ, რა ხდება "ნაცმოძრაობაში". მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება ეს პროცესი, პოლარიზაცია იქნება თუ კონკურენცია. ეს ძალიან არსებითია. უკვე დაიწყეს ლაპარაკი, რომ თურმე ვიღაცას რაღაცა დაუმალავს და კარტები გაიხსნება... საზოგადოება აცნობიერებს, რომ არასამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს და რატომ არ უნდა მოიქცეს ისე, როგორც იქცევა. ერთადერთი გზა, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემა თუ ჭირი აღმოიფხვრას და ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს, აუცილებელია სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა.

რუსა მაჩაიძე