რუსეთის გე-ერ-უს ორი აგენტი თბილისში...
საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლინდა საქართველოში მოქმედი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ორი ოფიცერი, რომლებიც დიპლომატის სტატუსით მოქმედებდნენ და მოქმედებენ თბილისში.
საქართველოში ათწლეულებია აქტიურად მოქმედებენ სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები და ეს დიდი ხანია საიდუმლო აღარ არის. მათ შორის არიან როგორც არალეგალურად მოქმედი აგენტები, ისე დიპლომატის ხელშეუხებელ სტატუსს ამოფარებულნიც.
თუკი არალეგალი მზვერავების გამოვლენა ძალზე ძნელია, დიპლომატი-მზვერავების ამოცნობა არცთუ ისე რთულია, თუმცა სპეცსამსახურები განაგრძობენ საერთაშორისო დიპლომატიური წესებით თამაშს და დიპლომატის სტატუსის მქონე მზვერავებს ქვეყნიდან არ აძევებენ, თუ, რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელნი მართლაც გასაოცარ თავხედობას არ ჩაიდენენ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ფარული სადაზვერვო საქმიანობისას.
დიპლომატი-მზვერავები საქართველოში ყველა იმ მეგობარ თუ ნაკლებად მეგობარ ქვეყანას ჰყავს, რომლებსაც საელჩოები და საკონსულოები აქვთ თბილისში, მაგრამ არის ერთი მეზობელი დიდი ქვეყანა, რომლის საელჩო კარგა ხანია დახურულია, მაგრამ მაინც განაგრძობს სადაზვერვო საქმიანობას საქართველოში დიპლომატის სტატუსს ამოფარებული თანამშრომლებით.
დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ რუსეთის ფედერაცია ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ტექნიკური და აგენტურული დაზვერვის საშუალებით მუდმივად ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია დედაქალაქ თბილისშიც, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის ფედერაციის საელჩოს დახურვის გამო რუს დიპლომატ-მზვერავებს ფარული საქმიანობა გაუჭირდათ.
2008 წლის 2 სექტემბერს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიუხედავად, მოსკოვმა გამოსავალი გამონახა და თბილისში დიპლომატი-მზვერავები გამოგზავნა.
საქმე ისაა, რომ 2009 წლის მარტში საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია გაიხსნა (ანალოგიური სექცია მოსკოვშიც გაიხსნა შვეიცარიის საელჩოში რუსეთში საქართველოს ინტერესების გასატარებლად), რომელიც ისევ რუსეთის საელჩოს შენობაში განთავსდა, ვაკის პარკთან, და მუშაობა განაახლეს რუსმა დიპლომატებმა, ოღონდ შემცირებული რაოდენობით.
The Insider-ი ცნობილი საერთაშორისო ინტერნეტგამოცემაა, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებს სხვადასხვა, მათ შორის სპეცსამსახურების საქმიანობაზეც.
2 დეკემბერს ამ ანგარიშგასაწევი ინტერნეტგამოცემის გვერდზე გავრცელდა ძალზე საინტერესო ჟურნალისტური გამოძიების შედეგი, რომელიც გვიამბობს მოსკოვის ერთ-ერთი კორპუსის ბინადართა ამბავს. ისინი იქ ცოლების გვარებით ამოფარებული ცხოვრობენ, რადგან... მზვერავები არიან და ცდილობენ კონსპირაცია შეინარჩუნონ.
ჟურნალისტურ გამოძიებაში გაშიფრულია ზოგიერთი იმ რუსი მზვერავის ვინაობაც, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არალეგალურად ან დიპლომატის პასპორტს ამოფარებული მუშაობენ, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა იმ კორპუსის ორი მობინადრის გვარი. ისინი უშუალოდ უკავშირდებიან საქართველოს, კერძოდ, თბილისს...
როგორც ნათქვამია The Insider-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში, გასულ წლამდე საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში პირველი მდივნის დიპლომატიურ თანამდებობას ამოფარებული მუშაობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (რომელსაც მანამდე მთავარი სადაზვერვო სამმართველო გე-ერ-უ ეწოდებოდა) პოლკოვნიკი ევგენი შიპილოვი. მას დამთავრებული აქვს რუსეთის სამხედრო-დიპლომატიური აკადემია (რუსი სამხედრო მზვერავების "სამჭედლო") და ლიეტუვაშიც წაიმუშავა დიპლომატის სტატუსით, მაგრამ თავისი ძირითადი პროფესიით...
პოლკოვნიკ შიპილოვის თბილისში თავხედურ სადაზვერვო მოქმედებებზე საქმე თურმე კინაღამ დიპლომატიურ სკანდალამდე მისულა - The Insider-ის საინფორმაციო წყაროს მტკიცებით, საქართველოს პარლამენტში თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის "დიპლომატი" რუსი პოლკოვნიკი ისე თავხედურად ეწეოდა სადაზვერვო საქმიანობას, თითქოს თავი სახლში ეგონაო, რის გამოც მოსკოვში სპეციალურად ჩაფრენილმა შვეიცარიის დაზვერვის ხელმძღვანელმა ჟან-ფილიპ გოდენმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს მოსთხოვა პოლკოვნიკ შიპილოვის სასწრაფო გაწვევა თბილისიდან, რათა მას არ შეებღალა შვეიცარიის საელჩოს სახელი.
პოლკოვნიკი შიპილოვი მართალია გაიწვიეს, სანაცვლოდ კი გამოგვიგზავნეს გე-ერ-უს ახალი რეზიდენტი, პოდპოლკოვნიკი სერგეი ჟემჩუჟნიკოვი, რომელიც ახლაც ჩვენს დედაქალაქში ბრძანდება დიპლომატის პასპორტით დაცული და ხელშეუხებელ პირად ითვლება საერთაშორისო დიპლომატიური წესების გათვალისწინებით, თუკი საქმეზე არ წაასწრეს და პერსონა ნონ გრატად არ გამოაცხადეს. საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში მხოლოდ 13 რუსი დიპლომატი მუშაობს, თუმცა ვაკეში რუსეთის საელჩოს შენობის ფანჯრების უმეტესობა მაინც გაჩახჩახებულია, ჩანს, გახურებული მუშაობაა, მაგრამ რა მიმართულებით და ვის საწინააღმდეგოდ?