ბახმუტი რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე ცხელი წერტილია - კვირის პალიტრა

ბახმუტი რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე ცხელი წერტილია

სანამ უკრაინელები ლუგანსკის მიმართულებაზე, კრემენოე-სვატოვოს ფრონტის ხაზზე, შეტევებით ნელ-ნელა წინ მიიწევენ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის გასათავისუფლებლად, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან რუსი ოკუპანტების ძლიერი შეტევების მოგერიება უწევთ. რუსეთ-უკრაინის ომის 1 100 კმ-ზე მეტი სიგრძის საერთო ფრონტის ხაზზე დღესდღეობით ყველაზე ცხელი წერტილი სწორედ ქალაქ ბახმუტის მისადგომებია.

რამდენიმე თვეა რუსი ოკუპანტები განსაკუთრებული სიჯიუტით ცდილობენ ამ უკრაინული ქალაქის აღებას, რასაც ათასობით ჯარისკაცი შეაკლეს. რაში სჭირდება კრემლს ამხელა მსხვერპლის გაღება ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ამ პატარა უკრაინული ქალაქის დასაპყრობად, რისთვისაც ბახმუტი თითქმის მეორე მსოფლიო ომის დროინდელ სტალინგრადს დაამსგავსა დაუნდობელი დაბომბვებით? საგულისხმოა, რომ რუსი ოკუპანტები საფრონტო ინფორმაციაში არც ახსენებენ ბახმუტს, მას მხოლოდ საბჭოთადროინდელი სახელით - არტემიევსკით მოიხსენიებენ.

სინამდვილეში კი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდინარე ბახმუტზე ჯერ კიდევ 1571 წელს აშენდა ციხესიმაგრე, რომელსაც 1783 წელს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

ბოლშევიკების გამარჯვების შემდგომ ბახმუტი 1924 წელს არტემიევსკად გადანათლეს და ის ამ სახელს 2016 წლამდე ატარებდა, სანამ უკრაინის ხელისუფლებამ ისტორიული სახელი არ დაუბრუნა.

1941 წლის 1-ლი ნოემბრიდან 1943 წლის 5 სექტემბრამდე ბახმუტი გერმანიის არმიას ჰქონდა ოკუპირებული, ხოლო 1951 წელს იქ გაიხსნა შამპანურის ქარხანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში შუშხუნა ღვინოების მსხვილ მწარმოებლად გადაიქცა.

დონბასში პრორუსი სეპარატისტების გააქტიურების შემდგომ, 2014 წლის 12 აპრილიდან 6 ივლისამდე, დაპყრობილი ჰქონდათ ბახმუტი, სანამ ის უკრაინის არმიამ არ გაათავისუფლა.

რვა წლის შემდეგ ომი კვლავ მიადგა ბახმუტს, რის გამოც 70 ათასი მცხოვრებიდან ქალაქში 15 ათასიც აღარ დარჩა. ახლა მათ უდიდესი საფრთხე ემუქრება, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო ინტენსიური დაბომბვით ცდილობენ ბახმუტიდან უკრაინელი სამხედროების გაყრას.

რატომ სჭირდება ასე ძალიან რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ბახმუტის აღება? საქმე ის არის, რომ ბახმუტიდან მიემართება გზები დონეცკის ორი დიდი ქალაქისკენ - კრამატორსკისა და სლავიანსკისკენ, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს და რომელთა აღების გარეშე რუსეთის ფედერაციას "მიერთებული" ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა კრემლისთვის არასრულფასოვანია.

1-ლი აგვისტოდან დღემდე რუსი ოკუპანტები განსაკუთრებული აქტიურობით უტევენ ბახმუტს, მაგრამ ოთხთავიანი ცდის მიუხედავად, საწადელს ვერ მიაღწიეს.

სექტემბრის შემდეგ რუსეთის არმიის ერთმანეთის მიყოლებით ოკუპირებული ბალაკლეიდან, იზიუმიდან, კუპიანსკიდან და ხერსონიდან გაქცევის გამო კრემლს სასწრაფოდ სჭირდება მრავალმილიონიანი რუსი საზოგადოების დასანახავად პატარა საინფორმაციო გამარჯვება მაინც, რისთვისაც ძალ-ღონეს არ იშურებს. ბახმუტზე შეტევებისთვის მობილიზებული ჰყავთ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" საუკეთესო რაზმები, რომლებიც საბრძოლო ეფექტიანობით ბევრად აღემატებიან რუსეთის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელ დანაყოფებს.

ამასთან, "ვაგნერის" მეთაურობა იყენებს ტაქტიკას, როდესაც შეტევაზე წინ უშვებს ახალმობილიზებულ ნაკლებად გამოცდილ რეზერვისტებს. მათ უკრაინელი სამხედროები ზუსტი ცეცხლით ანადგურებენ, სამაგიეროდ "ვაგნერელები" ამით გამოავლენენ უკრაინელების საცეცხლე პოზიციებს და მათ დაბომბვას იწყებენ - ანუ "ვაგნერი" მობილიზებულ ჯარისკაცებს "საზარბაზნე ხორცად" იყენებს.

უკრაინის გენშტაბში არ მალავენ, რომ ბახმუტის დამცველებს ძალიან უჭირთ და მოწინააღმდეგე ფრონტის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შეტევის ინიციატივას ფლობს, რისთვისაც არ უშინდება დიდ დანაკარგსაც კი. არც ისაა გამორიცხული, რომ უკრაინის არმიის შენაერთებმა ქალაქი ბახმუტი დათმონ, ტაქტიკური გადაჯგუფება მოახდინონ და ახალი თავდაცვითი ზღუდეები დაიკავონ კრამატორსკისა და სლავიანსკის დასაცავად...

მოამზადა ირაკლი ალადაშვილმა