"100 ათასი დაღუპული უკრაინელი მებრძოლი“ - ევროპელი პოლიტიკოსის საბედისწერო შეცდომა...
ურსულა ფონ დერ ლაიენი გერმანიიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შვიდი შვილის დედა, ერთ-ერთი ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსია, რომელიც დღეს ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზეა და აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში.
მისი ერთ-ერთი ბოლო ოფიციალური განცხადებაც იმას ემსახურებოდა, რომ მსოფლიოსთვის დაენახვებინა, თუ რა მძიმე დანაკარგი მიაყენა უკრაინას პუტინის რუსეთის თავდასხმამ.
"რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საშინელი დანაშაულისთვის... გაეროს მხარდაჭერით უნდა შეიქმნას სპეციალური სასამართლო, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის დანაშაულებს გამოიძიებს. რუსული აგრესიის შედეგად დღეისათვის უკრაინის 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე და 100 ათასზე მეტი სამხედრო დაიღუპა", - ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადების ამ ბოლო ნაწილმა კი დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია კიევში, რადგან უკრაინელები კატეგორიულად აცხადებენ, რომ მათი საბრძოლო დანაკარგი პირად შემადგენლობაში 12-13 ათასამდეა და მხოლოდ რუსული პროპაგანდა თუ ცდილობს ამ ციფრის 100 ათასამდე ხელოვნურად გაზრდას.
ურსულა ფონ დერ ლაიენს მალევე მოუწია მობოდიშება და იმის დაზუსტება, რომ 100-ათასიან უკრაინულ დანაკარგში დაღუპულების გარდა დაჭრილებს, დაშავებულებს და ტყვედ ჩავარდნილებსაც გულისხმობდა.
თავისდა უნებურად, უკრაინის მხარდამჭერმა მაღალი თანამდებობის ევროპელმა პოლიტიკოსმა რუსი პროპაგანდისტების წისქვილზე დაასხა წყალი, მაგრამ რამდენად შეესაბამება რეალობას თავად უკრაინის მხარის მტკიცებაც, რომ მხოლოდ 13 ათასამდე დაღუპული ჰყავთ, ხოლო რუსი ოკუპანტების დანაკარგმა 90 ათასს გადააჭარბა და წლის ბოლოს 100 ათასს გაუტოლდება?
ეტყობა, სიმართლე სადღაც შუაშია - უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, მესაზღვრეების, ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და საპოლიციო დანაყოფების საბრძოლო დანაკარგი მხოლოდ დაღუპულების სახით განვლილი ცხრა თვის ომის განმავლობაში 13 ათასზე მეტი იქნება და შეიძლება 25-30 ათასის ფარგლებშიც იყოს.
იმის გათვალისწინებით, რომ სტატისტიკურად ბრძოლებში ერთ დაღუპულზე საშუალოდ სამ დაჭრილს გულისხმობენ (სანიტარული დროებითი დანაკარგი), გამოდის, ევროკომისიის ხელმძღვანელი ძალიან არ შემცდარა. მხოლოდ თავიდანვე უნდა დაეზუსტებინა, რომ 100-ათასიან დანაკარგში ის დაღუპულების გარდა დაჭრილებსაც გულისხმობდა.
უკრაინელების არ იყოს, რუსებიც მალავენ პირადი შემადგენლობის დანაკარგს და მხოლოდ 10 ათასამდე დაღუპულს თუ აღიარებენ, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება უკრაინის გენშტაბის მტკიცებას, რომ 90 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტი გაანადგურეს.
რეალობა აქაც სადღაც შუაშია და ცხრათვიანი ომის შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების, როსგვარდიის, "ვაგნერის", "კადიროველებისა" და დონბასელი სეპარატისტების მხოლოდ დაღუპულთა საერთო რიცხვი 45-50 ათასამდე უნდა ადიოდეს, ხოლო დაჭრილთა კი 140 ათასს სცილდებოდეს.ეს ციფრებიც გარკვეულწილად პირობითია, რადგან თუკი ბრძოლის ველზე აფეთქებული სამხედრო ტექნიკის დათვლა მეტ-ნაკლები სიზუსტით შეიძლება, დაღუპულებისა და დაჭრილების ზუსტი ციფრის გამოთვლა ამ მეთოდით შეუძლებელია. არადა, მოწინააღმდეგე მხარეები თვალისჩინივით უფრთხილდებიან თავიანთი არმიების საბრძოლო დანაკარგის რეალურ სტატისტიკას, განსაკუთრებულად ასაიდუმლოებენ, რადგან ომის დროს მოწინააღმდეგის რეალური საბრძოლო დანაკარგის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება უდიდესი მიღწევაა ნებისმიერი ქვეყნის დაზვერვისთვის, რადგან ამ მონაცემების გაანალიზებით შეიძლება ომის ბედის შეცვლა.