უახლესი ბირთვული ბომბდამშენით ამერიკა რუსეთს მიანიშნებს... - კვირის პალიტრა

უახლესი ბირთვული ბომბდამშენით ამერიკა რუსეთს მიანიშნებს...

2 დეკემბერს აშშ-ში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები და ავიაციის მოყვარულები ბოლო წლებია მოუთმენლად ელოდნენ - პენტაგონმა ფარდა ახადა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ანგარში მდგარ მეექვსე თაობის ულტრათანამედროვე „უხილავ“ ბომბდამშენ B-21 Raider-ს.

მიუხედავად იმისა, რომ მასმედიას ახალი ბომბდამშენის გადაღების უფლება მხოლოდ წინა, ცხვირის ნაწილიდან მისცეს, გასაგები გახდა, რომ B-21 Raider-ი კარგად ცნობილი, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული "სტელსის" B-2 Spirit-ის შემცირებული ვარიანტია და თუკი ეს უკანასკნელი 2 მლრდ დოლარამდე ღირს, ახალი ბომბდამშენის ფასი 600-800 მლნ დოლარს არ უნდა გასცდეს.

მაგრამ მთავარია არა ფასი, არამედ ის ულტრათანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც „რეიდერში“ ჩაიდო და მას როგორც ჩვეულებრივი, ისე თერმობირთვული იარაღის შორ მანძილზე და ზეზუსტად გამოყენების საშუალებას აძლევს როგორც პილოტირებულ, ისე დისტანციურად მართვის რეჟიმში.

დღეისათვის B-21 Raider-ი ყველაზე თანამედროვე საბრძოლო საფრენი აპარატია, რომლის საჰაერო ნათლობა მომავალ წელს უნდა შედგეს.

დაგეგმილია 150-მდე მეექვსე თაობის "უხილავი" ბომბდამშენის აწყობა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა შეიძლება დიდი კორექტირება შეიტანოს პენტაგონის ამ გათვლებში - თავის დროზე B-2 Spirit-ის დამზადებასაც არანაკლებ ასი ერთეულის ოდენობით აპირებდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თეთრმა სახლმა არხეინად იგრძნო თავი და მხოლოდ ორი ათეული „მოჩვენება“ შეუკვეთა.

ახლაც, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ გაგრძელდება ომი უკრაინაში, ძალიან შეცვლის აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ გათვლებს - თუ რუსეთმა გაიმარჯვა, მსოფლიოში უკიდურესად დაიძაბება სიტუაცია, გაიზრდება ბირთვული ომის საფრთხე და პენტაგონი დააჩქარებს B-21 Raider-ის სერიულ წარმოებას, ხოლო თუ ამ ომიდან კრემლი დასუსტებული გამოვიდა და მოუწია ოკუპირებული მიწების დატოვებამ უკრაინაში (და იმედია, არა მარტო უკრაინაში), მაშინ რუსეთმა შეიძლება საბჭოთა კავშირის ბედი გაიზიაროს და დასავლეთს იმაზე მოუწიოს დარდმა, რა უყოს რუსულ ბირთვულ იარაღს, რომ ის არ ჩაუვარდეს ხელში დაშლილი რუსეთის ადგილზე აღმოცენებულ პატარ-პატარა რესპუბლიკებს, მათ შორის კადიროვის ჩეჩნეთისმაგვარებს...

"სტელსის" ტექნოლოგიით შექმნილ B-21 Raider-ის ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს პენტაგონი ჯერ კიდევ საიდუმლოდ ინახავს, ფარდაახდილი ბომბდამშენის მხოლოდ ერთი რაკურსიდან დანახვის შემდეგ კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ისიც "მფრინავი ფრთის" კონსტრუქციისაა და აღჭურვილია ფიუზელაჟში „ჩაძირული“ ოთხი ტურბორეაქტიული ძრავით.

ეტყობა, მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, რაც ბომბდამშენი საცდელ ფრენას დაიწყებს."სტელსის" ტექნოლოგიის გამოყენება კი იმაზე მიუთითებს, რომ პენტაგონის სტრატეგიულ საბრძოლო გეგმებში მომავალშიც წამყვან ადგილს დაიკავებს სავარაუდო მოწინააღმდეგის სტრატეგიულ ობიექტებთან ამ ბომბდამშენების რაც შეიძლება მალულად მიფრენა (რათა მოწინააღმდეგის რადიოლოკატორებმა ადრეულად ვერ აღმოაჩინონ) და შესაძლებელი იყოს ჩვეულებრივი ან თერმობირთვულიანი პლანირებადი საავიაციო ბომბებითა და მართვადი რაკეტებით ზეზუსტი საჰაერო დარტყმების მიყენება, მათ შორის მიწაში ღრმად განთავსებული და კარგად დაცული ბუნკერების განადგურება.