"გიგა ამბობდა, რუსთავი მაშინ იქნება ქალაქი, ბიჭი რომ გოგოს ეტყვის, თეატრთან მოდიო..." - უდიდესი ხელოვანების შექმნილი რუსთავის თეატრის 55 წლის იუბილე
"...საუბარი იყო უფროსი და ახალგაზრდა თაობის მსახიობთა დაპირისპირებაზეც. ამას ისიც ემატებოდა, რომ იმ პერიოდში თეატრიდან წავიდნენ: სოფიკო ჭიაურელი, ლია ელიავა, ედიშერ მაღალაშვილი, ვანო საყვარელიძე. თეატრში მძიმე ურთიერთდაპირისპირების ატმოსფერო იყო. არსებული ვითარების გამო, მარჯანიშვილის თეატრი დატოვა გიგა ლორთქიფანიძემ და მასთან ერთად, რუსთავის თეატრი ოცზე მეტმა მსახიობმა დააარსა... მოგვიანებით მათ ქართული სცენის კორიფე - აკაკი ვასაძე შეუერთდა..."
30 ნოემბერს რუსთავის თეატრს 55 წელი შეუსრულდა.
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის დაარსების 55 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა... საიუბილეო საღამო გოგი ქავთარაძის სახელობის შემოქმედებითი სივრცის გახსნით და პირველი სპექტაკლის - ,,სირანო დე ბერჟერაკის“ კოსტიუმების გამოფენით გაიხსნა. მოგვიანებით კი უიდიდ დარბაზში საიუბილეო საღამო გაიმართა, რომელშიც რუსთავის თეატრის მსახიობებთან ერთად სახელმწიფო ანსამბლი ,,რუსთავი“ და ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ...
თეატრის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით "კვირის პალიტრა" ესაუბრა მათ, ვინც ამ თეატრის დაფუძნებაში, განვითარებასა და ფუნქციონირებაში დიდი წვლილი შეიტანა...
ქეთევან კიკნაძე, მსახიობი:
- 1967 წლის 30 ნოემბერს პირველად გაიხსნა ფარდა ქალაქ რუსთავში... თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ რუსთავი არც ქალაქი, არც დაბა, სოფელი იყო... ახლად იქმნებოდა მუშათა ქალაქი... რუსთავში მაცხოვრებლები სოფლიდან გადმოასახლეს, რადგან მუშახელი სჭირდებოდათ. თავიანთ სოფლებზე უთხრეს, აქ ვერც გაზს, წყალს, ელექტროენერგიას მოგცემთ და ჯობია, რუსთავში ჩაგასახლოთო. მართლაც ასე მოხდა.. და იქ თეატრის შექმნა განსაკუთრებული ამბავი იყო. ახალი კულტურის კერა იქმნებოდა!
ქალაქ რუსთავის საბჭოს ხელმძღვანელმა, გვარად ხარბედიამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ ქალაქის თეატრის ჩამოყალიბებაში. შენობა გაარემონტა და გააკეთა ისე, როგორც ნამდვილ თეატრს შეეფერებოდა... მსახიობებს ძალიან ხელს უწყობდა, ყველა მათგანს ბინა დაურიგდა. გიგას თამადობით და თაოსნობით, მარჯანიშვილის თეატრიდან წამოსული 20 არტისტი რუსთავში წავედით... მერე, რასაკვირველია, დასი გაიზარდა, ახალი კურსდამთავრებულები შემოემატნენ. ნიჭიერ მსახიობებს ეძებდნენ და ასე, თანდათან, თეატრი ნამდვილი კულტურის კერა გახდა! ამიტომაც მართლაც ისტორიული თარიღია - 1967 წლის 30 ნოემბერი.
- ადვილი არ იქნებოდა თეატრის შექმნა იქ, სადაც მანამდე კულტურის დაწესებულება არ არსებობდა...
- სხვათა შორის, მსახიობებმა ძალიან დიდი გაჭირვება გამოვიარეთ, რადგან დილიდან საღამომდე იქ გვიწევდა ყოფნა, საშინელი გზა იყო, ასფალტი არ იყო დაგებული და ერთი საათი ჩასვლას, იმდენივე კი - ჩამოსვლას სჭირდებოდა. საღამოს კიდევ, სპექტაკლზე თუ მიდიოდი, მხოლოდ ერთ დღეში, ოთხი საათი გზაში გიწევდა ყოფნა... ამიტომაც, დილით რომ რეპეტიციაზე გავდიოდით, საღამოს თუ სპექტაკლი იყო, იქ ვრჩებოდით... მაშინ საგრიმიოროები პირველ სართულზე იყო და ვიღაც რომ დააკაკუნებდა ხოლმე, ხან ხაჭაპური შემოჰქონდათ, ხან - რა. ვინ იყო ეს ღვთისნიერი ხალხი, როგორი მოწადინებულები იყვნენ, ასე სითბო გამოეხატათ...
საგულისხმოა, როდესაც დარბაზში პირველად შევედით, სცენას, პარტერს ვათვალიერებდით, მსახიობმა რეზო ხუბუამ თქვა, რა ბედნიერი იქნება ის ადამიანი, რომელიც ჩვენგან პირველი წავაო... და მართლაც, პირველი რეზო ხუბუა წავიდა... ეს ძალიან დიდი ტრავმა იყო ჩვენთვის. ჩვენ შორის განსაკუთრებული ენთუზიაზმით სავსე ადამიანი გამოგვაკლდა. ძალიან დიდი ინტერესით ვიყავით ერთმანეთის მიმართ, რომ ყველა ჩვენგანი ფორმაში და საუკეთესო ყოფილიყო. ერთმანეთს ხელს ძალიან ვუწყობდით...გიგა ამბობდა, რუსთავი ქალაქი მაშინ იქნება, როდესაც ბიჭი გოგოს ეტყვის - თეატრთან მოდიო... ეს ასეც ხდება თანდათან.
საოცარი ის არის, როგორც მაყურებელმა შეუწყო ხელი თეატრის არსებობას, ასევე - თეატრმა წამოსწია და გაზარდა მაყურებელი... იყო სპექტაკლები, როდესაც პარტერში უცნაური ხალხი შემოდიოდა. არ იცოდნენ თეატრში მოქცევა. დღეს ამას ვეღარ ნახავთ... იყო შემთხვევები, როდესაც ლუდის ბოთლებით, ბატი-ბუტებით შემოდიოდნენ, დღეს ასეც აღარავინ იქცევა.
მე უაღრესად მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების, ასე რომ უერთგულეს თეატრს და დღევანდელ დღემდე მოიტანეს... თეატრი ისეთი ორგანიზმია, ხან კარგი სპექტაკლი იქნება, ხან საშუალო, ხან ასეთი, ხან - ისეთი, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს! მთავარია, თეატრი არსებობს და ითვლება, რომ წარმატებული თეატრია... ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, მარჯანიშვილის თეატრში რომ მივედი და როცა 50 წლისთავი გადაიხადეს, მეჩვენებოდა, რა ამბავია, 50 წელი გასულა-თქო... ახლა, როდესაც რუსთავის თეატრი 55 წლისაა, მეჩვენება, რომ ეს გუშინ დაიწყო... "კალია გადახტა მინდორს" - აი, ასეთი ტემპით...
ძალიან ამაყი ვარ, რომ ეს თეატრი არსებობს, გიგას სახელობისაა და არსებობს წარმატებულად!"
რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - სოსო ნემსაძე:
- რუსთავის თეატრმა 2022 წელს, საიუბილეო სეზონზე, 100-ზე მეტი ღონისძიება გამართა, რომელიც გაიხსნა მუსიკალური დრამით - "კუკარაჩა" და ცოტა ხნის წინ, კომედიის თეატრალური ფესტივალით დასრულდა... მთელი წელი იყო დატვირთული, გასტროლი გვქონდა, კომედიის თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, ასევე, პრემიერები, შეხვედრები, მასტერკლასები და ასეთი აქტიური, თამამად შემიძლია ვთქვა, საქართველოში არც ერთი თეატრი არ ყოფილა...
მოგეხსენებათ, რუსთავის თეატრი 55 წლის წინ შეიქმნა და მაშინდელი მსახიობებიდან დღეს კვლავ აქ არიან - ლეო ანთაძე, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯემალ მაზიაშვილი, ირაკლი ბექაია, ნათელა მუხულიშვილი... თეატრის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღოდა - თამარ სხირტლაძეს. პირველი გვეწერა სიაში, ჩვენი სტუმარი რომ ყოფილიყო საიუბილეო საღამოზე და მისმა გარდაცვალებამ ძალიან გვატკინა გული... საიუბილეო საღამოს დაესწრო ქალბატონი ქეთევან კიკნაძე, რომელიც ძალიან მხნედ გამოიყურება და განსაკუთრებით სასიხარულო იყო ჩვენთვის მისი მობრძანება. მსურს, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო მას!
რუსთავის თეატრს სულ რაღაც 55-წლიანი ისტორია აქვს, როდესაც ჩვენ საქართველოში გვაქვს თეატრები, რომლებიც 150 წელს ითვლის... თუმცა დროის ამ მცირე მონაკვეთში მან ძალიან მდიდარი ისტორია დააგროვა იმ კუთხით, რომ თავის დროზე გამორჩეული რეჟისორის - გიგა ლორთქიფანიძის მიერ შეიქმნა და მის დაფუძნებაში მონაწილეობა მიიღეს იმ მსახიობებმა, რომლებიც შემდეგ ქართული ხელოვნების ვარსკვლავებად იქცნენ...
თეატრს ძალიან საინტერესო რეპერტუარი ჰქონდა, საინტერესო სპექტაკლები და ხშირად მაყურებელი თბილისიდან რუსთავში ჩადიოდა... ცნობილ და ბევრისათვის საყვარელ სპექტაკლს - "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" სატელევიზიო მაყურებელი ხომ უამრავი ჰყავდა და სანახავად თეატრშიც ბევრი მოდიოდა.
გიგა ლორთქიფანიძის შემდეგ ღირსეულად გააგრძელეს ტრადიციები და აქ მოღვაწეობდა ისეთი რეჟისორი, როგორიც გახლდათ - ანზორ ქუთათელაძე... მან, ფაქტობრივად, მსახიობებისგან დაცლილი თეატრი შეინარჩუნა, ახალ ეტაპზე გადაიყვანა. გარკვეული პერიოდი მუშაობდა რეჟისორი - თამაზ მესხი და მანაც ბევრი შეძლო...
- თეატრს კრიზისული პერიოდებიც ჰქონდა...
- დიახ, კრიზისული პერიოდის შემდეგ, 1990-იანი წლების ბოლოს, თეატრში მოვიდა ბატონი გოგი ქავთარაძე და მან, ფაქტობრივად, ხელახლა შექმნა თეატრის რეპერტუარი, თეატრს მაყურებელი დაუბრუნა... ისეთი რეპერტუარი შექმნა, რომელიც იმ პერიოდში მაყურებელს ძალიან მოიზიდავდა, რაც უმნიშვნელოვანესი იყო...
შემდეგ ეტაპზე ძალიან სერიოზული ჩავარდნა იყო, რადგან როცა გოგი ქავთარაძე თეატრიდან წავიდა, მასაც გაჰყვა მსახიობების ნაწილი. თეატრი კოლაფსურ მდგომარეობამდე მივიდა. შემდეგ თეატრში არა ერთი სხვა რეჟისორი მივიდა, გაუთავებელი უთანხმოება იყო რეჟისორებსა და მსახიობებს შორის. ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია და მაყურებელი თითქმის დაიკარგა. სახელმწიფო, დრამატული თეატრი ეწოდებოდა და ეს სტატუსი დაკარგა, შემდეგ იყო - შპს რუსთავის თეატრი და ამჯერად, მუნიციპალური თეატრია...
დღეს კარგად რომ წარვმართოთ შემოქმედებითი პროცესი, ეს მდგომარეობა ხელს ნაკლებად გვიშლის, ქალაქის მერიისგან დიდი მხარდაჭერაა, კარგად ვთანამშრომლობთ და მაყურებელი იმდენად მოწადინებულია, ფესტივალზე ერთი ბილეთიც აღარ იყო დარჩენილი...
გუბაზ მეგრელიძე, თეატრმცოდნე:
- საქმე ისაა, რომ მარჯანიშვილის თეატრის მაშინდელი დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის - გიგა ლორთქიფანიძის მუშაობით უკმაყოფილო უფროსი თაობის მსახიობები - ვერიკო ანჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი, მივიდნენ ჯერ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანთან - დევი სტურუასთან, შემდგომ კი - პირველ მდივან ვასილ მჟავანაძესთან და შექმნილი ვითარება აუწყეს. მათი პოზიციით, თეატრის უფროსი თაობის მსახიობთა ნაწილი (გრ.კოსტავა, ს.თაყაიშვილი, აკ.კვანტალიანი, ი.ტრიპოლსკი, თ.თეთრაძე, ნ.ჭილაძე (დირექტორის მოადგილე), დ.ჭიჭინაძე), უკმაყოფილო იყო გიგა ლორთქიფანიძის მუშაობით და საქმეში ჩარევას ითხოვდნენ. საკითხის განხილვა ვასილ მჟავანაძემ კულტურის სამინისტროს კოლეგიას დაავალა.
1967 წ. 27 იანვარს შედგა საქართველოს კულტურის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებული სხდომა, რომელიც მიეძღვნა მარჯანიშვილის თეატრში არსებულ კრიზისს. მდგომარეობა თუ არ გამოსწორდებოდა, ვასო გოძიაშვილი თეატრიდან წასვლას აპირებდა, რადგან მისი აზრით, კარგი სპექტაკლები არ იდგმებოდა. იყო საუბარი უფროსი და ახალგაზრდა მსახიობების დაპირისპირებაზეც. ამას ისიც ემატებოდა, რომ იმ პერიოდში თეატრიდან წავიდნენ: სოფიკო ჭიაურელი, ლია ელიავა, ედიშერ მაღალაშვილი, ვანო საყვარელიძე. თეატრში მძიმე ურთიერთდაპირისპირების ატმოსფერო იყო. არსებული ვითარების გამო, გიგა ლორთქიფანიძემ თეატრი დატოვა და მასთან ერთად, ოცზე მეტმა მსახიობმა რუსთავის თეატრი დააარსა... მოგვიანებით მათ ქართული სცენის კორიფე - აკაკი ვასაძე შეუერთდა.
რუსთავში სახელმწიფო თეატრი არ არსებობდა. იმხანად, ქალაქის ხელმძღვანელი იყო პიროვნება, გვარად ხარბედია, რომელმაც თეატრის დაარსებას ხელი ძალიან შეუწყო. რუსთავში იმდენად საინტერესო თეატრი შეიქმნა, რომ პრემიერებზე ხელოვნების მოღვაწენი თბილისიდან ჩადიოდნენ... მათ შორის მეც ვიყავი, რადგან დედას, ცნობილ თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძეს დავყავდი.
1967 წლის 30 ნოემბერს თეატრი გაიხსნა ე. როსტანის რომანტიკული დრამით - "სირანო დე ბერჟერაკი”, რომელსაც მოჰყვა ვ.კოროსტილიოვის "ასი წლის შემდეგ" და მ.გორკის "ფსკერზე".
მნიშვნელოვანი იყო 1969 წლის წარმატებული გასტროლები მოსკოვში. ამის შემდეგ, შემოქმედებითი კრიზისის გამო, გიგა ლორთქიფანიძემ თეატრი დატოვა. 1970-71 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი სერგო ზაქარიაძე იყო, დირექტორი და მთავარი რეჟისორი კი - იურა კაკულია. ერთი სეზონის შემდეგ, გ. ლორთქიფანიძე კვლავ დაუბუნდა თეატრს და ჩვეული ენერგიით განაგრძო მუშაობა.
1975 წელს, მარჯანიშვილის თეატრში არსებული კრიზისის გამო, გიგა ლორთქიფანიძე და წამყვან მსახიობთა ჯგუფი თბილისში დაბრუნდა, მსახიობების ნაწილი კი რუსთავში დარჩა.
სასიხარულოა, რომ ახლახან თეატრის დაარსების 55 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა.
(სპეციალურად საიტისთვის)