რუსეთის არმიას გაუჭირდა - საბრძოლო ტექნიკა სირიიდან უკრაინის ფრონტზე გადააქვს... - კვირის პალიტრა

რუსეთის არმიას გაუჭირდა - საბრძოლო ტექნიკა სირიიდან უკრაინის ფრონტზე გადააქვს...

ორ ფრონტზე ბრძოლა, მით უმეტეს, თუკი საბრძოლო მოქმედების ეს თეატრები ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრითაა დაშორებული, აშშ-საც კი გაუჭირდა ერაყისა და ავღანეთის ერთდროული კამპანიების დროს.

უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთი, რომელმაც წელს, 24 თებერვალს, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ იმის ფონზე, რომ 2015 წლიდან სამხედრო ოპერაციას ახორციელებს სირიაში.

გასაგებია, რომ კრემლში ბლიცკრიგისა და უკრაინის მალევე დამორჩილების იმედზე იყვნენ და ამიტომაც სირიიდან რუსული სამხედრო კონტინგენტი, თავისი საბრძოლო შეიარაღებით, არ გამოიყვანეს უკრაინაზე თავდასხმის წინ.

მაგრამ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომის მეათე თვე და რუსეთის საოკუპაციო ძალებს სერიოზულად გაუჭირდათ უკრაინის ფრონტზე, არა მარტო შეტევით, არამედ - თავდაცვით ბრძოლებშიც კი, რასაც დაემატა დიდი მსხვერპლი პირად შემადგენლობაში და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შედარებით თანამედროვე საბრძოლო ტექნიკაში მნიშვნელოვანი დანაკარგები.

არადა, სირიაში, რუსეთის სამხედრო კონტინგენტის არსენალში, ყველაზე ახალი შეიარაღებაა თავმოყრილი, დამრტყმელი შვეულმფრენების, საბრძოლო თვითმფრინავებისა თუ საზენიტო-სარაკეტო სისტემების სახით, რომლებიც უკრაინის ფრონტზე ჰაერივით სჭირდებათ რუს ოკუპანტებს.

ისრაელის მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა ისრაელის ხელისუფლებას სთხოვეს, მათ ხელი არ შეუშალონ სირიიდან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმ „სტრატეგიული შეიარაღების“ გადასროლის პროცესში, რომელსაც აქამდე სირიაში რუსული სამხედრო კონტინგენტი იყენებდა...

2-siria-1670227103.jpg
რუს სამხედროებს შეიძლება სირიაში დარჩენა ერჩივნოთ, ვიდრე - უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩენა...

„სტრატეგიულ შეიარაღებაში“ რუსეთი შეიძლება გულისხმობდეს თავის დროზე სირიაში ჩატანილ „ს-400“ ტიპის თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემას, „ისკანდერ-მ“-ის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსებს, „ბასტიონის“ სანაპირო დაცვის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას, მძლავრ რადიოლოკაციურ სადგურებს, ასევე - „კა-52“, „მი-28“ ტიპის დამრტყმელ შვეულმფრენებსა და „სუ-35ს“ ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს.

ამ რუსული საბრძოლო ტექნიკის რიცხოვნობა არც თუ დიდია სირიაში, მაგრამ ეტყობა, უკრაინის ფრონტზე რუსეთის საოკუპაციო ძალები შედარებით თანამედროვე შეიარაღების ისეთ დეფიციტს განიცდიან, რომ სირიიდანაც დაიწყეს მათი გაზიდვა, უკრაინაში საბრძოლველად....

რაც შეეხება ისრაელს და, ასევე, თურქეთს, მათი ხელისუფალნი, პირიქით, დიდი სიხარულით შეხვდებიან იმ ფაქტს, რომ რუსეთს ბაშარ ასადის სირიიდან თანამედროვე შეირაღება გააქვს - ისრაელის პილოტები უფრო გაბედულად დაბომბავენ სირიის იმ ობიექტებს, სადაც ირანელები რაკეტებს აწყობენ, ისევე, როგორც თურქები - სირიელი ქურთების პოზიციებს.

დღეისათვის რუსეთს სირიაში არანაკლებ სამი სამხედრო ბაზა აქვს - ჰმეიმიმში სამხედრო-საჰაერო, ტარტუსში სამხედრო-საზღვაო და ელ-კამიშლიში (თურქეთის საზღვართან) - საშვეულმფრენო, ხოლო შაირატისა და ტიასის აეროდრომებს კი საჭიროებისამებრ იყენებს.

სირიაში რუსეთის სამხედრო სიძლიერის შემცირება, ბუნებრივია, გავლენას მოახდენს კრემლის სტრატეგიულ ჩანაფიქრზე, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გაზრდის თაობაზე ანუ გამოდის, რომ უკრაინა ამ თავგანწირული ომით იცავს არა მარტო ევროპას, რუსეთის შესაძლო, მომავალი აგრესიისგან, არამედ - ისრაელისა და თურქეთის ინტერესებისთვისაც კი იბრძვის, ისევე, როგორც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული მოლდოვასა და საქართველოს ნაწილების დეოკუპაციის იმედის გაზრდისთვისაც...