„მალე ჩვენს ეზო-ყურეს წაბლის ბაღებიც დაამშვენებს“ - კვირის პალიტრა

„მალე ჩვენს ეზო-ყურეს წაბლის ბაღებიც დაამშვენებს“

წაბლი, ეს გემრიელი პროდუქტი, ჩვენში ჯერ კიდევ სათანადოდ არ დაფასებულა - მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის მატება უცხოეთში მის მიმართ ინტერესის ზრდაზე მეტყველებს. მათ შორის იტალიელებისა, რომელთაც ქართულ წაბლს სამეგრელოში დაფუძნებული თხილის კომპანიის წყალობით მიაგნეს და სენაკელებს წაბლის შენახვა და გადამუშავება ასწავლეს. გამოცდილება აჭარაშიც გაიზიარეს და წაბლის ექსპორტი ნელ-ნელა აქაც დაიწყო. მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ წაბლის ხეების გაშენება ორმაგად სასარგებლოა - ერთი მხრივ, წაბლის თაფლის წარმოებისთვის, მეორე მხრივ კი წაბლის ექსპორტისთვის.

ასე რომ, რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, ბოლო წლებში საქართველოდან წაბლის ექსპორტი ნელ-ნელა იმატებს. მართალია, ჯერ არა ბაღების, არამედ წაბლის ტყეების ხარჯზე, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახალი საექსპორტო პროდუქტი გაჩნდა. რა თქმა უნდა, ეს საქმე იმ ადამიანებს ეყრდნობა, რომლებიც სამეგრელოს, გურიისა და აჭარის ტყეებში წაბლს აგროვებენ. იმავდროულად, წაბლი საქართველოს სხვა კუთხეების ტყეებშიც არის, ფაქტობრივად, ყველგან. წაბლი შემოდგომაზე, სექტემბრის ბოლო რიცხვებიდან ოქტომბრის ჩათვლით გროვდება. წაბლის შემგროვებლებს შორის არის ქალბატონი მალვინა კაიკაციშვილი, ოღონდ ის წაბლს არა ექსპორტიორებისთვის, არამედ თავისთვის აგროვებს და გასაყიდად ბათუმის, ზოგჯერ კი თბილისის ბაზარზე გააქვს.

- ალბათ, თქვენს უფროს თაობას გაუკვირდებოდა, რომ აჭარის თუ სხვა კუთხეების წაბლი საექსპორტოდ იგზავნება. ეს კარგია თქვენნაირი ინდივიდუალური მწარმოებლებისთვისაც, რადგან პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზეც აეწია ფასი.

- კი, ასეა. ქობულეთის ტყეში, სოფლებში, წაბლის ტყე ბევრგან არის და, რა თქმა უნდა, სეზონზე ვაგროვებთ, თან ვყიდით კიდეც, მაგრამ ისეთი ფასი წაბლს, როგორიც ბოლო წლებში აქვს, მართლა არასოდეს ჰქონია. მოთხოვნაც ძალიან დიდია, რამდენიც უნდა მიიტანო ჩასაბარებლად, ყველას ჩაიბარებენ. ამიტომ ახლა უფრო ბევრი ხალხი დადის ტყეში შესაგროვებლად, ვიდრე წლების წინ დადიოდა. როდესაც შრომობ და ამ შრომაში ფულს იღებ, საქმე არ გეზარება. თუმცა მე მირჩევნია ჩემი შეგროვებული წაბლი თვითონ გავყიდო. თითქმის ორჯერ მეტ ფასს ვიღებ და ეს მიღირს, მით უფრო, შვილები მეხმარებიან შეგროვებაში და ცოტა არ გამოგვდის. საბედნიეროდ, ჩვენს ტყეებში წაბლი გადარჩა, არ გახმა, თორემ ყველგან დაავადდა.

- ქართული წაბლი, ბზისგან განსხვავებით, გამძლე აღმოჩნდა, დაავადებას "თავი დააღწია" და ექსპორტზეც კი გავიდა, რაც ყველასთვის სასარგებლოა.

- წაბლის ჩაბარება ჩვენთან დაახლოებით 7-8 წლის წინ დაიწყო. მაშინ არც მჯეროდა, რომ წაბლს მართლა სხვადასხვა ქვეყანაში ითხოვდნენ. ვიფიქრე, ამდენი წაბლი ვის რად უნდა-მეთქი, მაგრამ ერთხანს თავად ვიმუშავე წაბლის ჩაბარებაზე და მიკვირდა, რამდენს აბარებდნენ. ჩვენი წაბლი იგზავნება აზერბაიჯანში, სომხეთსა და იტალიაში. როგორც ვიცი, იქ ფქვავენ და ბავშვების საკვებად იყენებენ. სწორედ ასე გავიგე, რომ წაბლის დაფქვა და ბავშვებისთვის ფაფის მოდუღება შეიძლება. მე დიდი საფქვავი არა მაქვს და ბევრს ვერ დავფქვავ, მაგრამ წაბლი გავარჩიე, დავამტვრიე და პატარა ყავის საფქვავით დავფქვი. ჩემი სამი წლის შვილიშვილის ფაფა რომ მოვუხარშე, იმდენად მოეწონა, მინდა გავახარო და ზოგჯერ ისევ ვუდუღებ. თუმცა ყავის საფქვავში წაბლის დაფქვა ნამდვილად წვალებაა.

- როგორც ვიცი, ექსპორტზე შარშან 400 ტონამდე წაბლი გავიდა, წლეულს უკვე თითქმის 200 ტონაა გასული. ყოველ შემთხვევაში, ასე წერენ ექსპორტიორები. თუკი ტყეებში ამდენი მოსავალია, ალბათ, წაბლის ბაღების გაშენებასაც ცდიან აჭარაში.

- რამდენიმემ ნაკვეთში უკვე დარგო წაბლის ხეები. მეც ვარ მათ შორის. წაბლისთვის ნაკვეთი შინ რომ არ მქონდა, გავედი და ორი ძირი სახლს გარეთ, ფერდობზე დავრგე. თუმცა ვაპირებ ნაკვეთიც შევიძინო და წაბლის ბაღი გავაშენო. წაბლს, თხილისგან განსხვავებით, დიდი ტერიტორია სჭირდება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მეტი შემოსავალიც მოაქვს. მაგალითად, წლეულს ჩასაბარებელი წაბლის ფასი 3 ლარიდან იწყებოდა და 5 ლარამდე ადიოდა. 7 ლარად გავყიდე ბათუმის ბაზარზე. ახლა, როდესაც წაბლის შეგროვების სეზონი დამთავრდა, წაბლს გაცილებით მეტი ფასი აქვს. კილოგრამი 8-9 ლარი ღირს.

- ფასი რაზეა დამოკიდებული?

- ნაყოფის ზომასა და ფერზე. წაბლი მუქი ყავისფერი და ხასხასა, ჯანმრთელი ფერის უნდა იყოს. შედარებით მსხვილი წაბლი ძვირი ღირს. ჩემგან წაბლს სუპერმარკეტებიც ყიდულობენ, ხარისხიან წაბლში სეზონზე 6 ლარს მიხდიან.

- მაღალი ფასია. ალბათ, ამის გამო გაკრიტიკებენ.

- ვისაც კარგი წაბლი უნდა, არ მაკრიტიკებს. ადვილი არ არის, რომ ტყეში შემოდგომით გალუმპულმა იარო და წაბლის შეგროვებისას თითები წაბლის ეკლებით დაიჩხვლიტო. წაბლს ბაზარზე კლიენტი ბევრი ჰყავს, გაუყიდავი არ დარჩება. ყველამ იცის, რომ სასარგებლო და გემრიელია, თანაც არც გაუფუჭდებათ, სანამ ბაზარზე გაიტანენ, მაცივრებში ინახავენ. განვლილი წლები რომ ყოფილიყო, ამდენ წაბლს ვერავინაც ვერ იყიდდა, წაბლი იმდენად ნაზია, თუ მაცივარში არ შეინახე და უბრალოდ დაყარე, შინ მიტანიდან ორ-სამ დღეში დაესევა ჭია და გააფუჭებს.

- ზამთრისთვის წაბლს როგორ ინახავთ?

- ან ისე, როგორც ჩემი ბებია ინახავდა, მზეზე გაფენდა და გაახმობდა, გამხმარ წაბლს ჭია აღარ ერჩის; ან თუკი თავისუფალი დრო მაქვს, ვაკონსერვებ. შეიძლება ამის შესახებ ბევრს არ სმენია, მაგრამ დაკონსერვებული მოხარშული წაბლი მართლა გემრიელია. წაბლი მეც ძალიან მიყვარს ბავშვობიდანვე, მისი სასარგებლო თვისებები არც ვიცოდი, ახლა ინტერნეტში ვკითხულობ და თურმე სასწაულს ახდენს, წონაში დაკლებასაც უწყობს ხელს.

- ძალიან დაბალკალორიულია... სხვათა შორის, ფეხმძიმეებისთვისაც სასარგებლოა, რადგან შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელსაც მათ ექიმები საგანგებოდ უწერენ.

- ესეც არ ვიცოდი, თუმცა ხალხის სიბრძნე ყველაფერს აგროვებს. ფეხმძიმეებს აჭარაში წაბლს სპეციალურად მოუხარშავდნენ ხოლმე, ბავშვს არგებს, მოუხდებაო, ესე იგი, ხალხმა იცოდა მისი სარგებლიანობის ამბავი. ალბათ, ამიტომ დაფასდა დღეს ასე. ალბათ, წაბლის ბაღებს ბევრი გააშენებს.