როგორ „მოაშინაურა“ ტყე ენტომოლოგმა „მრავალშვილიანმა“ მამამ - კვირის პალიტრა

როგორ „მოაშინაურა“ ტყე ენტომოლოგმა „მრავალშვილიანმა“ მამამ

"ხე როცა ხმება, ჩემი საქმეა დავადგინო, რატომ ხმება, და თუ ის ან საზოგადოდ, ტყე მკურნალობას ექვემდებარება, წამლობაც უნდა დავუნიშნო", - გვეუბნება გიორგი ბერეჩიკიძე. ის ეკოლოგია, თუმცა ბოლო 7 წელიწადია, სატყეო ენტომოლოგად მუშაობს, ტყის მავნე მწერების სპეციალისტია, ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი სატყეო სააგენტოში. ბუნება ჩვენს რესპონდენტს ძალიან უყვარს. ამას მუშაობაშიც ავლენს და შინაც ლამის ზოოლოგიურ-ბოტანიკური პარკი აქვს.

გიორგი ბერეჩიკიძე:

- ცხოველები და მცენარეები ბავშვობიდან მიყვარს. ეს ჩემი ოჯახის დამსახურებაა, ცხოველები კი ნაკლებად გვყავდა, სამაგიეროდ, მცენარეებს ვახარებდით უხვად. ცხოველის მოფერების სურვილს კატების მოყვარულ დეიდებთან სტუმრობით ვიკმაყოფილებდი. პირველი ძაღლი 10 წლის წინ მყავდა, მაშინ 18-19 წლის ვიყავი და მივხვდი, რომ ის ნამდვილად არ იქნებოდა ბოლო. ახლა სახლში ორი ნაგიჟარი ოთხფეხა მეგობარი მყავს, აგარაკზე კი, სოფელ ასურეთში, 7 ძაღლი გვყავს შეფარებული. ჩემი კატის წყალობით მრავალშვილიანი "მამაც" გავხდი - მიუს 6 კნუტი ჰყავს.

- ბებიაც ენტომოლოგი გყოლიათ და ულამაზესი მცენარეები ჰქონია...

- ლამაზი კოლექცია ჰქონდა, სწორედ მან შემაყვარა მცენარეთა სამყარო. არ შეიძლება მწერებზე იმუშაო, თუ მცენარეები არ გიყვარს. პროფესიის არჩევასა და მცენარეების სიყვარულის გაღვივებაში ბებიამ ითამაშა დიდი როლი.

- მწერები, თქვენი კვლევის ობიექტები, რა "ტიპები" არიან?

- სატყეო ენტომოლოგები ვამბობთ, რომ არიან სასარგებლო და მავნე მწერები, მაგრამ ეკოლოგიც ვარ და ამას ცოტა სხვა თვალით ვუყურებ. ყველაფერი სასარგებლოა, საქმე ის არის, ზოგჯერ ისე არ მოქმედებენ, როგორც ადამიანებს გვინდა. ამიტომ ასეთი მწერები მავნეს კატეგორიაში გადავიყვანეთ, თორემ მწერები რომ არ იყვნენ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ადამიანები გავქრებოდით.

bichi3-1670239431.jpg

- მწერების ძალიან ლამაზი კოლექცია გაქვთ...

- ენტომოლოგიის შესწავლასთან ერთად მწერების შეგროვებაც დავიწყე. სახეობებში რომ ერკვეოდე, მკვდარ მწერებზე გიწევს დაკვირვება, ცოცხალზე ვერ ისწავლი, სხვადასხვა ნიშანს მკვდარ ინდივიდზე უკეთ აკვირდები. კოლექციაში მაქვს პეპლები, ნემსიყლაპიები, სხვადასხვა ხოჭო, ოღონდ დროდადრო განახლება სჭირდება, რადგან დაძველების გამო ნელ-ნელა იშლება.

- შინ პატარა ზოოლოგიური პარკი გქონიათ...

- მყავს ორი ცუგა, იორკები, ორი წლის არიან, გოგო და ბიჭი, ისეთი კომპაქტურები, მათი წაყვანა ყველგან შემიძლია. ხომ იცით, ყველასა და ყველაფერს მოვლა სჭირდება, თან სადოქტოროს ვწერ, ცოტა გადაღლილიც ვარ, მაგრამ რაც გიყვარს, იმისთვის მაინც გამონახავ დროს. ქუჩაშიც ვაჭმევ ოთხფეხებს... მგონი, იმისთვის ვმუშაობ, რომ ესენი გამოვკვებო.

bichi4-1670239431.jpg

- თქვენი სფინქსი მიუ როგორი დედაა?

- ჩემი სფინქსი მეგობრების საჩუქარია დაბადების დღისთვის - ერთი ციდა იყო, რომ მომიყვანეს. ახლა დიდი გოგოა, 3 წლის ხდება და იდეალური დედაა, ოღონდ კნუტები სფინქსები არ არიან, გამეპარა და ჩვეულებრივი ბეწვიანები გაუჩნდა. მოკლედ, 6 გასაჩუქებელი "ბავშვი" მყავს... მიუს მსგავსი დედა კატა იშვიათია.

- თევზები და აკვარიუმიც ახალისებს თქვენს გარემოს, ხომ?

- ადრე აკვარიუმების ბიზნესიც მქონდა. ტროპიკული თევზები ტაილანდიდან, მალაიზიიდან, ინდონეზიიდან ჩამომყავდა - ჩემს ჭიასაც ვახარებდი და სხვებსაც. ახლა აკვარიუმი მხოლოდ საკუთარი მაქვს, 1-ტონიანი. დამღლელი დღის შემდეგ, როგორ ხასიათზეც უნდა ვიყო, აკვარიუმთან რომ დავჯდები და ამათ ფუსფუსს ვაკვირდები, სტრესი და დაძაბულობა მეხსნება. აკვარიუმის ბინადრებს თავისი ცხოვრება აქვთ, საკუთარი ფუნქცია და როლი - ვიღაცა ვიღაცას ეპრანჭება ან ადგილის გამო ეჩხუბება... ადამიანების ცხოვრებასთან ბევრ პარალელს ვავლებ.

bichi2-1670239517.jpg

- როგორც გავიგე, გველის ყოლის სურვილიც აგისრულებიათ...

- გველების მეშინოდა, რომ ვხედავდი, პანიკა მეწყებოდა. მერე ყველაფერი თბილისის ზოოპარკმა შეცვალა, როცა იქ მწერების განყოფილებაში მოხალისედ მოვხვდი. სხვა ცხოველებისთვის ვამრავლებდით საკვებ მწერებს. შემდეგ ინსექტარიუმიდან ეგზოტარიუმში მომინდა მოხალისეობა, სადაც იყვნენ გველები, მანგუსტები, თევზები, აგამები... როცა მივედი, ვთხოვე, ხელში გველი დამეჭირა, შიში რომ გადამელახა. უდიდესი გველი გამომიყვანეს. ისე შემეშინა, გველი 20-მეტრიანი მაინც მეგონა, თუმცა 3 მეტრამდე პითონი იყო. კისერზე კი შემოვიხვიე, მაგრამ შიშით ვცახცახებდი. მერე მივხვდი, რომ არ ვაინტერესებდი... საერთოდ, ასეა, თუ არაფერს ატკენ, არ გიკბენს. მაშინ გავიაზრე პირველად, რომ გველი ცუდი სულაც არ არის.

უნივერსიტეტში დეტალურად გვასწავლეს, რა როლს ასრულებს გველი ბუნებაში, რა შეიძლება მოხდეს, რომ გადაშენდეს.

- რა მოხდება?

- მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებიც მივყვებით. გველები მღრღნელების დიდი მომხმარებლები არიან, მათ კი ათასგვარი დაავადება გადააქვთ. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენთვის საკვებიც არ დარჩება, იმდენი მღრღნელი გამრავლდება. მაგალითად, ვირთაგვა 10 დღეში ერთხელ ყრის ღლაპებს. სასწაული ტემპით მრავლდება. გველები მათი ბუნებრივი მტრები არიან. ვიღაც იტყვის, დავყრით შხამქიმიკატს და მღრღნელებს დავხოცავთო. საბოლოოდ ის შხამი ისევ ჩვენ დაგვწამლავს. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს და სხვადასხვა პანდემიამ არ გადაგვიაროს, როგორიც არის, მაგალითად, შავი ჭირი, რომელმაც გასულ საუკუნეებში უამრავი ხალხი დახოცა, გველს პატივი უნდა ვცეთ.

- მოკლედ, შიში გადალახეთ, გველთან მოქცევის წესი შეისწავლეთ და საკუთარიც გაიჩინეთ?

- შიში საბოლოოდ რომ გადამელახა, გველის ყოლა გადავწყვიტე. რომ ვიყიდე, 10 სანტიმეტრამდე იყო. "სიმინდის მცურავს" ეძახიან, ამერიკაში სიმინდის ყანებში ბინადრობს. სიმინდის ტაროებში რომ აირიოს, ისეთი მიმიკრია აქვს, ბუნებას ეხამება. ჩემს გველს "ბუდა" ჰქვია და 2015 წლიდან ოჯახის წევრია. ტერარიუმში ცხოვრობს, აქვს წყალი, მოსასვენებელი ადგილი - "გამოქვაბული"... ვინაიდან ინტელექტუალური ცხოველი არ არის, პატრონს ვერ ცნობს, პერიოდულად ბუდიდან უნდა ამოვიყვანოთ. ხელის შეხებით გავახსენოთ, რომ მოშინაურებულია, ისევ რომ არ გაველურდეს და შეხებისას არ მიკბინოს. სამსახურში ტარანტულიც მყავს, ნაცნობმა მომიყვანა, დიდი გაიზარდა და მისი შვილი ვეღარ უვლიდა. ტარანტულიც კარგი გოგონაა...

- ახლა თქვენს "ბოტანიკურ ბაღში" გადავინაცვლოთ...

- მეტისმეტად ბევრი მცენარე მაქვს. ჩემთან სააბაზანოშიც, სამზარეულოშიც კი მცენარეა, 60-70 დიდი ქოთანი დგას. ორქიდეების ყველა სახეობა მქონდა და რამდენიმე წელიწადში მივხვდი, რომ მათ მიმართ ინტერესი ამოვწურე და გავაჩუქე.

დღეს გადასული ვარ დეკორატიულ და ლამაზ ქოთნის მცენარეებზე - კალათეაზე. განსაკუთრებული ყვავილი არ არის, მაგრამ ულამაზესი ფოთლები აქვს. მორწყვა კვირაში ერთხელ სჭირდება. მაქვს სხვა მცენარეებიც.

სამსახურის გამო ხშირად მიწევს მივლინებაში ყოფნა და მეგობრებს ვუტოვებ ჩემს ფლორასა და ფაუნას. მაგრამ რომ ვბრუნდები, ვერც ერთს ვეღარ ვცნობ. მარტო მორწყვა არ შველით. მჯერა ენერგიის გაცვლის და ასეა ყველაფერში. რაღაცაში როცა ენერგიას დებ, გიბრუნდება. ცოცხალი არსებები არიან და ყველაფერს გრძნობენ. ჩემთან ყველაფერი ყვავის და იზრდება. ამას მათდამი ჩემი დამოკიდებულებით ვხსნი.

ყველას ვურჩევ, ცოტა მეტი დრო გაატარონ ბუნებაში. არა აქვს მნიშვნელობა, ბუნება სახლში იქნება თუ გარეთ. მე სახლში მოვიტანე ის, რაც მიყვარს. ბუნებაში რომ არ გავიდე, შინ ჩემი პატარა ტყე მაქვს, სადაც საყვარელი ცხოველებიც ბინადრობენ, ეს კი მაბედნიერებს.

ლალი ფაცია