სენაკური ხურმის „ახალი სიცოცხლე“ კახეთის ბაღებში - კვირის პალიტრა

სენაკური ხურმის „ახალი სიცოცხლე“ კახეთის ბაღებში

საქართველოს ტრადიციულ კულტურებში ვაზს კონკურენტი არა ჰყავს, თუმცა არის ისეთი კულტურებიც, რომლებიც შედარებით გვიან შემოვიდა, ჩვენ კი ხელიდან აღარ გავუშვით, რადგან გემრიელია, აქაურ გარემოს მშვენივრად შეეგუა და მოგებასაც ტოვებს. ასეთია ხურმა - აღმოსავლური (იაპონური) საინტერესო მცენარე და მოგებიანი კულტურა, რომელმაც საექსპორტო მნიშვნელობა შეიძინა. ამიტომ ხურმის ბაღები დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთში, კარგა ხანია გავრცელდა. ხურმის ბაღი აქვს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ფერმერ სიმონ ლოლაძეს. არა მარტო მას, სოფელში არაერთი ხურმის ბაღია, რომელთა ნაყოფი ექსპორტად იგზავნება.

- ყველაფერი გამოცდილებაა - კახეთში უფრო ატამს შევყურებთ და გვიმართლებს კიდეც, მაგრამ როდესაც ხურმის გაშენება ახლობელმა მირჩია, დავუჯერე და არც წამიგია. ხურმა კარგი მოსავლელია. მაგალითად, შეწამვლა მხოლოდ ორჯერ სჭირდება, ატამს კი 12-ჯერ მაინც და შემოსავალი ატამზე ნაკლები არა აქვს. გასხვლაშიც უპრეტენზიოა. დროდადრო მხოლოდ ჩამომხმარ-მოტეხილ ტოტებს ვაცლით, გასხვლით კი 5-6 წელიწადში ერთხელ ვსხლავთ.

- ხურმის ნერგები კახეთში თუ გამოჰყავთ?

- ყველამ, ვინც კახეთში ხურმის ბაღი გააშენა, ნერგი სენაკიდან ჩამოიტანა. მათ კი საუკეთესო ხურმის ნერგები აქვთ: აღმოსავლური, უკურკო ხურმა, რომელზეც დიდი მოთხოვნაა. სენაკური ნერგი ჩვენს ნიადაგს მშვენივრად ეგუება, თუმცა, სანამ ბაღს გააშენებ, მანამდე ნიადაგის ანალიზი აუცილებლად უნდა გააკეთო. მიწა გამოცანაა - ნაკვეთის ერთ კუთხეში რომ ბაღი "ბრწყინავს", მეორე კუთხეში შესაძლოა ისეთი ნიადაგი იყოს, ნერგები დარგვისთანავე ჩამოხმეს. ერთი ეგ არის, ცხელი კლიმატის გამო კახეთში ხურმის ბაღებს წვეთოვანი სარწყავი სჭირდება.

მე ხურმა 1,5 ჰექტარზე გავაშენე. მას შემდეგ 17 წელიწადი გავიდა და ხურმის გაყიდვით აღებულ ფულს ჩემი ოჯახის ბიუჯეტში დიდი ადგილი უჭირავს. ბაღის გაშენების პირველ წლებში ჩემი ხურმა მხოლოდ გერმანელებს გაჰქონდათ მაცივრებით, მერე უკრაინელებიც გამოჩნდნენ. სულაც რომ არ წაიღონ უცხოეთში, აქ მაცივრები უკვე ბევრ ფერმერს აქვს, ხურმას ინახავენ და ნელ-ნელა ჩირად აშრობენ ან ხილად ყიდიან. ზოგს სულ არ გაუტანია ხურმა ექსპორტზე, ადგილზევე გაყიდა ტონობით საჩირედ. კილოგრამ ჩირს საშუალოდ 4-6 კილოგრამი ხურმა სჭირდება. ხურმის ჩირი ყველას უყვარს.

- მწიფე ხურმა მართლაც გემრიელია, მაგრამ საჩირედ ნახევრად მწიფე ხურმას იყენებენ. მიკვირს, როგორ შაქრდება მწკლარტე ხურმა ისე, რომ ჩირი შაქრის ფიფქებითაც კი იფარება.

- საკმარისია ხურმა მაცივარში ცოტა ხნით შეინახო, რომ მწკლარტე გემო ეკარგება და შაქრდება. იგივე ხდება ჩირის გამოშრობის დროსაც. თუმცა ჩვენი ხურმა მხოლოდ საჩირედ როდი საღდება - წელს უკრაინაში ორი ტრაილერი გავუშვი. შარშან უკრაინაში ექსპორტი მეტი იყო. იქ ხურმა იმ ჩვენებურ მძღოლებს მიაქვთ, ვინც ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში ცხოვრობს და იქაურობას კარგადაც იცნობს. გასულ წლებში თითო კაცს ხურმით დატვირთული 20 ტრაილერი მაინც გადაჰყავდა, წელს კი ომმა ჩვენც დაგვაზარალა.

- რას ამბობენ მძღოლები? უკრაინაში მძიმე ვითარებაა.

- რა თქმა უნდა, მძღოლები კი არა, ჩვენც შიშით ვფიქრობთ, როგორ დაბრუნდებიან. თუმცა, თუ ადამიანმა არ გარისკა, წინაც ვერ წავა.

- ხურმის ჩირი საუკეთესოა ჩირებს შორის და მისი რეალიზაცია არ ჭირს.

- დიახ, ასეა. ერთხანს ჩვენს ხურმას საჩირედ იწუნებდნენ, სანთელივით და სტანდარტული ზომის უნდა იყოსო. ჩვენც ეს რჩევა გავითვალისწინეთ და ახლა ასეთი პრობლემა იშვიათად არის.

- მუშახელის მოძიებას როგორ ახერხებთ, თან ძვირიც არის. ალბათ, ადვილი არ არის დღეში 50 ლარის გადახდა.

- მუშახელი უკვე 70 ლარიც ღირს. მაგრამ ყველაზე მეტად ვინც გჭირდება, ის თუ არ დააფასე, მხოლოდ ხურმას კი არა, ვერაფერსაც ვერ მოკრეფ. მუშახელს თუნდაც 70 ლარი რომ გადავუხადო, ჩემი წილი შემოსავალი მაინც დამრჩება. ამიტომ ფასებთან ომის გამოცხადება არ ღირს, კაცს როგორც გიჭირს, ისე გიღირს.