ერთადერთი „ცოცხალი“ ძვირფასი ქვა - კვირის პალიტრა

ერთადერთი „ცოცხალი“ ძვირფასი ქვა

მარგალიტი ულამაზესი ძვირფასი ქვაა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ სამკაულების დასამზადებლად. მარგალიტის მძივები, საყურეები თუ სამაჯურები ყოველთვის ძვირად ფასობდა. შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ მარგალიტი მოლუსკის სხეულში იზრდება. ამ უცნაურ არსებაზე გვესაუბრება დავით თაქთაქიშვილი, თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო საკითხებში.

დავით თაქთაქიშვილი:

- ორსაგდულიანი მოლუსკები, რომელთა სხეულში მარგალიტები წარმოიქმნება, დედამიწაზე დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ. ისინი ბინადრობენ როგორც მარილიან, ასევე უმარილო, მტკნარ წყლებში. მოლუსკი საგდულებს ზოგჯერ ხსნის, ზოგჯერ კი ხურავს, სწორედ ასე გამოიმუშავეს ორსაგდულიანმა მოლუსკებმა საოცარი, უნიკალური თვისება - მარგალიტების წარმოშობა. სხვა ძვირფასი ქვებისგან მარგალიტი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ის ერთადერთი ძვირფასი ქვაა, რომელსაც ცოცხალი ორგანიზმი - მოლუსკი წარმოშობს.

margaliti2-1670239814.jpg

- როგორ ჩნდება და ყალიბდება მარგალიტი?

- საკმარისია, მოლუსკის საგდულები გაიხსნას და მის ორგანიზმში ქვიშის უმცირესი, უწვრილესი ნაწილაკი, ან პარაზიტი მოხვდეს, რომ ის თავდაცვის ორიგინალურ ხერხს მიმართავს - იწყებს სპეციალური ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც ამ უცხო სხეულს გარს ეკვრის. ჯერ ჩნდება სადაფი, რომელსაც "მარგალიტის დედას" უწოდებენ, მერე კი თანდათან მარგალიტი ყალიბდება. რაც უფრო დიდია მარგალიტი, მით დიდი დრო სჭირდება მის წარმოშობას. სხვათა შორის, ადამიანსაც აქვს ამგვარი მექანიზმი, ოღონდ ძვირფას ქვას არ გამოიმუშავებს: თუ ორგანიზმში რკინის ნამსხვრევები, ხიჭვი ან სხვა უცხო სხეული მოხვდება, მის გარშემო წარმოიქმნება ერთგვარი გარსი, კაფსულა, რომლითაც ორგანიზმი თავს იცავს უცხო სხეულისგან. დაახლოებით ასეთია მარგალიტის შექმნის პრინციპიც: მოლუსკი ჰერმეტულ სივრცეში მოაქცევს უცხო სხეულს და ასე იცავს თავს მისი ზემოქმედებისგან.

- მარგალიტი ხომ ერთ-ერთი უძველესი ძვირფასი ქვაა?

- გეთანხმებით, მარგალიტს უკვე რამდენიმე ათასი წელია მოიპოვებენ და სამკაულად იყენებენ. ძველად მას იყენებდნენ საღებავებში, წამლებში, რაც დღეს მეტად ძვირი სიამოვნებაა. მარგალიტის მოპოვება დაახლოებით 4 ათასი წლის წინ დაიწყეს შორეულ აღმოსავლეთსა და ჩინეთში. მაშინ მთლიანი მოლუსკი ამოჰქონდათ წყლიდან. დაახლოებით 100 წლის წინ იაპონელებმა მარგალიტის ხელოვნური გამრავლება დაიწყეს: მოლუსკების ორგანიზმში უცხო სხეული ხელოვნურად შეჰყავდათ და როცა მარგალიტი ჩამოყალიბდებოდა, იღებდნენ. ეს ძალიან სკრუპულოზური პროცესი იყო, მოლუსკის სხეული არ უნდა დაზიანებულიყო. შემდგომ ეს მეთოდი ყველგან გავრცელდა და დღეს მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილი მარგალიტების 90% ხელოვნურია. ცხადია, ბუნებრივი მარგალიტი უფრო ძვირფასია, ვიდრე ხელოვნურად გამოყვანილი, მაგრამ მაინც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. არსებობს მოსაზრება, რომ მარგალიტი იდეალურად მრგვალი უნდა იყოს, მაგრამ ბუნებაში იშვიათია, თანაც ძალიან ძვირი ღირს.

- ზღვის მარგალიტი უფრო ძვირად ღირებულია თუ მტკნარი წყლისა?

- მარილიან წყალში მარგალიტის ჩამოყალიბების პროცესი უფრო ხანგრძლივია, ამიტომ ზღვის მარგალიტი უფრო ძვირფასია. ალბათ, ჩვენს მკითხველს დაებადება კითხვა, სად და როგორ ყალიბდება ხელოვნური მარგალიტი. ის საგანგებოდ მოწყობილ მოლუსკების ფერმებში გამოჰყავთ, რომლებიც ზღვაშია განთავსებული. ხელოვნური მარგალიტი ბუნებრივზე იაფი ღირს, რადგან მისი გამოყვანა უფრო იოლია. რაც შეეხება მარგალიტის ფერს, ყველაზე გავრცელებული თეთრია, თუმცა არსებობს მოვარდისფრო, მოცისფრო, მომწვანო და შავი მარგალიტი. ყველაზე ძვირფასად მიჩნეულია მოცისფრო, რომელიც იშვიათია. მარგალიტის ფასი დამოკიდებულია მის სიდიდეზე, წარმოშობასა და ბრწყინვალებაზე. ცხადია, დიდი მარგალიტი უფრო ძვირად ფასობს. დღეს ყველაზე ბევრ მარგალიტს მოიპოვებენ სპარსეთის ყურეში, კერძოდ, ბაჰრეინში, რომელსაც ამის გამო "მარგალიტების კუნძულსაც" ეძახიან. ამ კუნძულზე ადრეც უამრავ მარგალიტს მოიპოვებდნენ.

margaliti3-1670239814.jpg

- სად არის აღმოჩენილი ყველაზე დიდი მარგალიტი?

- გასულ საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომამდე, იპოვეს ფილიპინების არქიპელაგის ახლოს. მისი წონა დაახლოებით 6,5 კილოგრამია და საინტერესო ისტორია აქვს: ერთ ჩვეულებრივ დღეს კუნძულელმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მარგალიტებს აგროვებდა, ზღვის ფსკერზე ჩაყვინთა. მან ვერ დაინახა ძალიან დიდი ორსაგდულიანი მოლუსკი, რომელიც რამდენიმე ასეულ კილოგრამს იწონიდა. მოლუსკი ფსკერზე იწვა და როცა თავისი ხვრელი დახურა, მეთევზეს ხელი გაეჭედა. ბუნებრივია, მსხვერპლმა ხელის გათავისუფლება ვეღარ შეძლო. დამხრჩვალი ახალგაზრდა მოლუსკთან ერთად ამოიყვანეს და ასე აღმოაჩინეს უზარმაზარი მარგალიტი, რომელიც მსოფლიოში ცნობილ მარგალიტებს შორის გამორჩეულია: მას "ალაჰის მარგალიტი" შეარქვეს, რადგან ძალიან ჰგავს ადამიანის სახეს, რომელსაც თავზე ჩალმა ახურავს. ამ რამდენიმე წლის წინ "ალაჰის მარგალიტს" დაახლოებით იმავე ადგილას კონკურენტი გამოუჩნდა: ფილიპინებზე იპოვეს მარგალიტი, რომელიც 34 კილოგრამს იწონის. კაცი, რომელმაც ეს უზარმაზარი მარგალიტი აღმოაჩინა, თავის მონაპოვარს რამდენიმე წლის განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა ამბავმა მაინც გაჟონა. ვისაც ეს უზარმაზარი მარგალიტი უნახავს, ყველა აღიარებს, რომ ბუნების ნამდვილი შედევრია.

- რაზეა დამოკიდებული მარგალიტის ფორმა და ფერი?

- როგორც წესი, ბუნებრივ მარგალიტს უხეში, ფოროვანი ზედაპირი აქვს, ის იშვიათად არის გლუვი და პრიალა.Bბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზეც, მოლუსკის სხეულის რომელ ნაწილშია მარგალიტი. სწორედ ეს განსაზღვრავს, როგორი ფორმა ექნება: ოვალური, მომრგვალებული თუ წაგრძელებული. მარგალიტის ფერი კი იმაზეა დამოკიდებული, რომელი სახეობის მოლუსკი წარმოქმნის მას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, სადაფის რამდენი ფენაა მარგალიტში. სხვათა შორის, სადაფიც ძვირფასი ქვაა, მისგან ამზადებენ ღილებს, სამაჯურებს. ზოგიერთი მარგალიტით მოვაჭრე მარგალიტს ხელოვნურად აფერადებს, რათა უფრო დიდი ფასი დაადოს. იმის გასარკვევად, თუ რა ფერისაა მარგალიტი, მას ბურღავენ: ქვედა ფენებში კარგად მოჩანს ქვის ბუნებრივი ფერი და სიყალბეც ადვილად მჟღავნდება.

- მარგალიტზე ხალხში უამრავი ტყუილ-მართალი ვრცელდება, ეს რით აიხსნება?

- გეთანხმებით, ეს ამბები ყველას ბავშვობიდან გვესმის. ბავშვობაში მეც ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლება ძვირფასი ქვა გაჩნდეს მოლუსკის სხეულში, ან რატომ ამბობდნენ, რომ მარგალიტი "მოკვდა". ერთი შეხედვით, მართლაც გაუგებარია, როგორ შეიძლება ქვა მოკვდეს, არადა, ამის ახსნა მარტივად შეიძლება: როგორც ნებისმიერ ბუნებრივ პროდუქტს, მარგალიტსაც აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობა და როცა ეს დრო იწურება, მარგალიტი შრება, იქერცლება, ბუნებრივ იერს კარგავს და ხმება. მარგალიტი მაშინაც "კვდება", როცა არავინ ატარებს, ამიტომ, თუ მარგალიტის სამკაული გაქვთ, ხშირად უნდა ატაროთ, თორემ ბრწყინვალებას დაკარგავს. სილამაზისა და ამ უჩვეულო თვისებების გამო მარგალიტი ყოველთვის მოსწონდათ ცნობილ ადამიანებს. მარგალიტის სამკაულები ძალიან უყვარდა კლეოპატრას, ეგვიპტის დედოფალს, მარგალიტი მოხსენიებულია არისტოტელეს ნაშრომებშიც. ის წერდა, ძველი რომაელები მარგალიტის მოსაძებნად დიდ მანძილებს ფარავდნენ და როცა მოაგროვებდნენ, ძვირფასი ქვებით მოვაჭრეებს ოქროში უცვლიდნენო. მარგალიტი ადამიანის ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა, მის სამკაულებს დღემდე ძვირფას საჩუქრად მიიჩნევენ, რადგან ყველა სხვა ქვისგან გამორჩეულია.

ხათუნა ჩიგოგიძე