მეაბრეშუმეობა კვლავ რომ აღორძინდეს - კვირის პალიტრა

მეაბრეშუმეობა კვლავ რომ აღორძინდეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ჩასულებს მეაბრეშუმე ლამარა ბეჟაშვილი აბრეშუმში შეფუთული თუთის ფოთლის ჩაით გაგვიმასპინძლდა. ეს მისი უახლესი პროდუქტია, რომელსაც აბრეშუმის ჭიისგან ამზადებს. მის სახლში დამზადებულ აბრეშუმის სხვა პროდუქტების მსგავსად, ჩაიც სამკურნალო თვისებების არის და ადამიანისთვის სარგებლობა მოაქვს. ქალბატონი ლამარა მეაბრეშუმეობით წლების წინ დაინტერესდა, ის მოსავალს სეზონზე 7-ჯერ იღებს.

ლამარა ბეჟაშვილი:

- თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე, თუმცა ძველი სამედიცინო წიგნების კითხვამ ისე გამიტაცა, X-XII საუკუნეების კარაბადინები შევისწავლე. ზეპირად ვისწავლე 365 მცენარის სამკურნალო თვისებები. როგორც ცნობილია, 4 მწერს - ფუტკარს, აბრეშუმის ჭიას, წურბელასა და ბრაზის ჭიას უფლის მწერები ეწოდებათ. ოთხივე მწერისგან მიღებული პროდუქტები სამკურნალოა. ბრაზის ჭიის ამოცნობა ჯერ ვერ ხერხდება. სავარაუდოდ, საუბარია მაისის ხოჭოზე.

5 წლისა აბრეშუმის ჭიის მოვლაში ვეხმარებოდი ბებიას და მისგან ვიცოდი მოვლის წესები. ბებო მეტყოდა, როდესაც ქუხს, შედი ჭიებთან და უმღერე, ფანდური დაუკარი, შეშინებულებმა სამკურნალო თვისებები რომ არ დაკარგონო. წინათ საქართველოში მეაბრეშუმეობას ბევრი ოჯახი მისდევდა. თბილისში გვქონდა ქართული აბრეშუმის გადამმუშავებელი ფაბრიკა, სადაც საოცარ ქსოვილებს ამზადებდნენ. ქართულმა აბრეშუმმა 1997 წელს მსოფლიო გამოფენაზე ალმასის ვარსკვლავი მიიღო, მერე კი უცებ, ერთბაშად გადაშენდა ეს კულტურა და ქართული აბრეშუმიც გაქრა.

2000 წელს ჩვენმა პატრიარქმა ქადაგებაში თქვა, ქართული აბრეშუმი გადავარჩინოთო. აგრარული უნივერსიტეტის დოქტორმა მეაბრეშუმეობის დარგში ირინე ჩარგეიშვილმა 21 ცალი აბრეშუმის ჭია მაჩუქა. ახლაც მის შთამომავლობას ვზრდი.

- თქვენი აბრეშუმწარმოების ექსკლუზიური პროდუქტია ფერად-ფერად აბრეშუმში შეფუთული თუთის ფოთლის ჩაი. რა სასარგებლო თვისებები აქვს ასეთი სახით მომზადებულ სასმელს?

- ჩვენი წინაპრები ნაკბენზე თუთის ფოთოლს იდებდნენ, სწრაფად რომ მოშუშებოდათ, ხოლო ცოფი რომ არ შეჰყროდათ, ფოთოლს ღეჭავდნენ. კვლევებით დადგენილია, რომ თუთის ფოთოლი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა. აბრეშუმის ჭია თუთის ფოთლით იკვებება და ამ დროს ფოთოლზე საკუთარი სხეულის ნარჩენებს ტოვებს. წინათ ამ ნარჩენებისგან ამზადებდნენ კუჭ-ნაწლავის სამკურნალო წამლებს. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა აბრეშუმის ცილისგან დაამზადეს იმუნიტეტის გამაძლიერებელი და ტვინის მკვებავი დანამატიც, რომელიც ძვირად ფასობს.

საქართველოში თუთის განსაკუთრებული ჯიშები ხარობს. როგორც ჩანს, ნიადაგი და კლიმატი მცენარეზე დადებით გავლენას ახდენს. თუთის ერთი ფოთლით აბრეშუმის რამდენიმე ჭია იკვებება და დაცხრილულ ფოთოლზე მათი დანატოვარი კანის, ქიტინის შემადგენელი ცილა რჩება, რომელიც შეიცავს სილიცინსა და 18 სახის ამინომჟავას, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია.

მე აბრეშუმის ჭიის გამოხრულ ფოთლებს ვაგროვებ, ბუნებრივ საღებავებში შეღებილ აბრეშუმში ვახვევ და ერთჯერად ჩაის პაკეტებს ვამზადებ. აბრეშუმის საღებავებად ვიყენებ ბროწეულის ქერქს, წითელ კომბოსტოს, ხახვის ფოთოლს... განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ ფერად-ფერადი ჩაის პაკეტები.

- აბრეშუმისგან რამდენი სახის პროდუქტს აწარმოებთ?

- აბრეშუმში შეხვეული თუთის ფოთლის ჩაი ახალი პროდუქტია. მისი სამკურნალო თვისებები თუთის ფოთოლზე დანატოვარი აბრეშუმის ჭიის ნარჩენების წყალობაა, აბრეშუმის ბადე კი ამ თვისებებს უფრო ააქტიურებს. ჩაი გამოიყენება ნერვული აშლილობის დროს, აწესრიგებს ძილს, ამაღლებს იმუნიტეტს, შველის დაბალ არტერიულ წნევას...

ერთხელ 10 დღით იაპონელი მწერალი და ჟურნალისტი ერიკო კურაშიტა მსტუმრობდა. მან საქართველოს შესახებ დაწერა წიგნი, სადაც ჩვენს საქმიანობასა და მკურნალობის უნიკალურ მეთოდებზეც არის საუბარი.

- აბრეშუმში დავარგებულ ღვინოზეც მოგვიყევით.

- რამდენიმე წელია, აბრეშუმში დავარგებულ ღვინოს ვამზადებთ. მისი ფორმულა დედა თამარმა მაჩუქა. ის საქართველოს საპატრიარქოში ხალხურ რეწვას კურირებდა. თურმე ასეთ ღვინოს წინათ ეკლესია-მონასტრებში აყენებდნენ. დედა თამარმა მითხრა, შენ ისე გიყვარს ქართული აბრეშუმი, ვიცი, ამ ფორმულას გაუფრთხილდები და გააცოცხლებო. კომუნისტების დროს ყველაზე ძვირად ღირებული ღვინო აბრეშუმის ფილტრებში სუფთავდებოდა, ეს ღვინოს აკეთილშობილებს, მათი ერთად დადუღება-დავარგება კი ღვინოს სამკურნალო თვისებებს მატებს.

მოხარშული აბრეშუმის პარკი საუკეთესოდ აშუშებს ჭრილობებს და იდეალური საშუალებაა კოსმეტოლოგიაში. იაპონელი მწერალი აბრეშუმის ჭიის პარკს ჭრიდა, რამდენიმე წუთით ცხელ წყალში დებდა, შემდეგ თითზე წამოიცვამდა და სახეზე მასაჟს იკეთებდა. თურმე იაპონიაში სახის მასაჟის ეს მეთოდი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენი იმპერატორის მეუღლე აბრეშუმის ჭიის პარკით იმუშავებდა სხეულს და იდეალური კანი ჰქონდაო. აბრეშუმი ასუფთავებს კანს, სტრუქტურას უცვლის და ხავერდოვანს ხდის. მე აბრეშუმის ჭუპრის ზეთსაც ვამზადებ.

- რისთვის გამოიყენება?

- ფრანგულ ბაზარზე ასეთი ზეთი მილიგრამობით იყიდება. ის გამოიყენება კოსმეტიკურ საშუალებებში. ზეთის დამზადება დროს მოითხოვს და არაა იოლი - მის დამწიფებას წელიწადი სჭირდება. ზეთი თმის ცვენის შეჩერებას უწყობს ხელს. მას ურევენ ზეითუნის ზეთში და დაბანამდე 10 წუთით ადრე იზელენ თმაში. ჭუპრის ზეთი გამოიყენება ჰაიმორიტის სამკურნალოდაც.

კარგა ხანია, ჩემი ოჯახის წამალი და მშველელი აბრეშუმის ჭიის პროდუქციაა. თუ თითი გამეჭრა, ჭრილობაზე სასწრაფოდ ვიხვევ აბრეშუმის ძაფს, რადგან ვიცი, რომ მიკრობებისგან დამიცავს და მალე შემიხორცდება. ბალიშისპირებსა და სუფრებსაც აბრეშუმით ვრთავ, საახალწლო ნაძვის ხის მოსართავებს ვაფორმებ. გასულ ახალ წელს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს შევუმოსეთ აბრეშუმით საახალწლო საჩუქრები და გავუგზავნეთ. რაც მეტი აბრეშუმი იქნება სახლში, რაც უფრო ხშირად გვექნება აბრეშუმი სხეულთან ახლოს, მით ნაკლები ჯანმრთელობის პრობლემა გვექნება.

- მიმბაძველები თუ გამოგიჩნდნენ? გამოცდილებას მეაბრეშუმეობაში სხვასაც თუ უზიარებთ?

- სოფელ მაღაროში ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში გახსნილი მქონდა საწარმო, სადაც 9 ქალი მყავდა დასაქმებული. თანასოფლელებს უფასოდ ვასწავლიდი ხალხური რეწვის დარგებს, მაგრამ 2 წლის წინ შენობა დაანგრიეს და ჩვენ საქმიანობას ვეღარ ვაგრძელებთ. სიღნაღის ამჟამინდელი მერი მალხაზ ბეგიაშვილი გვპირდება, რომ ჩვენს ყოფილ საწარმოს თავშესაფარს გამოუნახავს.

ზუგდიდში ამჟამადაც მყავს მოწაფე, რომელსაც ონლაინ ვუზიარებ ცოდნას. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია და აბრეშუმის სასიკეთო თვისებებით არის დაინტერესებული. ნელ-ნელა გვიჩნდებიან მიმდევრები ზესტაფონში, გურჯაანში... თითოეული ჩვენგანის მიზანი ერთია - უძველესი დარგის, ქართული მეაბრეშუმეობის აღდგენა.

აბრეშუმის პროდუქტების სასარგებლო თვისებების აღმოსაჩენად ცდებსაც ვატარებ. მყავდა ცხვრები, რომლებსაც მხოლოდ აბრეშუმის ჭიის ნარჩენებსა და გამოხრულ თუთის ფოთლებს ვაჭმევდი. თანასოფლელები დამემოწმებიან, რომ სოფელში ყველაზე დიდი ცხვრები მე მყავდა. ხშირ-ხშირად ვპარსავდი, რადგან ორ მტკაველზე მეტი სიმაღლის მატყლი ეზრდებოდათ. ისე მოსწონდათ აბრეშუმხვევიას საკვები, მწვანე ბალახისკენ აღარ იყურებოდნენ.

პამიდვრის ორ ძირზეც ჩავატარე კვლევა - დავუყარე ნახევარი ჩაის კოვზი ჭიის ნარჩენები და დიდი მოსავალი ავიღე. ასეთ ცდებს სხვა კულტურებზეც ვატარებ. მინდა გავარკვიო, კიდევ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია აბრეშუმხვევიას პროდუქტებს.

ნელი ვარდიაშვილი