უკრაინელებმა რუსულ სტრატეგიულ ბირთვულ ბომბდამშენებს ორ აეროდრომზე დაარტყეს, რასაც ამერიკელებიც კი ვერ გაბედავდნენ... - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა რუსულ სტრატეგიულ ბირთვულ ბომბდამშენებს ორ აეროდრომზე დაარტყეს, რასაც ამერიკელებიც კი ვერ გაბედავდნენ...

5 დეკემბრის დილა მართლაც რომ "უცნაურად" გათენდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებისთვის და თავად რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლისთვის, პრეზიდენტ პუტინისთვის...

ადვილი წარმოსადგენი იქნება, რა ცოფებს ჰყრიდა პუტინი, როდესაც მას შეატყობინეს თითქმის შეუძლებელი ამბავი - რუსეთის ორ დიდ სამხედრო აეროდრომზე, რომლებზეც ბირთვული იარაღის მატარებელი სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდი-ბომბდამშენები ბაზირებენ, აფეთქებები მოხდა...

რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების ტრიადაში, საკონტინენტშორისო ბალისტიკურ რაკეტებთან და ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებთან ერთად, სწორედ ეს რაკეტმზიდი-ბომბდამშენებიც შედიან, რომელთა მთავარი დანიშნულება მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში თერმობირთვული მუხტების მიტანაა, მათ შორის - ჩრდილო-ამერიკის კონტინენტზე...

და წარმოიდგინეთ, რომ ამ ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის ორ აეროდრომზე თითქმის ერთდროულად ხორციელდება გამიზნული თავდასხმა...

წინასწარი მონაცემებით, ორივე აეროდრომზე საჰაერო თავდასხმები უპილოტო საფრენმა აპარატებმა განახორციელეს, მაგრამ თუკი რიაზანის ოლქში მდებარე დიაგილევოს ავიაბაზა უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან, პირდაპირი ხაზით, 460 კმ-თაა დაშორებული, სარატოვის ოლქში მდებარე "ენგელსი-2"-ის საავიაციო ბაზა უკრაინის კუპიანსკიდან (სადაც ახლა გადის ფრონტის ხაზი, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქების საზღვარზე) 640 კმ-ითაა დაშორებული.

დიაგილევოს აეროდრომზე უპილოტოს თავდასხმის შემდეგ აფეთქდა საწვავით სავსე ავტოცისტერნა, რამაც აეროდრომზე მყოფი სამი რუსი სამხედროს დაღუპვა და ექვსის დაშავება გამოიწვია, ასევე, დაზიანდა არანაკლებ ერთი თვითმფრინავი.

სარატოვის ოლქის "ენგელსი-2"-ის სამხედრო აეროდრომზე დრონის შეტევისა და აფეთქების შედეგად კი ორი სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდი-ბომბდამშენი - Ту-95МС დაზიანდა.

რიაზანის ოლქის დიაგილევოს აეროდრომზე დისლოცირებს საბრძოლო გამოყენებისა და საფრენოსნო შემადგენლობის გადამზადების 43-ე ცენტრი, რომლის განკარგულებაში სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდი-ბომბდამშენი Ту-95МС -ების გარდა, ასევე, არის Ту-22М3 ტიპის შორი მოქმედების რაკეტმზიდი-ბომბდამშენები (სწორედ ერთი ასეთი ჩამოვუგდეთ აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ქართულ ცაში).

რაც შეეხება სარატოვის ოლქში "ენგელსი-2"-ის საჰაერო ბაზას, იქ დისლოცირებულია 17 ერთეული სტრატეგიული დანიშნულების ზებგერითი რაკეტმზიდი-ბომბდამშენი Ту-160 და ცხრა Ту-95МС, რომლებიც სისტემატურად იღებენ მონაწილეობას უკრაინის ქალაქების ფრთოსანი რაკეტებით დაბომბვაში...

როგორც ჩანს, ამ, რუსული "ბირთვული" ბომბდამშენების ნაწილს უკრაინელების შურისძიებამ უწია და მათ საპასუხო დარტყმები საკუთარ აეროდრომებზევე მიიღეს, რასაც თავად ამერიკელი სტრატეგებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ...

ისე კი, თუ უბრალო დრონებს ასე ადვილად შეძლებიათ რუსეთის ბირთვული ტრიადის რაკეტმზიდი-ბომბდამშენების ორ აეროდრომზე "სტუმრობა", მაშინ რას იზამენ ამერიკული "სტელსის" ბომდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი "ტომაჰავკები"?!