სტამბოლელ სეხნიაზე ბევრად პატარა და ნაკლებად ცნობილი, მაგრამ - საოცრად მშვიდი და ლამაზი... - კვირის პალიტრა

სტამბოლელ სეხნიაზე ბევრად პატარა და ნაკლებად ცნობილი, მაგრამ - საოცრად მშვიდი და ლამაზი...

იხილეთ დასაწყისი - ელეგანტური და ანტიკური წმინდა ანას ეკლესია ტრაპიზონში

სიტყვა ტრაპიზონი პირველად ბავშვობაში, ზემო იმერეთის სოფელში, ბებიასთან არდადეგებზე სტუმრობისას გავიგონე და მერეც ხშირად მესმოდა. მაგალითად, ბებია ყანაში სამუშაოდ თუ წავიდოდა და შეაგვიანდებოდა, უკან დაბრუნებულს და დაღლილს, შევუჩნდებოდით ხოლმე, ბებო, ამდენ ხანს სად იყავი-თქო? ოღონდაც თავი დაგვენებებინა და, მოკლედ მოგვიჭრიდა, სად ვიყავი და ტრაპიზონშიო! მაშინ დიდად არ მესმოდა, რა ან სად იყო ტრაპიზონი, მაგრამ იმას კი ვხვდებოდი, სადღაც, შორს უნდა ყოფილიყო, რაკი ჩემი უსაყვარლესი ბებია იქ "წასვლასა და უკან დაბრუნებას" დიდ დროს ანდომებდა. ბებიას "ტრაპიზონი" ჩვენც ავიტაცეთ, შვილიშვილებმა და შორი ადგილის სინონიმად კარგად ხანს ვიყენებდით. მერე ბებიაც მოხუცდა, მეც გავიზარდე, გეოგრაფიაც შევისწავლე და მასშტაბებშიც გავერკვიე, დიდი დრო გავიდა და თურქეთის მხარეს, ისტორიული ლაზეთის ერთ ნაწილში ამოვყავი თავი, ქართულად მოლაპარაკე ლაზები გავიცანი, თუმცა იმ ჯერზე ტრაპიზონამდე მაინც ვერ მივაღწიე. სამაგიეროდ, წელს, ზაფხულში გამიმართლა, საგულდაგულოდ ვიმოგზაურე ლაზეთში და... ტრაპიზონამდეც მივედი. სულ ბებია მახსენდებოდა, გულში ველაპარაკებოდი, - ხომ, ხედავ, ბებო, არც ძალიან შორს ყოფილა შენი ტრაპიზონი, მეც კი ჩავაღწიე იქამდე-მეთქი! ფაქტია, რა ხანია, ლაზეთის ამბებს გიყვებით და ამჯერად გაჩერება სწორედ ტრაპიზონში მაქვს.

ტრაპიზონის წმინდა ანას ეკლესიიდან მცირე აია სოფიას ანუ წმინდა სოფიას ტაძრისკენ წავედით. სამწუხაროდ, დიდი აია სოფია ნანახი არ მაქვს, ჯერჯერობით სტამბოლამდე ვერ ჩავედი, ის კიდევ უფრო შორს არის, მე კი ანკარას ვერ გავცდი, არადა, ლამის მთელი თურქეთი მაქვს შემოვლილი. და რადგან მთავარი აია სოფია არ მინახავს, ამიტომ ვერ წარმოიდგენთ, რა გულისფანცქალით მივდიოდი ტრაპიზონის აია სოფიას სანახავად.

ეს უკანასკნელი შეიძლება ბევრად უფრო პატარა და ნაკლებად ცნობილი იყოს, ვიდრე მისი სეხნია - სტამბოლში, მაგრამ... მე და ჩემი თანამგზავრები - თამთა ჭანტურიას ჯგუფის წევრები, მისითაც აღვფრთოვანდით.

2-1670309725..jpg
მცირე აია სოფიას ტაძარი

ზოგიერთი ფიქრობს, ტრაპიზონის წმინდა სოფიას ტაძარს არქიტექტურული ბრწყინვალება აკლია, თუმცა, სამაგიეროდ, ამ უმნიშვნელო "ნაკლს" სიმშვიდითა და სილამაზით ანაზღაურებსო. მართალია, სტამბოლელ აია სოფიას არ ვიცნობ, მაგრამ ლაზეთისამ მართლაც ძლიერ მომხიბლა.

მცირე აია სოფია ტრაპიზონის იმპერიაში მე-13 საუკუნეში, იმპერატორ მანუელ I-ის მმართველობის პერიოდში, ეკლესიად აუშენებიათ და ულამაზესი ფრესკებით მოუხატავთ. ეზოში მდგომი სამრეკლოს მშენებლობა ალექსი IV-ის მმართველობის ხანას უკავშირდება - 1426 წელს დაუწყიათ და მის მემკვიდრეს, იოანე IV-ს (1429-1459 წწ.) დაუსრულებია. რაც შეეხება სიმშვიდესა და სილამაზეს, ტაძარი მდებარეობს ძველ ქალაქში - ტრაპიზონის ისტორიული ცენტრიდან დასავლეთით და მისი ეკლესიაც და სამრეკლოც, ლამის, ზედ შავი ზღვის პირას დგას. ამ სივრცეში რომ ხვდები, მიუხედავად ტურისტების სიმრავლისა, მაინც სიმშვიდე გეუფლება. ტაძრის ტერიტორიაზე რომ შევედი, თვალს ისე მჭრიდა მზე, სათვალემაც ვერ მიშველა. გულმა არ მომითმინა და ჩემს მეგობარ მზეოსთან და მზიასთან ერთად ზღვისკენ წავედი და უპირველესადაც სწორედ ზღვას მივესალმე, მერე კი... რამდენიმე წუთით თვალი მაინც დავხუჭე, საუკუნეებით უკან დავბრუნდი და წარმოვიდგინე - ზღვის სანაპირო, პალმების, ფირუზისფერი ცისა და ზღვის გრილი ნიავის ჰარმონია, ტრაპიზონის ბაზრიდან პორტში შეკრებილი მოვაჭრეებისა და ჩამომდგარი გემების მეზღვაურების ხმაურიანი გადაძახილი, სხვადასხვა ენაზე... უცებ იმ წამს პორტში შემოსული გემის მისასალმებელი საყვირის ხმაც მომესმა და შემაფხიზლა... თვალი გავახილე - არც გემები ჩანს, არც მოვაჭრეები, საყვირის ხმაც, ალბათ, შუა საუკუნეებიდან შემოიჭრა 21-ე საუკუნის ტრაპიზონში, მაგრამ... იქაური და ჩემი სიმშვიდე და ჰარმონია მაინც არ დაურღვევია.

3-1670309758..jpg

1461 წელს ტრაპიზონის იმპერია მეჰმედ II-მ დაიპყრო და ტაძარი მეჩეთად გადააკეთა. რუსეთ–თურქეთის ომის დროს იმ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, შესაბამისად, მეჩეთმა მოქმედება შეწყვიტა. იმ ხანიდან შემორჩენილია მე-19 საუკუნის საბრძოლო იარაღი – ტყვიამფრქვევი. იქვეა ზემოხსენებული სამრეკლოც, რომელსაც რუსეთ–თურქეთის ომის დროს საბრძოლო იარაღის საწყობად იყენებდნენ.

4-1670310053..jpg

5-1670309795..jpg

პირველი მსოფლიო ომის დროს ეკლესია სამხედრო ჰოსპიტლის დანიშნულებას ასრულებდა, შემდეგ კი, 1964 წლამდე იქ კვლავ მეჩეთი მოქმედებდა. 1964 წელს დასრულდა 1958 წელს დაწყებული რესტავრაცია და ტაძარში მუზეუმი გაიხსნა.

2012 წლის ივლისში თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბიულენთ არინჩმა მეჩეთის გასახსნელად ტაძარი ადგილობრივ მუსლიმთა გაერთიანებას გადასცა. 2013 წლის აპრილში იქ კვლავ მეჩეთი გაიხსნა.

6-1670309837..jpg
მცირე აია სოფია უკანა რაკურსით
7-1670309913.jpg
მცირე აია სოფია გვერდითი რაკურსით

დაბეჯითებით ამბობენ, რომ მცირე აია სოფიას მიმდებარედ რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია იყო.

აქვეა წყარო და არქიტექტურული ნიმუშები, რომლებიც 1997 წელს ტრაპიზონში, ტაბახანის გორაზე მიმდინარე გათხრების დროს აღმოაჩინეს. არქიტექტურული აღმოჩენები ძველი ტაძრის ნაწილებია და თარიღდება რომაული ეპოქით.

სხვა ნაგებობებთან ერთად აქ შეხვდებით ოსმალეთის ეპოქის საფლავის ქვებს, სტელას და ეპიტაფიას, რომლებიც დათარიღებულია რომაული და ბიზანტიური ეპოქებით. რაც შეეხება მცირე აია სოფიას ფრესკებსა და მოზაიკას, მათზე მომდევნო ბლოგში გიამბობთ.

8-1670309971..jpg

9-1670309995..jpg

(გაგრძელება იქნება)