"რადგან "ქოცი" არ ვარ, ჩემი გამოგდება სურდათ და თავი არ გამოვაგდებინე" - კვირის პალიტრა

"რადგან "ქოცი" არ ვარ, ჩემი გამოგდება სურდათ და თავი არ გამოვაგდებინე"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორ გია ბუღაძის თსუ-დან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას „ცრუს“ უწოდებს... როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გია ბუღაძე უნივერსიტეტიდან არ გაუთავისუფლებიათ, მან ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას.

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმიანება გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, თითქოს, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი გია ბუღაძე გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან...

გია ბუღაძე უნივერსიტეტიდან არ გაუთავისუფლებიათ. მას, ისევე, როგორც სხვა მოწვეულ ლექტორებს, შესთავაზეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საათობრივ ანაზღაურებას ფაკულტეტზე მოქმედი უმაღლესი ტარიფით, რაც მოწვეული ლექტორების ანაზღაურებასთან შედარებით გაორმაგებულია. სხვაობამ ძველსა და ახალ ხელშეკრულებას შორის 120 ლარი შეადგინა, რაზეც გია ბუღაძემ უარი განაცხადა, ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას და სემესტრის დასრულებამდე 3 კვირით ადრე შეუწყვიტა სტუდენტებს ლექციები“, - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში...

ამ საკითხთან დაკავშირებით გია ბუღაძე "კვირის პალიტრასთან" საუბრობს:

- ბატონო გია, რას იტყვით თსუ-სა და თქვენ შორის თანამშრომლობის შეწყვეტის საკითხზე?

- არა უშავს, ყველაფერი ხდება! კონტრაქტი ისე შემიწყვიტეს, არაფერი მითხრეს და ახლა იგონებენ, თითქოს, ჩემთან გასაუბრება ჰქონდათ და უარი ვთქვი 120-ლარიან, იაფ ხელფასზე... საერთოდ, ხელფასზე არც ყოფილა საუბარი, კონტრაქტის დადება უსასრულოდ გაიწელა, ვუთხარი, თუ არ გინდათ, სულ კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი და წამოვედი!

- ანუ უნივერსიტეტიდან თქვენ არავის გაუთავისუფლებიხართ, თავად მიიღეთ წამოსვლის გადაწყვეტილება?

- დიახ, იმიტომ წამოვედი, რომ კონტრაქტი არ დამიდეს! ლექციები სამი თვის განმავლობაში ყველაფრის გარეშე ვატარე, ანაზღაურებაზე არც იყო ლაპარაკი, უნივერსიტეტში ისედაც სიმბოლური ანაზღაურებაა, მაგრამ ნიშანი ხომ უნდა გამეფორმებინა?! სემესტრი მთავრდება და არა და არ დადეს ხელშეკრულება... ერთხელ ვიკითხე, ორჯერ და მერე მივხვდი, რომ ჩემი გაგდება უნდოდათ და მათ თავს არ გავაგდებინებ!

ხელშეკრულებას რომ არ დაგიდებენ და ხელფასს არ გადაგიხდიან, თუნდაც სიმბოლურს, ნიშანი როგორ უნდა გააფორმო? - რამდენჯერმე ვიკითხე და სულ რაღაცას იმიზეზებდნენ. გასაგებია ახლა, მანდ რა სიტუაციაც არის!

- შურისძიება პოლიტიკური ნიშნით?

- არ სურთ ჰყავდეთ ვინმე, ვინც მათიანი - "ქოცი" არ არის, ან „ნელ-თბილი“ ვინმე, ამიტომაც ასე გააკეთეს. მე მაინც ძალიან მადლობელი ვარ უნივერსიტეტის, რადგან 14 წლის განმავლობაში მომეცა საშუალება, იქ მემუშავა და საუკეთესო თაობა მყოლოდა. ძალიან ბევრი, საუკეთესო ბავშვი ჩემ თვალწინ ჩამოყალიბდა და მგონი, ამაში ცოტა წვლილი მეც მიმიძღვის, კარგი რამ მიმეცა... ვიმეორებ, უნივერსიტეტის დიდი მადლობელი ვარ, თუმცა ჩვენი ურთიერთობა სამუდამოდ შეწყდა!

- სამუდამოდ რატომ?

- რასაკვირველია, სამუდამოდ, იქ დაბრუნებას აღარასოდეს ვაპირებ! სადაც გავიზარდე და ჩამოვყალიბდი, ეს იყო სამხატვრო აკადემია, ამ აკადემიასთან შევწყვიტე ურთიერთობა და, საერთოდ, რაღაზე მელაპარაკებით... მე მაქვს ერთი თავშესაფარი, რასაც მხატვრობა ჰქვია და მაგას ვერავინ წამართმევს!

ასე რომ, ტყუილად ხდება ეს ყველაფერი! ბუნებრივია, მათ სურდათ ჩემი თავიდან მოშორება, მაგრამ სანამ რამეს გააკეთებდნენ, მე შევწყვიტე ეს ურთიერთობა! მით უმეტეს, არანაირი ოფიციალური ხელშეკრულება მე არ მქონდა! საგანგებოდ გაწელეს ხელშეკრულების დადების პროცესი... უნივერსიტეტის არც ერთი რექტორის დროს ხელშეკრულების პრობლემა არ ყოფილა! ხელფასი ისედაც სიმბოლურია და მაგაზე საუბარი არც ყოფილა...

- ახსენეთ "ქოცი" არ ვარო, მაგრამ თქვენ მთელი ეს წლები ღიად, მწვავედ აკრიტიკებდით მთავრობას და აქამდე პრობლემა არ შეგქმნიათ...

- უნდა გითხრათ, უნივერსიტეტის სხვა რექტორების სასახელოდ, რომ მათ იგივე არ ჩაუდენიათ. მათ იცოდნენ პროფესიონალიზმის ფასი! დღეს ეს რაღაც სხვა მოვლენაა, ჩვეულებრივი "ენკავედეს", კომისარიატის, სადამსჯელო ღონისძიება!

(სპეციალურად საიტისთვის)