"გემუდარებით, დამეხმარეთ, გასაყიდი მართლა აღარაფერი დაგვრჩა" - 20 წლის სანდრო ხოზრევანიძის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს - კვირის პალიტრა

"გემუდარებით, დამეხმარეთ, გასაყიდი მართლა აღარაფერი დაგვრჩა" - 20 წლის სანდრო ხოზრევანიძის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

ბათუმელი ბიჭის, 20 წლის სანდრო ხოზრევანიძის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და ევედრება, მისი ერთადერთი შვილის გადარჩენაში დაეხმაროს. ოჯახი წლებია, იბრძვის სანდროს გამოსაჯანმრთელებლად, ახლა კი მათი საზრუნავი შვილისთვის გაუსაძლისი ტკივილის შემსუბუქებაა.

სანდროს დედა, ნანა ხაჯიბა:

- ჩვენი ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაშია. დღეს ყველანაირი სახსრების გარეშე ვართ დარჩენილები. არადა, ერთადერთი შვილის, სანდროს ტკივილის ყურება ძალიან მიჭირს. სანდრო უკვე ვეღარ უძლებს გაუსაძლის ტკივილს. ამიტომ გავბედე და მოგმართეთ თხოვნით, ჩვენი ოჯახის გასაჭირი საზოგადოებამდე მიიტანოთ. ვიცი, უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილა კეთილი, მადლიანი ადამიანების გვერდში დგომით და მეც დღეს ამ იმედს ვებღაუჭები. წლის და ერთი თვის ასაკში დაუსვეს ჩემს სანდროს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი. იმ დღიდან მოყოლებული, ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ყველა ღონეს ვხმარობდით, რომ როგორმე ბავშვი ფეხზე დაგვეყენებინა. ბათუმიდან თბილისში წელიწადში 5-ჯერ დავდიოდით და რეაბილიტაციის კურსები იაშვილის კლინიკაში უტარდებოდა. ამან არანაირი შედეგი არ მოგვცა.

2008 წელს ერევანში გავუკეთეთ პირველი ოპერაცია მყესების დაგრძელებაზე, ეს ოპერაცია მაშინ 18 000 დოლარი დაგვიჯდა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი თანხა იყო და ამისთვის ბანკში ჩავდეთ ბინა. გვქონდა იმის იმედი, რომ უკან გამოვისყიდიდით, მაგრამ ვეღარ შევძელით და დავრჩით ქუჩაში. მას მერე, წლებია, ქირით ვცხოვრობთ.

მერე გავიგეთ, რომ ამერიკელი პროფესორი იყო საქართველოში ჩამოსული და ოპერაციებს აკეთებდა. გაგვიჩნდა იმედი, რომ ეს ადამიანი დააყენებდა ჩვენს შვილს ფეხზე, მანქანაც გავყიდეთ, ვალებიც დავიდეთ და 2016 წელს თბილისში, ამერიკელმა პროფესორმა სანდროს ოპერაცია გაუკეთა და კოჭებში იმპლანტები ჩაუდგა. ყოველ დღე უკეთესობას ველოდით, მაგრამ ვხედავდით, რომ ჩვენი იმედები არ გამართლდა. ამან შედეგი არ გამოიღო და დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რა მძიმეა დედისთვის, როცა ხედავ, შენი ერთადერთი შვილი გაუსაძლისი ტკივილით იტანჯება და მას ვეღარ ეხმარები, უსახსრობის გამო.

გასაყიდი მართლა აღარაფერი დაგვრჩა, რაც გაგვაჩნდა ყველაფერი გავყიდეთ, მანქანა, სახლი და დავრჩით ყველანაირი შემოსავლის გარეშე, არადა, დღეს მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, ამის საშუალება კი არ გვაქვს. გვინდა, როგორმე სანდრო ფეხზე ისე დავაყენოთ, რომ დამოუკიდებლად თავის მოვლა შეძლოს.

ახლახან გავიგეთ, რომ თბილისში ოპერაციას აკეთებს თურქეთიდან ჩამოსული ექიმი, სპეციალურად მოწვეული პროფესორი. 10 დეკემბერს უკვე დაგეგმილია სანდროს ოპერაცია, რადგან ტერფები აქვს ძალიან დაზიანებული და სასწრაფოდ უნდა ამოუღონ იმპლანტები, მაგრამ ახლა გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. პროფესორის ჰონორარი ერთ ფეხზე 3000 დოლარია. სამ თვეში ისევ უნდა გაკეთდეს მეორე ფეხზე იგივე ოპერაცია და ამისთვის დამატებით 3000 დოლარია საჭირო, სულ 6000 დოლარი გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს შვილს ტკივილი შევუმსუბუქოთ. საავადმყოფოს ხარჯებს საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს, მაგრამ ექიმის ჰონორარის თანხა ჩვენ არ გვაქვს. ყველანაირად ვცდილობდით, ეს თანხები მოგვეგროვებინა, პირველ ოპერაციამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და ვხვდებით, რომ ამ თანხის მოგროვება ჩვენთვის შეუძლებელია.

ძალიან ვთხოვ ყველას, გულთან მიიტანოთ ჩვენი ოჯახის გასაჭირი და ჩვენი სანდრო ამ ტკივილისგან იხსნათ. სანდრო შშმ პირია, მას ასევე აქვს ეპილეფსია და მუდმივად წამალზეა დამოკიდებული. გონებრივი მდგომარეობა კარგი აქვს, ხვდება, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ჩვენთვის ამ თანხის შოვნა და ისიც ძალიან განიცდის.

ახლა ეს ოპერაცია არის ჩვენი ბოლო იმედი, რომ მას ტკივილი შევუმსუბუქოთ. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ საზღვარგარეთ წავიყვანთ სანდროს და იქ ვუმკურნალებთ, იქნებ მხოლოდ ის მაინც მოვახერხოთ, რომ მას ტკივილი შევუმსუბუქოთ. ძალიან განადგურებული ვარ. ბევრი ტკივილი გამოვიარე. ჩვენი უფროსი შვილი 6 თვის ასაკში, 1999 წელს, ექიმების დაუდევრობით დავკარგე. ახლა ერთადერთი საფიქრალი და სადარდებელი ჩვენი სანდროა.

ყველას ვთხოვ გვერდში დგომას, თქვენი გაღებული თითოეული ლარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს იქნება უდიდესი სიკეთე, ჩემი შვილისთვის გაღებული და მთელი ცხოვრება თქვენი მლოცველი ვიქნები. არც მინდა იმაზე ფიქრი, რომ 10 დეკემბერს უსახსრობის გამო მომიწევს უარის თქმა ოპერაციაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩემი შვილის ტკივილის შესამსუბუქებლად.

გთხოვთ, ჩემი ერთადერთი შვილის ტკივილის შემსუბუქებაში დამეხმარეთ, კეთილო ადამიანებო.

(სპეციალურად საიტისთვის)

ანგარიშის რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი: GE98TB7523445064300042 მიმღები: ნანა ხაჯიბა

ლიბერთი ბანკი: GE45LB0211123969800000 მიმღები: სანდრო ხოზრევანიძე

საქართველოს ბანკი: GE19BG0000000894210100 მიმღები: ნანა ხაჯიბა

angarishi-1670323687.jpg

angarishi-1-1670323805.jpg

angarishi-3-1670323849.jpg