"ლუგანსკის, დონეცკის, ყირიმის, სოხუმისა და ცხინვალის თავზე კვლავ უნდა იფრიალოს უკრაინისა და საქართველოს ეროვნულმა დროშებმა" - კვირის პალიტრა

"ლუგანსკის, დონეცკის, ყირიმის, სოხუმისა და ცხინვალის თავზე კვლავ უნდა იფრიალოს უკრაინისა და საქართველოს ეროვნულმა დროშებმა"

ლუგანსკის, დონეცკის, ყირიმის, სოხუმისა და ცხინვალის თავზე კვლავ უნდა იფრიალოს უკრაინისა და საქართველოს ეროვნულმა დროშებმა, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ და საქართველომ სრულად უნდა აღადგინონ სუვერენიტეტი და უზრუნველყონ თავიანთი დამოუკიდებლობა.

„საქართველოსა და უკრაინისთვის 2023 წლის მილოცვისას მთავარი სურვილია უკრაინის სრული, საბოლოო და შეუქცევადი გამარჯვება ჩვენს საერთო მტერზე, ფაშისტურ რუსეთზე.

ლუგანსკის, დონეცკის, ყირიმის, სოხუმისა და ცხინვალის თავზე კვლავ უნდა იფრიალოს უკრაინისა და საქართველოს ეროვნულმა დროშებმა. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ასოცირებული ტრიოს ფარგლებში, უნდა გახდნენ ევროპელი ერების მეგობრული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ევროკავშირის განვითარებაში, მისი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერებაში. ჩვენმა ქვეყნებმა უნდა დაასრულონ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში - ნატო-ში, გაწევრიანების ხანგრძლივი და რთული პროცესი.

რეალური სამხედრო ძალა გამრავლებული პოლიტიკურ და ეკონომიკურ ერთიანობაზე, უნდა გახდეს უკრაინელი და ქართველი ხალხის სტაბილური მშვიდობისა და კეთილდღეობის საიმედო გარანტი და და არა ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი სხვადასხვა მემორანდუმის უსარგებლო ქაღალდის დაპირებები.

დღესასწაულებზეც არ უნდა დაგვავიწყდეს, ვისი სიმამაცის, თავგანწირვისა და გმირობის წყალობით ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უფლებისთვის. ამიტომ, ახალ 2023 წელს ჩვენი მოვალეობაა, მოვახდინოთ უკრაინელი და ქართველი გმირების ხსოვნის უკვდავყოფა მათ პატივსაცემად ქუჩებისა და გამზირების, სკოლებისა და უნივერსიტეტების, ახალი თანამედროვე საზღვაო გემებისა და კოსმოსური პროექტებისთვის დარქმევით. ასევე, მივუძღვნათ მათ ჩვენი მოქანდაკეების, პოეტებისა და მხატვრების ნამუშევრები“,- განაცხადა კასიანოვმა.