"დათი ახლა ახალი ოპერაციისთვის ემზადება" - რას ჰყვება შვილის მდგომარეობაზე დათი ქოქრაშვილის დედა? (+VIDEO)
8 წლის დავით (დათი) ქოქრაშვილის ჯანმრთელობისთვის დღემდე უამრავი ადამიანი ლოცულობს. ყველამ გულთან მიიტანა შარტავას ქუჩაზე ავტოავარიის დროს დაშავებული ბიჭის ამბავი.
31 მარტს ბავშვი თავისი კორპუსის წინ, ტროტუარზე იდგა და სკოლის ავტობუსს ელოდებოდა, როცა მანქანა დაეჯახა. დამნაშავე მძღოლი მალევე დააკავეს და სასამართლომ მას 4 წელი მიუსაჯა. საქმის მასალების მიხედვით, 31 მარტს ბრალდებულმა დავით ჯალაღონიამ, რომელიც „BMW“-ს მარკის ავტომობილს მართავდა, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს და მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრი განახორციელა, რა დროსაც მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მართვადაკარგული „BMW“ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ავარდა ტროტუარზე და ქვეითად მდგომ არასრულწლოვანს დაეჯახა. სასწაულად გადარჩა პატარა დათი, რომელიც ქართველმა ექიმებმა გადაარჩინეს. მოზარდი უმძიმესი დაზიანებებით სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვს ხუთი ურთულესი ოპერაცია იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა, რის შემდგომ სამკურნალოდ ისრაელში გადაიყვანეს. ისრაელის ერთ-ერთი უძლიერესი კლინიკის ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს დათის გამოსაჯანმრთელებლად და მას იქ უამრავი ოპერაცია ჩაუტარდა. რამდენიმე თვის წინ რეაბილიტაციის კურსის გასავლელად დათი მშობლებთან ერთად ისრაელიდან გერმანიაში ჩავიდა და სამთვიანი კურსი უკვე გაიარა.
როგორც დათის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა გვითხრა, დათი ახლა ახალი ოპერაციისთვის ემზადება.
ქრისტინე მამუკაშვილი:
- სამი თვე ვიყავით გერმანიაში, სარეაბილიტაციო ცენტრში და იქ გავიარეთ რეაბილიტაცია, თუმცა, რატომღაც ვერ გაუკეთეს პროთეზი. ამიტომ ავსტრიის საზღვარზე არის დიდი ცენტრი და იქ წავედით, ახლა სხვა ლოკაციაზე ვართ. აქ უკვე რაღაცებს ნელ-ნელა არგებენ დათის. ახლა უკვე მასზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს, გაუძლოს ამ პროთეზს. იანვარში გაუკეთებენ საცდელ ვერსიას და ვნახოთ, როგორ შეძლებს ბავშვი, ამ რთულ პროცესს გაუმკლავდეს. ახლა პროთეზირების ცენტრში სწავლობენ ყველაფერს და, სავარაუდოდ, გაუკეთდება იანვრის შუა რიცხვებში, მერე ერთი თვე დასჭირდება, რომ დათის სიარული ასწავლონ. თავიდან 6 თვე დააკვირდებიან, როგორ შეძლებს ბავშვი პროცესთან შეგუებას.
- დათის შემართება როგორია?
- საოცრად მონდომებულია, იმდენად დარწმუნებულია და ისე სჯერა თავისი თავის, რომ იმედი მაქვს, ეს შეაძლებინებს, გაუმკლავდეს ყველა სირთულეს. ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია ბავშვი, რაღაცნაირად, იმედიანად არის, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დადგება და უცებ დაინახოს, რომ ვერ შეძლოს, მეშინია, დეპრესიაში არ ჩავარდეს და იმედგაცრუება არ იგრძნოს. მაგრამ ისეთი რწმენით და შემართებითაა, რომ რაღაცნაირად მჯერა, დათი შეძლებს. ღმერთის წყალობით რაღაც შედეგი იქნება. გერმანიაშიც და აქაც ისე უკვირთ მისი შემართება, რომ სულ იძახიან, საოცარი ბიჭიაო. კუნთები რომ არ აქვს ბავშვს, ამ დროს ქულებით აფასებენ მის შესაძლებლობებს. 8 ქულამდე შეფასებისას შანსი არის, რომ პროთეზი გაიკეთოს, დათი კი შეფასებულია 8,5 ქულად და ამბობენ, თეორიულად გამორიცხულია შეეგუოს პროთეზს და გაიაროსო, მაგრამ რომ ხედავენ დათის შემართებას, იმას, რომ მას წამოჯდომა შეუძლია, ასევე, პარალელურად, ჯოხებზე დადის თავისით, შოკში არიან. თეორიულად ვერც უნდა დადიოდეს ეს ბავშვიო. თვითონვე უკვირთ, როგორ ახერხებს და ამბობენ, ძალიან ყოჩაღი ბიჭიაო. საშინლად მტკივნეული და რთული ეტაპი აქვს გასავლელი და ახლა დათიკოს მონდომებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ვნახოთ, როგორ მოარგებენ პროთეზს. მართლა უკვირთ, რომ უყურებენ, გაოგნებულები არიან.
- ბავშვს ფსიქოლოგები თუ ეხმარებიან?
- საქართველოდან ერთვებიან ძალიან კარგი ადამიანები, რამდენიმე ფსიქოლოგი ჩაგვერთო და ეხმარებიან. ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა აღნიშნა, ძალიან ყოჩაღი, ძლიერი ფსიქიკის ბავშვიაო.
- სკოლის გაკვეთილებს ონლაინ ისევ ესწრება?
- შეძლებისდაგვარად ესწრება ონლაინ გაკვეთილებს. 3 საათია დროში სხვაობა და ამიტომ ძალიან ადრე უწევს გაღვიძება, რომ გაკვეთილებს ჩაერთოს. როცა ღამე ტკივილები აწუხებს, ვერ იძინებს და მერე ამის გამო ვერ ესწრება გაკვეთილებს. შეძლებისდაგვარად, მაინც ვცდილობთ, დავესწროთ. ტკივილები ხშირად გვაწუხებს, ხან ფანტომური, ხან რეალურად - ჭრილობის და ხშირად გვიწევს მორფინის მიცემაც. ჯერჯერობით მაინც ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებზე ვართ.
- ფინანსების პრობლემა გაქვთ?
- ძალიან დიდ თანხებთან რომ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, ფაქტია, მაგრამ ხალხი იმ დონეზე დაგვეხმარა, რომ მეუხერხულება ამ თემაზე ისევ ლაპარაკი. იმხელა თანხები ჩარიცხეს, იმხელა თანხები გადავიხადეთ ხალხის დახმარებით, მართლა მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ღმერთი ისევ არ დაგვტოვებს, არ გაგვწირავს. სესხები დავიმატე, მეგობრებიც გვეხმარებიან და ახლა ამ ოპერაციას მოვაბავთ თავს.
- ამერიკაში გეგმავდით წასვლას, ეს საკითხი ისევ განიხილება?
- ეს არის ბოლო ვარიანტი, თუ აქ ვერ მივიღებთ შედეგს, მერე ამერიკაში წასვლაც განიხილება. სხვა გზა აღარ გვექნება და წავიყვანთ. ახლა ევროპაში თუ გაგვიკეთებენ, ეს ბოლო შანსია, ვნახოთ რა იქნება.
- დათის ამბავმა შეცვალა სრულიად თქვენი ცხოვრება. როგორ ეგუებიან ძმები დათის და მშობლების გარეშე ყოფნას?
- ძალიან ენატრებათ ერთმანეთი და მთელი საღამო ჩართულები არიან ონლაინ და ლაპარაკობენ, უყვებიან ამბებს ერთმანეთს. ცდილობენ, ასე, დისტანციურად მოესიყვარულონ ერთმანეთს. დიდი იმედი ჰქონდათ, რომ საახალწლოდ ჩამოვიყვანდით დათის, მაგრამ ეს ვერ ხერხდება და გული წყდებათ იმის გამო, რომ ასე ცალ-ცალკე მოგვიწევს ახალი წლის შეხვედრა, მაგრამ ახლა მთავარი დათის პროცედურაა. ეს პროთეზი ჯერ არის დროებითი, რომ დააკვირდნენ, როგორ მოირგებს ბავშვი და 6 თვეში ყველა ვარიანტში შესაცვლელი იქნება. თუ შეეგუა, რადგან ბავშვი მოზარდია და ტანად იზრდება, წელიწადში ერთხელ მოგვიწევს პროთეზის გამოცვლა, სანამ არ დაასრულებს ბავშვი ზრდას. 6 თვეში კიდევ უნდა შეიცვალოს. ამბობენ, ბავშვი როცა დაიწყებს ამ პროთეზით სიარულს, ეს იმდენად რთულია, წესით, წონაში ძალიან დაიკლებსო. ეს არის სარტყელი, რომელიც წელზეა მორგებული და, ალბათ, წონაში იმდენად დაიკლებს, რომ მალევე მოგვიწევს შეცვლა, დიდ ენერგიას დახარჯავსო. ეს პირველი, საცდელი პროთეზი ჯერჯერობით ძალიან დიდი თანხა არ ჯდება, უნდა ვიქირავოთ მიკროჩიპი და 6 თვის მერე, თუ შეეჩვევა, მიკროჩიპი ცალკე უნდა შევიძინოთ და ეს 50 000 ევრო ჯდება. პირველ პროთეზს რაღაცნაირად შევწვდებით. ამერიკაში რომ წავსულიყავით, იქ ორმაგი ფასი ჯდება, ევროპასთან შედარებით და დიდი იმედი მაქვს, რომ აქ გამოგვივა, დათიც გაუძლებს ამ ტკივილებს და დატვირთვას.
- გერმანიაში გავლილი სამთვიანი კურსით კმაყოფილი ხართ?
- სიმართლე გითხრათ, უფრო მეტის მოლოდინი მქონდა. ძალიან შეპარვით და დაზოგვით უდგებიან ისინი ბავშვებს, ნელ-ნელა აჩვევენ. მე მეგონა, მთელი დღე დაკავებულები ვიქნებოდით, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. დღეში ნახევარი საათი ავარჯიშებდნენ, უფრთხილდებიან ძალიან ბავშვებს.
- დამნაშავის სასჯელზე რას იტყვით და თუ დაგეხმარათ ფინანსურად მისი ოჯახი?
- დამნაშავე დაჭერილია, 4 წლით ჩასვეს ციხეში, ალბათ, მერე გამოუშვებენ და ჩვეულებრივად ივლის. მე არ ვიცი, ჩემთან პირადად არ ჰქონიათ ამ ადამიანს და მის ახლობლებს კომუნიკაცია, არც ჩემამდე მოსულა ეს ამბავი, რომ მოეკითხოს ან რამე ჩაერიცხოს. თუ ისე ფარულად ჩარიცხეს, არ ვიცი. ალბათ, გამბედაობა და ვაჟკაცობა უნდა იმასაც, რომ ვიღაც მოსულიყო ჩვენამდე, ეს ვერ შეძლეს. მე სასჯელის მერე დამირეკეს და მითხრეს, რამე პრეტენზია ხომ არ გაქვთო. ახლა რაღა აზრი აქვს ამ პრეტენზიას. შეიძლება ეს ადამიანი განიცდის კიდეც, იმედია, სინანულში იქნება და თავისი გასაჭირიც ეყოფა, ძალით არ გაუკეთებია, ფაქტია, მაგრამ ეს არის დაუდევრობა. უფრო მეტად წინდახედულები უნდა იყვნენ ადამიანები. დათის შემართების იმედი მაქვს. რამდენიმე კვირის წინ, სეირნობისას, დათიმ სკეიტბორდების მაღაზია დაინახა, სასწრაფოდ შეგვიყვანა და დიდი ინტერესით დაათვალიერა იქაურობა. ბოლოს, აირჩია თავისი მოსაწონი და დაჟინებით მოითხოვა, რომ გვეყიდა. თან წუწუნებდა, ისევ თავიდან მექნება სასწავლიო. ასეთი რწმენით და მონდომებით ვიცი, მთებს გადავდგამთ. მადლობა უფალს, რომ მთელ სამყაროში ყველაზე ძლიერი შვილი მაჩუქა. მადლობა დათის გულშემატკივრებს. რამდენი ხანია, არანაირი ინფორმაცია არ დაგვიდევს და ყველა კითხულობს დათის მდგომარეობას.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ დედის ანგარიშზე. ჩვენ კი დათის გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა:
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483
(სპეციალურად საიტისთვის)