"დასავლეთის უკანასკნელი ტაბუ: უკრაინის მიღება ნატოში" - რას წერს Politico - კვირის პალიტრა

"დასავლეთის უკანასკნელი ტაბუ: უკრაინის მიღება ნატოში" - რას წერს Politico

ამერიკული გაზეთი "პოლიტიკო" (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში, ბელგია) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "დასავლეთის უკანასკნელი ტაბუ: უკრაინის მიღება ნატოში" (ავტორი - ლილი ბაიერი), რომელშიც განხილულია საკითხი უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების შესახებ, რუსეთთან ომის ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დასავლელი ჩინოვნიკები უკრაინის ნატოში მიღების საკითხზე საუბარს გაურბიან. თუ დაბეჯითებით დაუსვამთ კითხვას, პოლიტიკოსები დაზეპირებულად გაგცემენ პასუხს, მოკლედ და მექანიკურად. ისე გამოდის, რომ ეს აკრძალული თემაა. ნატოელები ცდილობენ, რომ ამაზე არც ილაპარაკონ. როცა სექტემბერში უკრაინამ ალიანსში დაჩქარებული მიღება მოითხოვა, ნატომ საჯაროდ დაადასტურა "ღია კარის" კურსი, მაგრამ კიევისათვის კონკრეტული პასუხი არ გაუცია. გასულ კვირას კი, როცა ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი ჩატარდა, მათ ერთობლივ განცხადებაში თითქმის იგივე ზოგადი დაპირება დაფიქსირდა, როგორიც 2008 წელს - უკრაინა ოდესმე ჩრდილოატლანტიკური კლუბის წევრი გახდებაო. დოკუმენტში საერთოდ ნახსენები არ არის კიევის თხოვნა მიღებაზე, ბრიუსელის რამე ნაბიჯები ამ მიმართულებით ან რამე ვადა..

მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია: ნატოში აზრთა სხვადასხვაობაა უკრაინის მიღების მიმართ - როგორ და როდის იქნება შესაძლებელი ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნის მიღება ალიანსში? ევროპულ დედაქალაქებს არ სურთ კრემლის პროვოცირება, რადგან იციან ვლადიმერ პუტინის ზემგრძნობელობა ნატოს გაფართოების საკითხზე და, რაც ყველაზე მთავარია - ნატოს წევრობა, ორგანიზაციის წესდების თანახმად, უმნიშვნელოვანესი დებულების შესრულებას ნიშნავს: თუ უკრაინა ნატოს წევრი იქნება და მას თავს დაესხმებიან, მოკავშირეები ვალდებულები არიან, მას დახმარება აღმოუჩინონ. ეს ისეთი პერსპექტივაა, რომ რა მოხდება შემდეგ, ამაზე საუბარი არავის სურს.

მართალია, ევროპა და ამერიკა აღარ იცავს ბევრ წინანდელ ტაბუს უკრაინის მიმართ, არღვევს მათ, ვთქვათ, იარაღის მიწოდების სფეროში (ახლა აყრის და აყრის კიევს სასიკვდილო შეიარაღებას, რუსეთს კი ისეთ მკაცრ სანქციებს უცხადებს, რომლებიც ადრე წარმოუდგენელი იყო), მაგრამ უკრაინის ნატოში მიღების პერსპექტივა, ასეთ ფონზეც კი, მაინც საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს. ეს ისეთი საკითხია, რომელთან შეხება დამწვრობას გამოიწვევს.

უკრაინის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ნატოს წევრობა უცილობელი არ არის, მაგრამ ისინი მაინც ელოდებიან მკაფიო პოზიტიურ ჟესტს ალიანსის მხრიდან.

"იდეალური სცენარი, ალბათ, იქნებოდა ნატოს უბრალო და მარტივი პასუხი: "კარგით, ძმებო უკრაინელებო, ჩვენ ვიღებთ თქვენს განაცხადს და ვიწყებთ მის განხილვას". ეს უკვე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნებოდა", - თქვა დმიტრო კულებამ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გასულ კვირას, სამიტის წინ.

როგორც ჯულიან სმიტი, აშშ-ის ელჩი ნატოში, ამბობს, უკრაინელები აცნობიერებენ, რომ მათ ბევრი საქმის გაკეთება მოუწევთ მანამ, სანამ ორგანიზაციის წევრები გახდებიან. უკრაინამ ოფიციალურად მიიღო საკონსტიტუციო შესწორება 2019 წელს ნატოში გაწევრების თაობაზე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კიევმა ბოლო წლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, ექსპერტებისა და ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკოსთა თქმით, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია: "დიახ, ნატოს წევრობა იოლად მისაღწევი არ არის, წინ უამრავი საკითხია მოსაგვარებელი და ვფიქრობ, ეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს", - აღნიშნავს ჯულიან სმიტი, - "მე მგონი, ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტიკოსებმაც კარგად უწყიან".

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც ნოემბერში 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა, განაცხადა, რომ ომი რუსეთმა იმიტომ დაიწყო, რომ დაინახა, უკრაინა "რუხ ზონაში" რჩება - ევროატლანტიკურ სამყაროსა და რუსულ იმპერიალიზმს შორის. "როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ განმეორებითი კატასტროფა - რუსეთის აგრესიის მსგავსი მოვლენა? ჩვენ უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიები გვინდა", - თქვა პრეზიდენტმა და დასავლეთს საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებისაკენ მოუწოდა, რომლის დროსაც ხელი მოეწერება შეთანხმებას უკრაინისათვის უსაფრთხოების დაცვის გარანტიებზე.

მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, მოისურვებენ თუ არა უკრაინის დასავლელი პარტნიორები რამე, იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიცემას კიევისათვის ან წესდების მე-5 პუნქტის შემცვლელ რაღაც პირობას, რომელიც სამომავლოდ აგრესორის შემაკავებელი ფაქტორი გახდება?

"ნატოს წევრი ქვეყნებიდან ზოგიერთი ასეთ პირობაზე ძნელად თუ დათანხმდება", - ამბობს ბენ შრეერი, ევროპის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტიდან, - "მათი აზრით, ამ საკითხში ყოველგვარი წერილობითი გარანტიის მიცემა უკრაინისათვის კრემლის მკაცრ პასუხს გამოიწვევს. გარდა ამისა, ისინი კონფლიქტის სუბიექტები გახდებიან".

ცხადია, ომში უკრაინის გამარჯვება ყველაფერს პოზიტიურად შეცვლის. "თუ უკრაინა ჩიხში მოექცევა, კიევი ნატოს წევრი ვერ გახდება", - ამბობს ექსპერტი მაქს ბერგმანი, ევროპის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტიდან, - "მაგრამ თუ ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს და სახელმწიფო საზღვრებს გააკონტროლებს - ყირიმის ჩათვლით თუ მის გარეშე (ეს უკრაინის გადასაწყვეტია), მაშინ ყველაფერი სწრაფად და უკრაინის სასიკეთოდ შეიცვლება".

კითხვაზე, იმედგაცრუებულია თუ არა უკრაინა დასავლელი პარტნიორების ქცევით, დმიტრო კულებამ პირდაპირი პასუხი გასცა: "მე მათ ძალიან კარგად ვიცნობ, რომ მათგან რამე მეწყინოს. ისინი ჩვენი კარგი მეგობრები არიან... მათი დახმარების გარეშე ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა რუსული აგრესიის მოგერიება და ბრძოლის ველზე გამარჯვება".

"მაგრამ", - დაამატა საგარეო საქმეთა მინისტრმა, - "აუცილებელია, რომ დასავლეთმა ფსიქოლოგიური ბარიერები გადალახოს და ხედვა შეცვალოს". მისი თქმით, ნატოელმა პარტნიორებმა უკრაინის ნატოში წევრობა თავიანთ საფრთხედ კი არ უნდა წარმოიდგინონ, არამედ - შესაძლებლობის რეალიზების ფაქტად. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ