ტანკებიდან გაშვებული საზენიტო რაკეტებითაც ჩამოაგდებენ რუსულ ბომბდამშენებს... - კვირის პალიტრა

ტანკებიდან გაშვებული საზენიტო რაკეტებითაც ჩამოაგდებენ რუსულ ბომბდამშენებს...

ტანკები და საჰაერო თავდაცვა ერთმანეთისგან ძალიან შორს დგანან და ბრძოლებში უშუალოდ არ იკვეთებიან, ამიტომაც შეიძლება, ერთგვარ ნონსენსად გამოჩნდეს ის, რომ უკრაინელი სამხედროები მალე ტანკებიდან ეცდებიან რუსი ოკუპანტების მოიერიშე და ბომბდამშენი თვითმფრინავებისა და, ასევე, შვეულმფრენების დაუპატიჟებელი „სტუმრობებისგან“ თავისი ქვეყნის ცის დაცვას (ისე კი, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომიდან მოდის ერთი ფრთიანი ფრაზა - ყველაზე მაგარი საზენიტო საშუალება მოწინააღმდეგის თვითმფრინავების გასანადგურებლად ის სატანკო ბატალიონია, რომელიც მტრის აეროდრომზე შეიჭრება და საფრენ აპარატებს მუხლუხებით გასრესსო...).

როგორ შეიძლება ტანკიდან გასროლით შვეულმფრენის ან თვითმფრინავის ჩამოგდება? მხოლოდ საოცარი დამთხვევის შემთხვევაში, როდესაც ტანკის ლულიდან გასროლილი ჭურვი შვეულმფრენის ფრენის ტრაექტორიას კონკრეტულ წერტილში გადაკვეთს და საფრენ აპარატს მოხვდება, რისიც ძალზე მცირე ალბათობა არსებობს, თუმცა ომებში ასეთ საოცრებებსაც ჰქონია ადგილი...

უკრაინელი მეზენიტეები კი ტანკიდან გასროლილი ჭურვით რუსული „ალიგატორის“ ჩამოგდების უმცირეს იმედზე არ იქნებიან, რადგან მათ ტანკიდან ერთმანეთის მიყოლებით ოთხი საზენიტო რაკეტის გაშვება და რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მაქსიმალურ, 25 კმ სიშორეზე და მაქსიმალურ, 18 კმ სიმაღლემდე შეეძლებათ...

ცოტა ხნის წინ პოლონეთმა უკრაინის არმიას გადასცა ტანკისა და საზენიტო რაკეტების უცნაური, მაგრამ კარგი საბრძოლო ეფექტიანობის მქონე სიმბიოზი - Newa SC ტიპის თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

ის საბჭოთადროინდელი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის - С-125М1А Нева-М1-ისა და, ასევე, საბჭოთა, Т-55 ტიპის ტანკის ნაჯვარს წარმოადგენს.

С-125 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები პირველი ცივი ომის დროს ფართოდ იყო გავრცელებული და ისინი დაბალ და საშუალო სიმაღლეებზე იცავდნენ არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ - ვარშავის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეებს.

С-125-ების დივიზიონები მრავლად იყო განთავსებული საბჭოთადროინდელი საქართველოს ტერიტორიაზეც, მათ შორის თბილისის მიდამოებში (თბილისის ზღვის თავზე, ქვიშიანში), ფოთში, ოჩამჩირესთან, სამხედრო აეროდრომების რაიონებში და ა.შ.

2-tank-1670407739.png
С-125-იდან საზენიტო რაკეტის სტარტი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ С-125-ების არც თუ ისე მცირე რაოდენობა ქართულ არმიას დარჩა, მაგრამ მათი საბრძოლო გამოყენება აფხაზეთის ომში (სადაც ჰაერივით გვჭირდებოდა ასეთი საზენიტო საშუალებები) ვერ მოხერხდა, შეიძლება იმიტომაც, რომ ისინი სტაციონალურად იყვნენ განთავსებული და მათი საბრძოლო მოქმედებების რაიონში გადატანა და იქ ახალი საცეცხლე პოზიციების მოწყობა იყო საჭირო, რისთვისაც თავი არავინ შეიწუხა, შეიძლება გამიზნულადაც, რადგან С-125-ები სოხუმის თავზე არც ერთ რუსულ მოიერიშე თვითმფრინავს არ გააჭაჭანებდნენ, რაც ბუნებრივია, არანაირად არ აწყობდა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებაში თავისი გავლენის აგენტების საშუალებით არ დაუშვა, რომ აფხაზეთის ომში ქართველების შეირაღებაში ასეთი მძლავრი საზენიტო საშუალებები გამოჩენილიყო...

დაახლოებით, იგივე განმეორდა დედოფლისწყაროში, „სოპკაზე“ დასაწყობებული „კრუგის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებთან მიმართებაშიც, როდესაც შეიძლებოდა ორ ათეულამდე თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო გამშვები დანადგარის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა და აფხაზეთის ფრონტის ხაზზე გადასროლა, მით უმეტეს, რომ „სოპკაზე“ მათთვის განკუთვნილი სამასზე მეტი საზენიტო რაკეტა ინახებოდა...

მოგვიანებით, აფხაზეთის ომის დამთავრებიდან ოთხი წლის შემდეგ, ფოთთან, მალთაყვიდან მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ, სამხედრო სწავლების ფარგლებში, ჟურნალისტების თანდასწრებით ორი ასეთი საზენიტო რაკეტა გააშვებინა შავი ზღვის სიღრმეში (ღიმილით მახსენდება, როდესაც რაკეტის სტარტის შემდეგ ერთმა ჟურნალისტმა გოგონამ ბლოკნოტი და კალამი მოიმარჯვა და ვარდიკო ნადიბაიძეს სრული სერიოზულობით ჰკითხა, - ბატონო მინისტრო, მაგ რაკეტაში მჯდომი მფრინავის გვარი მითხარითო? რასაც ვარდიკოს ღმუილი და ცნობილი რუსული სიტყვების კორიანტელი მოჰყვა...)

პოლონელები კი ჩვენზე ბევრად ჭკვიანები აღმოჩნდნენ, არ ჩამოწერეს С-125-ები და მათი მთავარი მინუსი - სტაციონალურობა გამოასწორეს. მათ ოთხი საზენიტო რაკეტის გასაშვები სასტარტო მოწყობილობა Т-55 ტიპის ტანკის ბაზაზე დაამონტაჟეს, რითაც ის მობილურ საზენიტო დანადგარად გადააქციეს.

გარდა ამისა, პოლონელმა ინჟინრებმა სერიოზული მოდიფიკაცია ჩაუტარეს „ნევას“ და თანამედროვე ციფრული აპარატურა დაუყენეს.

პოლონელებმა უკრაინელებს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი Newa SC ტიპის თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გადასცეს, თუმცა პოლონეთის არმიის არსენალში არანაკლებ 68 ასეთი საზენიტო დანადგარია დასაწყობებული და, მათი სრულად მიწოდების შემთხვევაში, უკრაინელ მეზენიტეებს ფრონტის ხაზის უდიდესი ნაწილის თავზე საჰაერო სივრცის საიმედოდ გადაკეტვა შეეძლებათ...