"როგორ წარმოგვიდგენია, ევროკავშირში შესვლა გვინდა და უკვე, მეორე პრეზიდენტს ვკლავთ?" - კვირის პალიტრა

"როგორ წარმოგვიდგენია, ევროკავშირში შესვლა გვინდა და უკვე, მეორე პრეზიდენტს ვკლავთ?"

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე საკითხი, რაზეც შესაძლებელია საერთო, სახალხო, ერთიანი პოზიციის დაფიქსირება. ერთ-ერთი ასეთი, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნების საკითხია და ვფიქრობ, რომ აქ, ვერცერთი პოლიტიკური ძალა რამდენიმე მიზეზის გამო, განზე ვერ დადგება. ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც მან ოპოზიციის ერთობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, არსებობს საკითხები, რომლებზეც კონსენსუსის ფარგლებში გადაწყვეტილების მოძებნა შეიძლება.

"არ დაგვავიწყდეს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის ძალიან ბევრ წარმატებულ რეფორმასთანაც არის დაკავშირებული, რა დამოკიდებულებები და პრეტენზიებიც არ უნდა იყოს“ , - აცხადებს ჩიხლაძე და აღნიშნავს, რომ "არ შეიძლება ადამიანის ასე გაწირვა, ყველაფრის დავიწყება და მიფუჩეჩება“.

გარდა ამისა, მისი თქმით, ერთიანობაა საჭიროა კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტში და ეს არის ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია.

"როგორ წარმოგვიდგენია, ევროკავშირში შესვლა გვინდა და უკვე, მეორე პრეზიდენტს ვკლავთ? შემდეგ გვინდა პრეტენზია გვქონდეს ევროკავშირში მიგვიღონ და ა.შ. მითუმეტეს იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ყოველდღე ანტიდასავლურ ისტერიებს აწყობს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის საკითხი, რომლის გარშემო ერთიანი სტრატეგია უნდა გვქონდეს. ხვალ, "სტრატეგია აღმაშენებლის“, "დროას“ და "გირჩი- მეტი თავისუფლების“ ლიდერები შევხვდებით "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. თავმჯდომარეობის სამივე კანდიდატის გუნდებს, იმისთვის, რომ საერთო პოზიცია იყოს“ , - აცხადებს ჩიხლაძე.

"ინტერპრესნიუსი"