"რა არის ცნობილი გერმანიაში პუტჩის მომზადების შესახებ და რა შუაშია რუსეთი" - კვირის პალიტრა

"რა არის ცნობილი გერმანიაში პუტჩის მომზადების შესახებ და რა შუაშია რუსეთი"

გერმანული "დოიჩე ველე" (Deustche Welle) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "რა არის ცნობილი გერმანიაში პუტჩის მომზადების შესახებ და რა შუაშია რუსეთი" (ავტორები - ლიზა ჰენელი და ანა ნევეროვა), რომელშიც გერმანიაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენასთან - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული მოვლენებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შვიდ დეკემბერს გერმანიაში ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად 25 ადამიანი დააკავეს - ე.წ. რეიხსბიურგერები, მემარჯვენე რადიკალური მოძრაობის წევრები, რომლებიც არ აღიარებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობას და თავიანთ თავს "გერმანიის რეიხის" მოქალაქეებად თვლიან. ისინი ეჭვმიტანილები არიან ტერორისტული ქსელის შექმნასა და მის მხარდაჭერაში. გერმანიის ფედერალური პროკურატურის მონაცემებით, "რეიხსბიურგერები" ქვეყნის კონსტიტუციური ხელისუფლების მმართველობის ორგანოების დამხობას გეგმავდნენ.

რეიდში მონაწილეობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცველი სტრუქტურების სამი ათასზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის GSG 9-ის (გერმანიის პოლიციის) სპეცქვედანაყოფი. ის, რაც 7 დეკემბრის დილით მოხდა, გერმანიის ისტორიაში ექსტრემისტების წინააღმდეგ განხორციელებული ერთ-ერთი მსხვილ ოპერაციაა.

08122022-1153-1670486146.12_REC.png

ვინ დააკავა პოლიციამ

ტერორისტული ქსელის შექმნაში (ან მის მხარდაჭერაში) ეჭვმიტანილია 52 ადამიანი. დაკავებული 25 პიროვნებიდან 24 გერმანიის მოქალაქეა, ერთი კი, ქალი - რუსეთის მოქალაქე. როგორც გამოძიება ვარაუდობს, ეს უკანასკნელი დაჯგუფების ლიდერს რუსეთის წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარებაში ეხმარებოდა.

"შპიგელის" მონაცემებით, დაკავებულთა შორისაა ბუნდესტაგის ექსდეპუტატი, ამჟამად მოსამართლე - ბირგირ მალზაკ-ბინკემანი, რომელიც წევრია მემარჯვენე პოპულისტური პარტიის - "ალტერნატივა გერმანიისათვის", აგრეთვე, ბუნდესვერის - გერმანიის შეიარაღებული ძალების - რამდენიმე ყოფილი ჯარისკაცი, პოლიციის შტაბს-ფელდფებელი, მეცნიერი-ადვოკატი, ექიმი-თერაპევტი და პილოტი.

08122022-1151-1670486062.55_REC.png
71 წლის ჰაინრიხ XIII

პროკურატურა თვლის, რომ ტერორისტული ქსელის ლიდერია 71 წლის პრინცი, ე.წ. ჰენრიხ XIII (ჰენრიხ პ.რ.), როისების აზნაურთა საგვარეულოდან. "ზიუდდოიჩე ცაიტუნგის" მონაცემებით, კიდევ ერთ თვალსაჩინო ფიგურას წარმოადგენს რიუდიგერ ფონ პ. - ბუნდესვერის გადამდგარი პოლკოვნიკი.

დაკავებები განხორციელდა ბერლინში, აგრეთვე - ფედერალურ მხარეებში - ბადენ-ვიურტემბერგში, ბავარიაში, ესენში, ქვემო საქსონიაში, ტიურინგიაში, ასევე - ავსტრიის კურორტ კიციუბელსა და იტალიის ქალაქ პერუჯაში.

რა გეგმა ჰქონდათ "რეიხსბიურგერებს"

გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის ცნობით, დაჯგუფების წევრები გერმანიის ფედერალური ხელისუფლების ორგანოებზე თავდასხმების მოწყობას გეგმავდნენ. პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ჯგუფის ცალკეულ წევრებს მიზნად ჰქონდათ ბუნდესტაგის შენობაში ძალადობრივი გზით შეღწევა. "ამის თაობაზე კიდევ ბევრი რამ არის დასადგენი", - აღნიშნავენ უწყების წარმომადგენლები.

როგორ "შპიგელი" წერს, შეთქმულებს დაგეგმილი ჰქონდათ გერმანელი პოლიტიკოსების დაპატიმრებაც: ეჭვმიტანილები, ალბათ, ვარაუდობდნენ, რომ ამით ქვეყანაში უწესრიგობებს გამოიწვევდნენ, უშიშროების ძალებს გადაიბირებდნენ (ან ისინი თვითონ მიემხრობოდნენ) და სახელმწიფო გადატრიალებას განახორციელებდნენ.

პროკურატურა მიუთითებს, რომ ამ გეგმის რეალიზების მომზადება 2021 წლის ნოემბრიდან დაიწყო და ითვალისწინებდა სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას, მაგალითად, სროლებში ვარჯიშს, მოქალაქეთა გადაბირებას - მათი ახალ წევრებად მიღების მიზნით. დაჯგუფების ცენტრალურ ორგანოდ "საბჭო" უნდა გამხდარიყო, რომელსაც "პრინცი ჰენრიხ XIII" უხელმძღვანელებდა. შეიქმნებოდა მთავრობის მსგავსი სტრუქტურა, რომელშიც სხვადასხვა უწყება იქნებოდა - იუსტიციის, ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა და ა.შ.

"საბჭოსთან" ერთად, როგორც პროკურატურა აცხადებს, ნავარაუდევი იყო "სამხედრო უწყების" შექმნაც, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე, ძალადობრივი გზით. ამ მიზნით დაგეგმილი იყო "შიდა უსაფრთხოების ასეულის" ჩამოყალიბება, საბოლოოდ კი - ახალი გერმანული არმიის ორგანიზება.

რა არის ცნობილი დაჯგუფების იდეოლოგიაზე...

გამოძიების მასალების მიხედვით, დაჯგუფების წევრებს, ზოგადად, უკვე შემუშავებული ჰქონდათ ახალი სახელმწიფოებრივი მოწყობის სისტემა. მათი პოლიტიკური შეხედულებები, პროკურატურის ცნობით, ეფუძნება ე.წ. Qanon-ის შეთქმულების თეორიას (კონსპირაციული თეორია - რედ.), რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა აშშ-ში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მოიპოვა. "დაჯგუფების წევრები მტკიცედ არიან დარწმუნებულები, რომ ამჟამად გერმანიას ე.წ. ჩრდილოვანი სახელმწიფოს (deep state - რედ.) წარმომადგენლები მართავენ".

და რა შუაშია რუსეთი?

ტერორისტული ქსელის მონაწილეების აზრით, გერმანიის ხელისუფლების დამხობის შემდეგ მოხდებოდა ე.წ. ალიანსის - აშშ-ში, რუსეთსა და სხვა რიგ ქვეყნებში მოქმედი სადაზვერვო სამსახურების და არმიების საიდუმლო "კავშირის" ჩარევა. ეჭვმიტანილები თვლიდნენ, რომ შექმნიდნენ გერმანიის გარდამავალ მთავრობას, რომელიც მოლაპარაკებას გამართავდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ ქვეყნებთან (ანუ რუსეთთან, დიდ ბრიტანეთთან, აშშ-სთან, საფრანგეთთან...), თანაც ამ დროს მოლაპარაკების მთავარი მონაწილე რუსეთი უნდა ყოფილიყო.

გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ პრინცმა ჰენრიხ XIII-მ კონტაქტები დაამყარა გერმანიაში მყოფ რუსეთის წარმომადგენლებთან, თუმცა ჯერ არ აქვთ იმის მტკიცებულებები, რომ რუსებმა მათ თხოვნაზე დადებითი რეაგირება მოახდინეს.

რა თქმა უნდა, გერმანიის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას რუსეთის ოფიციალური რეაქცია მოჰყვა. ბერლინში მოქმედმა რუსეთის საელჩომ აღნიშნა, რომ "არანაირი კონტაქტები არ ჰქონიათ არც ტერორისტულ დაჯგუფებასთან და არც სხვა არალეგალურ ფორმირებებთან". რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, "ტერორისტებთან ყოველგვარი კავშირები რუსეთის მხრიდან გამორიცხულია".

რამდენად სახიფათოები არიან "რეიხსბიურგერები"?

ისინი არ აღიარებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არებობას და საკუთარ თავს "გერმანული რეიხის" მოქალაქეებად თვლიან, ამზადებენ არარსებული იმპერიის პირადობის დამადასტურებელ ალტერნატიულ დოკუმენტებს და მძღოლის მოწმობებს. მოძრაობა ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში.

კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ამასწინანდელ მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ გერმანიაში, დაახლოებით, 21 ათასამდე "რეიხსბიურგერი" ცხოვრობს. მოძრაობის სახელწოდება წარმოქმნილია "იმპერიული იდეოლოგიის მხარდამჭერი სხვადასხვა წარმომადგენლის ერთობლიობისაგან" – ე.წ. სუვერენისტების, ბიურგერების (ინტელექტუალური მესაკუთრეები საშუალო ფენიდან) და მემარჯვენე ექსტრემისტების ჩათვლით.

გერმანული ფონდის - "ამადეო ანტონიუს" აღმასრულებელი დირექტორის - ტიმო რაინფრანკის აზრით, საეჭვოა, რომ გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს. "ქვეყანაში ძალიან მტკიცე სახელმწიფო წესრიგია, არის დემოკრატიული კონსტიტუცია, აწყობილად მოქმედებენ სახელმწიფო უწყებები", - აღნიშნა მან "დოიჩე ველესთან" საუბარში, - "მაგრამ ამ ადამიანებს მაინც სჯერათ, რომ გადატრიალება შესაძლებელია. მათი მოქმედება იმას ნიშნავს, თუ რა დონეზე არიან ჩაფლულები უაზრო თეორიებში - ისინი თავიანთი ბოდვების ტყვეობაში იმყოფებიან". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ