პუტინის "პატიმართა არმიიდან" დეზერტირები... ტყვიამფრქვევებით გარბიან - კვირის პალიტრა

პუტინის "პატიმართა არმიიდან" დეზერტირები... ტყვიამფრქვევებით გარბიან

ნოვოშახტინსკი პატარა რუსული ქალაქია როსტოვის ოლქში, რომელიც სულ რაღაც 15-იოდე კმ-თაა დაშორებული უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრიდან. როდესაც 6 დეკემბერს ამ ქალაქის გარეუბანში კამუფლირებულფორმიანმა მამაკაცმა "კალაშნიკოვის" ტყვიამფრქვევიდან გადაცხრილა რუსი პოლიციელების პატრული (ერთი მათგანი დაჭრა), ბევრმა იფიქრა, რომ მათ ქალაქში უკრაინელების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა შეაღწია...

რუსულმა სპეცდანიშნულების რაზმმა ტერიტორიის გაცხრილვა დაიწყო და მეორე დღეს, 7 დეკემბერს, მიტოვებულ საღორეში დააკავა ტყვიამფრქვევიანი სამხედროფორმიანი მამაკაცი, რომელიც უკრაინელი დივერსანტი კი არა... რუსი პატიმარი პაველ ნიკოლინი აღმოჩნდა.

გამოდის, რომ ქალაქ უფის ციხეში ქურდობისთვის მჯდარმა ამ პატიმარმა არა მარტო მოახერხა ციხიდან გაქცევა, არამედ - სადღაც სამხედრო ფორმა და თვით ტყვიამფრქვევიც კი იშოვა და უფიდან 1 300 კმ-ზე მეტად დაშორებულ უკრაინის საზღვართან ისე ამოჰყო თავი, რომ რუსმა სამართალდამცავებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ?!

რეალობა ბევრად მარტივი აღმოჩნდა - პატიმარი პაველ ნიკოლინი უფის ციხიდან არ გაქცეულა, ეს მასთან და სხვა ასობით პატიმართან, იქით ჩავიდნენ რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" ემისრები და პუტინის "პირადი მზარეულის", პრიგოჟინის სპეციალური დავალებით ახორციელებდნენ პატიმრების გადაბირებას უკრაინასთან ომში მონაწილეობის მისაღებად, სამაგიეროდ კი, სასჯელის სრულ მოხსნას ჰპირდებოდნენ...

პატიმარმა ნიკოლინმაც, სხვა ასობით თუ ათასობით პატიმრის მსგავსად, მიიღო ეს შეთავაზება, რის შემდეგ ისინი ციხეებიდან გაიყვანეს და საველე ბანაკში მცირეხნიანი საბრძოლო მომზადება ჩაუტარეს, უკრაინის ფრონტის ხაზზე გადასროლის წინ.

მაგრამ 24 ნოემბერს ნიკოლინმა გადაიფიქრა ომში მონაწილება და დეზერტირი გახდა, თანაც "კალაშნიკოვის" ტყვიამფრქვევიც თან წაიყოლია...

ის, ფაქტობრივად, ორი კვირის განმავლობაში იმალებოდა, სანამ პოლიციის პატრული, რომელიც დაკარგულ ქალს ეძებდა, მას შემთხვევით არ გადააწყდა შარაგზაზე და ტყვიამფრქვევის ჯერიც მიიღო "საჩუქრად" დეზერტირი ნიკოლინისგან.

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" თითქმის მეათე წელია, უკანონოდ ფუნქციონირებს თავად რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან რუსეთის ფედერაციას არ აქვს მიღებული კანონი, რომელიც მის ტერიტორიაზე კერძო სამხედრო კომპანიების მოქმედებას დაუშვებდა.

მიუხედავად ამისა, პუტინის "პირადმა მზარეულმა" პრიგოჟინმა ამ პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად, თავისი, საკმაოდ ბრძოლისუნარიანი "არმია" შექმნა, რომელსაც კრემლი ყველაზე რთული და, ამასთანავე, საჩოთირო დავალებების შესასრულებლად იყენებს.

მარტივი მისახვედრია, რომ პირადად პუტინის სიტყვიერი თანხმობის გარეშე პრიგოჟინი ვერც შეიარაღებას, მოირიშე თვითმფრინავებისა და ტანკების ჩათვლით, მოიპოვებდა და ვერც პატიმრებს გამოიყვანდა საომრად ციხეებიდან...

პუტინი რომ სტალინს მუდმივად ჰბაძავს, ამაშიც გამოჩნდა - მოსკოვის მისადაგომებთან, როდესაც წითელ არმიას ყველაზე მეტად გაუჭირდა, სტალინმა ნება დართო ბერიას ციხეებიდან და კოლონიებიდან ის პატიმრები მოეგროვებინა ფრონტის ხაზზე გასაშვებად, რომლებიც დანაშაულის სისხლით გამოსყიდვაზე თანხმობას განაცხადებდნენ.

უკრაინის არმია, მართალია, ჯერ "არ მისდგომია მოსკოვს" (უკვე გამორიცხული აღარაფერი არ არის), მაგრამ უკრაინის ფრონტზე ისე გაუჭირდათ რუს ოკუპანტებს, რომ პუტინი სტალინივით იწყებს "პატიმრების არმიის" შექმნას და ომის ქარცეცხლში გადასროლას.

2-s-1670505766.png
ერთ-ერთ რუსულ სასჯელაღსრულების კოლონიაში პატიმართა გადაბირებას უკრაინის ფრონტზე გასაგზავნად თავად პუტინის „პირადი მზარეული“ - პრიგოჟინი ახორციელებს...

მძიმე დანაშაულის გამო წლობით ციხეში მჯდომი პატიმარი როგორი მებრძოლი გახდება, ძალიან საეჭვოა, მაგრამ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მშვიდობიან მოსახლეობას მართლაც შიშის ზარს დასცემს თავისი უსაზღვრო სისასტიკით...

მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს - "პატიმრების არმიის" მართვა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე - მობილიზებულების, რადგან მათ ზურგში გადამღობი დანაყოფების განთავსება იქნება საჭირო, რომლებიც ტყვიამფრქვევებით მოსხეპენ ზურგისკენ გაქცეულ ყველა დეზერტირს...

რაღაც ამგვარი უკვე დაიწყო "ვაგნერის" მიერ ორგანიზებულ "პატიმართა არმიაში" - 30 ნოემბერს ოკუპირებული დონეცკის ოლქის ვერხნეტორეცკის რაიონიდან 21 მობილიზირებული, იარაღით ხელში გაიქცა. ამ დეზერტირებიდან 13 ყოფილი პატიმარი გახლდათ, რომლებიც "ვაგნერმა" გადაიბირა და ციხიდან გამოიყვანა, ბრძოლებში მონაწილეობის სანაცვლოდ.

ამ დეზერტირებზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურობამ ნამდვილი ნადირობა გამოაცხადა, დაკავების ადგილზე ლიკვიდირების ნების დართვით, 5 დეკემბრისთვის ყველა მათგანი აღმოჩენილი და განადგურებული იქნა...

მანამდე კი "ვაგნერმა" ციხიდან გამოყვანილი ერთი პატიმარი, რომელიც ჯერ უკრაინელებს ჩაბარდა ტყვედ, შემდეგ კი, რატომღაც, უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე გაცვალეს და ისევ რუს ოკუპანტებს დაუბრუნეს, სამაგალითოდ დასაჯა ვიდოკამერის წინ - უროთი თავი გაუჩეჩქვეს...

როგორც ჩანს, "პატიმრების არმია" ჯერ კიდევ ბევრ პრობლემას შეუქმნის როგორც თავად რუსულ არმიას ფრონტის ხაზზე, ისე - რუს პოლიციელებს უშუალოდ საზღვრისპირა რუსულ ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში, მით უმეტეს, რომ მომავალი დეზერტირები ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით იქნებიან შეიარაღებულები და უკრაინის ფრონტის ხაზიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლისას ხელს შეიძლება ჯავშანტექნიკაც კი "წააყოლონ"...