გაკვეთილი ყველასთვის: პუტინის "მარიონეტის" მძიმე ხვედრი
ალბათ ბევრს გახსოვთ დიდი ქართველი პოეტის, მურმან ლებანიძის (რომელსაც 14 ნოემბერს ასი წელი შუსრულდებოდა) ლექსიდან ეს ამონარიდი: "არ შეგეშალოს, არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი - არამც და არამც არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!" .
ათწლეულების წინ დაწერილი ეს ლექსი დღესაც საჭირბოროტოდ ჟღერს და პირდაპირი გაფრთხილებაა ყველა მედროვისა და "მარიონეტისთვის". "ხელმწიფის" წყალობა წარმავალია და როდის გადააგდებს ის, უკვე უსარგებლო "თოჯინას" ნავიდან, ეს მხოლოდ დროის საქმეა. ასეთივე ბედი ელით დიქტატორებს შეფარებულ "მარიონეტებსაც". ერთ-ერთი ასეთი ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკოა, რომელმაც თავად აირჩია "პუტინის თოჯინას" ხვედრი. უკვე თხუთმეტ წელზე მეტია, რაც ლუკაშენკოს "სავარძლის" შენარჩუნება ვლადიმერ პუტინის გადასაწყვეტია: მოისურვებს და "ბატკას" წყნარი ცხოვრება ექნება, თუ არა და ლუკაშენკოს ქარიშხალს მოუწყობს. ამ პერიოდში ლუკაშენკოს ევროპასთან ურთიერთობის დალაგების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, თუმცა 2020 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ ერთადერთი მხარდამჭერი რუსეთის "პატარა დიქტატორიღა" შემორჩა და "ბატკაც" კვლავ პუტინის "ნავში ჩახტა".
პუტინს მოკლე "საბელზე" ჰყავს ლუკაშენკო: ბელარუსის ხელისუფლება, უპირველესად კი "ძალოვანი" მინისტრები, ფაქტობრივად რუსეთის "გავლენის აგენტები" არიან, ისინი ფარულად აკონტროლებენ ლუკაშენკოს საგარეო და საშინაო პოლიტიკურ სვლებს და ინფორმაციას კრემლს აწვდიან. პარალელურად პუტინს მძლავრ ფსიქოლოგიურ წნეხში ჰყავს ლუკაშენკო, რისთვისაც დრო და დრო "დასავლეთის მიერ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრილებებით" აშინებს.
2021 წლის 17 აპრილს რუსეთის ეფ-ეს-ბემ და ბელარუსის კა-გე-ბემ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მინსკში სამხედრო გადატრიალების, ასევე ლუკაშენკოსა და მისი ვაჟების მკვლელობის აღკვეთის შესახებ. "ლუბიანკაზე" დაწერილი სცენარის მიხედვით "შეთქმულები" გეგმავდნენ სამხედრო გადატრიალებას და ალექსანდრე ლუკაშენკოს ლიკვიდაციას მინსკში 2021 წლის 9 მაისის აღლუმის დროს. ამ სპეცსამსახურებმა დააკავეს პოლიტოლოგი და ლუკაშენკოს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ფედუტა, ასევე ადვოკატი იური ზენკოვიჩი. ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, ფედუტამ და ზენკოვიჩმა დაგეგმეს ბელარუსში სამხედრო გადატრიალება "ფერადი რევოლუციების სცენარის მიხედვით. . . . ადგილობრივი და უკრაინელი ნაციონალისტების მონაწილეობით". ზენკოვიჩმა "კონსულტაციები" გამართა აშშ-სა და პოლონეთში, რის შემდეგაც ისინი მოსკოვში ჩავიდა და ერთ-ერთი რესტორნში ოპოზიციონერ ბელარუს გენერლებს (???) შეხვდნენ. შეთქმულებმა გენერლებს უთხრეს, რომ მათი გეგმის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია ბელარუსის მთელი უმაღლესი ხელმძღვანელობის ფიზიკური ლიკვიდაციაო - ამტკიცებს ეფ-ეს-ბე. აღნიშნული შეხვედრის წინასწარ ორგანიზებული ვიდეო და აუდიო ჩაწერა პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს შეხვედრა თავად ეფ-ეს-ბეს მიერ იყო მომზადებული.
თავად ლუკაშენკომ ჟურნალისტებს აცნობა, რომ უშიშროების ძალებმა გამოავლინეს უცხოური სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობა შეთქმულების მომზადებაში: ”სავარაუდოდ ესენი იყვნენ აშშ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და ეფ-ბი-აი" - განაცხადა "ბატკამ". 2022 წლის 5 სექტემბერს მინსკში გამართულ სასამართლო პროცესზე გრიგორი კოსტუსევსა და ალექსანდრე ფედუტას 10 წლით, ხოლო იური ზენკოვიჩს - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ეს არ იყო ლუკაშენკოს მიერ ბელარუსი ოპოზიციონერების წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებებით რეპრესიების პირველი შემთხვევა. 1999 წლის 7 მაისს გაუჩინარდა ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი 1994-1995 წლებში, შემდეგ კი ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტი იური ზახარენკო.1999 წლის 16 სექტემბერს ასევ უკვალოდ გაუჩინარდა ბელარუსის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ვიქტორ გონჩარი. ეს საქმეები დღემდე გამოუძიებელია და
ასევე დარჩება სანამ ხელისუფლებაში ლუკაშენკოა. თუ გარდაცვლილი ვლადიმერ მაკეი ლუკაშენკოსთვის დასავლეთთან დამაკავშირებელი "ხიდი" იყო, ბელარუსის საშინაო საქმეებში "ბატკა" თითქმის სამი ათეული წელი ვიქტორ შეიმანს ეყრდნობა. საკმარისია შეიმანის ბიოგრაფიას თვალი გადაავლო, რომ დარწმუნდე: სწორედ შეიმანი ( რომელსაც ბელარუსის ხელისუფლების "რუხ კარდინალსაც" უწოდებენ) იდგა ბელარუსი ოპოზიციონერების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიებისა და დანაშაულების უკან.
1994 წლის 5 აგვისტოს, ახლად არჩეულმა ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ყოფილი სამხედრო და მოქმედი პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ შეიმანი უშიშროების საბჭოს მდივანად დანიშნა. აქედან იწყება ამ "დუეტის" ერთობლივი საქმიანობა.
1995 წლის 16 დეკემბრიდან 2000 წლის 27 ნოემბრამდე შეიმანი ბელარუსის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის თანაშემწეა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ამ პერიოდში ის კურირებს ბელარუსის სპეცსამსახურებს, სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასამართლოსა და პროკურატურას. ხოლო 2000 წლის 28 ნოემბრიდან 2004 წლის 29 ნოემბრამდე შეიმანი ბელარუსის რესპუბლიკის გენერალური პროკურორია. 2004 წლის 29 ნოემბერიდან - 2006 წლის 4 იანვარამდე - პრეზიდენტ ლუკაშენკოს ადმინისტრაციის უფროსი. 2006 წლის 20 მარტს "ბატკამ" შეიმანი კვლავ უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა, სადაც 2008 წლის 8 ივლისამდე იმუშავა. შემდეგ ლუკაშენკომ ვიქტორ შეიმანი ჯერ პრეზიდენტის თანაშემწედ, შემდეგ კი პრეზიდენტის საქმეთა მმართველად ანუ "მთავარ მოურავად" დანიშნა.
რვა წლის შემდეგ ძალზე "გულისამაჩუყებელი" რეპორტაჟი გადასცა ბელარუსის ტელევიზიამ. ლუკაშენკო შეიმანს "პენსიაზე" შემდეგი სიტყვებით აცილებდა: თქვენ "უკანასკნელი მოჰიკანი" ხართ, თქვენნაირების მხრებზე დგას სახელმწიფო, თქვენ პირადად დიდი წვლილი მიგიძღვით ქვეყანაში წესრიგის დამყარებაში, როდესაც პისტოლეტით ხელში ებრძოდით ბანდიტებს, ოჯახური მდგომარეობის გამო გიწევთ გადადგომა, მაგრამ გთხოვთ სახელმწიფო საქმეებიდან შორს არ წახვიდეთ და ა.შ. თუმცა ამის შემდეგ ლუკაშენკომ ძალზე შორს და მოლიპულ ბილიკზე გაუშვა ვიქტორ შიმანი, როდესაც პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა ლათინურ ამერიკასა და . . . . აფხაზეთში. საინტერესოა, რომ "ბატკას" სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მისი უფროსი ვაჟი, ვიქტორ ლუკაშენკოა.
ბელარუსი უფლებადამცველები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შეიმანს მონაწილეობა აქვს მიღებული ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტების: იური ზახარენკოსა და ვიქტორ გონჩარის გაუჩინარებაში. გასაკვირი სულაც არ იქნება! ვიქტორ შეიმანმა სამხედრო სამსახური მაიორის სამხედრო წოდებით დაასრულა და მშვიდობიან პერიოდში (!!!) გენერალ-პოლკოვნიკის წოდებას მიაღწია: ჩანს, რომ დაუფასა "ბატკამ" ოპოზიციის განადგურება!
ვიქტორ შეიმანს ამჟამადაც ძალზე სპეციფიკური დავალებების შესრულება უწევს და ხშირად ის "მარიონეტის მარიონეტად" წარმოგვიდგება ხოლმე. 2022 წლის 24 ივნისს ის აფხაზეთში ჩავიდა და დე-ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას შეხვდა.
ეს "ვიზიტი" რა თქმა უნდა მოსკოვში დაიგეგმა და "საშინაო დავალების" სახით ლუკაშენკომ შეასრულა. ისევე, როგორც თავად "ბატკას" მოულოდნელი ვოიაჟი ბიჭვინთაში 28 სექტემბერს, რომელიც ლუკაშენკომ ამგვარად ახსნა: 26 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შევხვდი და აფხაზეთის საკითხიც განვიხილეთ. მე მსურს აფხაზეთთან არა მხოლოდ "მეგობრობის ხიდის" აგება , არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობების დამყარებაო. გასაგებია, რომ ლუკაშენკომ პუტინის დანაბარები გადასცა ბჟანიას, რაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილის, ბიჭვინთის, რუსეთის მიერ მიტაცებას ეხება.
აქამდე "ბატკა", რუსეთიდან ზეწოლისდა მიუხედავად, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებისგან თავს იკავებდა. უფრო მეტიც: 2015 და 2018 წლებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს მან რამდენჯერმე გამოხატა საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის მხარდაჭერა.
2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ გაამხილა, თუ რატომ არ აღიარა აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი". მისი თქმით, ამ შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნები ბელარუსს დამატებით სანქციებს დაუწესებდნენ, რუსეთმა კი უარი თქვა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზეო. "მაშინ ვაღიარებ, როგორც კი რუსეთის პრეზიდენტი მეტყვის, რომ ამის საჭიროებაა", - აღნიშნა ლუკაშენკომ ერთ-ერთ ინტერვიუში, თუმცა თან დაამატა: არ ვიცი არის თუ არა ამაში სასიცოცხლო აუცილებლობაო.
პრეზიდენტის პოსტის შესანარჩუნებლად ლუკაშენკო ყველაფერზეა წამსვლელი, თუმცა ცდილობს უკანდასახევი გზაც დაიტოვოს და აფხაზეთში სტუმრობის მეორე დღეს, საკუთარი ვოიაჟი ლამის "ლამაზ მხარეში ტურისტულ მოგზაურობად" მონათლა.
დავუბრუნდეთ ვიქტორ შეიმანს. ამ რამდენიმე წლის წინ ქართველი პოლიტოლოგები და ექსპერტები აღნიშნავდნენ წინა ხელისუფლების დროს ბელარუსის "რუხ კარდინალსა" და საქართველოს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს შორის არსებული ფარული კავშირების შესახებ. არაა გამორიცხული, რომ ლუკაშენკოს სააკაშვილისთვის შეეთავაზებინოს შუამავლობა და ერთგვარი "ცხელი ხაზის" (ანუ არაფორმალური კავშირის) დაყარება პუტინთან. ამ შემთხვევაში ბელარუსის მხრიდან კოორდინატორი ვიქტორ შეიმანი, ხოლო საქართველოს მხრიდან, სავარაუდოდ, მერაბიშვილი იქნებოდნენ. კონკრეტული და ზუსტი ინფორმაციის უქონლობის გამო ძნელია იმაზე საუბარი, თუ რომელი მხარის ინიციატივა იყო ეს. მთავარი კი ერთია: "ფლირტი" ლუკაშენკოსთან არც მაშინ და არც ამჟამად, არ არის გარანტია იმისა, რომ კუთხეში მიმწყვდეული "ბატკა" საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.