"მკურნალობის გარეშე, ის 140 სანტიმეტრსაც ვერ მიაღწევდა" - ჯანმრთელობის პრობლემები, ბებიის ტატუ ზურგზე, UNICEF-ის მშვიდობის ელჩობა - ლიონელ მესის პირადი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"მკურნალობის გარეშე, ის 140 სანტიმეტრსაც ვერ მიაღწევდა" - ჯანმრთელობის პრობლემები, ბებიის ტატუ ზურგზე, UNICEF-ის მშვიდობის ელჩობა - ლიონელ მესის პირადი ცხოვრება

ფეხბურთის გულშემატკივართა ყოველ თაობას ჰყავს გამორჩეული ფეხბურთელი, როგორებიც იყვნენ: პელე, დიეგო მარადონა, მიშელ პლატინი... ახლა კი მათ რიცხვში თავისუფლად შეიძლება შევიყვანოთ ლიონელ მესი.

მესი 2022 წლის კატარის მუნდიალის ტრიუმფატორია. არგენტინამ ფინალურ დაპირისპირებაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა. ტურნირის მთავარი ჯილდოს,"ოქროს ბურთის" მფლობელიც აგენტინელი ჯადოქარი "გახდა.

ჩვენ კი მოგიყვებით, როგორ შეძლო ბიჭმა, რომელსაც დაბადებიდანვე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდებოდა, გადაელახა ყველა წინააღმდეგობა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული 7-ჯერ მოეპოვებინა.

ბავშვობა

ლიონელ ანდრეს მესი კუჩიტინი 1987 წლის 24 ივნისს არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა. მესის მშობლები, იტალიელი ემიგრანტები, არგენტინაში 1983 წელს ჩავიდნენ. მომავალი ფეხბურთელის მამა შემდუღებელი იყო, დამატებით კი მწვრთნელადაც მუშაობდა, დედა კი - დამლაგებლად. მათ მრავალშვილიანი ოჯახი აქვთ, მესის ორი ძმა და ერთი და ჰყავს.

uzn-14991674748-1670601681.jpg

მესი ჯერ კიდევ 5 წლის იყო, როცა პირველად დაიწყო ფეხბურთის თამაში. აღსანიშნავია, რომ ვარჯიშზე ის პირველად ბებიამ წაიყვანა, ბებო ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც სჯეროდა, რომ მესი დიდ წარმატებას მიაღწევდა.

"ყველაზე უმცროსი ვიყავი, ჯერ კიდევ არ არსებობდა ჩემს ასაკისთვის შესაბამისი კატეგორია, მაგრამ ერთ-ერთ გუნდს მოთამაშე აკლდა, ამ დროს ბებომ მწვრთნელს უთხრა, რომ ჩემთვის თამაშის ნება დაერთო. ჩემი ასაკიდან გამომდინარე მწვრთნელი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ბებოს დაჟინებული თხოვნით, მაინც მათამაშეს. მან მაზიარა ფეხბურთს. მართალია, ვერ ხედავს რას მივაღწიე, მაგრამ ის აგრძელებს ჩემს დახმარებას" - იხსენებდა მესი ერთ-ერთ ინტერვიუში.

უამრავი წელი გავიდა და მესიმ დიდ წარმატებას ნამდვილად მიაღწია, ყოველი გოლის გატანის შემდეგ კი ის ბებიის პატივსაცემად, ხელებს ზემოთ სწევს. მესი 10 წლის იყო ბებო რომ გარდაეცვალა.

8 წლის მესი უკვე პროფესიონალურ საფეხბურთო კლუბში თამაშობდა, მოიგო პერუს საამხანაგო თასიც. ის იმდენად ნიჭიერი იყო, რომ საფეხბურთო კლუბ „რივერ პლეიტის“ წარმომადგენლებმა შეამჩნიეს და საბოლოოდ, ის ერთდროულად ორი კლუბის ფეხბურთელი გახდა.

ახალგაზრდა და წარმატებული ფეხბურთელის კარიერას, 11 წლის ასაკში დიდი საფრთხე დაემუქრა. როგორც ექიმებმა განაცხადეს, მას ზრდის ჰორმონის, სომატოტროპინის დეფიციტი დაუდგინეს. მას დაახლოებით 11 ათასი დოლარის ღირებულების მკურნალობა სჭირდებოდა, რისი გადახდის საშუალება არც ბავშვის მშობლებს და არც „რივერ პლეიტის“ კლუბს ჰქონდა.

მესის მამამ გადაწყვიტა, ბავშვი როგორმე ესპანეთში ჩაეყვანა და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მწვრთნელებისთვის წარედგინა. მათ საფეხბურთო აგენტი ორასიო გაჯიოლი დაეხმარა. როგორც თავად იხსენებს, ვერ დაიჯერა, რომ ამ პატარა ბიჭს ფეხბურთის თამაში ასე კარგად შეეძლო:

„ის ფიზიკურად ძალიან პატარა იყო, მაგრამ როცა „ბარსელონაში“ მისი ვარჯიში დავინახე, მივხვდი, რომ ის უდიდესი ფეხბურთელი გაიზრდებოდა“.

2000 წლის 3 ოქტომბერს მესი „ბარსელონას“ დირექტორმა კარლეს რეკსაჩმა დაიხანა და იმ წამსვე გადაწყვიტა მასთან ხელშეკრულების გაფორმება. მას თან ოფიციალური დოკუმენტები არ ჰქონდა, ამიტომ პირობები სასწრაფოდ ხელსახოცზე ჩამოწერა და ასე გაფორმდა პირველი კონტრაქტი.

uzn-14991672832-1670601681.jpg
პირველი კონტრაქტი "ბარსელონასთან"

კლუბმა აანაზღაურა ყველა თანხა, რაც მესის მკურნალობას და მისი ოჯახის ესპანეთში გადაყვანას სჭირდებოდა. მან „ლა მასიას“ საფეხბურთო აკადემიაში დაიწყო ვარჯიში . როგორც ცნობილია, იმ პერიოდში „იუვენტუსის“ მწვრთნელმა - ფაბიო კაპელომ შესთავაზა „ბარსელონას“, რომ მესის იყიდდნენ, თუმცა მათ უარი განუცხადეს.

ახლა ფეხბურთელის სიმაღლე 165 სანტიმეტრია, მას გაუმართლა „ბარსელონაში" მოხვდა და ინიექციაც გაიკეთა. ექიმების თქმით, მკურნალობის გარეშე, ის 140 სანტიმეტრსაც ვერ მიაღწევდა.

პირადი ცხოვრება

18 წლის მომავალი ვარსკვლავი 14 წლის მაკარენა ლემოსს ხვდებოდა, მათ ერთმანეთი გოგონას მამამ გააცნო, რომელსაც სურდა შვილი წარმატებულად დაოჯახებულიყო, თუმცა მოდელთან ურთიერთობა ვერ გაგრძელდა, რადგან ამის წინააღმდეგი მესის დედა იყო.

2009 წელს მესი ერთ-ერთ ფესტივალზე შავგვრემან, ლამაზ გოგონასთან ერთად შეამჩნიეს, რომელმაც ყველა დააინტერესა. ის ყველა იმ ქერა გოგონასგან განსხვავდებოდა, რომელიც აქამდე მესისთან ერთად ჩანდა. შემდეგ მესიმ აღნიშნა, რომ მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ.

„მყავს მეგობარი გოგონა, რომელიც არგენტინაში ცხოვრობს, ჩვენ ბედნიერები ვართ“, - აღნიშნა მესიმ.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს გოგონა ანტონელა როკუცოა და ისიც, როგორც მესი, როსარიოში ცხოვრობდა. მესი და ანტონელა ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. მათი მშობლებიც მეგობრობდნენ.

antonela-1670601681.jpg
მესი და ანტონელა

2012 წელს, წყვილს პირველი ვაჟი - ტიაგო შეეძინათ. ამ დღის აღსანიშნავად, მესიმ ტატუ გაიკეთა და ვაჟის სახელი დაიწერა. რაც შეეხება ფეხბურთელის ტატუებს, მას საყვარელი ბებიის პორტრეტი ზურგზე აქვს დახატული.

წყვილმა ოფიციალურად 2017 წელს 31 ივნისს იქორწინა, მათ ქორწილი როსარიოში გადაიხადეს, 260 სტუმარს შორის 157 პრესის წარმომადგენელი იყო. მათ განაცხადეს, რომ საქორწილო საჩუქრის ნაცვლად, სურდათ სტუმრებს ფული საქველმოქმედო ფონდ Techo-ს ანგარიშზე გადაერიცხათ. ქორწილის თარიღის აღსანიშნავად, მათ თითზე ტატუ გაიკეთეს და შეუღლების თარიღი დაიწერეს.

uzn-14991692173-1670601681.jpg

ქორწილის შემდეგ მალე ცნობილი გახდა, რომ ისინი კიდევ ერთ ბავშვს ელოდებოდნენ... წყვილს სულ სამი ვაჟი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი მისი პროფესიის გარდა, საზოგადოებრივ საქმიანობაშიც აქტიურადაა ჩართული, ის UNICEF-ის მშვიდობის ელჩია. 2013 წლის იანვარში მან 152 ათასი ევრო შესწირა ფონდს, ეს სახსრები მის მშობლიურ ქალაქში სპორტული კომპლექსის აშენებას უნდა მოხმარებოდა.

uzn-14991692961-1670601681.jpg

სხვადასხვა პერიოდში ის ცნობილი ბრენდების სახეც იყო.

2020 წელს ცნობილი გახდა, რომ ის „ბარსელონას“ დატოვებას და ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდა, რაც არ სურდა კლუბის ხელმძღვანელობას.

„ბარსელონას“ მომავლის აგება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად გვსურს“, - განაცხადეს კლუბის წარმომადგენლებმა.

ამბობდნენ, რომ მესის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა სურდა, თუმცა შემდეგ მან შეცვალა გადაწყვეტილება და ისევ „ბარსელონაში“ დარჩა.

2021 წელს კი ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის ვარსკვლავმა "ბარსელონა" დატოვა და ფრანგულ კლუბ Paris St-Germain-ს (PSG) შეუერთდა. ბარსელონაში თამაშისას მესის 778 მატჩის ფარგლებში 672 გოლი აქვს გატანილი.

წარმატებული ფეხბურთელი, რომლის თამაშის ხილვაც ფეხბურთის მოყვარულთათვის დიდი ბედნიერებაა, მედიის ცნობით, 2013 წელს ბარსელონას სასამართლომ საგადასახადო მაქინაციებში დაადანაშაულა. სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტე­რის” ცნობით, არ­გენ­ტი­ნელ ფეხ­ბურ­თელს 21-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. ცნობილ სპორტსმენს 2 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა დაეკისრა.

ბარ­სე­ლო­ნას სა­სა­მარ­თლომ ანა­ლო­გი­უ­რი ბრალ­დე­ბით დამ­ნა­შა­ვედ ცნო ფეხ­ბურ­თე­ლის მამა ხორ­ხე მესი, რო­მელ­საც ასე­ვე მი­ე­სა­ჯა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ორი­ვე მათ­გა­ნი სა­გა­და­სა­ხა­დო დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში, გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის­გან თა­ვის არი­დე­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, რა­მაც ეს­პა­ნე­თის ბი­უ­ჯე­ტი 4,1 მი­ლი­ო­ნი ევ­რო­თი და­ა­ზა­რა­ლა.

კარიერა

„ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში ლიონელ მესი 2003 წლის 17 ნოემბრიდან თამაშობდა. პირველ თამაშზე, რომელიც ამხანაგური იყო და "ბარსელონა" „პორტუს“ ხვდებოდა, ცნობილმა გამოცემა El Mundo-მ მესის შესახებ დაწერა:

„ბიჭს მარადონას ფეხი, კრეიფის სისწრაფე და რონალდინიოს ჩაწოდება აქვს“.

2005 წელს მან ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო. 2005 წელს ის დააჯილდოვეს, როგორც საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, მაშინ მესი 21 წლის იყო. ამავე წელს შედგა მისი დებიუტი არგენტინის საფეხბურთო ნაკრებში, სადაც მან წითელი ბარათი მიიღო. 2010 წელს ბარსელონა-სევილიის მატჩზე მან მეასე გოლი გაიტანა.

uzn-14991677649-1670601681.jpg
დებიუტი ნაკრების თამაშზე

აღსანიშნავია, რომ 22 წლის ასაკში ჯერ არავის ჰქონია მსგავსი შედეგი.

მესი ესპანეთის ათგზის ჩემპიონი, ესპანეთის თასის შვიდგზის და ესპანეთის სუპერთასის რვაგზის მფლობელი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასის ოთხგზის, უეფა-ს სუპერთასის სამგზის და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასის სამგზის მფლობელია. მის საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელიც მესის თავის მემკვიდრედ მიიჩნევდა.

უამრავ ჯილდოსთან ერთად, ის „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია, ხოლო არგენტინის ნაკრების ისტორიაში - ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი იყო.

როსარიოში დაწყებული ისტორია კატარში გაგრძელდა... მესი მსოფლიო ჩემპიონია.