დაიწყება თუ არა ომი ნატოსა და რუსეთს შორის?!
„მაღალკვალიფიციური კადრების ქვეყნიდან გადინება დიდი ხანია დაიწყო. შრომის ბაზრის მოუწესრიგებლობა ძალიან დიდი პრობლემაა, ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევა კი არასწორი“
უკრაინაში ვითარება კვლავ უკიდურესად მძიმეა, რუსეთი არ წყვეტს სარაკეტო თავდასხმებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მაშინ, როცა უშუალოდ ფრონტის ხაზზე წარმატებას ვერ აღწევს. შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომლის თქმითაც, უკრაინაში ომი შეიძლება კონტროლს აღარ დაექვემდებაროს და რუსეთსა და ნატოს ომად გადაიქცეს. "მოვლენები შესაძლოა ძალზე არასწორად განვითარდეს. უკრაინაში საშინელი ომია. ეს არის ომი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს დიდ ომში ნატოსა და რუსეთს შორის. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა ეს თავიდან ავიცილოთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- შემაშფოთებელი განცხადებაა, თუმცა მაინც მგონია, რომ ამ ეტაპზე ეს საფრთხე ცოტა გაზვიადებულია. სტოლტენბერგის გარდა, მსგავსი რამ ჯერ არც ერთი დიდი ქვეყნის ლიდერს არ უთქვამს, არც ბაიდენს, არც შოლცსა და არც მაკრონს, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე შეშფოთებულია ხოლმე. სამხედრო ექსპერტი არა ვარ და შეიძლება მიამიტურად ვაფასებ ვითარებას, მაგრამ ნატო-რუსეთის ომი ვერ წარმომიდგენია უპირველესად რუსეთის გამო, მიმაჩნია, რომ ამის ყველაზე მეტად პუტინის რეჟიმს ეშინია. ოფიციალური მოსკოვის ბირთვული რიტორიკა ამჯერად შეჩერებულია, აშკარაა, რომ რაღაცებს უწევენ ანგარიშს. ნატო-რუსეთის ომი ნიშნავს, რომ რუსეთი აღარ იარსებებს. მეეჭვება, ამაზე წავიდნენ თეთრი სახლი და კრემლი.
- გასულ კვირას ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემად იქცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინის შესახებ განცხადებები.
- მისგან ახალი არაფერი მოგვისმენია. ისევ უნდა დავუბრუნდეთ კომუნისტურ წარსულს და ვცადოთ აზრის პწკარებს შორის წაკითხვა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ აკეთებენ ასეთ ფრთხილ განცხადებებს, არ ვიცი, რა ჰგონიათ, თუ მშვიდობის ნაცვლად გამარჯვებას უსურვებენ უკრაინას, რუსეთი ომს გამოგვიცხადებს? რეალურად რომ დავფიქრდეთ, მშვიდობა უკრაინაში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის დამარცხების შემდეგ შეიძლება დამყარდეს. ასე რომ, გამარჯვებას ახსენებენ თუ არა, ეს მათ ნათქვამში მაინც იგულისხმება. ყველაზე არასწორი განცხადებები ჩვენმა პრემიერმა უკრაინაში მებრძოლ ქართველი მეომრების შესახებ გააკეთა. ეს იყო ყოვლად მიუღებელი პოზიცია, რასაც მოჰყვა კიდეც ჩვენი საზოგადოების ძალიან მძიმე რეაქცია. ღარიბაშვილს ამოჩემებული აქვს, საქართველო არ ჩაერევა კონფლიქტშიო, და რაც უნდა, იმას ლაპარაკობს, აქაოდა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო. ამგვარი ეროვნული ეგოიზმი აძლევს საშუალებას გადაიტანოს მთელი პოლიტიკური პროცესი კონკრეტულ დისკურსში და აქციოს ფსევდოსამყაროდ. ამისთვის "ქართულ ოცნებას" ორი თემა აქვს: ერთი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მეორე - უკრაინასთან დამოკიდებულება, სხვა უმნიშვნელოვანესი პრობლემები ამ თემების გააქტიურებით იჩქმალება, რითაც ხელისუფლება კარგად ხეირობს.
- ძალიან მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა, რომ საქართველოს ხელისუფლებას როგორც იარაღით, ისე ელექტროგენერატორებით დახმარება სთხოვეს, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს. ამასთან, გაიხსენა ყველა ის დახმარება, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უკრაინას საქართველოსთვის გაუწევია. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ თურმე პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით საქართველო გენერატორებს შეისყიდის და უკრაინაში გაგზავნის. შესაძლოა გავიგოთ, ჩვენი ქვეყანა უკრაინას იარაღით რატომ ვერ დაეხმარება, მაგრამ გენერატორების გაგზავნის გადაწყვეტილება რატომ არ მიიღეს დროულად, რატომ გახდა საჭირო უკრაინის წარმომადგენლის მწვავე განცხადებები?
- საქმე ისაა, რომ ღარიბაშვილი და ეს ხელისუფლება არ ფიქრობენ უკრაინაზე, ისინი ფიქრობენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ომის პირველ დღეებში თითქოს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს და ესეც ჩვენი საზოგადოების დიდი აქტიურობის გამოძახილი იყო. ახლაც, ჩემი აზრით, საზოგადოების განწყობამ იმოქმედა. ისე კი, იმ უდიდესი დახმარების ფონზე, რასაც მთელი მსოფლიო უწევს უკრაინას, ჩვენი ხელისუფლება გაგზავნის თუ არა გენერატორებს, დიდი მნიშვნელობა არც ექნებოდა, რომ არა პოლიტიკური კონტექსტი და ჩვენი სტრატეგიული მეგობრობა ამ ქვეყანასთან.
- იმაში დასარწმუნებლად, თუ რამდენად ძლიერია უკრაინისთვის ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა, თბილისში ერთი გავლაც კი საკმარისია. ბატონი კასიანოვის განცხადებამდეც დაწყებული იყო სოციალური კამპანია უკრაინისთვის გენერატორების ყიდვისა და გადაცემისთვის. რატომ ხდება, რომ ხელისუფლება საზოგადოების აზრს ან არ ითვალისწინებს, ან მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა იძულებულია...
- სამწუხაროდ, ეს ახასიათებს ყველა იმ ხელისუფლებას, რომლებიც ძალაუფლებას ორჯერ მეტი ვადით ინარჩუნებენ. სწორედ ამის მერე ჩნდება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის უზარმაზარი ბზარი. მთავრობა უკვე ვეღარ გრძნობს და ხედავს, რით ცხოვრობს ხალხი. ისინი იჯერებენ, რომ ძალიან მაგრები არიან და მთელმა ქვეყანამ მათი შეთავაზებული დღის წესრიგით უნდა იცხოვროს. ეს მოუვიდა შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებებს და "ქართულ ოცნებასაც" იგივე სჭირს. არ იციან და არც აინტერესებთ, თუ რით ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობა. სამწუხაროდ, ამაში გარკვეულწილად წვლილი მიუძღვის მასმედიასაც, რომელმაც ერთგვარი ფსევდოსამყარო შექმნა და ისე წარმოაჩენს ვითარებას, თითქოს მხოლოდ პოლიტიკაა ჩვენი ინტერესის საგანი, არადა, საზოგადოებას აქვს სულ სხვა ინტერესები. კიდევ კარგი, გაჩნდა სოციალური მედია, სადაც ხალხი თავის ფიქრებს უზიარებს ერთმანეთს. ეს რომ არ ყოფილიყო, იგივე იქნებოდა, რაც შევარდნაძის დროს იყო - ერთ მხარეს საზოგადოება, მეორე მხარეს კი მთავრობა. დღეს ზოგჯერ სწორედ სოციალური მედიის წყალობით მისწვდება ხოლმე ხელისუფლის ყურს პოლიტიკის გარდა სხვა მნიშვნელოვანი თემებიც. როგორც წესი, ამგვარი დამოკიდებულება ხელისუფლებებისთვის კრახით მთავრდება ხოლმე.
- უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს საზოგადოების ნაწილის მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა...
- უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი მჭევრმეტყველების დიდოსტატი ნამდვილად არ არის. აქამდეც მითქვამს, რომ ის ჯერ ლაპარაკობს და მხოლოდ მერე ფიქრობს. არაერთხელ მოუწიათ სხვებს მისი განცხადებების განმარტება.
ამასთანავე, საქმე ისაა, რომ "ქართული ლეგიონი" ამ ხელისუფლებისადმი მკვეთრად კრიტიკულად განწყობილი პირებისგან შეიქმნა. სამწუხაროდ, მათთვის ვერ მოინახა ადგილი ქართულ ჯარში და იძულებულები გახდნენ საკუთარი შესაძლებლობების, მრწამსისა და მისწრაფებების რეალიზაცია უკრაინაში ეძებნათ. ეს ვაჟკაცი მეომრები დღეს უკრაინაში საქართველოსთვისაც იბრძვიან. შესაბამისად, მათი იმიჯი და რეიტინგი ჩვენს საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო იზრდება. დიდი ალბათობით, ჩვენი მთავრობა სწორედ ამიტომ განიხილავს მათ მომავლის ოპონენტ პოლიტიკურ ძალად, რომლისაც ეშინიათ. ჰოდა, ადგნენ და აგინებენ, ვისიც ეშინიათ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც არასწორად იქცევიან - ჯობს სულ არაფერი თქვან, ვიდრე ამგვარი, მათთვისვე დამაზიანებელი განცხადებები გააკეთონ. არა მგონია, ვინმემ გაბედოს და რომელიმე მათგანს მოქალაქეობა ჩამოართვას. მე არ მქონია საშუალება ჩვენი დაღუპული მებრძოლების ახლობლებისთვის საჯაროდ მეთქვა სამძიმარი. ძალიან განვიცდი, ნებისმიერი ქართველის დაღუპვა ჩემთვის პირადი ტრაგედიაა, მით უფრო მათი, ვინც თავი შესწირეს ბოროტებასთან ბრძოლას. უკრაინა და ეს ბიჭები ებრძვიან დრაკონს და ეს ბრძოლა ძალიან მძიმეა.
- მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ. სასამართლომ მიმდინარე კვირაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისა თუ მისთვის პატიმრობის გადავადების თაობაზე, რასაც ადვოკატები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო ითხოვენ. რას ფიქრობთ ვარაუდზე, რომ შესაძლოა ჩვენი ხელისუფლება სააკაშვილის თემით დასავლელ პარტნიორებთან ვაჭრობდეს...
- არავითარი ხელშესახები საბუთი ამის დასამტკიცებლად ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ მეც მაქვს განცდა, რომ ლამის მთელი წელია მართლაც მიდის ვაჭრობა. დიდი ალბათობით, ეს პროცესი ძალიან კონფიდენციალურია და სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი დასავლელი პარტნიორები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. პირადად მე არ მახსენდება, რომ რომელიმე ქვეყნის ამგვარი დონის პატიმარი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაეთავისუფლებინოთ და უცხოეთში წაეყვანოთ სამკურნალოდ. მხოლოდ პინოჩეტი მახსენდება, ისიც უიმედო ავადმყოფი იყო და ციხიდან გამოშვებიდან 20 დღეში გარდაიცვალა. სანამ მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა, მისი გათავისუფლება არავის მოუთხოვია.
- ხელისუფლება ბოლო დროს გამუდმებით იმაზე ლაპარაკობს, რომ საქართველოში მშვიდობა და კეთილდღეობაა, ეკონომიკა ყვავის, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ა.შ. თუმცა, მეორე მხრივ, ეს კეთილდღეობა ადამიანების ცხოვრებაზე ნაკლებად აისახება, სულ უფრო მასშტაბური ხდება ემიგრაცია ქვეყნიდან...
- რთულ თემებს შეეხეთ. უპირველესად ვიტყვი, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა, ცოტა არ იყოს, ბლეფია და გეტყვით, რატომაც - ჩვენ კი ვამბობთ, რომ 10%-იანი ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს ასახულია ლარებში. შესაბამისად, დავფიქრდეთ, რამხელაა დღეს ლარის ინფლაცია, ისიც ორნიშნა - ანუ თუ ამას გადავიტანთ 2019 წლის ფასებში, გამოდის, ეკონომიკური ზრდა დღეს სულ 2-3%-იანია. არა აქვს მნიშვნელობა, როგორია გაცვლითი კურსი, ლარის მსყიდველუნარიანობაა დაქვეითებული.
ამასთან, უნდა ვიკითხოთ, ეკონომიკური ზრდა რითაა გამოწვეული? - რით და, ფულის შემოდინებით და არა ქვეყნის შინაგანი რესურსების ამოქმედებით, თან ეს ფული შემოდის, ძირითადად, რუსეთიდან, რომლის დიდ წილს შეადგენს რუსეთში მცხოვრები იმ ქართველების ფული, რომლებიც გამალებით ცდილობენ ბიზნესების საქართველოში გადმოტანას.
რაც შეეხება ემიგრაციას, საინტერესოა, როგორია შრომის ბაზარი და ვინ მიდის ქვეყნიდან? დღეს საქართველოში კვალიფიციური კადრების უდიდესი პრობლემაა, განსაკუთრებით მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, სადაც ანაზღაურება მაღალია, მაგრამ შესაფერის კადრებს ვერ პოულობენ. ამ სფეროსგან განსხვავებით, დაბალია ანაზღაურება, მაგალითად, მომსახურე ბიზნესის სფეროში და ამის გამო ადამიანები ამბობენ უარს იქ დასაქმებაზე და ამჯობინებენ ქვეყნიდან წასვლას. მაგრამ ხელახლა ცხოვრების დაწყება არსად არ არის იოლი. ჩვენში ჰგონიათ, სადაც არა ვართ, იქ სამოთხეა, მაგრამ ცდებიან. უცხოეთში უმრავლესობა სეზონურ მუშებად ან მოხუცების მოსავლელად მუშაობს. მაღალკვალიფიციური კადრების ქვეყნიდან გადინება დიდი ხანია დაიწყო. შრომის ბაზრის მოუწესრიგებლობა ძალიან დიდი პრობლემაა, ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევა კი არასწორი. ვითომ გააჩინეს სამუშაო ადგილები, არადა, ხალხს 300 ლარს უხდიან, რაც ზღვაში წვეთია. აუცილებელია მივიღოთ კანონი ხელფასების ქვედა ზღვრის შესახებ. ისევე როგორც ევროპაში, ეს საქართველოშიც სავალდებულო უნდა იყოს.